¹ბს-805-767(კ-07) 16 იანვარი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე
ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ს. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
27.10.03წ. ს. კ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს 26.09.03წ. ¹570 პ/შ ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველოს განკარგულებიდან ,,შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების მე-12 მუხლის საფუძველზე. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული მუხლი კი ითვალისწინებს ორგანოს მუშაკთა თანამდებობრივი გადაადგილების საკითხებს. კადრების ყოფნის პერიოდში მისთვის არ შეუთავაზებიათ სხვა თანამდებობა, რითაც მოპასუხემ დაარღვია საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 42-ე მუხლი და ,,პოლიციის შესახებ” კანონით დადგენილი მოთხოვნები.
ს. კ-მა დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს და გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობასთან ერთად მოითხოვა თანამდებობაზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლით დადგენილი წესით (ყოველ გადაცილებულ საბანკო დღეზე 0.15%-ის ოდენობით საერთო თანხიდან) ზიანისა და მორალური ზიანის, 5000 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელემ დამატებით განმარტა, რომ მოპასუხემ დაარღვია ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონით დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად, როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლით. 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის (23.12.05წ. რედაქციამდე) თანახმად კი მოხელე არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან, თუ იგი თანახმაა დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე. მოპასუხეს კი მისთვის სხვა თანამდებობა არ შეუთავაზებია. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაარღვია ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 108-ე მუხლის მოთხოვნაც, ვინაიდან მოსარჩელე არ ყოფილა გაფრთხილებული გათავისუფლების შესახებ კანონით დადგენილი წესით.
ს. კ-ის განმარტებით, მოპასუხემ დაარღვია შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნები, რომლის შესაბამისად მუშაკთა რიცხვის ან შტატების შემცირებისას სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება ენიჭებათ იმ მუშაკებს, რომლებიც უფრო მაღალი კვალიფიკაციითა და შრომის ნაყოფიერებით გამოირჩევიან. მას კი გააჩნდა აღნიშნულ სამსახურში მუშაობის ოცი წელმე მეტი ხნის სტაჟი და წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა იმ სარევიზიო დანაყოფს, საიდანაც გათავისუფლდა. ამასთან მოპასუხემ უხეშად დაარღვია ,,ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონის მე-15 მუხლის 21-ე პუნქტის მოთხოვნა, რომლის შესაბამისად: ,,მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს, სოციალური დაცვის მიზნით უწესდებათ – სამუშაო სტაჟის ხანგრძლივობის მიუხედავად, სახელმწიფო დაწესებულებებში მუშაკთა რაოდენობის ან შტატების შემცირებისას სამუშაოზე (სამსახურში) უპირატესი დატოვების უფლებით სარგებლობა”.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 29.12.03წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. კ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს 24.03.04წ. საოქმო განჩინებით შეჩერდა მოცემული ადმინისტრაციული საქმის წარმოება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად და საქმეზე წარმოება განახლდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 23.04.07წ. განჩინებით.
აპელანტმა 22.06.07წ. სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა გათავისუფლების შესახებ ბრძანების მის ნაწილში ბათილად ცნობა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში აღდგენა შემდგომი მისი თანამდებობაზე დანიშვნის საკითხის გადასაწყვეტად. სხვა მოთხოვნებზე უარი განაცხადა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.07.07წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა ს. კ-ის სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 27.10.03წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საორგანიზაციო-საშტატო საკითხების შესახებ” 17.07.02წ. ¹384 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს შს სამინისტროს სამეურნეო და საფინანსო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს შტატები და გაუქმდა საქართველოს შს მინისტრის 02.04.02წ. ¹175 საორგანიზაციო-საშტატო ბრძანება.
საქართველოს შს მინისტრის 09.08.02წ. ¹462 პ/შ ბრძანებით შს სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ყოფილი, შტატგარეშე დარჩენილი თანამშრომლები, მათ შორის, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ს. კ-ი, 17.07.02წ. აყვანილ იქნა საქართველოს შს სამინისტროს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის სამმართველოს განკარგულებაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 26.09.03წ. ¹570 პ/შ ბრძანებით შს სამინისტროს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველოს განკარგულებაში მყოფი, შს სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტის .... ყოფილი რევიზორი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ს. კ-ი დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგში, ,,შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების მე-12 მუხლით.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, აღნიშნული კანონის მოქმედება პოლიციის თანამშრომლებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 26.09.03წ. ¹570 პ/შ ბრძანების გამოცემის დროს მოქმედი ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტი პოლიციის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლად ითვალისწინებდა შტატების შემცირებას. ამავე კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციაში სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნორმატიული აქტებით; საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების სისტემაში რიგით და ოფიცერთა შემადგენლობის სამსახურის გავლის წესს, მათ უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის ბრძანებულებით დამტკიცებული დებულება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ”. აღნიშნული დებულების 12.7 მუხლის თანახმად, შინაგან საქმეთა ორგანოებში ორგანიზაციულ, საშტატო ღონისძიებათა განხორციელებისას შს მინისტრის ბრძანებით შტატგარეშე დარჩენილი თანამშრომელი ირიცხება კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვით, 2 თვის მთლიანი ხელფასის შენარჩუნებით, ხოლ მომდევნო 2 თვის განმავლობაში მას მიეცემა სპეციალური წოდების, ნამსახურობის პროცენტული დანამატისა და სასურსათო ულუფის კომპენსაცია. აღნიშნული ვადის გასვლამდე უნდა გადაწყდეს თანამშომლის შრომითი მოწყობის საკითხი. ,,შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 12.7 მუხლი განსაზღვრავს, რომ კადრების განკარგულებაში გადაყვანილი პირი წარმოადგენს შტატგარეშედ დარჩენილ თანამშრომელს, რომლის შრომითი მოწყობის საკითხიც უნდა გადაწყდეს 4 თვის ვადის გასვლამდე.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართევლოს შინაგან საქმეთა მინისტრის 26.09.03წ. ¹570 პ/შ ბრძანებით ს. კ-ი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან იქნა დათხოვნილი საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგში, როგორც კადრების განკარგულებაში მყოფი პირი. კადრების განკარგულებაში მყოფი პირის შინაგან საქმეთა ორგანოს სისტემაში აღდგენა კი კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის, რადგან კადრების განკარგულებაში გადაყვანის შემდეგ უნდა გადაწყდეს თანამშრომლის შრომითი მოწყობის საკითხი, რაც ასევე გულისხმობს ამ ვადის გასვლის შემდეგ მის დათხოვნას სხვა თანამდებობის შეთავაზების გარეშე, ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის კადრების განკარგულებაში გადაყვანის შემდეგ ადმინისტრაციას არ გააჩნია ვალდებულება მას შესთავაზოს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97.2 მუხლის 2006 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული თანამდებობა, სპეციალური კანონი ,,პოლიციის შესახებ” შინაგან საქმეთა სამინისტროს ამგვარ ვალდებულებას არ აკისრებს. სასამართლოს განმარტებით, ს. კ-ი შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ იქნა არა როგორც შტატში მყოფი თანამშრომელი, არამედ კადრების განკარგულებაში მყოფი პირი, რომლის მიმართაც ადმინისტრაციას სხვა სამსახურის შეთავაზების ვალდებულება არ გააჩნდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.07.07წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. კ-მა.
კასატორის თვლის, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა ,,საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების მე-12 მუხლი, ვინაიდან დებულების მე-12 მუხლი აწესრიგებს მუშაკის შრომითი საკითხის გადაწყვეტას და მის დასაქმებას და არა შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნას, ხოლო ოფიცერთა თადარიგში დათხოვნის საკითხს არეგულირებს ზემოთ აღნიშნული დებულების 67-ე მუხლი, რომლის შესახებაც 26.09.03წ. ¹570 პ/შ ბრძანებაში არ ყოფილა მითითებული და აღნიშნულ მუხლის ,,ვ” ქვეპუნქტი ითვალისწინებს თადარიგში ოფიცრის დათხოვნას შტატების შემცირებასთან დაკავშირებით მხოლოდ სამსახურში გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა ,,პოლიციის შესახებ” კანონი, ვინაიდან შს სამინისტროს 26.09.03წ. ¹570 პ/შ ბრძანების გამოცემის დროს მოქმედი ,,პოლიციის შესახებ” კანონი ითვალისწინებდა თანამშრომლის დათხოვნას შტატების შემცირების შემთხვევაში, მაგრამ ამ კანონის 22.1. მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტით არ არის დადგენილი, თუ რა წესით უნდა მოხდეს შტატების შემცირებისას თანამშრომელთა დათხოვნა. აღნიშნულ პუნქტში მითითებულია მხოლოდ იმის შესახებ, რომ: ,,პოლიციის თანამშრომელს სამსახურიდან დაითხოვენ შტატების შემცირებისას”, მაგრამ არაფერია ნათქვამი იმ თანამშრომელთა შესახებ, ვინც სამსახურში დარჩენის უპირატესი უფლებით სარგებლობს. შესაბამისად, მოპასუხე მხარე ვალდებული იყო მისი გათავისუფლებისას გამოეყენებინა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმადაც: ,,მოხელე არ შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ იგი თანახმაა დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე”.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენეს კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, ,,ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ” კანონი, რომლის მე-15 მუხლის 21-ე ქვეპუნქტის მიხედვით ,,საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთისა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილეები, საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა, უშიშროების სამინისტროების მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის თადარიგში დათხოვნილნი, საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები სარგებლობენ სამუშაო სტაჟის ხანგრძლივობის მიუხედავად სახელმწიფო დაწესებულებებში მუშაკთა რაოდენობის ან შტატების შემცირებისას სამუშაოზე უპირატესი დატოვების უფლებით”.
კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სასამართლოს განმარტებას, რომ იგი დათხოვნილია არა როგორც შტატში მყოფი თანამშრომელი, არამედ როგორც კადრების განკარგულებაში მყოფი პირი, რომლის მიმართაც ადმინისტრაციას სხვა სამსახურის შეთავაზების ვალდებულება არ გააჩნდა. კასატორის განმარტებით, ,,საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების მე-12 მუხლში არსებული მითითება, რომ კადრების განკარგულებაში მყოფი მუშაკის თანამდებობაზე დანიშვნა უნდა მოხდეს ოთხთვიანი ვადის ამოწურვამდე, მასში გულისხმობს, რომ ამ ხნის მანძილზე თანაშრომელი ირიცხება შს სამინისტროს შტატში და არასწორია მსჯელობა იმის შესახებ, რომ კადრების განკარგულებაში მყოფი პირი არის შტატგარეშე თანამშრომელი.
კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, ახალი გადაწყვეტილების მიღებით გათავისუფლების შესახებ 26.09.03წ. ¹570 პ/შ ბრძანების მის ნაწილში ბათილად ცნობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში აღდგენას შემდგომი მისი თანამდებობაზე დანიშვნის საკითხის გადასაწყვეტად.
საკასაციო პალატის 12.09.07წ. განჩინებით ს. კ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და ს. კ-ის საკასაციო საჩივრის გაცნობისა და განსახილველ სამართლებრივ საკითხთან მიმართებაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სადავო საკიტხის მიმართ ამჟამად ჩამოყალიბებულია ერთიანი სასამართლო პრაქტიკა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 18.07.06წ. ¹ბს-188-178(კ.06) განჩინება; 05.07.06წ. ¹ბს-190-180(კ.06); 31.05.06წ. ¹ბს-1164-739(კ.05); 26.12.07წ. ¹ბს-312-295(კ.07)).
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება. საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.