¹ბს-806-772(კ-06) 14 მარტი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ა-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება
სარჩელის საგანი _ სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; სამუშაოზე აღდგენა; იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება; სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 21 აპრილს მ. ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის ...ის პროექტის ...ის თანამდებობაზე მუშაობდა 2002 წლის 1 ივლისიდან შრომის ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო აღნიშნული ხელშეკრულების ვადის გასვლისას მასა და მოპასუხეს შორის გრძელდებოდა შრომის ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2004 წლის 18 ოქტომბრამდე. 2004 წლის ივლისში საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდში განხორციელებული საკადრო ცვლილების შედეგად, შეიცვალა ხსენებული ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, რომელმაც 2004 წლის ოქტომბერში ყველა თანამშრომლისაგან სიტყვიერად მოითხოვა, დაეწერათ განცხადებები საკუთარი სურვილით სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, რის გამოც მოსარჩელემ და დასახელებული ფონდის დანარჩენმა თანამშრომლებმაც 2004 წლის 15 ოქტომბერს დაწერეს განცხადებები სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის 2004 წლის 1 ნოემბრის ¹19/04 ბრძანებით მოსარჩელე დაინიშნა ხსენებული ფონდის ... პროექტის მენეჯერის მოვალეობის შემსრულებლად, ამასთან, აღნიშნული ბრძანების მე-3 პუნქტში ჩაიწერა, რომ მ. ა-თან უნდა გაფორმებულიყო შრომის ხელშეკრულება 2004 წლის 1 ნოემბრიდან 2004 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, მაგრამ შრომის ხელშეკრულება მასა და მოპასუხეს შორის არ გაფორმებულა.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ 2005 წლის 28 მარტს საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდში აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა ნ. ფ-ე, ხოლო 2005 წლის 1 აპრილს აღნიშნული ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ გ. რ-მა (არაუფლებამოსილი პირი) მოსარჩელეს წერილობით აცნობა, რომ საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდთან მისი ხელშეკრულების ვადა ამოიწურა, შრომის ხელშეკრულება აღარ გაგრძელდებოდა და ხსენებულ ფონდსა და მას შორის არსებული შრომის ხელშეკრულება შეწყვეტილად ჩაითვლებოდა 2005 წლის 1 აპრილიდან. 2005 წლის 6 აპრილს მოსარჩელემ ფონდის აღმასრულებელ დირექტორს მიმართა წერილით და მოითხოვა განმარტება, თუ რომელი კანონმდებლობით იხელმძღვანელა ფონდის ადმინისტრაციამ ზემოხსენებული შეტყობინების მისთვის გაგზავნის დროს, რის პასუხადაც დასახელებული ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გადასცა 2005 წლის 6 აპრილის ¹13/05 ბრძანება მისი სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ.
მოსარჩელის მტკიცებით, საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის 2005 წლის 6 აპრილის ¹13/05 ბრძანება იყო უკანონო, ეწინააღმდეგებოდა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის მოთხოვნებს, დარღვეული იყო მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რითაც უხეშად დაირღვა მოსარჩელისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კერძოდ, დასახელებული ბრძანებით იგი სამსახურიდან გათავისუფლდა 2005 წლის 1 აპრილიდან, ანუ სამსახურიდან მისი გათავისუფლება მოხდა ხსენებული ბრძანების გამოცემამდე. აღნიშნული ბრძანების საფუძვლად მითითებული იყო, რომ შრომის ხელშეკრულება მოსარჩელესთან გაფორმდა 2004 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ამასთან, შრომის ხელშეკრულების ვადის ამოწურვისთანავე შრომის ხელშეკრულება არ გაგრძელებულა და, შესაბამისად, ზემოხსენებულ ფონდსა და მოსარჩელეს შორის არსებული შრომითი ურთიერთობა შეწყვეტილად ჩაითვალა 2005 წლის 1 აპრილიდან.
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად, თუ შრომის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ შრომითი ურთიერთობა ფაქტიურად გრძელდებოდა და არც ერთი მხარე არ მოითხოვდა მის შეწყვეტას, ხელშეკრულების მოქმედება ითვლებოდა გაგრძელებულად განუსაზღვრელი ვადით, ხოლო იმავე კოდექსის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შრომის ხელშეკრულება დადებულად ითვლებოდა მაშინაც, როცა ბრძანება ან განკარგულება არ იყო გამოცემული, მაგრამ მუშაკი ფაქტიურად დაშვებული იყო სამუშაოდ იმ თანამდებობის პირის მიერ, ვისაც ამ სამუშაოზე მიღებისა და გათავისუფლების უფლება ჰქონდა. აღნიშნული საკანონმდებლო ნორმების მიხედვით, მოსარჩელე დანიშნულად ითვლებოდა საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის ... პროექტის მენეჯერად განუსაზღვრელი ვადით, რაც დასტურდებოდა მის მიერ სასამართლოში წარდგენილი მთელი რიგი მტკიცებულებებით და შრომის ხელშეკრულება ადმინისტრაციას უნდა შეეწყვიტა შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის საფუძველზე. გასაჩივრებული ბრძანება გამოცემული იყო შრომის კანონთა კოდექსის 422-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით. ხსენებული მუხლის თანახმად, მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ მუშაკისთვის პერსონალურად უნდა ეცნობებინათ ერთი თვით ადრე მაინც და აღნიშნული შეტყობინება მუშაკს უნდა დაედასტურებინა ხელმოწერით. მოპასუხის 2005 წლის 1 აპრილის შეტყობინებაში კი აღნიშნული იყო, რომ შრომითი ურთიერთობა მოსარჩელესა და ზემოხსენებულ ფონდს შორის წყდებოდა 2005 წლის 1 აპრილს და ამის შესახებ მოსარჩელეს ეცნობა 2005 წლის 1 აპრილს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა: ... მენეჯერის თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის 2005 წლის 6 აპრილის ¹13/05 ბრძანების ბათილად ცნობა; საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის ... ...ის თანამდებობაზე აღდგენა; საშტატო განრიგით კუთვნილი 2005 წლის მარტის სახელფასო დავალიანების მის სასარგებლოდ სრულად ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრება; იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრება სამსახურიდან მისი დათხოვნის დღიდან; სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში _ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა; წარმომადგენლისთვის გადახდილი 400 ლარის მოპასუხისთვის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ა-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის 2005 წლის 6 აპრილის ¹13/05 ბრძანება მ. ა-ის სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე ცნობილ იქნა ბათილად და იგი აღდგენილ იქნა საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის ... პროექტის მენეჯერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე; საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდს მ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან სამუშაოზე აღდგენამდე მთელი პერიოდის განმავლობაში; მ. ა-ის სარჩელი წარმომადგენლის მიერ გაწეული დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდმა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ დ სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 8 მაისის განჩინებით საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საკასაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, რომელიც განსაზღვრავს სასამართლოს გადაწყვეტილების ფარგლებს, სააპელაციო სასამართლოს უფლება არ ჰქონდა მიეკუთვნებინა მხარისათვის ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მ. ა-ი აღდგენილ იქნა საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდში ... მენეჯერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე, მაშინ, როდესაც მ. ა-ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის ... მენეჯერის თანამდებობაზე აღდგენა, ამასთან, მ. ა-ს ხსენებული მოთხოვნა შემდგომში აღარ დაუზუსტებია, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს საქმის ხელახლა განხილვისას უნდა ემსჯელა სარჩელის საფუძვლიანობაზე მ. ა-ის სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში.
სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განხილვისას აპელანტის წარმომადგენელმა დააზუსტა სარჩელი, შეამცირა სასარჩელო მოთხოვნების ოდენობა და საბოლოოდ მოითხოვა: მ. ა-ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის 2005 წლის 6 აპრილის ¹13/05 ბრძანების ბათილად ცნობა; მ. ა-ის აღდგენა საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის ... მენეჯერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე; აღნიშნული ფონდისთვის მ. ა-ის სასარგებლოდ იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების დაკისრება გათავისუფლების დღიდან სამუშაოზე აღდგენამდე მთელი პერიოდის განმავლობაში; სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა. აპელანტის წარმომადგენელმა უარი განაცხადა წარმომადგენლის მიერ გაწეული დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ. ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის 2005 წლის 6 აპრილის ¹13/05 ბრძანება მ. ა-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ცნობილ იქნა ბათილად; მ. ა-ი აღდგენილ იქნა საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის ... პროექტის მენეჯერის მოვალეობის შემსრულებლად; საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდს მ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე; მ. ა-ის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მოსარჩელესა და მოპასუხე საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდს შორის 2002 წლის 1 ივლისს დადებული ¹... შრომის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე მ. ა-ი დაინიშნა საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის ... პროექტის მენეჯერის თანამდებობაზე. ხსენებული ხელშეკრულება ძალაში შევიდა 2002 წლის 1 ივლისიდან და გრძელდებოდა 2002 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, რის შემდეგაც მხარეებს შორის შრომის ხელშეკრულების მოქმედების ვადა გრძელდებოდა 2004 წლის ოქტომბრის ჩათვლით. საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის 2004 წლის 1 ნოემბრის ¹19/04 ბრძანებით მ. ა-ი დაინიშნა საქართველოს საავადმყოფოთა რეტრუქტურიზაციის ფონდის ... პროექტის მენეჯერის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად 2004 წლის 1 ნოემბრიდან. მ. ა-ს ხელფასი დაენიშნა საშტატო განრიგის თანახმად. იმავე ბრძანებაში მიეთითა, რომ მ. ა-თან გაფორმდა შრომის ხელშეკრულება 2004 წლის 1 ნოემბრიდან 2004 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. იმის მიუხედავად, რომ მოსარჩელე საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის ... მენეჯერის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად 2004 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იყო დანიშნული, როგორც საქმის მასალებით დასტურდებოდა, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის შრომითი ურთიერთობა გაგრძელდა. ამის დასტური იყო ის გარემოებაც, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 31 იანვრის ¹33/ო ბრძანებით (სოციალური სფეროს ინსტიტუც. და ფუნქც. რეფორმის ხელშეწყობის 2004 წლის პროგრამის ფარგლებში ინსპექტირების ჯგუფის შექმნის შესახებ) ინსპექტირების ჯგუფის შემადგენლობაში შეყვანილ იქნა მ. ა-ი, როგორც საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის ...ის პროექტის მენეჯერი. 2005 წლის 1 აპრილს მოსარჩელე მ. ა-ს მოპასუხე საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდმა გაუგზავნა შეტყობინება, სადაც აღნიშნული იყო, რომ საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდთან მისი შრომის ხელშეკრულების ვადა იყო ამოწურული, აღარ გაუგრძელდებოდა და, შესაბამისად, ხსენებულ ფონდსა და მას შორის არსებული შრომითი ურთიერთობები შეწყვეტილად ჩაითვლებოდა 2005 წლის 1 აპრილიდან.
საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის 2005 წლის 6 აპრილის ¹13/05 ბრძანებით (საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდში საკადრო ცვლილებების შესახებ) მ. ა-ი გათავისუფლდა ფონდის ...ის პროექტის მენეჯერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან. აღნიშნული ბრძანების საფუძვლად მითითებული იყო შემდეგი: მ. ა-თან (აღმასრულებელი დირექტორის 2004 წლის 1 ნოემბრის ბრძანება ¹19/04) გაფორმდა შრომის ხელშეკრულება 2004 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. შრომის ხელშეკრულების ვადის ამოწურვისთანავე შრომის ხელშეკრულება არ გაგრძელდა (გაფრთხილება _ 1 აპრილი, 2005 წელი), შესაბამისად, ხსენებულ ფონდსა და მ. ა-ს შორის არსებული შრომითი ურთიერთობები შეწყვეტილად ჩაითვალა 2005 წლის 1 აპრილიდან. საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდი იყო საჯარო სამართლის იურიდიული პირი და მისი მიზანი იყო საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით სახელმწიფო სექტორში დარჩენილი საავადმყოფოების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, მათი აღჭურვა, ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ეფექტიანობისა და ხარისხის გაუმჯობესება. საქმეში არსებული 2005 წლის საშტატო განრიგის თანახმად, საშტატო ნუსხით ფონდში გათვალისწინებული იყო შემდეგი საშტატო ერთეულები: აღმასრულებელი დირექტორი, დირექტორის პირველი მოადგილე, დირექტორის მოადგილე (პროექტების დირექტორი), მთავარი ბუღალტერი, ...ის მენეჯერი, საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციისა და აღჭურვის პროექტის მენეჯერი, ადამიანური რესურსების მართვის პროექტის მენეჯერი, შესყიდვების კოორდინატორი, ოფისის მენეჯერი, აღმასრულებელი დირექტორის თანაშემწე, უფროსი მძღოლი, მძღოლი და დამლაგებელი. აქედან გამომდინარე, დასტურდებოდა, რომ თანამდებობა, რომელზედაც მოსარჩელე მუშაობდა, წარმოადგენდა არა დროებით შესასრულებელ სამუშაოს, არამედ საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობას.
საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის მე-18 მუხლის თანახმად, შრომის ხელშეკრულება (კონტრაქტი) იდებოდა განუსაზღვრელი ვადით ან განსაზღვრული ვადით – არა უმეტეს სამი წლისა ანდა გარკვეული სამუშაოს შესრულების ვადით. დასტურდებოდა, რომ 2004 წლის 1 ნოემბრის ზემოაღნიშნული ბრძანებით მხარეებს შორის შრომითი ურთიერთობა განისაზღვრა ორი თვით, რის შემდეგაც შრომითი ურთიერთობა გაგრძელდა. ხსენებული კოდექსის 31-ე მუხლის მიხედვით, თუ შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) ვადის გასვლის შემდეგ (მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები) შრომითი ურთიერთობა ფაქტიურად გრძელდებოდა და არც ერთი მხარე არ მოითხოვდა მის შეწყვეტას, ხელშეკრულების (კონტრაქტი) მოქმედება ითვლებოდა გაგრძელებულად განუსაზღვრელი ვადით. ის გარემოება, რომ მოსარჩელე თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად იყო დანიშნული, მოცემულ შემთხვევაში არაფერს ცვლიდა, რადგან დასტურდებოდა, რომ მოსარჩელის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნისას იმავე კოდექსის 85-ე მუხლში მითითებული არც ერთი გარემოება არ არსებობდა. საქმის მასალებით არანაირად არ დასტურდებოდა, რომ მოსარჩელე თავის ძირითად სამუშაოსთან ერთად, ასრულებდა დამატებით სამუშაოს ან სამუშაოზე დროებით არმყოფი მუშაკის მოვალეობას, ან საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის მე-18 მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, წერილობითი ან ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე, გარკვეული სამუშაოს შესრულების ვადით იყო დანიშნული.
სააპელაციო პალატამ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მოპასუხე ორგანიზაციაში დანიშნული იყო რა ფონდის ...ის მენეჯერის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად განსაზღვრული ვადით, 2004 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ შრომითი ურთიერთობა ფაქტობრივად გაგრძელდა და ხსენებული ვადის დასრულებისთანავე არც ერთმა მხარემ არ მოითხოვა მისი შეწყვეტა, შრომითი ურთიერთობა ითვლებოდა გაგრძელებულად განუსაზღვრელი ვადით. ასეთ შემთხვევაში კი, მოსარჩელის გათავისუფლება დასაშვები იყო მხოლოდ იმავე კოდექსის 34-ე მუხლის საფუძველზე. საქმის მასალებით არ დასტურდებოდა ის გარემოება, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მხარეებს შორის არსებობდა ზეპირი შეთანხმება შრომითი ურთიერთობის სამი თვით გაგრძელების თაობაზე. დასტურდებოდა, რომ მოსარჩელე დანიშნული იყო არა საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის ...ის მენეჯერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე, არამედ საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის ...ის მენეჯერის მოვალეობის შემსრულებლად და შრომითი ურთიერთობის ვადის გასვლის შემდეგ, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 31-ე მუხლის საფუძველზე, გააგრძელა მუშაობა იმავე უფლებამოსილებით, რაც 2004 წლის 1 ნოემბრის ბრძანებით განესაზღვრა, ანუ საავადმყოფოთა ...ის მენეჯერის მოვალეობის შემსრულებლად.
სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის მოთხოვნების თანახმად, არ ჰქონდა უფლება გამოეცა სადავო ბრძანება, რის გამოც ხსენებული ბრძანება ეწინააღმდეგებოდა რა კანონს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 206-ე მუხლის თანახმად, კანონიერი საფუძვლის გარეშე დათხოვნის დროს მოსამსახურე წინანდელ სამუშაოზე უნდა აღედგინა შრომის დავის განმხილველ ორგანოს. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე, წარმოადგენდა რა სამსახურიდან კანონიერი საფუძვლის გარეშე დათხოვნილ პირს, აღდგენილი უნდა ყოფილიყო წინანდელ თანამდებობაზე, ანუ საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის ...ის მენეჯერის მოვალეობის შემსრულებლად.
საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, სამუშაოდან უკანონოდ დათხოვნილ მოსამსახურეს სასამართლოს გადაწყვეტილებით უნაზღაურდებოდა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი დათხოვნის დღიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უნდა ანაზღაურებოდა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი დათხოვნის დღიდან. სააპელაციო პალატამ, საქმის მასალების ანალიზიდან გამომდინარე, ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი და საქმის ფაქტობრივ გარემოებებს მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება, რამაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლო უარის თქმა განაპირობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელი იყო და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლების საფუძველზე უნდა გაუქმებულიყო. აღნიშნული კოდექსის 268-ე მუხლის “გ” და “დ” ქვეპუნქტების თანახმად, სასამართლოს შეეძლო მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაეცა გადაწყვეტილებები მუშაკისათვის არა უმეტეს სამი თვის ხელფასის მიკუთვნების და უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ, რაც იყო სასამართლოს უფლება და არა მისი მოვალეობა. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მ. ა-ის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ თითქოს მ. ა-ი საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდში დანიშნული იყო ...ის მენეჯერის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად. საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის 2004 წლის 18 ოქტომბრის ბრძანებით მ. ა-ი პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის ...ის მენეჯერის თანამდებობიდან. 2004 წლის 1 ნოემბრის ¹19/04 ბრძანებით იგი დაინიშნა ხსენებული ფონდის ...ის პროექტის მენეჯერის მოვალეობის შემსრულებლად (ასეა ზუსტად აღნიშნული ხსენებულ ბრძანებაში) და არა ...ის მენეჯერის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად, როგორც სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია დადგენილად. დასახელებული ბრძანებით მ. ა-ის დანიშვნის ვადა განისაზღვრა 2004 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. 2005 წლის 1 იანვრიდან მ. ა-თან, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის მე-19 მუხლის შესაბამისად, დადებულ იქნა ზეპირი ხელშეკრულება, რომლითაც აღნიშნული ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 3 თვით _ 2005 წლის 1 აპრილამდე. 2005 წლის 1 აპრილს მ. ა-ს წერილობით ეცნობა, რომ მასთან დადებული შრომის ხელშეკრულების ვადა ამოიწურა, აღარ გაგრძელდებოდა და იგი გათავისუფლებული იყო სამსახურიდან. გათავისუფლების ბრძანებაშიც, ისევე, როგორც მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის შესახებ ბრძანებაში, ცალსახად აღნიშნულია, რომ მ. ა-ი გათავისუფლდა ...ის პროექტის მენეჯერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან.
კასატორის მტკიცებით, უდავოა, რომ, ერთი მხრივ, მ. ა-ი დანიშნული იყო ...ის პროექტის მენეჯერის მოვალეობის შემსრულებლად, ხოლო, მეორე მხრივ, მისი გათავისუფლება განხორციელდა კანონის სრული შესაბამისობით და მცდარია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ, თითქოს შრომითი ურთიერთობა მოსარჩელესთან გაგრძელდა განუსაზღვრელი ვადით და მ. ა-ის გათავისუფლება უნდა მომხდარიყო საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებით, რადგან საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი ითვალისწინებდა შრომის ხელშეკრულების, როგორც წერილობით, ისე ზეპირ ფორმას. მ. ა-ი აგრძელებდა მუშაობას 2004 წლის 31 დეკემბრის შემდეგ და არ მოუთხოვია ადმინისტრაციისაგან ხელშეკრულების წერილობით გაფორმება, რაც ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ მასთან შრომის ხელშეკრულება დაიდო ზეპირი ფორმით და მას აღნიშნულზე პრეტენზია არ გამოუთქვამს. შესაბამისად, ვადიანი შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდა დამქირავებლის მიერ ყოველგვარი კანონდარღვევის გარეშე. მ. ა-თან დადებული შრომის ხელშეკრულების გაგრძელება განუსაზღვრელი ვადით ობიექტურად შეუძლებელი იყო, რადგან იგი დანიშნული იყო პროექტის მენეჯერის მოვალეობის შემსრულებლად, მოვალეობის შემსრულებლობა კი, თავისთავად დროებითი აქტია, შესაბამისად, წარმოუდგენელია მოვალეობის შემსრულებლობის განუსაზღვრელი ვადით გაგრძელება.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ დ სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 8 მაისის განჩინებაში მოყვანილი განმარტებით ცალსახად დასტურდება, რომ მ. ა-ის თანამდებობას წარმოადგენდა ...ის მენეჯერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობა და არა ...ის მენეჯერის თანამდებობის მოვალეობის შემსრულებლობა, როგორც ამის დადგენას სააპელაციო სასამართლო ცდილობდა, ასევე მცდარია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ, თითქოს მენეჯერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობა და მენეჯერის თანამდებობა ერთი და იგივეა და ის გარემოება, რომ მოსარჩელე თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად იყო დანიშნული, მოცემულ შემთხვევაში არაფერს ცვლის.
კასატორი მიუთითებს, რომ უზენაესი სასამართლოს განმარტებით ასევე ცალსახად დასტურდება, რომ მენეჯერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობა და მენეჯერის თანამდებობა აბსოლუტურად სხვადასხვაა. სწორედ აღნიშნული განსხვავებიდან გამომდინარეობს უზენაესი სასამართლოს მიერ მითითებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევა, რადგან დასახელებული ორი თანამდებობა სხვადასხვა რომ არ იყოს, ბუნებრივია, ხსენებული მუხლის მოთხოვნათა დარღვევას ობიექტურად ვერ ექნებოდა ადგილი. აღნიშნულ ორ თანამდებობას შორის განსხვავებას ასევე ცალსახად ადასტურებს თავად მოსარჩელე მ. ა-ის მიერ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტება და მენეჯერის თანამდებობაზე აღდგენის ნაცვლად, მენეჯერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნა, ვინაიდან აღნიშნული ორი თანამდებობა რომ იდენტური იყოს, არც მოსარჩელეს დასჭირდებოდა მოთხოვნის დაზუსტება. სწორედ დასახელებულ თანამდებობებს შორის განსხვავებიდან და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევიდან გამომდინარეობს უზენაესი სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის ხელახლა განხილვისას უნდა ემსჯელა სარჩელის საფუძვლიანობაზე სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში. სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში სარჩელის საფუძვლიანობაზე მსჯელობა კი, საქმის ხელახლა განმხილველი სასამართლოს მიერ გაგებულ იქნა იმგვარად, რომ, თითქოს მხოლოდ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებზე უნდა ემსჯელა მას და არა ამ მოთხოვნის საფუძვლიანობაზე, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ საკმარისად ჩათვალა მხოლოდ მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტება და არ უმსჯელია მისი დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ, დააკმაყოფილა რა დაზუსტებული მოთხოვნა და მ. ა-ი აღადგინა ...ის პროექტის მენეჯერის მოვალეობის შემსრულებლად, არ გაითვალისწინა, რომ ასეთი თანამდებობა საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდში არსებობდა მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების დროისათვის, ხოლო ამჟამად აღარ არსებობს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ობიექტურად ვერ შესრულდება და მას, მართალია, არ მიუკუთვნებია მხარისთვის ის, რაც მხარეს არ უთხოვია, მაგრამ მიაკუთვნა ის, რაც ბუნებაში აღარ არსებობს.
კასატორის განმარტებით, უაღრესად ყურადსაღებია ის გარემოება, რომ ამჟამად საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდში აღარც ...ის პროექტის მენეჯერის თანამდებობა არსებობს, რადგან ხსენებული ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს 2006 წლის 12 მაისის ¹10 სხდომის ოქმითა და მისი აღმასრულებელი დირექტორის 2006 წლის 14 მაისის ¹9/06 ბრძანებით დამტკიცდა ახალი საშტატო განრიგი და ხელფასის შკალა, რომლითაც ...ის პროექტის მენეჯერის თანამდებობა გაუქმდა. მითითებული სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმი, აღმასრულებელი დირექტორის ბრძანება და მასზე თანდართული საშტატო განრიგი და ხელფასის შკალა მოპასუხემ წარადგინა სასამართლოს სხდომაზე, მაგრამ აღნიშნული დოკუმენტაციის მიღებაზე სააპელაციო სასამართლომ უარი განაცხადა, რის გამოც იგი არ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ. ა-ის სარჩელის დაკმაყოფილება შეუძლებელი იყო.
კასატორის მტკიცებით, ყოველივე ზემოაღნიშნული აშკარად მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევაზე, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, ასევე გასაჩივრებული გადაწყვეტილება აბსოლუტურად დაუსაბუთებელია, რაც მისი გაუქმების საფუძველია. სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და ასევე იმ უმნიშვნელოვანეს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ თანამდებობა, რომელზეც ხსენებული გადაწყვეტილებით აღდგენილ იქნა მოსარჩელე, აღარ არსებობს, სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია, რითაც დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მოთხოვნები.
კასატორის განმარტებით, საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებს _ სახეზეა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევა, რამაც იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ამასთან, მოცემული საქმე მნიშვნელოვანია მოქმედი შრომის სამართლის განვითარებისათვის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება 2006 წლის 18 ოქტომბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 24 იანვრამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 იანვრის განჩინებით საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა 2007 წლის 14 მარტს მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მ. ა-სა და საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდს შორის 2002 წლის 1 ივლისს დაიდო ¹15/02-1 შრომის ხელშეკრულება და მ. ა-ი დაინიშნა საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის ...ის პროექტის მენეჯერის თანამდებობაზე. ხსენებული ხელშეკრულება ძალაში შევიდა 2002 წლის 1 ივლისიდან და გრძელდებოდა 2002 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, რის შემდეგაც მხარეებს შორის შრომის ხელშეკრულების მოქმედების ვადა, ფაქტობრივად, გრძელდებოდა 2004 წლის 18 ოქტომბრამდე. საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის 2004 წლის 1 ნოემბრის ¹19/04 ბრძანებით მ. ა-ი დაინიშნა საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის ...ის პროექტის მენეჯერის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად 2004 წლის 1 ნოემბრიდან და მ. ა-ს ხელფასი დაენიშნა საშტატო განრიგის თანახმად. იმავე ბრძანებაში მიეთითა, რომ მ. ა-თან გაფორმდა შრომის ხელშეკრულება 2004 წლის 1 ნოემბრიდან 2004 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, თუმცა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის შრომითი ურთიერთობა 2004 წლის 31 დეკემბრის შემდეგაც გაგრძელდა, რაც დასტურდება “სოციალური სფეროს ინსტიტუც. და ფუნქც. რეფორმის ხელშეწყობის 2004 წლის პროგრამის ფარგლებში ინსპექტირების ჯგუფის შექმნის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 24 ნოემბრის ¹317/ო ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 31 იანვრის ¹33/ო ბრძანებით, რომლითაც ინსპექტირების ჯგუფის შემადგენლობაში შეყვანილ იქნა მ. ა-ი, როგორც საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის ...ის პროექტის მენეჯერი. 2005 წლის 1 აპრილს მ. ა-ს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდმა გაუგზავნა შეტყობინება, სადაც აღნიშნული იყო, რომ საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდთან მ. ა-ის შრომის ხელშეკრულების ვადა იყო ამოწურული, აღარ გაუგრძელდებოდა და, შესაბამისად, ხსენებულ ფონდსა და მას შორის არსებული შრომითი ურთიერთობები შეწყვეტილად ჩაითვლებოდა 2005 წლის 1 აპრილიდან. “საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდში საკადრო ცვლილების შესახებ” საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის 2005 წლის 6 აპრილის ¹13/05 ბრძანებით მ. ა-ი გათავისუფლდა ფონდის ...ის პროექტის მენეჯერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად, თუ შრომის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ შრომითი ურთიერთობა ფაქტიურად გრძელდებოდა და არც ერთი მხარე არ მოითხოვდა მის შეწყვეტას, ხელშეკრულების მოქმედება ითვლებოდა გაგრძელებულად განუსაზღვრელი ვადით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოსარჩელე მოპასუხე ორგანიზაციაში დანიშნული იყო ფონდის ...ის მენეჯერის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად განსაზღვრული ვადით, 2004 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ შრომითი ურთიერთობა ფაქტობრივად გაგრძელდა და ხსენებული ვადის დასრულებისთანავე არც ერთმა მხარემ არ მოითხოვა მისი შეწყვეტა, რის გამოც შრომითი ურთიერთობა ითვლებოდა გაგრძელებულად განუსაზღვრელი ვადით, საქმის მასალებით კი არ დასტურდება ის გარემოება, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მხარეებს შორის არსებობდა ზეპირი შეთანხმება შრომითი ურთიერთობის სამი თვით გაგრძელების თაობაზე. სააპელაციო პალატამ მართებულად ჩათვალა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის მოთხოვნების თანახმად, არ ჰქონდა უფლება გამოეცა სადავო ბრძანება, რის გამოც ხსენებული სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება კანონს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტში მოცემულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიცია, კერძოდ, აღნიშნული ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული ბრძანების მიჩნევას ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ბრძანება არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ვინაიდან ხსენებული ბრძანება არ არის გამოცემული ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, თუმცა საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მ. ა-ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ სამართლებრივი აქტი უკანონოა, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება აღნიშნულ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ მ. ა-ის აღდგენას საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის ...ის პროექტის მენეჯერის მოვალეობის შემსრულებლად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული თანამდებობის ამჟამად არარსებობის თაობაზე კასატორმა საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). კერძოდ, კასატორი პირდაპირ მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ...ის პროექტის მენეჯერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობა საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდში ამჟამად აღარ არსებობს, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ობიექტურად ვერ შესრულდება, ამასთან, ამჟამად ხსენებულ ფონდში აღარც ...ის პროექტის მენეჯერის თანამდებობა არსებობს, რადგან ხსენებული ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს 2006 წლის 12 მაისის ¹10 სხდომის ოქმითა და მისი აღმასრულებელი დირექტორის 2006 წლის 14 მაისის ¹9/06 ბრძანებით დამტკიცდა ახალი საშტატო განრიგი და ხელფასის შკალა, რომლითაც ...ის პროექტის მენეჯერის თანამდებობა გაუქმდა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით საქმის ხელახლა განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნების შემდეგ სააპელაციო სასამართლომ ისე აღადგინა მ. ა-ი საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის ...ის პროექტის მენეჯერის მოვალეობის შემსრულებლად, რომ არ გამოუკვლევია და არ დაუდგენია, კვლავ არსებობდა თუ არა მის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას აღნიშნული თანამდებობა საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას უნდა იმსჯელოს და დაადგინოს, არსებობს თუ არა ამჟამად საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდში საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის ...ის პროექტის მენეჯერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობა და ამის შემდეგ გადაწყვიტოს საკითხი წინანდელ თანამდებობაზე მ. ა-ის შესაძლო აღდგენის შესახებ. შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სასარჩელო მოთხოვნა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების თაობაზე, რადგან გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელეს იძულებითი განაცდური აუნაზღაურდა სამსახურში აღდგენამდე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის ...ის პროექტის მენეჯერის მოვალეობის შემსრულებლად მ. ა-ის აღდგენისა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის მისთვის ანაზღაურების ნაწილში სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი _ ხსენებული გადაწყვეტილების დასაბუთება აღნიშნულ ნაწილში იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდეს საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის ...ის პროექტის მენეჯერის მოვალეობის შემსრულებლად მ. ა-ის აღდგენისა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის მისთვის ანაზღაურების ნაწილში და მოცემული საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება გაუქმდეს საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის ...ის პროექტის მენეჯერის მოვალეობის შემსრულებლად მ. ა-ის აღდგენისა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის მისთვის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩეს დანარჩენ ნაწილში;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.