ბს-805-774(კ-08) 25 ივლისი, 2008 წელი
ქ. თბილისი
მიღების ადგილი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლების შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ა. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 14 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 5 ნოემბერს ა. ბ-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობისა და ც., მ. და ვ. პ-ების მიმართ ქ. თბილისის ოქტომბრის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 28 ივნისის და ქ. თბილისის მერიის საქალაქო მმართველობის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 1993 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც პ-ებზე გაიცა ქ. თბილისში, ..... შესახ. ¹13-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე მშენებლობის ნებართვა და დაკანონდა ამავე მისამართზე უნებართვოდ და უპროექტოდ აშენებული ნაგებობები; დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დავალდებულება პ-ების საკუთრებაში არსებული უკანონო და მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დამაზიანებელი ნაგებობების დემონტაჟის შესახებ; მოპასუხეებისათვის ხარჯების გადახდის დაკისრება თანაბარწილად (იხ. ს.ფ. 1-7).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 6 დეკემბრის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება ა. ბ-ის სარჩელზე მოპასუხე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიმართ ქ. თბილისის ოქტომბრის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 28 ივნისის და ქ. თბილისის მერიის საქალაქო მმართველობის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 1993 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და დემონტაჟის განხორციელების შესახებ მოპასუხის დავალდებულების ნაწილში (იხ. ს.ფ. 75-84).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 6 დეკემბრის განჩინებით ა. ბ-ის სარჩელი მოპასუხე ც., მ. და ვ. პ-ების მიმართ მათ საკუთრებაში არსებული უკანონო და მოსარჩელის დაზიანებული საცხოვრებელი სახლის ნაგებობების დემონტაჟის დავალდებულების, ასევე ხარჯების ანაზღაურების ნაწილში განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას (იხ. ს.ფ. 85-87).
საქალაქო სასამართლოს განჩინებები კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ბ-მა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 6 დეკემბრის განჩინებების გაუქმება და საქმის განსახილველად დაბრუნება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (იხ. ს.ფ. 113-121).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 14 იანვრის განჩინებით ა. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 6 დეკემბრის განჩინება, ხოლო ამავე სასამართლოს 2008 წლის 25 იანვრის განჩინებით ა. ბ-ის კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 6 დეკემბრის განჩინებაზე მოპასუხე ც., მ. და ვ. პ-ების მიმართ მათ საკუთრებაში არსებული უკანონო და მოსარჩელის დაზიანებული საცხოვრებელი სახლის ნაგებობების დემონტაჟის დავალდებულების, ასევე ხარჯების ანაზღაურების ნაწილში საქმის განსჯადობით განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისათვის გადაგზავნის შესახებ დატოვებულ იქნა განუხილველად (იხ. ს.ფ. 126-129; 130-135).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 14 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ბ-მა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 14 იანვრის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება (იხ. ს.ფ. 157-165).
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 23 მაისის საოქმო განჩინებით ა. ბ-ის სარჩელზე საქმის წარმოება შეჩერდა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვამდე და საქმე ა. ბ-ის საკასაციო საჩივართან ერთად გადმოიგზავნა საკასაციო სასამართლოში (იხ. ს.ფ. 172-174).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 14 იანვრის განჩინებაზე, როგორც დაუშვებელი, განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391.1 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანა შეიძლება მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, რაც ნიშნავს, რომ საკასაციო წესით გასაჩივრების ობიექტი შეიძლება იყოს სააპელაციო სასამართლოს შემაჯამებელი აქტები, რომლებიც გამოტანილია საქმის არსებითად გადაწყვეტის შედეგად.
კონკრეტულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 14 იანვრის განჩინებით განხილულ იქნა ა. ბ-ის კერძო საჩივარი სასარჩელო მოთხოვნების ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 6 დეკემბრის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419.1 მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს, კონკრეტულ შემთხვევაში ასეთს წარმოადგენდა თბილისის სააპელაციო სასამართლო, რადგან კერძო საჩივრით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262.3 მუხლის შესაბამისად, გასაჩივრებული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. სსსკ-ის 419.3 მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 14 იანვრის განჩინება, როგორც ზემდგომი სასამართლოს განჩინება შესულია კანონიერ ძალაში, რადგან საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მასზე საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას, რის შესახებაც განემარტათ მხარეებს სააპელაციო სასამართლოს ამავე განჩინებით. აღნიშნულის მიუხედავად, ა. ბ-მა საკასაციო საჩივარი შემოიტანა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 14 იანვრის განჩინების გაუქმება.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 404.2 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადასინჯოს სააპელაციო სასამართლოს იმ განჩინებების კანონიერება, რომლებიც წინ უსწრებდა სააპელაციო სასამართლოს შემაჯამებელ გადაწყვეტილებას მიუხედავად იმისა, დაიშვება მათზე კერძო საჩივარი თუ არა. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 14 იანვრის განჩინების კანონიერება მხარეებს შეუძლიათ სადავოდ გახადონ საკასაციო საჩივრით სააპელაციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად, მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ამდენად, ზემომითითებულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 14 იანვრის განჩინებაზე დაუშვებელია, რის გამოც განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, რადგან მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრებას. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 396-ე, 399-ე, 401-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.