Facebook Twitter

¹ბს-803-769 (2კ-06) 19 აპრილი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - გ. ქ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - 1) ახმეტის რაიონის სოფელი .... ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლა; 2) ახმეტის რაიონის განათლების განყოფილება

მესამე პირი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.07.06წ. გადაწყვეტილება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურების ყოველთვიური სარჩო

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

27.04.05წ. გ. ქ-მა ახმეტის რაიონის განათლების განყოფილების მიმართ სასარჩელო განცხადებით მიმართა ახმეტის რაიონულ სასამართლოს. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 19.... წლიდან მუშაობდა ახმეტის რაიონის სპორტსკოლის .... 1973 წლის ივნისში მიიღო საწარმოო ტრავმა და დაინვალიდდა, პროფესიული შრომისუნარიანობა 80%-ით დაკარგა. 90-იან წლებამდე იღებდა სხვაობას პენსიასა და ხელფასს შორის. 90-იანი წლებიდან თანხა აღარ მიუღია. მოსარჩელემ მოპასუხისათვის ყოველთვიური მინიმალური ხელფასის სამმაგი ოდენობის პენსიის 80%-ის, 81 ლარის და ბოლო სამი წლის მანძილზე მიუღებელი პენსიის 2916 ლარის ოდენობით დაკისრება მოითხოვა.

ახმეტის რაიონული სასამართლოს 13.07.05წ. გადაწყვეტილებით გ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ახმეტის რაიონის განათლების განყოფილებას დაევალა გ. ქ-ვის ყოველთვიურად, სარჩოს სახით 81 ლარის და ერთჯერადად, მიუღებელი სარჩოს სახით 2916 ლარის ანაზღაურება. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახმეტის რაიონის განათლების განყოფილებამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.03.06წ. განჩინებით საქმეში მოპასუხედ იქნა ჩაბმული სოფელ .... რვაწლიანი საშუალო სკოლა და მესამე პირად - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (ს.ფ. 58). ამავე სასამართლოს 02.05.06წ. განჩინებით, სსკ-ის 92-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში მოპასუხე მხარემ ახმეტის რაიონის სოფელ ... რვალწლიანი საშუალო სკოლა შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით _ სოფელი .... მე-.... ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.07.06წ. გადაწყვეტილებით ახმეტის რაიონის განათლების განყოფილების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ახმეტის რაიონული სასამართლოს 13.07.05წ. გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, გ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ახმეტის რაიონის სოფელ .... მე-.... ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლას გ. ქ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2002 წლის 27 აპრილიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე პერიოდისათვის ერთდროული თანხის გადახდა თვეში 70,97 ლარის გაანგარიშებით, ხოლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან ყოველთვიურად 70,97 ლარის ოდენობით მდგომარეობის შეცვლამდე.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის" მე-2 პუნქტის შესაბამისად, ზიანის ანაზღაურება სოფელ ... მე-.... ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლას უნდა დაკისრებოდა, ვინაიდან საწარმოო ტრავმა გ. ქ-მა ახმეტის რაიონის სოფელ .... 8 წლიან სკოლაში ფიზკულტურის მასწავლებლად მუშაობისას მიიღო. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სარჩელის სასამართლოში შეტანის დღეს, 2005 წლის 27 აპრილს, სოფელ .... მე-.... ზოგადაგანმანათლებლო საჯარო სკოლაში ფიზკულტურის მასწავლებლის ხელფასი შეადგენდა 88,72 ლარს, რომლის 80%, 70,97 ლარი უნდა მიეღო დაზარალებულს ყოველთვიურად. ვინაიდან საწარმოო ტრავმით მიყენებული ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, სკ-ის 129-ე მუხლის შესაბამისად, გ. ქ-ს ზიანი 2002 წლის 27 აპრილიდან უნდა ანაზღაურებოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.07.06წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით მთლიანად გაასაჩივრა ახმეტის რაიონის სოფელი .... ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლამ და ნაწილობრივ გაასაჩივრა გ. ქ-მა.

კასატორ გ. ქ-ის აზრით სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება უკანონოა იმ ნაწილში, რომლითაც ახმეტის რაიონის სოფელი ... მე-... საჯარო სკოლას მის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად 70,97 ლარის ოდენობით სარჩოს გადახდა. კასატორი მიიჩნევს, რომ მოპასუხეს მისთვის ყოველთვიურად 119.60 ლარი უნდა დაკისრებოდა, ვინაიდან 2005 წლიდან სოფელ .... მე-.... საჯარო სკოლის ფიზკულტურის მასწავლებლის ხელფასი 149,50 ლარი იყო და აღნიშნული თანხის 80% 119.60 ლარს შეადგენდა. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა მასწავლებლის ხელფასის შესახებ არსებული ძველი მონაცემებით და ყოველთვიურად მისაღები თანხა 88.72 ლარიდან განუსაზღვრა. კასატორმა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული ნაწილის გაუქმება და მოპასუხისათვის ყოველთვიურად 119,60 ლარის დაკისრება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 07.11.06წ. განჩინებით ახმეტის რაიონის სოფელ ..... ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლის საკასაციო საჩივარი ხარვეზზე იქნა დატოვებული, ხოლო ამავე პალატის 02.02.07წ. განჩინებით დატოვებული იქნა განუხილველად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.11.06წ. განჩინებით გ. ქ-ის საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული, მხარეებს უფლება მიეცათ წარმოედგინათ მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით. მხარეებს მოსაზრებები არ წარმოუდგენიათ.

საკასაციო პალატის 22.03.07წ. განჩინებით გ. ქ-ის საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტის საფუძველზე მიჩნეული იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმყაოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატაში დავის საგანს შეადგენს სააპელაციო სასამართლოს 04.07.06წ. გადაწყვეტილების მხოლოდ ის ნაწილი, რომლითაც ახმეტის რაიონის სოფელი ... მე-... ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლას ქ. ქ-ის სასარგებლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ყოველთვიურად 70.97 ლარის გადახდა დაეკისრა.

საქართველოს მთავრობის 24.03.07წ. ¹53 დადგენილებით დამტკიცებული ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის" 1-ლი მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, 2007 წლის 1 მარტის შემდეგ არ შეიძლება დაწესდეს ახალი გასაცემლები საქართველოს პრეზიდენტის 09.02.99წ. ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისთვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის" იმ დებულებების საფუძველზე, რომლებიც არეგულირებდნენ უფლებამონაცვლის არარსებობის პირობებში გასაცემლების დანიშვნის საფუძვლებს, მიუხედავად იმისა, მიმდინარეობს თუ არა ამ საკითხებზე სამართალწარმოება სასამართლოებში. განსახილველ შემთხვევაში ზემოაღნიშნული გარემოების არარსებობის გამო საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეს გ. ქ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ყოველთვიური სარჩოს გადახდა საქართველოს პრეზიდენტის 09.02.97წ. ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული “შრომითი მოვალეობის შესარულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესების” საფუძველზე.

საქართველოს პრეზიდენტის 09.02.99წ. ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის" მე-11 პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, ზიანი ანაზღაურდება იმავე ან იგივე თანრიგის ნებისმიერი სპეციალობის მუშაკის ბოლო სამი თვის სრულად ნამუშევარი ფაქტობრივად მიღებული საშუალო ხელფასიდან იმ ოდენობით, რამდენი პროცენტითაც დაკარგული აქვს შრომის უნარის ხარისხი. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კასატორის მიერ მითითებული წესების მე-12 პუნქტი, რომლის საფუძველზეც სასამართლოს ან დამქირავებლის მიერ ხდებოდა ყოველთვიური სარჩოს ოდენობის გადაანგარიშება ორგანიზაციაში შრომის ანაზღაურების ან მისი მინიმალური დონის ცვლილებების შესაბამისად, წესებიდან საქართველოს პრეზიდენტის 07.11.05წ. ¹923 ბრძანებულებით იქნა ამოღებული. ამდენად, ყოველთვიური სარჩო ორგანიზაციაში შრომის ანაზღაურების ცვლილების შესაბამისად ხელახალ გადაანგარიშებას არ ექვემდებარება.

მითითებული გარემოების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ სარჩოს ოდენობა გამოთვლილი უნდა იქნეს იმ დროს არსებული შრომის ანაზღაურებიდან, როდესაც დაზარალებულმა წამოიწყო დავა ყოველთვიური სარჩოს მოპასუხისთვის დაკისრების თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას .... საჯარო სკოლაში ფიზკულტურის მასწავლებლის ხელფასის გაზრდის შესაბამისად ზიანის ანაზღაურების სარჩოს გადაანგარიშებისა და გაზრდილი ოდენობით ანაზღაურების შესახებ. საკასაციო პალატა თვლის, რომ გ. ქ-ის საკასაციო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო პალატის 04.07.06წ. გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 404-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.07.06წ. გადაწყვეტილება;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.