¹ბს-806-768(2კ-07) 6 მარტი, 2008 წელი
¹ ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე
მარიამ ცისკაძე
სხდომის მდივანი _ ქეთევან მაღრაძე
კასატორები: 1. ქ. თბილისის მერია (მოპასუხე), წარმომადგენელი _ ს. ჭ.-ე; 2. ე. ჯ.-ა (მოსარჩელე), წარმომადგენელი _ კ. ბ.-ი
მესამე პირი _ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება
სარჩელის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, წინანდელ სამუშაოზე დაუყოვნებლივ აღდგენა, იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 30 მაისს ე. ჯ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების _ ქ. თბილისის მერისა და ქ. თბილისის პრემიერის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹26 ბრძანებით ლიკვიდირებულად გამოცხადდა სსრ მინისტრთა საბჭოს 1990 წლის 10 აგვისტოს ¹521 განკარგულებისა და ქ. თბილისის სახალხო დეპუტატთა საბჭოს 1990 წლის 11 ოქტომბრის ¹606424 გადაწყვეტილების საფუძველზე შექმნილი ქ. თბილისის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტი. აღნიშნული ბრძანება ძალაში შევიდა 2005 წლის 29 აპრილიდან. ქ. თბილისის მერის 2005 წლის 16 მაისის ¹155 განკარგულებით ქ. თბილისის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის თანამშრომლები 2005 წლის 3 მაისიდან გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან. ქ. თბილისის პრემიერის 2005 წლის 5 მაისის ¹481 განკარგულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ქ. თბილისის პრემიერის 2003 წლის 22 მაისის ¹524 განკარგულება ქ. თბილისის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის დებულების დამტკიცების შესახებ. ხსენებული განკარგულება ძალაში შევიდა 2005 წლის 29 აპრილიდან. ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹37 ბრძანებით დამტკიცდა ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის _ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის დებულება, სტრუქტურა და საშტატო ერთეულების ნუსხა ¹1 და ¹2 დანართების თანახმად. აღნიშნული ბრძანება ძალაში შევიდა 2005 წლის 29 აპრილიდან. ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახური _ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტი იყო მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებდა გარემოსდაცვითი საქმიანობის კომპლექსურ მართვას ქ. თბილისის მასშტაბით.
მოსარჩელის მტკიცებით, იგი მუშაობდა ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის _ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის ფლორისა და ფაუნის სპეციალიზებულ განყოფილებაში, რომელიც ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹26 ბრძანებით ლიკვიდირებულად ჩაითვალა. იმავე ბრძანებიდან გამომდინარე, ქ. თბილისის მერის 2005 წლის 16 მაისის ¹155 განკარგულებით მოხდა მისი, როგორც მოხელის, გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან. ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹37 ბრძანებით დამტკიცდა ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის _ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის ახალი დებულება, სტრუქტურა და საშტატო ერთეულების ნუსხა, რომელშიც იდენტური ფუნქციებით შევიდა ფლორისა და ფაუნის განყოფილება. აღნიშნული აქტებით სამართლებრივად გაფორმდა დასახელებული სამსახურის გაუქმება და ამ საფუძვლით მოხდა მოსარჩელის გათავისუფლება, ფაქტობრივად კი, განხორციელდა ამ სამსახურის არა ლიკვიდაცია, არამედ თავისი სამართლებრივი შედეგებით, მისი რეორგანიზაცია, ხოლო ამავე სამსახურის მოხელეებზე გავრცელდა ლიკვიდაციის სამართლებრივი შედეგები.
მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით პირადად, უშუალოდ მიადგა ზიანი მის კანონიერ შრომით უფლებებსა და ინტერესს, გავრცელდა რა მასზე ზემოხსენებული სამსახურის ლიკვიდაციის სამართლებრივი შედეგები. მიუხედავად იმისა, რომ იგი იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე და 2004 წლის 23 იანვრის ¹01-09/01 ბრძანების საფუძველზე გადაყვანილი იყო შრომისუუნარობის ფურცელზე იმავე წლის 26 მაისის ჩათვლით, ხოლო 2004 წლის 15 აპრილის ¹01-09/04 ბრძანების საფუძველზე მიეცა დამატებითი დეკრეტული შვებულება 2004 წლის 9 ივნისის ჩათვლით. 2004 წლის 14 ივნისის ¹01-09/07 ბრძანებით მას მიეცა კუთვნილი შვებულება 2004 წლის 10 ივნისიდან 24 ივლისის ჩათვლით, 2004 წლის 26 ივლისის ¹01-09/10 ბრძანებით 2004 წლის 26 ივლისიდან 2005 წლის 1 თებერვლამდე მოსარჩელეს მიეცა დამატებითი შვებულება ბავშვის მოსავლელად. 2005 წლის 31 იანვრის ¹01-09/05 ბრძანებით კი, ბავშვის მოსავლელად გაუგრძელდა უხელფასო შვებულება 7 თვით _ 2005 წლის 5 სექტემბრის ჩათვლით.
მოსარჩელის მტკიცებით, ზემოაღნიშნული უკანონო ადმინისტრაციული აქტებით შეილახა მისი შრომითი უფლება, რადგან ქ. თბილისის მერმა თავისი არაკანონიერი მოქმედებით განახორციელა მისი სამსახურებრივი ინტერესების ხელყოფა. გასაჩივრებული აქტები იყო დაუსაბუთებელი, ეწინააღმდეგებოდა კანონს, დარღვეული იყო მათი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, აგრეთვე, მათი შესრულება გამოიწვევდა კანონის დარღვევას, ისინი გამოცემული იყო არაუფლებამოსილი პირების მიერ და ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულებით დამტკიცდა საქართველოს დედაქალაქის _ ქ. თბილისის მერიის დებულება. ამ ახალი დებულებით განისაზღვრა ქ. თბილისის მერისა და პრემიერის უფლებამოსილებანი. არც აღნიშნული დებულებისა და არც “საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, რომელშიც დეტალურად იყო მითითებული ქ. თბილისის მერისა და პრემიერის კომპეტენციები, საქალაქო სამსახურის შექმნა და გაუქმება არ წარმოადგენდა ქ. თბილისის მერისა და პრემიერის კანონმდებლობით გათვალისწინებულ უშუალო კომპეტენციას. ქ. თბილისის მერიის ძველი დებულებით, აღნიშნული ფუნქცია მინიჭებული ჰქონდა ქ. თბილისის მერს, რაც ახალი დებულებით გაუქმდა. შესაბამისად, გამოსცა რა აღნიშნული სამსახურის ლიკვიდაციის ბრძანება, ქ. თბილისის მერი მოქმედებდა სამართლებრივი ნორმების უხეში დარღვევით და გადააჭარბა კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას. ასევე კანონშეუსაბამო იყო ქ. თბილისის პრემიერის ზემოხსენებული განკარგულება, ვინაიდან “საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, მას არ ჰქონდა შესაბამისი სპეციალური უფლებამოსილება. ხსენებულით დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის “ა" ქვეპუნქტი, რაც იყო ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹26 ბრძანებისა და ქ. თბილისის პრემიერის 2005 წლის 5 მაისის ¹481 განკარგულების ბათილად ცნობის საფუძველი. დარღვეული იყო გასაჩივრებული აქტების მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ, ადმინისტრაციული აქტი უნდა გამოცემულიყო წერილობითი დასაბუთებით.
მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნული აქტების გამოცემისას, რომლებიც ითვალისწინებდა კონკრეტული სამსახურის ლიკვიდაციას, შესწავლილი არ იქნა ის გარემოებები, რომლებიც დაასაბუთებდა ლიკვიდაციის აუცილებლობას, მით უმეტეს, რომ ქ. თბილისის მერიამ 2005 წლის 5 მაისის ¹37 ბრძანებით დამტკიცებული ახალი დებულებით შექმნა შინაარსითა და ფუნქციით აბსოლუტურად იდენტური სამსახური, რომელიც გამოცხადდა ლიკვიდირებული სამსახურის სამართალმემკვიდრედ. ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის _ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის ლიკვიდაციის მიზანშეწონილობა ქ. თბილისის მერის მიერ არანაირად არ იყო დასაბუთებული და არც შეიძლებოდა ყოფილიყო, უფრო მეტიც, სამართლებრივი აქტი, რომელიც ითვალისწინებდა აღნიშნული სამსახურის ლიკვიდაციას, დაფუძნებული არ იყო საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულებაზე, რომლითაც დამტკიცდა საქართველოს დედაქალაქის _ ქ. თბილისის მერიის ახალი დებულება. ამ დებულებაში ქ. თბილისის მერიის სტრუქტურულ ერთეულად გათვალისწინებული იყო ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახური _ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტიც. აღნიშნული კი გარემოსდაცვით სფეროს მიკუთვნებულ უამრავ შენარჩუნებულ ფუნქციაზე მიუთითებდა, რაც ცალსახად ადასტურებდა ქ. თბილისის მერის მიერ ასეთი ფუნქციების განსახორციელებლად შესაბამისი სამსახურის არსებობის აუცილებლობაზე. ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹37 ბრძანების გამოცემისას, რომლითაც დამტკიცდა ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის _ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის ახალი დებულება, სტრუქტურა და საშტატო ერთეულების ნუსხა, დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 213-ე მუხლი, ასევე მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები, რის გამოც იგი ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ იგი, როგორც საჯარო მოხელე, გაფრთხილებული უნდა ყოფილიყო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ სამსახურის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, რაც არ განხორციელებულა.
მოსარჩელის განმარტებით, “ქ. თბილისის მერიის მმართველობითი სისტემის რეორგანიზაციისა და ცალკეული სამსახურების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით განსახორციელებელ საკადრო ღონისძიებათა შესახებ” ქ. თბილისის პრემიერის 2005 წლის 10 მარტის ¹201 განკარგულებით გამოქვეყნდა გაურკვეველი შინაარსის აქტი დანართებითურთ, რომლებშიც დაკონკრეტებული არ იყო, თუ ქ. თბილისის მერიის რომელ სამსახურს შეეხო ლიკვიდაცია და/ან რეორგანიზაცია, აგრეთვე, შტატისა და კონკრეტული სამსახურის ლიკვიდაციის საკითხები. ხსენებული განკარგულება ფორმისა და შინაარსის დაუცველად იყო გამოცემული და არ ითვალისწინებდა მოხელეთა გაფრთხილებას.
მოსარჩელის მტკიცებით, იგი არ გაუფრთხილებიათ სამსახურის მოსალოდნელი ლიკვიდაციის შესახებ. ქ. თბილისის მერიის 2005 წლის 16 მაისის ¹155 განკარგულებაში მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად მითითებული იყო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის ლიკვიდაციაზე. ამდენად, სასამართლოს მიერ მისი ყოფილი სამსახურის ლიკვიდაციის უკანონოდ მიჩნევის შემთხვევაში მოისპობოდა მისი გათავისუფლების საფუძველიც და სასამართლო ვალდებული იქნებოდა, მიეღო გადაწყვეტილება მისი სამსახურში აღდგენის შესახებ, მით უფრო, რომ ქალაქის ამ სამსახურის ლიკვიდაცია საერთოდ შეუძლებელი იყო. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი ითვალისწინებდა მოხელეთა სამსახურიდან გათავისუფლებას დაწესებულების ლიკვიდაციის გამო. იმავე კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებას წარმოადგენდა ქ. თბილისის მერია, რომლის ლიკვიდაციაც არ მომხდარა, მით უმეტეს, რომ ხსენებულ სამსახურს ფუნქციონირება არ შეუწყვეტია, რის გამოც არ არსებობდა მისი გათავისუფლების საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹26 ბრძანების, ქ. თბილისის მერის 2005 წლის 16 მაისის ¹155 განკარგულების, ქ. თბილისის პრემიერის 2005 წლის 5 მაისის ¹481 განკარგულების, ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹37 ბრძანების ბათილად ცნობა, წინანდელ სამუშაოზე დაუყოვნებლივ აღდგენა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 2 ივნისის განჩინებით ე. ჯ.-ს სასარჩელო განცხადება ქ. თბილისის მერის 2005 წლის 16 მაისის ¹155 და ქ. თბილისის პრემიერის 2005 წლის 5 მაისის ¹481 განკარგულებების ბათილად ცნობის, აგრეთვე, წინანდელ სამუშაოზე მოსარჩელის დაუყოვნებლივ აღდგენისა და გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნათა ნაწილში განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 14 ივლისის განჩინებით, ამავე კოლეგიისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველზე, ადმინისტრაციული საქმე ე. ჯ.-ს სასარჩელო განცხადების გამო, განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 7 ნოემბრის საოქმო განჩინებებით მოცემულ საქმეში თავდაპირველი მოპასუხე ქ. თბილისის მერი შეიცვალა სათანადო მოპასუხე ქ. თბილისის მერიით, ხოლო ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში ჩაება მესამე პირად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 7 ნოემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საქმე ე. ჯ.-ს სარჩელის გამო ქ. თბილისის მერის 2005 წლის 16 მაისის ¹155 და ქ. თბილისის პრემიერის 2005 წლის 5 მაისის ¹481 განკარგულებების ბათილად ცნობის, აგრეთვე, წინანდელ სამუშაოზე მოსარჩელის დაუყოვნებლივ აღდგენისა და გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების თაობაზე და ადმინისტრაციული საქმე ე. ჯ.-ს სარჩელის გამო ქ. თბილისის მერიის 2005 წლის 5 მაისის ¹26 და ¹37 ბრძანებების ბათილად ცნობის თაობაზე გაერთიანდა ერთ წარმოებად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 1 დეკემბრის სხდომაზე ე. ჯ.-მ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება 2005 წლის 5 სექტემბრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით ე. ჯ.-ს სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა; ე. ჯ.-ს უარი ეთქვა ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹26 ბრძანების, ქ. თბილისის მერის 2005 წლის 16 მაისის ¹155 და ქ. თბილისის პრემიერის 2005 წლის 5 მაისის ¹481 განკარგულებების ბათილად ცნობაზე, წინანდელ სამუშაოზე დაუყოვნებლივ აღდგენასა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურებაზე გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹26 ბრძანებით ლიკვიდირებულად გამოცხადდა სსრ მინისტრთა საბჭოს 1990 წლის 10 აგვისტოს ¹521 განკარგულებისა და ქ. თბილისის სახალხო დეპუტატთა საბჭოს 1990 წლის 11 ოქტომბრის ¹606424 გადაწყვეტილების საფუძველზე შექმნილი ქ. თბილისის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტი. ქ. თბილისის მერის 2005 წლის 16 მაისის ¹155 განკარგულებით ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის _ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის თანამშრომლები 2005 წლის 3 მაისიდან გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან. ქ. თბილისის პრემიერის 2005 წლის 5 მაისის ¹481 განკარგულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ქ. თბილისის პრემიერის 2003 წლის 22 მაისის ¹524 განკარგულება ქ. თბილისის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის დებულების დამტკიცების შესახებ. ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹37 ბრძანებით დამტკიცდა ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის _ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის დებულება, სტრუქტურა და საშტატო ერთეულების ნუსხა. ე. ჯ.-ა მუშაობდა ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის _ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის ფლორისა და ფაუნის სპეციალიზებულ განყოფილებაში, რომლის ლიკვიდაცია განხორციელდა ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹26 ბრძანებით. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე, ქ. თბილისის მერის 2005 წლის 16 მაისის ¹155 განკარგულებით იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, ხოლო ქ. თბილისის პრემიერის 2005 წლის 5 მაისის ¹481 განკარგულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ქ. თბილისის პრემიერის 2003 წლის 5 მაისის ¹524 განკარგულება ქ. თბილისის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის დებულების დამტკიცების შესახებ. ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹37 ბრძანებით დამტკიცდა ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის _ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის ახალი დებულება, სტრუქტურა და საშტატო ერთეულების ნუსხა, რომელშიც იდენტური ფუნქციებით შევიდა ფლორისა და ფაუნის განყოფილება.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ “ქ. თბილისის მერიის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის ლიკვიდაციის შესახებ" ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹26 ბრძანება გამოიცა არაუფლებამოსილი ორგანოსა და არაუფლებამოსილი პირის მიერ და დაირღვა მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი წესი.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულების მე-4 პუნქტით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 10 დეკემბრის ¹685 ბრძანებულება “საქართველოს დედაქალაქის _ ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ". აღნიშნული დებულების მე-3 მუხლით დამტკიცდა ქ. თბილისის მერიის სტრუქტურა და შეიქმნა ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურები.
საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხეთა წარმომადგენლის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ “ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში, ძალადაკარგულად უნდა გამოცხადებულიყო მის საფუძველზე, ან მის შესასრულებლად მიღებული ყველა ნორმატიული აქტი, ან ნორმატიული აქტის შესაბამისი ნაწილი. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულებით დამტკიცდა ქ. თბილისის მერიის ახალი დებულება, სტრუქტურა და ლიკვიდირებულად გამოცხადდა საჯარო სამართლის იურიდიული პირები _ ქ. თბილისის კეთილმოწყობის სამსახური და ქ. თბილისის საბინაო მეურნეობის რეაბილიტაციისა და განვითარების ხელშემწყობი ცენტრი. ასევე ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 28 თებერვლის ¹63 ბრძანებულება “საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ქალაქ თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის შექმნის შესახებ" და საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 21 თებერვლის ¹54 ბრძანებულება “საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ქ. თბილისის საბინაო მეურნეობის რეაბილიტაციისა და განვითარების ხელშემწყობი ცენტრის შექმნის შესახებ", რადგან “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, აღნიშნული სამსახურები შექმნილი იყო საქართველოს პრეზიდენტის ხსენებული ბრძანებულებებით. რაც შეეხებოდა ქ. თბილისის მერიის სტრუქტურაში შემავალ საქალაქო სამსახურებს, რომლებიც ქ. თბილისის მერის მიერ იყო შექმნილი საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 10 დეკემბრის ¹685 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების 25-ე მუხლის საფუძველზე, ახალი დებულების თანახმად, ანალოგიურად უნდა მომხდარიყო მათი ლიკვიდაცია და ძალადაკარგულად გამოცხადებულიყო შესაბამისი სამსახურის შექმნის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის ზემოაღნიშნული ბრძანებულებით დამტკიცდა რა ქ. თბილისის მერიის სტრუქტურა, ამით განისაზღვრა კიდეც ახალი საქალაქო სამსახურების შექმნა. “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის ანალოგიურად, რომლითაც განისაზღვრა სამინისტროების რაოდენობა და დასახელება, ცალკე აქტით აღარ მოხდა მათი შექმნა. უდავო იყო, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 10 დეკემბრის ¹698 ბრძანებულებით დამტკიცებული “საქართველოს დედაქალაქის _ ქ. თბილისის მერიის შესახებ დებულების” მიხედვით, საქალაქო სამსახურები იქმნებოდა ქ. თბილისის მერის ბრძანებით, თუმცა აღნიშნული ფუნქცია ქ. თბილისის მერიის ახალი დებულების თანახმად, ქ. თბილისის მერს აღარ გააჩნდა. საქალაქო სამსახურების რაოდენობა და დასახელება განისაზღვრა თავად საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, დღის წესრიგში დადგა არსებული საქალაქო სამსახურების მიმართ სამართლებრივი ცვლილებების განხორციელების საკითხი, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ძალადაკარგული ბრძანებულების საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გაუქმება და ქ. თბილისის მერის მიერ მთელი რიგი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა ქ. თბილისის მერიის სტრუქტურის საქართველოს პრეზიდენტის ახალ ბრძანებულებასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2005 წლის 5 მაისის ¹26 ბრძანება ქ. თბილისის მერმა გამოსცა “საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის “ნ" ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმადაც, მერი თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემდა ბრძანებებსა და განკარგულებებს, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება ჰქონდა აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოხსენებული აქტით მოხდა შესაბამისი სამსახურის ფაქტობრივი ლიკვიდაცია, რადგან აღნიშნული სამსახურის არსებობა განისაზღვრა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული ახალი დებულებით.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენლის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ, რადგან ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹26 ბრძანება წარმოადგენდა ნორმატიულ აქტს, მისი მიღება უნდა მომხდარიყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 თავით გათვალისწინებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით, ვინაიდან მიიჩნია, რომ აღნიშნული თავი ეხებოდა ინდივიდუალური და არა ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას.
საქალაქო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენლის მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹26 ბრძანება, რომელიც გამოცემული იყო არაუფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსა და არაუფლებამოსილი პირის მიერ, ეწინააღმდეგებოდა კანონს, რადგან დარღვეული იყო მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რის გამოც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის “დ" ქვეპუნქტის თანახმად, ხსენებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მერის 2005 წლის ¹26 ბრძანება გამოცემული იყო უფლებამოსილი პირის მიერ. აღნიშნული ბრძანების გამოცემისას ქ. თბილისის მერი მოქმედებდა “საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის “ნ" ქვეპუნქტის შესაბამისად. ამასთან, აღნიშნული ბრძანება გამოცემული და გამოქვეყნებული იყო “ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად და მისი მომზადებისა და გამოცემისას არ დარღვეულა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მოთხოვნები, რის გამოც არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
საქალაქო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელეთა მოსაზრება “ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის _ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის დებულების, სტრუქტურისა და საშტატო ერთეულების ნუსხის დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹37 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ, იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული აქტი გამოცემული იყო არაუფლებამოსილი ორგანოს და არაუფლებამოსილი პირის მიერ და მისი გამოცემისას დაცული არ იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით გათვალისწინებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესები.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹37 ბრძანება თავისი სამართლებრივი ბუნებით, “ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, წარმოადგენდა ადგილობრივი მმართველობის ორგანოს თანამდებობის პირის მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტს. შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდებოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი საჯარო ადმინისტრაციული წარმოების მოთხოვნები.
საქალაქო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹37 ბრძანება გამოცემული იყო უფლებამოსილი თანამდებობის პირის _ ქ. თბილისის მერის მიერ “საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის “ნ" ქვეპუნქტის, “საქართველოს დედაქალაქის _ ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულების მე-3 მუხლის “ზ" ქვეპუნქტისა და მე-12 მუხლის “ნ" ქვეპუნქტის შესაბამისად.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენლის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹37 ბრძანებით მოხდა ქ. თბილისის მერიის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის საქალაქო სამსახურის შექმნა, რითაც ქ. თბილისის მერმა გადაამეტა თავის უფლებამოსილებას, რადგან არც “საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ" საქართველოს კანონით და არც საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულებით დამტკიცებული შესაბამისი დებულებით საქალაქო სამსახურის შექმნა არ შედიოდა ქ. თბილისის მერის კომპეტენციაში. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ბრძანებით არ მომხდარა ქ. თბილისის მერიის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის _ საქალაქო სამსახურის შექმნა. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულებით დამტკიცებული შესაბამისი დებულების მე-3 მუხლით დამტკიცდა ქ. თბილისის მერიის სტრუქტურა, რომლითაც განისაზღვრა ქ. თბილისის მერიის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის _ საქალაქო სამსახურის არსებობა და იმავე დებულების მე-12 მუხლის საფუძველზე _ ქ. თბილისის მერის უფლებამოსილებანი. აღნიშნული მუხლის “ნ" ქვეპუნქტის მიხედვით, ქ. თბილისის მერი ქ. თბილისის პრემიერის წარდგინებით ამტკიცებდა საქალაქო სამსახურის დებულებებს, სტრუქტურასა და საშტატო ერთეულების ნუსხას. ქ. თბილისის მერიის სადავო ¹37 ბრძანებით მოხდა ქ. თბილისის მერიის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის საქალაქო სამსახურის დებულების, სტრუქტურისა და საშტატო ერთეულების ნუსხის დამტკიცება ¹1 და ¹2 დანართების თანახმად და არა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის _ საქალაქო სამსახურის შექმნა. აღნიშნული ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების პირველ მუხლში ჩაიწერა, რომ ქ. თბილისის მერიის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის საქალაქო სამსახური შექმნილი იყო “საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ" საქართველოს კანონის, “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზების შესახებ" საქართველოს კანონისა და “საქართველოს დედაქალაქის _ ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებელების და არა ქ. თბილისის მერის ბრძანების საფუძველზე.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹37 ბრძანება ძალადაკარგული იყო ქ. თბილისის მერის 2005 წლის 2 სექტემბრის ¹61 ბრძანებით. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ხსენებული სადავო აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
საქალაქო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ქ. თბილისის პრემიერის 2005 წლის 5 მაისის ¹481 განკარგულება გამოცემული იყო არაუფლებამოსილი ორგანოსა და არაუფლებამოსილი პირის მიერ და იყო კანონშეუსაბამო.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის პრემიერის 2005 წლის 5 მაისის ¹481 განკარგულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა “ქ. თბილისის მერიის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის საქალაქო სამსახურის დებულების, სტრუქტურისა და საშტატო ერთეულების ნუსხის დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის პრემიერის 2005 წლის 2 თებერვლის ¹81 განკარგულება. აღნიშნული განკარგულების მიღებისას ქ. თბილისის პრემიერი ხელმძღვანელობდა “საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ" საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის “ზ" ქვეპუნქტითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ქ. თბილისის პრემიერმა ძალადაკარგულად გამოაცხადა თავისივე განკარგულება. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ქ. თბილისის პრემიერის 2005 წლის 5 მაისის ¹481 განკარგულების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული ბათილად ცნობის საფუძველი.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება ქ. თბილისის მერის 2005 წლის 16 მაისის ¹155 განკარგულების ბათილად ცნობასთან დაკავშირებითაც, რადგან ხსენებულ განკარგულებას საფუძვლად დაედო “ქ. თბილისის მერიის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის ლიკვიდაციის შესახებ" ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹26 ბრძანება. “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 96-ე მუხლის თანახმად, მოხელე შეიძლებოდა გათავისუფლებულიყო სამსახურიდან დაწესებულების ლიკვიდაციის გამო. მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განკარგულებას კი საფუძვლად დაედო სწორედ ხსენებული მუხლი. ამასთან, მოსარჩელე “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 108-ე მუხლის თანახმად, გაფრთხილებული იყო სამსახურის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე ქ. თბილისის პრემიერის 2005 წლის 10 მარტის ¹201 განკარგულებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნას ქ. თბილისის მერის 2005 წლის 16 მაისის ¹155 განკარგულების ბათილად ცნობის, წინანდელ სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენისა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურებაზე გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე, უსაფუძვლობის გამო, უნდა თქმოდა უარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ჯ.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 თებერვლის საოქმო განჩინებით ქ. თბილისის პრემიერი შეიცვალა მისი უფლებამონაცვლე ქ. თბილისის მერიით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით ე. ჯ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი ქ. თბილისის მერის 2005 წლის 16 მაისის ¹155 განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე, სააპელაციო პალატის მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ამ ნაწილში ე. ჯ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა და ქ. თბილისის მერის 2005 წლის 16 მაისის ¹155 განკარგულება მოსარჩელე ე. ჯ.-ს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში ცნობილ იქნა ბათილად; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მოსარჩელე ე. ჯ.-ა მუშაობდა ქ. თბილისის მერიის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის ფლორისა და ფაუნის დაცვის განყოფილებაში სპეციალისტად. 2004 წლის 27 მაისიდან 9 ივნისის ჩათვლით მას მიეცა დამატებითი დეკრეტული შვებულება, 2004 წლის 10 ივნისიდან 24 ივლისის ჩათვლით იგი იმყოფებოდა კუთვნილ შვებულებაში, 2004 წლის 26 ივლისიდან 2005 წლის 1 თებერვლამდე მას მიეცა დამატებითი უხელფასო შვებულება ბავშვის მოსავლელად, 2005 წლის 1 თებერვლიდან ბავშვის მოსავლელად გაუგრძელდა უხელფასო შვებულება 2005 წლის 5 სექტემბრის ჩათვლით. ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹26 ბრძანებით “საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის “ნ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიკვიდირებულად გამოცხადდა სსრ მინისტრთა საბჭოს 1990 წლის 10 აგვისტოს ¹521 განკარგულებისა და ქ. თბილისის სახალხო დეპუტატთა საბჭოს 1990 წლის 11 ოქტომბრის ¹606424 გადაწყვეტილების საფუძველზე შექმნილი ქ. თბილისის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტი. აღნიშნული ბრძანება ძალაში შევიდა 2005 წლის 29 აპრილიდან. ქალაქ თბილისის პრემიერის 2005 წლის 5 მაისის ¹481 განკარგულებით “საქართველოს დედაქალაქის თბილისის შესახებ" საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ზ" ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდა “ქ. თბილისის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის დებულების დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის პრემიერის 2003 წლის 22 მაისის ¹524 განკარგულება და აღნიშნული განკარგულება ძალაში შევიდა 2005 წლის 29 აპრილიდან. ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹37 ბრძანებით “საქართველოს დედაქალაქის თბილისის შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის “ნ" ქვეპუნქტის, “საქართველოს დედაქალაქის _ ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულების მე-6 მუხლის “ნ" ქვეპუნქტისა და მე-12 მუხლის “ნ" ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდა ქალაქ თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის _ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის დებულება, სტრუქტურა და საშტატო ერთეულების ნუსხა. ხსენებული ბრძანება ძალაში შევიდა 2005 წლის 29 აპრილიდან. “ქ. თბილისის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის თანამშრომელთა თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ" ქალაქ თბილისის მერის 2005 წლის 16 მაისის ¹155 განკარგულებით ქ. თბილისის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის ფლორისა და ფაუნის დაცვის განყოფილების სპეციალისტი ე. ჯ.-ა 2005 წლის 3 მაისიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. მოსარჩელე სადავოდ ხდიდა ქალაქ თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹26 და ¹37 ბრძანებებს, 2005 წლის 16 მაისის ¹155 განკარგულებასა და ქალაქ თბილისის პრემიერის 2005 წლის 5 მაისის ¹481 განკარგულებას.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, მართალია, ქალაქ თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹26 ბრძანებით ლიკვიდირებულად ჩაითვალა ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახური _ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტი, მაგრამ, ფაქტობრივად, განხორციელდა ამ სამსახურის რეორგანიზაცია და არა ლიკვიდაცია, რადგან ქალაქ თბილისის პრემიერის 2005 წლის 5 მაისის ¹481 განკარგულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა “ქ. თბილისის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის დებულების დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის პრემიერის 2003 წლის 22 მაისის ¹524 განკარგულება. ქალაქ თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹37 ბრძანებით კი დამტკიცდა ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის _ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის ახალი დებულება, სტრუქტურა და საშტატო ერთეულების ნუსხა ¹1 (დებულება) და ¹2 (სტრუქტურა და საშტატო ერთეულების ნუსხა) დანართების თანახმად. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, მართალია, ქალაქ თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹26 ბრძანებაში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტთან მიმართებაში გამოყენებული იყო ტერმინი “ლიკვიდაცია", მაგრამ თავისი სამართლებრივი ბუნებითა და თანამდევი შედეგებით განხორციელდა რეორგანიზაცია და მას, შესაბამისად, უნდა მოჰყოლოდა ის შედეგი, რასაც, ჩვეულებრივ, დაწესებულების რეორგანიზაცია იწვევს. “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რომლითაც იხელმძღვანელა შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო სამართლებრივი აქტის გამოცემისას, მოხელე შეიძლებოდა გათავისუფლებულიყო სამსახურიდან დაწესებულების ლიკვიდაციის გამო. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნიდა საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევდა შტატების შემცირება, მოხელე შეიძლებოდა გათავისუფლებულიყო სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე. აღნიშნული კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის (მოსარჩელის გათავისუფლების დროისათვის მოქმედი რედაქცია) მიხედვით, მოხელე შეიძლებოდა გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას. მოხელე არ შეიძლებოდა გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან, თუ იგი თანახმა იყო დანიშნულიყო სხვა თანამდებობაზე. სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ ქალაქ თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹26 ბრძანებით მოხდა შესაბამისი სამსახურის არა ლიკვიდაცია, არამედ რეორგანიზაცია, რასაც შედეგად მოჰყვა შტატების შემცირება და შესაბამის ადმინისტრაციას მოსარჩელისთვის სხვა თანამდებობა არ შეუთავაზებია.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მერის 2005 წლის 16 მაისის ¹155 განკარგულების გამოცემისას დაირღვა “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჰქონდა უფლება, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განეხორციელებინა რაიმე ქმედება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზემოთ მითითებული განკარგულება მოსარჩელე ე. ჯ.-ს სამსახურიდან გათავისუფლების ნაწილში ეწინააღმდეგებოდა რა კანონს, იგი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის საფუძველზე, ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი, რითაც სარჩელი აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილდებოდა. რაც შეეხებოდა სარჩელს ქალაქ თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹26 ბრძანების, ქალაქ თბილისის პრემიერის 2005 წლის 5 მაისის ¹481 განკარგულებისა და ქალაქ თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹37 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ ნაწილში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები, ასევე ამავე კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე, დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემული იყო უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში, კანონის მოთხოვნათა თანახმად, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება აღნიშნულ ნაწილში იყო კანონიერი, დასაბუთებული და არ არსებობდა ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქალაქ თბილისის მერის 2005 წლის 2 სექტემბრის ¹61 ბრძანებით “საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის “ნ" ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილისა და “საქართველოს დედაქალაქის _ ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულების შესაბამისად, ლიკვიდირებულად გამოცხადდა ქალაქ თბილისის მერიის საქალაქო სამსახური _ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტი, ასევე ძალადაკარგულად გამოცხადდა “ქალაქ თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის _ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის დებულების, სტრუქტურისა და საშტატო ერთეულების ნუსხის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹37 ბრძანება. აღნიშნული ბრძანება ძალაში შევიდა 2005 წლის 5 სექტემბრიდან.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2005 წლის 5 სექტემბრიდან განხორციელდა ზემოაღნიშნული სამსახურის ლიკვიდაცია. ასეთ შემთხვევაში კი, “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 96-ე მუხლისა და 127-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ე. ჯ.-ს სამსახურში აღდგენის თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები აღარ არსებობდა. იმის გათვალისწინებით, რომ 2005 წლის 5 სექტემბრიდან ხსენებული სამსახური აღარ არსებობდა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტმა ფუნქციონირება შეწყვიტა 2005 წლის 5 სექტემბრიდან და იმ დრომდე (2005 წლის 5 სექტემბრამდე) მოსარჩელე თავისი განცხადებითა და ადმინისტრაციის ბრძანებით იმყოფებოდა შვებულებაში და შესაბამისად, არ ჰქონდა იძულებით გაცდენილი დრო. ამდენად, სარჩელი იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების თაობაზეც იყო უსაფუძვლო. აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ე. ჯ.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, როგორც არსებითად სწორი, დატოვებული უნდა ყოფილიყო უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის ის ნორმები, რომლებიც აწესრიგებს დაწესებულების რეორგანიზაციის პროცესს, რაც არ უნდა გამოეყენებინა და რასაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა მოჰყვა. სასამართლომ ქ. თბილისის მერის 2005 წლის 16 მაისის ¹155 განკარგულების ბათილად ცნობას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ მოხდა ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის _ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის არა ლიკვიდაცია, არამედ _ რეორგანიზაცია. ამის გამო, ქ. თბილისის მერიას, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებისას უნდა ეხელმძღვანელა “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული დაწესებულების რეორგანიზაციის მომწესრიგებელი ნორმებით. სასამართლოს აღნიშნული დასკვნა უსაფუძვლოა, ვინაიდან იგი არ ემყარება სამართლის არც ერთ ნორმას და შესაბამისად, უკანონოცაა, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები სასარჩელო დავის საგნად ქცეული სხვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერებასთან დაკავშირებით და სარჩელი ამ ნაწილში არ დააკმაყოფილა, ოღონდ განახორციელა ხსენებული აქტებიდან ერთ-ერთის _ ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹26 ბრძანების უსაფუძვლო ინტერპრეტაცია, კერძოდ, ჩათვალა, რომ, მართალია, აღნიშნულ ბრძანებაში გამოყენებული იყო ტერმინი _ “ლიკვიდაცია", მაგრამ სინამდვილეში მოხდა ზემოხსენებული სამსახურის არა ლიკვიდაცია, არამედ _ რეორგანიზაცია.
კასატორი აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როცა სასამართლო ადასტურებს, რომ არ არსებობს სამართლებრივი აქტის გაუქმების რაიმე საფუძველი, მან ამ სამართლებრივ აქტში გამოყენებული ტერმინოლოგია თვითნებურად აღარ უნდა შეცვალოს, მით უმეტეს მაშინ, თუ ამას უკავშირდება ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავებული სამართლებრივი შედეგები. ამით ხელყოფილია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თავისი საქმიანობის განხორციელების ფორმის არჩევის თავისუფლების პრინციპი: მართლმსაჯულების ორგანოს არა აქვს უფლება, ჩაერიოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოყენებული საქმიანობის ფორმების შერჩევაში. მას აქვს უფლება, შეაფასოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოყენებული ფორმის კანონიერება და არა უფლებამოსილება _ შეუცვალოს ამ ფორმას სახელი და მიანიჭოს სხვაგვარი, რადიკალურად განსხვავებული მნიშვნელობა. ამ შემთხვევაში, ქ. თბილისის მერიამ აირჩია საქმიანობის ფორმა _ მოეხდინა თავის სისტემაში შემავალი დაწესებულების ლიკვიდაცია და არა რეორგანიზაცია, ხოლო სასამართლოს შეეძლო ემსჯელა მხოლოდ ლიკვიდაციის კანონიერებაზე. თუ სასამართლომ ლიკვიდაციის დამდგენი სამართლებრივი აქტი (ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹26 ბრძანება) კანონიერად მიიჩნია, მაშინ, რატომღა იყო უკანონო მის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი _ ქ. თბილისის მერის 2005 წლის 16 მაისის ¹155 განკარგულება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ჯ.-მაც, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ დასაბუთებულად, დადგენილად და უდავოდ მიიჩნია საქალაქო სასამართლოს მიერ ამ საქმეზე დადგენილი გარემოება, კერძოდ, ის, რომ ზემოაღნიშნული საქალაქო სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ გასაჩივრებული ბრძანება ბათილია და არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული ხსენებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. ხსენებული გასაჩივრებული ბრძანება არაკანონიერია და მისი გამოცემის მომენტში ქ. თბილისის მერს არ ჰქონდა მისი გამოცემის უფლებამოსილება. ქ. თბილისის მერის უფლებამოსილების განმსაზღვრელი სპეციალური კანონმდებლობით _ “საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ" საქართველოს კანონისა და საქართველოს დედაქალაქის _ ქ. თბილისის მერიის დებულების მიხედვით, ქ. თბილისის მერს არ ჰქონდა ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის ლიკვიდაციის ბრძანების გამოცემის უფლებამოსილება. გასაჩივრებული გადაწყვეტილება განსხვავდება, როგორც იმავე პალატის მიერ ამ კატეგორიის საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებებისაგან, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 19 ივლისის ¹ბს-108-102(კ-07) განჩინებისაგან.
კასატორი აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹26 ბრძანება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, წარმოადგენს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და იგი გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს და არაუფლებამოსილი პირის მიერ. აღნიშნული ბრძანების გამოცემას ქ. თბილისის მერმა საფუძვლად დაუდო “საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის “ნ" ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, მერი თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებსა და განკარგულებებს, ასევე _ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც საფუძვლად დაედო ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹26 ბრძანებას, განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, მის მიერვე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების ზოგად წესს, ხოლო ქ. თბილისის მერის, როგორც დედაქალაქის უმაღლესი თანამდებობის პირის, უფლებამოსილება განსაზღვრულია “საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ" საქართველოს კანონით (თავი III) და საქართველოს დედაქალაქის _ ქ. თბილისის მერიის დებულებით (კარი II, თავი I, მუხლები 11,12,13). აღნიშნული აქტები წარმოადგენს სპეციალურ კანონმდებლობას და ზუსტად განსაზღვრავს მერის უფლებამოსილებას. ამასთან, არც ხსენებული კანონით და არც საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულებით დამტკიცებული ქ. თბილისის მერიის ახალი დებულებით მერს არ ჰქონდა მინიჭებული სპეციალური უფლებამოსილება, შეექმნა ან გაეუქმებინა საქალაქო სამსახურები.'საქალაქო სამსახურების შექმნისა და გაუქმების უფლებამოსილება მერს მინიჭებული ჰქონდა ადრე მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 10 დეკემბრის ¹685 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს დედაქალაქის _ ქ. თბილისის მერიის დებულების 25-ე მუხლით, რომელიც ძალადაკარგულად იქნა გამოცხადებული საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულებით. ამდენად, ხსენებული გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ქ. თბილისის მერი მოქმედებდა თავისი უფლებამოსილების გადამეტებით.
კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს. იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მიხედვით კი, ბათილად უნდა გამოცხადდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ ის გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ.
კასატორის მტკიცებით, ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹26 ბრძანება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “ე" ქვეპუნქტის თანახმად, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ერთ-ერთ აუცილებელ რეკვიზიტს წარმოადგენს ის, რომ იგი უნდა იყოს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი. სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 10 დეკემბრის ¹685 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს დედაქალაქის _ ქ. თბილისის მერიის შესახებ დებულებით საქალაქო სამსახურები იქმნებოდა ქ. თბილისის მერის ბრძანებით, თუმცა საქართველოს პრეზიდენტის ახალი, 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულებით დამტკიცებული შესაბამისი დებულებით საქალაქო სამსახურების შექმნა და გაუქმება არ წარმოადგენს მერის კანონმდებლობით გათვალისწინებულ უშუალო კომპეტენციას. აღნიშნული ბრძანებით ლიკვიდირებულ იქნა რიგი სამსახურები და დამტკიცებულ იქნა ქ. თბილისის მერიის ახალი სტრუქტურა, რომელშიც იდენტური დასახელებით შევიდა ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახური _ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტი, როგორც ქ. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეული. ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹26 ბრძანება ეწინააღმდეგება საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულებას და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. სასამართლომ არ გაიზიარა ზემოაღნიშნული გარემოება და ამის საწინააღმდეგო არგუმენტად მიუთითა “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს მის საფუძველზე ან მის შესასრულებლად მიღებული ყველა ნორმატიული აქტი. ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა “საქართველოს დედაქალაქის _ ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 10 დეკემბრის ¹685 ბრძანებულება, სასამართლოს მოსაზრებით, ლიკვიდირებულად გამოცხადდა მის საფუძველზე გამოცემული სსრ მინისტრთა საბჭოს 1990 წლის 10 აგვისტოს ¹521 განკარგულებისა და ქ. თბილისის სახალხო დეპუტატთა საბჭოს 1990 წლის 11 ოქტომბრის ¹606424 გადაწყვეტილების საფუძველზე შექმნილი ქ. თბილისის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტი, რაც არსებითად არასწორია, რადგან თუ ამ მსჯელობას გავყვებით, ძალადაკარგულად უნდა გამოცხადებულიყო ყველა ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ქ. თბილისის მერიის მიერ იქნა გამოცემული, რაც არ დასტურდება მოპოვებული მტკიცებულებებით.
კასატორი აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹26 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნაზე უარის თქმის მოტივად სააპელაციო სასამართლომ ქ. თბილისის მერიის დებულებისა და “საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის ნაცვლად, გამოიყენა “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის თანახმად, ნორმატიული აქტის _ “საქართველოს დედაქალაქის _ ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 10 დეკემბრის ¹685 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში, ძალადაკარგულად უნდა გამოცხადებულიყო მის საფუძველზე ან მის შესასრულებლად გამოცემული ყველა აქტი. დასახელებული კანონის აღნიშნული მუხლი მიუთითებს ხსენებული ბრძანებულების საფუძველზე გამოცემული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების პრინციპზე, რაც არ ნიშნავს სამსახურის ფუნქციონირების სრულ შეწყვეტასა და ლიკვიდაციას, კონკრეტულ შემთხვევაში კი სახეზეა საქალაქო სამსახურის ლიკვიდაციის ბრძანება, რომლის გამოცემის უფლებამოსილებაც ქ. თბილისის მერს საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულების ძალაში შესვლის შემდეგ აღარ გააჩნდა. გაუმართლებელია სასამართლოს მითითება “საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის “ნ" ქვეპუნქტზე, რადგან აღნიშნული მუხლი ზოგადად ეხება მერის მიერ ბრძანებების გამოცემის წესს, ხოლო სპეციალური მუხლი, რომელიც ქ. თბილისის მერს ანიჭებდა უფლებამოსილებას, შეექმნა და გაეუქმებინა საქალაქო სამსახურები, ბრძანების გამოცემის მომენტისათვის უკვე ამოღებული იყო. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს დედაქალაქის _ ქ. თბილისის მერიის ახალი დებულება და “საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ" საქართველოს კანონი (თავი III), რომლებიც პირდაპირ განსაზღვრავს მერის ფუნქციასა და უფლებამოსილებას. შესაბამისად, გამოსცა რა შესაბამისი საქალაქო სამსახურის ლიკვიდაციის ბრძანება, ქ. თბილისის მერი მოქმედებდა სამართლებრივი ნორმების უხეში დარღვევით, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹26 ბრძანების ბათილად ცნობის უპირობო საფუძველია.
კასატორის მტკიცებით, ქ. თბილისის პრემიერის 2005 წლის 5 მაისის ¹481 განკარგულების მომზადებისას დაირღვა მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი წესი. აღნიშნული განკარგულების მიმართ გამოყენებული უნდა ყოფილიყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-58-ე მუხლების მოთხოვნები და მისი მიღება უნდა მომხდარიყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების წესით, რაც ქ. თბილისის მერიის მიერ არ იქნა დაცული. არც საქალაქო და არც სააპელაციო სასამართლოებმა არ იმსჯელეს ქ. თბილისის პრემიერის 2005 წლის 5 მაისის ¹481 განკარგულების მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევაზე და არ შეაფასეს წარმოდგენილი მტკიცებულებები.
კასატორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა “საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ" საქართველოს კანონის 24-ე მუხლი, რამაც განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა. ქ. თბილისის პრემიერის ხსენებული განკარგულება კანონშეუსაბამოა, ვინაიდან “საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ქ. თბილისის პრემიერს არ ჰქონდა მისი გამოცემის სპეციალური უფლებამოსილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც საფუძვლად დაედო ქ. თბილისის პრემიერის 2005 წლის 5 მაისის ¹481 განკარგულების გამოცემას, განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, მის მიერვე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების ზოგად წესს, ხოლო ქ. თბილისის პრემიერის უფლებამოსილება განსაზღვრულია “საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ" საქართველოს კანონით" (თავი III) და საქართველოს დედაქალაქის _ ქ. თბილისის მერიის დებულებით (კარი II, თავი I, მუხლები _ 14-18). აღნიშნული აქტები წარმოადგენს სპეციალურ კანონმდებლობას და ზუსტად განსაზღვრავს ქ. თბილისის პრემიერის უფლებამოსილებას, ამასთან, არც კანონით და არც საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულებით დამტკიცებული ხსენებული ახალი დებულების მიხედვით, ქ. თბილისის პრემიერს არ ჰქონდა მინიჭებული სპეციალური უფლებამოსილება, “ქ. თბილისის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის პრემიერის 2003 წლის 22 მაისის ¹524 განკარგულება ძალადაკარგულად გამოეცხადებინა.
კასატორი მიუთითებს, რომ იგი ითხოვდა არა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის ახალ საქალაქო სამსახურში აღდგენას, რომელმაც შეითავსა გარემოსდაცვითი ფუნქციები, არამედ, როგორც “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლის საფუძველზე გათავისუფლებული მოხელე, ითხოვდა იმავე დაწესებულებაში _ ქ. თბილისის მერიაში აღდგენას, რადგანაც მასზე გავრცელდა დაწესებულების ლიკვიდაციის სამართლებრივი შედეგები, ხოლო ქ. თბილისის მერიის ლიკვიდაცია არ მომხდარა, რის გამოც ე. ჯ.-ს მოთხოვნა სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
კასატორი აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის მერიის 2005 წლის 5 მაისის ¹37 ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის _ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის დებულება, სტრუქტურა და საშტატო ერთეულების ნუსხა, კანონშეუსაბამოა, რადგან დარღვეულია აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესები. აღნიშნული ბრძანება გამოცემულია არაუფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსა და თანამდებობის პირის მიერ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. რადგან ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹37 ბრძანება წარმოადგენს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, მისი გამოცემა უნდა მომხდარიყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით გათვალისწინებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, რაც ქ. თბილისის მერიის მიერ არ იქნა დაცული.
კასატორის მტკიცებით, ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹37 ბრძანება, როგორც ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რეგისტრირებულია ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში და შესაბამისი სამართლებრივი ექსპერტიზა აქვს გავლილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში. ამ ბრძანების გამოცემისას დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 213-ე მუხლი (ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების წესი). ამ აქტის გამოცემით ასევე დაირღვა ხსენებული კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები, რის გამოც იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
კასატორის განმარტებით, ქ. თბილისის მერიამ 2005 წლის 5 მაისის ¹37 ბრძანებით დამტკიცებული ახალი დებულებით, შინაარსითა და ფუნქციით, აბსოლუტურად იდენტური სამსახური შექმნა, რომელიც გამოცხადდა ლიკვიდირებული სამსახურის სამართალმემკვიდრედ. ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურს _ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტს ერთი დღითაც არ შეუწყვეტია ფუნქციონირება და არ მომხდარა ამ სამსახურის შესაბამისი წესით ლიკვიდაცია, რაც ითვალისწინებს სამსახურის ფუნქციონირების სრულ შეწყვეტას, სალიკვიდაციო საქმიანობის განხორციელებას. ხსენებული სამსახური კი დღესაც არსებობს. გასაჩივრებული აქტებით სამართლებრივად გაფორმდა დასახელებული სამსახურის გაუქმება და ამ საფუძვლით მოხელეთა გათავისუფლება, ფაქტობრივად კი, თავისი სამართლებრივი შედეგებით, განხორციელდა რეორგანიზაცია, ხოლო ამავე სამსახურის მოხელეებზე გავრცელდა ლიკვიდაციის სამართლებრივი შედეგები. აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით კი პირადად და უშუალოდ მიადგა ზიანი მოსარჩელეს, მის კანონიერ შრომით უფლებებსა და ინტერესებს. ამდენად, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, რასაც შედეგად მოჰყვა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 14 სექტემბრის განჩინებებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მერიისა და ე. ჯ.-ს საკასაციო საჩივრები; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 14 სექტემბრის განჩინებების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 14 ნოემბრამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 14 ნოემბრის განჩინებით ქ. თბილისის მერიისა და ე. ჯ.-ს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მათი განხილვა დაინიშნა 2008 წლის 17 იანვარს, მხარეთა დასწრების გარეშე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 17 იანვრის განჩინებით ქ. თბილისის მერიისა და ე. ჯ.-ს საკასაციო საჩივრების განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენით, 2008 წლის 21 თებერვალს, 11.00 საათზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ე. ჯ.-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ე. ჯ.-ა მუშაობდა ქ. თბილისის მერიის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის ფლორისა და ფაუნის დაცვის განყოფილებაში სპეციალისტად (ტ. 2, ს.ფ. 16). 2004 წლის 27 მაისიდან 9 ივნისის ჩათვლით ე. ჯ.-ს მიეცა დამატებითი დეკრეტული შვებულება (ტ. 2, ს.ფ. 13). 2004 წლის 10 ივნისიდან 24 ივლისის ჩათვლით ე. ჯ.-ა იმყოფებოდა კუთვნილ შვებულებაში (ტ. 2, ს.ფ. 12). 2004 წლის 26 ივლისიდან 2005 წლის 1 თებერვლამდე ე. ჯ.-ს მიეცა დამატებითი უხელფასო შვებულება ბავშვის მოსავლელად (ტ. 2, ს.ფ. 11), ხოლო 2005 წლის 1 თებერვლიდან ბავშვის მოსავლელად გაუგრძელდა უხელფასო შვებულება 7 თვით _ 2005 წლის 5 სექტემბრის ჩათვლით (ტ. 2, ს.ფ. 10). ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹26 ბრძანებით “საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის “ნ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიკვიდირებულად ჩაითვალა სსრ მინისტრთა საბჭოს 1990 წლის 10 აგვისტოს ¹521 განკარგულებისა და ქ. თბილისის სახალხო დეპუტატთა საბჭოს 1990 წლის 11 ოქტომბრის ¹606424 გადაწყვეტილების საფუძველზე შექმნილი ქ. თბილისის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტი. აღნიშნული ბრძანება ძალაში შევიდა 2005 წლის 29 აპრილიდან (ტ. 2, ს.ფ. 30). ქალაქ თბილისის პრემიერის 2001 წლის 7 თებერვლის ¹85 განკარგულებით დამტკიცდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის დებულება და სტრუქტურა (ტ. 2, ს.ფ. 17-30). ქალაქ თბილისის პრემიერის 2005 წლის 5 მაისის ¹481 განკარგულებით “საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ" საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ზ" ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდა “ქ. თბილისის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის დებულების დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის პრემიერის 2003 წლის 22 მაისის ¹524 განკარგულება. აღნიშნული განკარგულება ძალაში შევიდა 2005 წლის 29 აპრილიდან (ტ. 2, ს.ფ. 38). ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹37 ბრძანებით “საქართველოს დედაქალაქის თბილისის შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის “ნ" ქვეპუნქტის, “საქართველოს დედაქალაქის _ ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულების მე-6 მუხლის “ნ" ქვეპუნქტისა და მე-12 მუხლის “ნ" ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდა ქალაქ თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის _ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის დებულება, სტრუქტურა და საშტატო ერთეულების ნუსხა და ხსენებული ბრძანება ძალაში შევიდა 2005 წლის 29 აპრილიდან (ტ. 2, ს.ფ. 31-38). “ქ. თბილისის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის თანამშრომელთა თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ" ქალაქ თბილისის მერის 2005 წლის 16 მაისის ¹155 განკარგულებით ქ. თბილისის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის ფლორისა და ფაუნის დაცვის განყოფილების სპეციალისტი ე. ჯ.-ა 2005 წლის 3 მაისიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად (ტ. 2, ს.ფ. 7-9). ქალაქ თბილისის მერის 2005 წლის 2 სექტემბრის ¹61 ბრძანებით ლიკვიდირებულად ჩაითვალა ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახური _ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტი, ძალადაკარგულად გამოცხადდა “ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის _ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის დებულების, სტრუქტურისა და საშტატო ერთეულების ნუსხის დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹37 ბრძანება და ქალაქ თბილისის მერის 2005 წლის 2 სექტემბრის ¹61 ბრძანება ძალაში შევიდა 2005 წლის 5 სექტემბრიდან (ტ. 2, ს.ფ. 82). ქალაქ თბილისის მერის 2005 წლის 2 სექტემბრის ¹62 ბრძანებით დამტკიცდა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულება ¹1 დანართის მიხედვით და აღნიშნული ბრძანება ძალაში შევიდა 2005 წლის 5 სექტემბრიდან (ტ. 2, ს.ფ. 83-93). დაწესებულების ლიკვიდაციის გამო, მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ გაფრთხილებაზე ე. ჯ.-ს ხელი არა აქვს მოწერილი (ტ. 2, ს.ფ. 125). ქ. თბილისის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის ¹1 ოქმის თანახმად, ამავე კომიტეტის თანამშრომელი ე. ჯ.-ა კომიტეტის კადრებისა და საერთო განყოფილების მიერ გაფრთხილებულ იქნა სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე, ხოლო მან უარი განაცხადა შესაბამისი წესით გაფრთხილების ჩაბარებაზე (ტ. 2, ს.ფ. 126).
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად, საქმის გარემოებების ნათლად გამოკვეთის მიზნით, აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტთან მიმართებაში ცვლილებები განხორციელდა ორჯერ, შეიძლება ითქვას, ორ ეტაპად, კერძოდ, ჯერ ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹26 ბრძანებით ლიკვიდირებულად ჩაითვალა ქ. თბილისის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტი და ქალაქ თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹37 ბრძანებით დამტკიცდა ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის _ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის ახალი დებულება, სტრუქტურა და საშტატო ერთეულების ნუსხა, ხოლო შემდეგ ქალაქ თბილისის მერის 2005 წლის 2 სექტემბრის ¹61 ბრძანებით ლიკვიდირებულად ჩაითვალა ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახური _ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ, მართალია, ქალაქ თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹26 ბრძანებით ლიკვიდირებულად ჩაითვალა ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახური _ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტი, მაგრამ, ფაქტობრივად, განხორციელდა ამ სამსახურის რეორგანიზაცია და არა ლიკვიდაცია, რადგან ქალაქ თბილისის პრემიერის 2005 წლის 5 მაისის ¹481 განკარგულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა “ქ. თბილისის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის დებულების დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის პრემიერის 2003 წლის 22 მაისის ¹524 განკარგულება, ქალაქ თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹37 ბრძანებით კი დამტკიცდა ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის _ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის ახალი დებულება, სტრუქტურა და საშტატო ერთეულების ნუსხა ¹1 (დებულება) და ¹2 (სტრუქტურა და საშტატო ერთეულების ნუსხა) დანართების თანახმად. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ, მართალია, ქალაქ თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹26 ბრძანებაში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტთან მიმართებაში გამოყენებული იყო ტერმინი “ლიკვიდაცია", მაგრამ თავისი სამართლებრივი ბუნებითა და თანამდევი შედეგებით განხორციელდა რეორგანიზაცია და მას, შესაბამისად, უნდა მოჰყოლოდა ის შედეგი, რასაც, ჩვეულებრივ, დაწესებულების რეორგანიზაცია იწვევს, ხოლო “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რომლითაც იხელმძღვანელა შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო სამართლებრივი აქტის გამოცემისას, მოხელე შეიძლებოდა გათავისუფლებულიყო სამსახურიდან დაწესებულების ლიკვიდაციის გამო, იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნიდა საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად და როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევდა შტატების შემცირება, მოხელე შეიძლებოდა გათავისუფლებულიყო სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე, ხოლო აღნიშნული კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის (მოსარჩელის გათავისუფლების დროისათვის მოქმედი რედაქცია) მიხედვით, მოხელე შეიძლებოდა გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას და მოხელე არ შეიძლებოდა გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან, თუ იგი თანახმა იყო დანიშნულიყო სხვა თანამდებობაზე. სააპელაციო სასამართლომ სწორად დაასკვნა, რომ ქალაქ თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹26 ბრძანებით მოხდა შესაბამისი სამსახურის არა ლიკვიდაცია, არამედ რეორგანიზაცია, რასაც შედეგად მოჰყვა შტატების შემცირება და შესაბამის ადმინისტრაციას მოსარჩელისთვის სხვა თანამდებობა არ შეუთავაზებია.
საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ ქალაქ თბილისის მერის 2005 წლის 16 მაისის ¹155 განკარგულების გამოცემისას დაირღვა “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები, რის გამოც აღნიშნული განკარგულება მოსარჩელე ე. ჯ.-ს სამსახურიდან გათავისუფლების ნაწილში ეწინააღმდეგება რა კანონს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის საფუძველზე, ექვემდებარება ბათილად ცნობას. სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹26 ბრძანება, ქალაქ თბილისის პრემიერის 2005 წლის 5 მაისის ¹481 განკარგულება და ქალაქ თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹37 ბრძანება გამოცემული იყო უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში, კანონის მოთხოვნათა თანახმად. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის _ ე. ჯ.-ს საკასაციო საჩივარს ხსენებული აქტების არაუფლებამოსილი ორგანოების მიერ გამოცემის მოტივით ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის _ ქ. თბილისის მერიის მტკიცებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის ის ნორმები, რომლებიც აწესრიგებს დაწესებულების რეორგანიზაციის პროცესს, რაც არ უნდა გამოეყენებინა და რასაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა მოჰყვა. სააპელაციო სასამართლომ განახორციელა ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹26 ბრძანების უსაფუძვლო ინტერპრეტაცია, კერძოდ, ჩათვალა, რომ, მართალია, აღნიშნულ ბრძანებაში გამოყენებული იყო ტერმინი _ “ლიკვიდაცია", მაგრამ სინამდვილეში მოხდა ზემოხსენებული სამსახურის არა ლიკვიდაცია, არამედ _ რეორგანიზაცია, რითაც მოხდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თავისი საქმიანობის განხორციელების ფორმის არჩევის თავისუფლების პრინციპის ხელყოფა, რადგან მართლმსაჯულების ორგანოს არა აქვს უფლება, ჩაერიოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოყენებული საქმიანობის ფორმების შერჩევაში, მას გააჩნია უფლებამოსილება, შეაფასოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოყენებული ფორმის კანონიერება და არა უფლებამოსილება _ შეუცვალოს ამ ფორმას სახელი და მიანიჭოს სხვაგვარი, რადიკალურად განსხვავებული მნიშვნელობა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლო არ შეჭრილა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს _ ქ. თბილისის მერიის დისკრეციულ უფლებამოსილებაში, არამედ მხოლოდ შეამოწმა, თუ რამდენად კანონიერად განახორციელა ქ. თბილისის მერიამ თავისი დისკრეციული უფლებამოსილება. მართალია, სააპელაციო სასამართლომ კანონიერად მიიჩნია ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹26 ბრძანება, მაგრამ ქ. თბილისის მერის 2005 წლის 16 მაისის ¹155 განკარგულება ბათილად ცნო “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის გამო. შესაბამისად, ქ. თბილისის მერიას არ წამოუყენებია რაიმე დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რის გამოც ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი გასაჩივრებული გადაწყვეტილების ქ. თბილისის მერის 2005 წლის 16 მაისის ¹155 განკარგულების ბათილად ცნობას ნაწილში გაუქმების თაობაზე, არის უსაფუძვლო. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ქ. თბილისის მერის 2005 წლის 16 მაისის ¹155 განკარგულების ბათილად ცნობის ნაწილში მიიღო კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება.
ე. ჯ.-მ სააპელაციო საჩივარში აღნიშნა, რომ ქალაქ თბილისის მერიის საქალაქო სამსახურს _ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტს ერთი დღითაც არ შეუწყვეტია ფუნქციონირება, არ მომხდარა შესაბამისი წესით ამ სამსახურის ლიკვიდაცია, რაც ითვალისწინებდა სამსახურის ფუნქციონირების სრულ შეწყვეტას, ქონების აღრიცხვას, ანგარიშისა და ბეჭდის გაუქმებას, სალიკვიდაციო საქმიანობის განხორციელებას და ხსენებული სამსახური იმჟამადაც ძველი ბეჭდითა და ანგარიშით მოქმედებდა, ამასთან, შესაბამისი აქტებით სამართლებრივად გაფორმდა იმავე სამსახურის გაუქმება და ამ საფუძვლით მოხელეთა გათავისუფლება, ფაქტობრივად კი, განხორციელდა დასახელებული სამსახურის არა ლიკვიდაცია, არამედ თავისი სამართლებრივი შედეგებით, მისი რეორგანიზაცია, ამ სამსახურის მოხელეებზე კი გავრცელდა ლიკვიდაციის სამართლებრივი შედეგები (ტ. 2, ს.ფ. 168).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 20 თებერვლის სხდომაზე აპელანტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საქმეში არ მოიპოვებოდა ზემოხსენებული საქალაქო სამსახურის ლიკვიდაციის დამადასტურებელი მტკიცებულება, ლიკვიდაცია არ განხორციელებულა და შედეგის მიხედვით, ეს იყო რეორგანიზაცია, მაშინ, როდესაც ე. ჯ.-ა ბავშვის მოვლის გამო, იმყოფებოდა შვებულებაში (ტ. 2, ს.ფ. 185, 191). ხსენებული სასამართლოს 2007 წლის 29 მაისის სხდომაზე კი, ქ. თბილისის მერიის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ სასამართლო ვერ გამოიყენებდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილს და უნდა ეხელმძღვანელა ამავე კოდექსის მე-19 მუხლით _ თვითონ გამოეკვლია გარემოებები, ხოლო იმჟამინდელი მდგომარეობით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტი ლიკვიდირებული იყო და მისი ფუნქციები სხვადასხვა სამსახურებზე იყო გადანაწილებული. იმავე სხდომაზე აპელანტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის ¹22 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლში მოცემულია სამსახურის ფუნქციები, რითაც დასტურდება, რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის ფუნქციები სრულად იქნა გადატანილი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში, იმ დროისათვის მოქმედებდა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლი, საქმეში არც რეორგანიზაციის შესახებ აქტი მოიპოვებოდა, ე. ჯ.-ს კი, რომელიც უხელფასო შვებულებაში იყო 2005 წლის 5 სექტემბრამდე, განაცდური უნდა ანაზღაურებოდა იმ დროიდან, როდესაც მას შეუწყდა დეკრეტული შვებულება (ტ. 2, ს.ფ. 206, 208).
რაც შეეხება ე. ჯ.-ს სამუშაოზე აღდგენასა და მისთვის განაცდურის ანაზღაურებას, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2005 წლის 5 სექტემბრიდან განხორციელდა ზემოაღნიშნული სამსახურის ლიკვიდაცია, ასეთ შემთხვევაში კი, “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 96-ე მუხლისა და 127-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ე. ჯ.-ს სამსახურში აღდგენის თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები აღარ არსებობდა, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ 2005 წლის 5 სექტემბრიდან ხსენებული სამსახური აღარ არსებობდა და 2005 წლის 5 სექტემბრამდე მოსარჩელე იმყოფებოდა შვებულებაში და შესაბამისად, არ ჰქონდა იძულებით გაცდენილი დრო, ამდენად, სარჩელი იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების თაობაზეც იყო უსაფუძვლო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 31 იანვრის სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გასაჩივრებული აქტებით პირადად და უშუალოდ ადგებოდა ზიანი მოსარჩელის კანონიერ შრომით უფლებებს და ინტერესს, ვინაიდან ე. ჯ.-ა სამსახურიდან გათავისუფლების დროისათვის იმყოფებოდა უხელფასო დეკრეტულ შვებულებაში. იმავე სხდომაზე ქ. თბილისის მერიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მერიაში არსებული სამსახურებიდან გაერთიანდა შემდეგი სამსახურები _ ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციული ინსპექცია, ქ. თბილისის მერიის სანიტარული ინსპექცია და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტი (ტ. 2, ს.ფ. 136, 139).
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ე. ჯ.-ს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ქ. თბილისის მერის 2005 წლის 16 მაისის ¹155 განკარგულების გამოცემისას მოსარჩელე იმყოფებოდა ბავშვის მოსავლელად უხელფასო შვებულებაში, 2005 წლის 5 სექტემბრის ჩათვლით. გარდა ამისა, მას ჰყავდა 3 წლამდე ასაკის ბავშვი. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით. დავის წარმოშობის პერიოდში მოქმედი საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 161-ე მუხლი ითვალისწინებდა დამატებით უხელფასო შვებულებას დედებისათვის, რომლებსაც ჰყავდათ სამ წლამდე ასაკის ბავშვები. აღნიშნული მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულების გარდა, ქალს მისი განცხადების თანახმად, ეძლეოდა დამატებითი უხელფასო შვებულება ბავშვის მოსავლელად, ვიდრე ის მიაღწევდა სამი წლის ასაკს და შვებულების განმავლობაში ენახებოდა სამუშაო ადგილი (თანამდებობა). ეს შვებულება შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო მთლიანად ან ნაწილ-ნაწილ ნებისმიერ დროს, ვიდრე ბავშვს შეუსრულდებოდა სამი წელი. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ იმჟამად მოქმედი საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 161-ე მუხლით იმპერატიულად იყო დადგენილი, რომ ბავშვის მოსავლელად დამატებით უხელფასო შვებულებაში ყოფნისას, ვიდრე ბავშვი მიაღწევდა სამი წლის ასაკს, დედას ამ შვებულების განმავლობაში ენახებოდა სამუშაო ადგილი (თანამდებობა). სააპელაციო სასამართლომ კი, ისე უთხრა უარი ე. ჯ.-ს სამუშაოზე აღდგენაზე, რომ აღნიშნულზე საერთოდ არ უმსჯელია.
საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 1 დეკემბრის სხდომაზე ე. ჯ.-მ დააზუსტა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება 2005 წლის 5 სექტემბრიდან. აღნიშნული გარემოება არ გაითვალისწინა სააპელაციო სასამართლომ და არასწორად მიიჩნია, რომ ე. ჯ.-ა მოითხოვდა 2005 წლის 5 სექტემბრამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ ე. ჯ.-ს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე, ანუ იმ პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე, რასაც რეალურად მოითხოვდა მოსარჩელე.
კასატორი _ ე. ჯ.-ა აღნიშნავს, რომ იგი ითხოვდა არა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის ახალ საქალაქო სამსახურში აღდგენას, რომელმაც შეითავსა გარემოსდაცვითი ფუნქციები, არამედ, როგორც “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლის საფუძველზე გათავისუფლებული მოხელე, იმავე დაწესებულებაში _ ქ. თბილისის მერიაში აღდგენას, რადგანაც მასზე გავრცელდა დაწესებულების ლიკვიდაციის სამართლებრივი შედეგები, ხოლო, რამდენადაც ქ. თბილისის მერიის ლიკვიდაცია არ მომხდარა, ამდენად, მისი მოთხოვნა სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. გარდა ამისა, კასატორი ამტკიცებს, რომ ქ. თბილისის მერიამ 2005 წლის 5 მაისის ¹37 ბრძანებით დამტკიცებული ახალი დებულებით, შინაარსითა და ფუნქციით, აბსოლუტურად იდენტური სამსახური შექმნა, რომელიც გამოცხადდა ლიკვიდირებული სამსახურის სამართალმემკვიდრედ, ხოლო ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურს _ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტს ერთი დღითაც არ შეუწყვეტია ფუნქციონირება და არ მომხდარა ამ სამსახურის შესაბამისი წესით ლიკვიდაცია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 29 მაისის სხდომაზე ქ. თბილისის მერიის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ქ. თბილისის მერიას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების ფუნქცია არ დაუკარგავს, აპელანტის წარმომადგენელმა კი ამასთან დაკავშირებით, აღნიშნა, რომ შესაძლებელია მოხდეს ე. ჯ.-ს აღდგენა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში, რადგან მას აქვს შეთავსებული ზემოხსენებული კომიტეტის ფუნქცია (ტ. 2, ს.ფ. 208-209).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ “საქართველოს დედაქალაქის _ ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 10 დეკემბრის ¹685 ბრძანებულებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მერიის დებულების 25-ე მუხლის თანახმად, საქალაქო სამსახურებს პრემიერის წარდგინებით ქმნიდა და აუქმებდა ქალაქ თბილისის მერი. ამდენად, ხსენებული დებულებით ქალაქ თბილისის მერს მინიჭებული ჰქონდა საქალაქო სამსახურის შექმნისა და გაუქმების უფლება, რასაც იგი ახორციელებდა ქალაქ თბილისის პრემიერის წარდგინების საფუძველზე. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულებით, რომლითაც დამტკიცდა საქართველოს დედაქალაქის _ ქალაქ თბილისის მერიის დებულება, ძალადაკარგულად იქნა გამოცხადებული საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 10 დეკემბრის ¹685 ბრძანებულება, ასევე ლიკვიდირებულ იქნა საჯარო სამართლის იურიდიული პირები _ ქალაქ თბილისის კეთილმოწყობის სამსახური და საბინაო მეურნეობის რეაბილიტაციისა და განვითარების ხელშემწყობი ცენტრი. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს დედაქალაქის _ ქალაქ თბილისის მერიის დებულების მე-3 მუხლში (ქალაქ თბილისის მერიის სტრუქტურა) ჩამოთვლილ ქ. თბილისის მერიის სტრუქტურულ ერთეულებს შორის ქ. თბილისის მერიის სტრუქტურულ ერთეულად გათვალისწინებული იყო ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახური _ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტიც.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ქალაქ თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის _ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის დებულებაზე, რომლის პირველი მუხლის მე-10 პუნქტისა და მე-2 მუხლის პირველი პუნქტის “ა”, “გ” და “დ” ქვეპუნტების მიხედვით, აღნიშნული კომიტეტი წარმოადგენდა ქ. თბილისის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის სამართალმემკვიდრეს, რომლის ძირითად ამოცანებს წარმოადგენდა ქ. თბილისის გარემოს დაცვა, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შესრულებაზე კონტროლი და ექსპერტიზა გარემოსდაცვითი საქმიანობის დროს (ტ. 2, ს.ფ. 32). რაც შეეხება ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს, ამ სამსახურის დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის “პ”, “ჟ” და “რ” ქვეპუნქტების თანახმად, ამ სამსახურის ძირითადი ამოცანებია ქ. თბილისის გარემოს დაცვა, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შესრულებაზე კონტროლი და გარემოსდაცვითი საქმიანობის პროცესში შესაბამისი ექსპერტიზის განხორციელება (ტ. 2, ს.ფ. 86). მიუხედავად დასახელებული სამსახურების ძირითადი ამოცანებისა, სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია, ხომ არ მოიცავდა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ფუნქციები ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის _ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის ფუნქციებს, ხომ არ მოხდა ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ფუნქციების განვრცობით ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის _ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის ფუნქციების მთლიანად ან ნაწილობრივ გადაფარვა, ანუ რეალურად, ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის _ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის ლიკვიდაცია იყო სახეზე თუ დასახელებული სამსახურების რეორგანიზაცია-შერწყმა ფუნქციური უფლებამონაცვლეობით _ ახლად შექმნილი სამსახურისათვის შესაბამისი ფუნქციების გადაცემით. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული გარემოების გამორკვევას არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოცემულ საქმეზე მართებული გადაწყვეტილების მისაღებად, რადგან მას ორგანულად უკავშირდება შესაბამისი სამართლებრივი შედეგები მოსარჩელის შრომითი უფლებების დაცვის თვალსაზრისით, მით უმეტეს, კასატორი ე. ჯ.-ც ამტკიცებს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ გარემოსდაცვითი ფუნქციების შეთავსებას.
საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 21 თებერვლის სხდომაზე კასატორის _ ე. ჯ.-ს წარმომადგენელმა განმარტა, რომ რეორგანიზაციის შესახებ აქტი არ არსებობს, მაგრამ შედეგების მიხედვით, 2005 წლის 5 სექტემბერს სახეზე იყო რეორგანიზაცია, ხოლო ამჟამად აბსოლუტურად შესაბამისი ფუნქციის მატარებელია ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური და მას შეთავსებული აქვს ხსენებული ფუნქცია, რის გამოც მოსარჩელე აღდგენილ უნდა იქნეს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის გარემოს დაცვის ინსპექციაში სპეციალისტად, ამასთან, 2005 წლის 5 სექტემბრისთვის ე. ჯ.-ს ბავშვი იყო ერთ წლამდე ასაკისა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. იმავე კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე" ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რის გამოც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების იმავე კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი _ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ე. ჯ.-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება ე. ჯ.-ს გათავისუფლების შესახებ ქ. თბილისის მერის 2005 წლის 16 მაისის ¹155 განკარგულების ბათილად ცნობის ნაწილში, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება ე. ჯ.-ს წინანდელ თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; ე. ჯ.-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება ე. ჯ.-ს გათავისუფლების შესახებ ქ. თბილისის მერის 2005 წლის 16 მაისის ¹155 განკარგულების ბათილად ცნობის ნაწილში;
3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება ე. ჯ.-ს წინანდელ თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.