Facebook Twitter

ბს-804-766(კ-07) 14 ნოემბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ს. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 5 მაისს ს. გ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 1996 წლის 2 დეკემბრიდან 2006 წლის 10 აპრილამდე მუშაობდა რეგიონალურ საბაჟო ,,დასავლეთის” საბაჟო-საგუშაგო ,, ....... ” საბაჟო კონტროლის განყოფილების ინსპექტორად.

2006 წლის 31 იანვარს მიიღო გაფრთხილება მოსალოდნელი გათავისუფლებისა და ატესტაციის ჩატარების შესახებ, რაზედაც მოაწერა ხელი. მოსარჩელის მითითებით, გაფრთხილებაში არ იყო მითითებული დრო, თუ როდის უნდა ჩატარებულიყო ატესტაცია ან რა ფორმით მოხდებოდა ატესტაციის ჩატარება, რომელი სამართლებრივი აქტების მიხედვით და ა.შ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელისათვის მოულოდნელი იყო ატესტაციის ჩატარება, ვინაიდან ატესტაციის ჩატარების თარიღი შეატყობინეს ტელეფონის საშუალებით, ატესტაციამდე ერთი დღით ადრე და ასევე მოულოდენლი იყო ატესტაციის ზეპირი გასაუბრების ფორმაც.

,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 83-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ატესტაციის ჩატარების დრო განსაზღვრული უნდა ყოფილიყო წინასწარ და შესაბამისად, მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო.

მოსარჩელის მითითებით, ე.წ. ატესტაცია ჩატარდა 2006 წლის 31 მარტს, რის შემდეგ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 07.04.2006 წლის ¹180/კ ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

მოსარჩელის განმარტებით, საკონკურსო-საატესტაციო კომისია ზეპირ გასაუბრებას აფიქსირებდა ვიდეო ფირზე, მის მიმართ მინათებული იყო ძლიერი მანათობლები, რომელიც მასზე ახდენდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას, უქმნიდა დისკომფორტს და იმყოფებოდა დაძაბულ მდგომარეობში, მაგრამ შეკითხვებს გასცა სწორი და ამომწურავი პასუხი.

ზეპირი გასაუბრება – ატესტაცია _ ეწინააღმდეგება ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 81-ე მუხლის მოთხოვნას, ვინაიდან ატესტაცია არის მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციისა და პირადული თვისებების დაკავებულ თანამდებობასთან წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება.

მოსარჩელის მითითებით, საბაჟო დეპარტამენტის ,,დასავლეთის” რეგიონში მუშაობის განმავლობაში განხორციელდა არა ერთი სტრუქტურული რეორგანიზაცია და შტატების შემცირება. ამასთან, დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, პერიოდულად ტარდებოდა მოხელეთა ატესტაცია. ატესტაციის შედგებისა და საკადრო ცვლილებების მიუხედავად, იგი კვლავ განაგრძობდა მუშაობას ........... საბაჟო-საგუშაგო-გამშვებ ტერიტორიაზე სხვადასხვა თანამდებობაზე, რადგან გააჩნია მის მიერ დაკავებული თანამდებობისათვის შესაბამისი პროფესიული ჩვევები, კვალიფიკაცია, პირადული თვისებები და სამსახურებრივ მოვალეობებს ასრულებდა პირნათლად და კეთილსინდისიერად. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისთვის გაუგებარია, რა მიზეზით გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან.

,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 108-ე მუხლის შესაბამისად, ,,მოხელეს ერთი თვით ადრე უნდა ეცნობოს ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედგების გამო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ”, ანუ მოსარჩელისათვის ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების შესახებ ცნობილი გახდა 2006 წლის 18 აპრილს, აღნიშნულიდან გამომდინარე, მისი გათავისუფლება არ უნდა მომხდარიყო 18 მაისამდე.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2006 წლის 7 აპრილის ¹180-კ ბრძანების ბათილად ცნობასა და რეგიონალური საბაჟო ,,დასავლეთის" საბაჟო-საგუშაგო ,, ........ " საბაჟო კონტროლის განყოფილების ინსპექტორის თანამდებობაზე აღდგენას.

მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელის საფუძველზე საბოლოოდ მოითხოვა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2006 წლის 7 აპრილის ¹180-კ ბრძანების ბათილად ცნობა, რეგიონალური საბაჟო ,,დასავლეთის" საბაჟო-საგუშაგო ,, ........... " საბაჟო კონტროლის განყოფილების ინსპექტორის თანამდებობაზე აღდგენა და ხელფასის ანაზღაურება სამსახურში არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 23 მაისის საოქმო განჩინებით საქმეში თანამოპასუხედ ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

მოპასუხეებმა _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სასარჩელო განცხადება არ ცნეს და მოითხოვეს მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით ს. გ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო – თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურების საკითხის გადაუწყვეტლად _ ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელის ნაწილში საბაჟო დეპარტამენტის 2006 წლის 7 აპრილის ¹180-კ ბრძანება და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2006 წლის 3 აპრილის სხდომის ოქმი ¹21 და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გადაწყვეტილების გამოტანიდან ერთი თვის ვადაში.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა.

აპელანტები სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას დაკმაყოფილებული მოთხოვნის ნაწილში და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ს. გ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ ¹21 სხდომის ოქმი არ წარმოადგენს ზაკ-ის მე-2 მუხლის ,,დ" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი ბათილად ცნობა დაუშვებელია ასკ-ის 32-ე მუხლის საფუძველზე. კომისიის სხდომის ოქმი ასახავს კომისიის მოქმედებათა მიმდინარეობას და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც არ დგება დამოუკიდებელი სამართლებრივი შედეგი კანდიდატისათვის. აღნიშნულ გადაწყვეტილებას აქვს სარეკომენდაციო ხასიათი, რომლის საფუძველზეც მოხელის შემდგომი შრომითი მოწყობის საკითხს წყვეტს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ¹409 ბრძანებით დამტკიცებული ,,საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსის და ატესტაციის ჩატარების წესის" მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად დაწესებულების ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას მოხელის დაკავებულ თანამდებობაზე დატოვების, დაწინაურების, ჩამოქვეითების, გათავისუფლების ან სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ. სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ვინაიდან ზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, ,,ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს".

აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებაზე საქალაქო სასამართლოს უნდა ემსჯელა, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებაზე, რაც საფუძვლად დაედო ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას _ მოსარჩელის სამუშაოდან დათხოვნის ბრძანებას. კომისიის მუშაობის მიმდინარეობის კანონიერების თაობაზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს, როგორც სარჩელის საფუძველზე და არა როგორც დამოუკიდებელ სასარჩელო მოთხოვნაზე. რის გამოც, საფუძველს მოკლებულია საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმის ბათილად ცნობა ასკ-ის 32-ე მუხლის საფუძველზე, ვინაიდან აღნიშნული ნორმით რეგლამენტირებულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრულ სარჩელებზე გადაწყვეტილების მიღების წესი.

სააპელაციო პალატის განმარტებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ¹409 ბრძანებით დამტკიცებულ იქნა ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი". მითითებული ნორმატიული აქტის 2.1-ე მუხლის თანახმად, საბაჟო ორგანოში ატესტაციის ჩატარებას უზრუნველყოფს საკონკურსო-საატესტაციო კომისია. ბრძანების მე-4.1 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტით კომისია ატესტაციის ჩატარების მიზნით უზრუნველყოფს ტესტირებას და გასაუბრებას დადგენილი წესითა და პროცედურის დაცვით, ხოლო ამავე მუხლის ,,ზ" ქვეპუნქტით ატარებს გასაუბრებას კანდიდატებთან და მოხელეებთან, აფასებს მათ შესაბამისობას თანამდებობით დადგენილ მოთხოვნებთან ამ დებულების 33-ე მუხლის შესაბამისად. ამავე წესის 33.4-ე მუხლის შესაბამისად, თუ ატესტაციის დროს პროფესიული ტესტირება არ ტარდება, გასაუბრების მიზანია დადგინდეს მოხელის პროფესიული ცოდნის და კვალიფიკაციის დონე და მისი პრაქტიკაში რეალიზების უნარი. შესაბამისად, საკონკურსო საატესტაციო კომისიის მიზანს წარმოადგენს მოხელის არა მარტო პროფესიული ცოდნის დონის შეფასება, არამედ ზოგადად, მისი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ამ გარემოების დადგენის შემდეგ, დებულების 39-ე მუხლის შესაბამისად, კომისია იღებს გადაწყვეტილებას, რაც მოტივირებული დასკვნის სახით შეიტანება საატესტაციო ფურცელში.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ კომისიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, რისი საფუძველიც გახდა მისი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ¹427 და ¹79 ბრძანებებით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოხელის თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენა წარმოადგენს კომისიის კომპეტენციას და შესაბამისად, სააპელაციო პალატის განმარტებით, სასამართლო ვერ იმსჯელებს ამ საკითხზე, ვერ შეაფასებს თითოეულ მოხელეს და ახორციელებს რა მართლმსაჯულებას, მხოლოდ ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვას და არ არის უფლებამოსილი, შეიჭრას ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროში.

მითითებული გადაწყვეტილება სკასაციო წესით გაასაჩივრა ს. გ-ემ.

კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ¹409 ბრძანების მე-14 მუხლისა და 33-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, მოხელის ატესტაციის მიზანია – მოხელის ცოდნის დონის, შესაძლებლობების, კვალიფიკაციის, პროფესიული ჩვევებისა და პიროვნული თვისებების დაკავებული თამადებობისადმი შესაბამისობის შეფასება, ხოლო მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ატესტაციის ჩატარებამდე ორი კვირით ადრე უნდა შედგეს მოხელის დახასიათება, რომელიც უნდა ასახავდეს მის ყოველმხრივ შეფასებას და მოიცავდეს მის მიერ შესრულებული სამუშაოს ანალიზს. აღნიშნული ბრძანების 33-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გასაუბრების დროს კომისია ისმენს მოხელის სტრუქტურული ხელმძღვანელის დახასიათებას, ანგარიშს მოხელის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ, ხოლო მისი შეფასება უნდა მომხადარიყო 34-ე მუხლის მე-7 ნაწილით დადგენილი წესით, კერძოდ 10-ბალიანი სისიტემით, რის შემდეგადაც ხდება საშუალო ქულის გამოთვლა, რომელიც უნდა მინიჭებოდა, კერძოდ, პროფესიული ცოდნის დონის შეფასება უნდა მომხდარიყო _ მაქსიმუმ 5 ქულით, ხოლო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ხარისხი და პროფესიული ცოდნისა და კვალიფიკაციის რეალიზაციის შეფასება ასევე – მაქსიმუმ 5 ქულით.

¹409 ბრძანების მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი კომისიის რეკომენდაციის (რომელიც არ არსებობს, რადგან საატესტაციო ფურცლის კომისიის რეკომენდაციისათვის განკუთვნილი გრაფა ცარიელია) შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის განმარტებით, დარღვეულ იქნა ¹409 ბრძანებით დადგენილი ატესტაციის ჩატარების წესი, კერძოდ, არ იქნა წარმოდგენილი მისი დახასიათება, გასაუბრებისას არ იყო მოსმენილი სტრუქტურული ხელმძღვანელის დახასიათება და ანგარიში მის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; არ მომხდარა მისი შეფასება 10-ბალიანი სისტემით; საატესტაციო კომისიას არ მიუღია გადაწყვეტილება და რეკომენდაცია; მოპასუხეების მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ბრძანების 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მეთოდიკა, რომლითაც უნდა მოხდარიყო მისი პროფესიული ჩვევების, ცოდნის, შესაძლებლობის, კვალილფიკაციის დონისა და პიროვნული თვისებების შეფასება.

აღნიშნულდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 დეკემბრის ¹409 ბრძანება.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ს. გ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 19 სექტემბრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად ს. გ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.

2007 წლის 3 ოქტომბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა მოსაზრებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ს. გ-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა, იმ მოტივით, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

2007 წლის 5 ოქტომბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ასევე მოსაზრებით მომართა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომლითაც მოითხოვა ს. გ-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა იმავე საფუძვლით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, ს. გ-ის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ს. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის შეფასების ნაწილში, მაგრამ იმავდროულად თვლის, მითითებული არსებითად არ ცვლის საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების შედეგს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ს. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. უარი ეთქვას ს. გ-ეს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.