Facebook Twitter

¹ბს-806-775(2კ-08) 2 ოქტომბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე

ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ი. ნ-ისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 6 იანვარს ი. ნ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე გორის რეგიონალური საგადასახადო ინსპექციის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2003 წლის 8 აგვისტოს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველოს უფროსმა გამოსცა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღების ჩატარების შესახებ დადგენილება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ დაბა აგარაში, თბილისი-სენაკის 106-ე კილომეტრზე დაფიქსირდა არარეგისტრირებელი საწვავის შესანახი ავზების არსებობის, დიდი ოდენობით შემოტანილი, აღურიცხავი ნავთობპროდუქტების ჩასხმისა და რეალიზაციის ფაქტი. შედგა გადაუდებელი ჩხრეკის ოქმიც. მოსარჩელისათვის გაუგებარი იყო, თუ კონკრეტულ შემთხვევაში, საიდან ადგენდა უშიშროების სამსახურის წარმომადგენელი, საწვავი ქვეყანაში აღრიცხული იყო თუ აღურიცხავი. ასეთი რამ მხოლოდ მისი საზღვარზე გადმოტანის შემთხვევაში შეიძლებოდა დადგენილიყო, მოსარჩელეს კი საზღვარზე ბენზინი არ გადაუტანია, ხოლო რაც შეიძინა, იმის საბუთებიც გააჩნდა და თუ ამ ბენზინის გაყიდვას დააპირებდა, მისი გაყიდვის წესსაც დაიცავდა. იმის გამო, რომ ბენზინის ოდენობა 8066 ლიტრს შეადგენდა, ხსენებული ოქმის შემდგენლები ვარაუდობდნენ, რომ მისი გაყიდვის ფაქტი იყო სახეზე, თუმცა კანონი არ ზღუდავდა მოქალაქეს შესანახი საწვავის რაოდენობის თვალსაზრისით, ხოლო მოსარჩელეს ბენზინი სრულიად დაუსაბუთებლად ჩამოართვეს და გაუგებარი იყო, თუ სად წაიღეს იგი. მიუხედავად მოსარჩელის მცდელობისა, ვერ გაარკვია, ხსენებული ბენზინი რომელმა ორგანომ სად წაიღო. შემდგომში აღნიშნული მასალები _ დადგენილება და ოქმი გადაეგზავნა საგადასახადო ინსპექციას, რომელმაც 2003 წლის 23 დეკემბერს მოსარჩელე სრულიად უკანონოდ დააჯარიმა. მოსარჩელისთვის ოციფიალურად, კანონის დაცვით, არავის უცნობებია აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის მიერ მის მიმართ გამოცემული დაჯარიმების აქტის ბათილად ცნობა, მისი კუთვნილი ბენზინის დაბრუნება, ასევე _ სასამართლო ხარჯების მოპასუხისთვის დაკისრება.

გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე 2003 წლის 26 თებერვლიდან რეგისტრირებული იყო ინდივიდუალურ მეწარმედ და მინიჭებული ჰქონდა საიდენტიფიკაციო კოდი. აღნიშნული დროიდან იგი ვალდებული იყო, სამეწარმეო საქმიანობა განეხორციელებინა კანონით დადგენილი წესით, მაგრამ მოსარჩელე ისე ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, რომ არ გააჩნდა საბუღალტრო დოკუმენტები და არ ახდენდა სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას, ხოლო სასამართლო სხდომაზე ვერ წარმოადგინა რაიმე დოკუმენტაცია სადავო ბენზინის წარმომავლობასა და აღრიცხვიანობასთან დაკავშირებით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ მოპასუხის ქმედება შეესაბამებოდა საქართველოს მოქმედი საგადასახადო კოდექსის 223-ე, 235-ე, 236-ე, 238-ე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-53-ე, მე-100 მუხლების მოთხოვნებს, იყო კანონიერი, მოსარჩელისთვის ცნობილი იყო მოპასუხის ყველა ქმედების შესახებ და არ არსებობდა გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ნ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 14 დეკემბრის საოქმო განჩინებით გორის რეგიონალური საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაბმულ იქნა გორის საგადასახადო ინსპექცია.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 14 დეკემბრის სხდომაზე აპელანტმა დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2003 წლის 27 ოქტომბრის ¹05-40/2518 ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა შესაბამისი თანამდევი შედეგით, ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უზრუნველმყოფი ღონისძიებების უსაფუძვლოდ ცნობა და უშიშროების სამსახურის მიერ 2003 წლის 8 აგვისტოს ამოღებული ბენზინის დაბრუნება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 14 დეკემბრის განჩინებით ი. ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, არ დასტურდებოდა მოსარჩელისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობების არარსებობა, კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ 2003 წლის 8 აგვისტოს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომლების მიერ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 108-ე კმ-ზე, დაბა აგარაში ამოღებულ იქნა მოსარჩელე ი. ნ-ის კუთვნილი 8966 ლიტრი ბენზინი. ქარელის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 9 აგვისტოს დადგენილებით აღნიშნული ბენზინის ამოღება კანონიერად იქნა ცნობილი. დადგენილი იყო, რომ დიდი ოდენობით აღურიცხავი საწვავის ჩასხმისა და რეალიზაციის ფაქტზე მასალები ი. ნ-ის მიმართ, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროდან გადაეგზავნა გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციას, რომელმაც 2003 წლის 27 ოქტომბრის აქტით ი. ნ-ე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დააჯარიმა 6276 ლარით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 223-ე, 235-ე, 238-ე, 236-ე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-53-ე, მე-100 მუხლების საფუძველზე. საქმის მასალებით ასევე დადგენილი იყო, რომ მოსარჩელე ი. ნ-ე 2003 წლის თებერვლიდან რეგისტრირებული იყო ინდივიდუალურ მეწარმედ, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელად, რომლის საქმიანობის საგანს შეადგენდა საწვავით ვაჭრობა. ამასთან, გადასახადის გადამხდელის სარეგისტრაციო ფორმაში აპელანტის მიერ პირდაპირ იყო მითითებული, რომ ნაქირავები ჰქონდა ბენზინგასამართი სადგური, სადაც ეწეოდა საწვავის შესყიდვა-რეალიზაციას. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტმა განმარტა, რომ მას ამოღებული ბენზინი სჭირდებოდა მომავალში რეალიზაციის მიზნით, ვინაიდან აპირებდა ავტოგასამართი სადგურის ამოქმედებას, ხოლო ავტომანქანა არ ჰყოლია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ ხსენებული 8966 ლიტრი ბენზინი შეძენილი იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლით გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით, რის გამოც აპელანტი ვალდებული იყო, საქონლის შეძენისას გაეფორმებინა შესაბამისი დოკუმენტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 135-ე და 115-ე მუხლების თანახმად და აღნიშნული საგადასახადო ოპერაცია აესახა საბუღალტრო დოკუმენტებში. ამ წესების დარღვევა კი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 223-ე მუხლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიმართ საჯარიმო ღონისძიებების გამოყენების საფუძველი იყო, რაც სახეზე იყო აპელანტის მიმართ სადავო აქტის შედგენის გზით. ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ სადავო აქტი არსებითად სწორად იყო გამოცემული, რის გამოც სააპელაციო საჩივარი საფუძველს იყო მოკლებული და არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 14 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ნ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 25 მაისის განჩინებით ი. ნ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 14 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ დაადგინა და არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება იყო იურიდიულად დაუსაბუთებელი. მოცემული დავის საგანს წარმოადგენდა გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2003 წლის 27 ოქტომბრის აქტი ი. ნ-ის დაჯარიმების შესახებ, რომელიც გამოტანილი იყო იმავე ინსპექციის იურიდიული განყოფილების უფროსის მიერ. სააპელაციო სასამართლომ ისე განიხილა სააპელაციო საჩივარი და მიიღო საქმეზე გადაწყვეტილება, რომ არ უმსჯელია, რამდენად იყო უფლებამოსილი სადავო აქტის გამოცემაზე გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის იურიდიული განყოფილების უფროსი. სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა და დაედგინა, იყო თუ არა უფლებამოსილი საგადასახადო ინსპექციის იურიდიული განყოფილების უფროსი, განეხილა და მიეღო გადაწყვეტილება საქართველოს საგადასახადო და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსების საფუძველზე ი. ნ-ის დაჯარიმების თაობაზე და ამის შემდეგ მიეღო საქმეზე გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არ ჰქონდა წინასწარ დადგენილი ძალა და მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად ედო სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა ასახულიყო გადაწყვეტილებაში, ხოლო ამ კოდექსის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღნიშნულიყო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები, მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარებოდა სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფდა ამა თუ იმ მტკიცებულებას და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. სააპელაციო სასამართლომ ისე გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება და დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ნ-ე ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას საბუღალტრო დოკუმენტაციის გარეშე, რომ ასევე არ უმსჯელია ამ საკითხზე. ის გარემოება, რომ ი. ნ-ემ დიზელის მის საკუთრებაში არსებობის ფაქტი დაადასტურა, სრულებით არ ნიშნავდა იმას, რომ იგი სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული საკითხის გარკვევას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა მოცემულ საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების მიღებისათვის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გორის საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექცია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 აპრილის საოქმო განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით ი. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2003 წლის 27 ოქტომბრის ¹05-40/2518 ადმინისტრაციული აქტი (ი. ნ-ის დაჯარიმების შესახებ) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექცია) დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, იმავე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიიჩნია, რომ ი/მ ,,....” (ს/ნ .....) რეგისტრირებული იყო გადასახადის გადამხდელად ხაშურის ზონალურ საგადასახადო ინსპექციაში 2003 წლის 26 თებერვლიდან. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღების ჩატარების შესახებ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ქარელის რეგიონალური სამმართველოს უფროსის 2003 წლის 8 აგვისტოს დადგენილებით განხორციელდა ქარელის რაიონის დაბა აგარაში, თბილისი-სენაკის 108-ე კილომეტრზე მდებარე საწვავის ავზებიდან ი. ნ-ის მფლობელობაში არსებული ნავთობპროდუქტების ამოღება. 2003 წლის 8 აგვისტოთი დათარიღებული ამოღების ოქმის თანახმად, 2003 წლის 8 აგვისტოს ქარელის რაიონის სოფელ ქვენატკოცაში მცხოვრებ ზურაბ ღვალაძის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულ იქნა 27420 ლიტრი დიზელის საწვავი, რომელიც ჩასხმულ იქნა კამაზის ტიპის ავტო-ცისტერნებში. ამ ტვირთის მფლობელობაზე პრეტენზიას აცხადებდა ზურაბ ღვალაძე. ქარელის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 9 აგვისტოს დადგენილების თანახმად, 2003 წლის 8 აგვისტოს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომლების მიერ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 108-ე კმ-ზე, დაბა აგარაში ი. ნ-ის კუთვნილი 8066 ლიტრი ბენზინის ამოღება და ერთი ავზის, 900 ლიტრი ბენზინით, დალუქვა ცნობილ იქნა კანონიერად. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველოს უფროსის სახელზე ი. ნ-ის მიერ შედგენილ ახსნა-განმარტებაში აღნიშნული იყო, რომ მას თბილისი-სენაკის 108-ე კილომეტრზე, ნაქირავებ ტერიტორიაზე ჩასხმული ჰქონდა ცისტერნებში 9000 ლიტრამდე ბენზინის საწვავი, რომლის საბუთებიც გააჩნდა და იმ დროს ადგილზე ვერ წარადგინა. უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა 2003 წლის 8 აგვისტოს, შუადღისას მას მოსთხოვეს ჩასხმულ საწვავზე შესაბამისი დოკუმენტაცია, რაც ვერ წარადგინა და მოხდა 8066 ლიტრი ბენზინის ამოქაჩვა სატვირთო ცისტერნაში, რაც წაღებულ იქნა, ხოლო 900 ლიტრი დაილუქა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2003 წლის 8 ოქტომბრის ¹05-40/2383 შეტყობინებით ი. ნ-ეს ეცნობა, რომ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველოს მიერ მათთან გადაგზავნილ იქნა სამართალდარღვევის მასალები ი. ნ-ის მიმართ, დიდი ოდენობით აღურიცხავი ნავთობპროდუქტების ჩასხმისა და რეალიზაციის ფაქტზე, რაც იმჟამად იმყოფებოდა საოლქო საგადასახადო ინსპექციაში მარტივ ადმინისტრაციულ წარმოებაში გორის და მას ევალებოდა გამოცხადება გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის იურიდიულ განყოფილებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე განხილული იქნებოდა მისგან დამოუკიდებლად და განემარტა, რომ მას უფლება ჰქონდა, გაცნობოდა საქმეს და წარედგინა შუამდგომლობები.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2003 წლის 27 ოქტომბრის ¹05-40/2518 ადმინისტრაციული აქტის (ი. ნ-ის დაჯარიმების შესახებ) თანახმად, გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის იურიდიული განყოფილების უფროსმა, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, განიხილა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველოს მიერ, გადაგზავნილი სამართალდარღვევის მასალები ი. ნ-ის მიმართ, დიდი ოდენობით აღურიცხავი ნავთობპროდუქტების ჩასხმისა და რეალიზაციის ფაქტზე. გამორკვეულ იქნა, რომ 2003 წლის 8 აგვისტოს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველოს ოპერატიული თანამშრომლების მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 108-ე კმ-ზე, დაბა აგარაში სხვადასხვა მოცულობის ავზებიდან ამოღებულ იქნა ქ. ხაშურში, ცხინვალის ქ. ¹8-ში მცხოვრები ი. ნ-ის კუთვნილი 8066 ლიტრი ბენზინი, ხოლო ერთი ავზი, 900 ლიტრი ბენზინით, დალუქულ იქნა. წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ი. ნ-ე ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას ისე, რომ არ გააჩნდა საბუღალტრო დოკუმენტები და არ ახდენდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას. დადგენილ იქნა, რომ ი. ნ-ე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაჯარიმდა 6276 ლარით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 223-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ხოლო ამ კოდექსის 223-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ჯარიმის თანხის გადახდამდე, მოხდა ი. ნ-ის კუთვნილი 8966 ლიტრი ბენზინის დაყადაღება. ი. ნ-ეს დაევალა, ჯარიმა გადაეხადა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებიდან 10 დღის ვადაში ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე და განემარტა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების წესი და ვადა. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ხელმოწერილ იქნა გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის იურიდიული განყოფილების უფროსის მიერ. სააპელაციო სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი წერილობითი ინფორმაციის (სამსახურებრივი ბარათი) თანახმად, 2004 წლის 1 ოქტომბრიდან 2008 წლის 11 აპრილამდე მდგომარეობით, ი. ნ-ის განცხადება სამეწარმეო საქმიანობის შეწყვეტის შესახებ და რაიმე დოკუმენტი გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის იურიდიული განყოფილების უფროსის _ ა. მ-ის უფლებამოსილებაზე, გამოეცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, არ იძებნებოდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ, მიუხედავად სააპელაციო სასამართლოს არაერთი მოთხოვნისა, მოწინააღმდეგე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2003 წლის 27 ოქტომბრის ¹05-40/2518 ადმინისტრაციული აქტის (ი. ნ-ის დაჯარიმების შესახებ) გამოცემასთან დაკავშირებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების საქმე (დედანი დოკუმენტები ან მათი ასლები). ამავე სასამართლოს არაერთი დავალების მიუხედავად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება (უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ბრძანება), რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის იურიდიული განყოფილების უფროსი ა. მ-ი უფლებამოსილი იყო, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით განეხილა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველოს მიერ გადაგზავნილი სამართალდარღვევის მასალები ი. ნ-ის მიმართ, დიდი ოდენობით აღურიცხავი ნავთობპროდუქტების ჩასხმისა და რეალიზაციის ფაქტზე და ერთპიროვნულად მიეღო გადაწყვეტილება ი. ნ-ის დაჯარიმებისა და მისი კუთვნილი 8966 ლიტრი ბენზინის დაყადაღების შესახებ. აპელანტ ი. ნ-ის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება ამოღებული ნავთობპროდუქტების მის საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებობის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მომენტში მოქმედი ,,ნავთობპროდუქტების, ეთილის სპირტის და სპირტიანი სასმელების მიწოდების, აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2002 წლის 27 ივნისის ბრძანების თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობპროდუქტების, ეთილის სპირტის და სპირტიანი სასმელების ტრანსპორტირების, შენახვისა და რეალიზაციისათვის სავალდებულო იყო სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ფორმა. საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2003 წლის 8 ოქტომბრის ¹05-40/2383 შეტყობინება ი. ნ-ეს ჩაჰბარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის (1997 წლის რედაქცია) 224-226-ე მუხლებით დადგენილი წესით, ასევე არ დასტურდებოდა, რომ საკითხის განხილვისას, მარტივ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეული იყო, სხდომას ესწრებოდა და განხილვაში მონაწილეობას იღებდა დაინტერესებული მხარე _ ი. ნ-ე ან მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 95-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2003 წლის 27 ოქტომბრის ¹05-40/2518 სადავო ადმინისტრაციული აქტის (ი. ნ-ის დაჯარიმების შესახებ) ბათილად ცნობისათვის არსებობდა მოსარჩელე მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ ამ აქტით მოსარჩელე ი. ნ-ე დაჯარიმდა 6276 ლარით და ჯარიმის თანხის გადახდამდე, მოხდა მისი კუთვნილი 8966 ლიტრი ბენზინის დაყადაღება. ხსენებული აქტი გამოცემული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ასევე არსებითად იქნა დარღვეული მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ, ვერ იქნა დადასტურებული ის გარემოება, რომ გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის იურიდიული განყოფილების უფროსი უფლებამოსილი იყო, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, დაინტერესებული მხარის მოწვევისა და მონაწილეობის გარეშე, ერთპიროვნულად განეხილა და მიეღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის სახით. ამრიგად, სადავო აქტი იყო კანონშეუსაბამო და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის (2005 წლის 15 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, ექვემდებარებოდა ბათილად ცნობას. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და საგადასახადო კანონმდებლობის სხვა აქტების მიხედვით, გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიმართ კუთვნილი საგადასახადო ვალდებულების დარიცხვა წარმოადგენდა საგადასახადო ორგანოს, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს, დისკრეციულ უფლებამოსილებას.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექცია) ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას უნდა უზრუნველეყო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული და საგადასახადო კოდექსებით დადგენილი წესით, დაინტერესებული მხარის _ ი. ნ-ის მონაწილეობა მარტივ ადმინისტრაციულ წარმოებაში და დაეცვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავის (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) დებულებებით დადგენილი წესები, აგრეთვე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის იმპერატიული მოთხოვნები, ასევე განესაზღვრა, განსახილველი დავის შემთხვევაში, დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენდა ფიზიკური პირი ი. ნ-ე თუ ი/მ ,,.....”. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი იურიდიულად არ იყო საკმარისად დასაბუთებული და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად, ექვემდებარებოდა გაუქმებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა ი. ნ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექცია) დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და კასატორმა მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

კასატორის განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი იმპერატიულად მიუთითებს ორი კუმულაციური გარემოების ერთდროულად არსებობაზე, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ამ ნორმის გამოყენება. პირველი მათგანია სადავო საკითხის გადაუწყვეტლობა. სადავო საკითხზე ყველა ინსტანციის სასამართლომ არსებითი მსჯელობის შედეგად მიიღო გადაწყვეტილებები. მეორე მათგანია _ მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესის არსებობა. ხსენებული ნორმის გამოყენების არც ერთი ნორმატიული საფუძველი არ გააჩნდა სააპელაციო სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექცია), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 96-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომლებიც არ უნდა გამოეყენებინა. გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციას არ დაურღვევია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რადგან გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ 2003 წლის 8 ოქტომბრის ¹05-40/2383 წერილით აცნობა ი. ნ-ეს, რომ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველოს მიერ გაგზავნილ იქნა სამართალდარღვევის მასალები ი. ნ-ის მიმართ, დიდი ოდენობით აღურიცხავი ნავთობპროდუქტების ჩასხმისა და რეალიზაციის ფაქტზე, რაც მარტივ ადმინისტრაციულ წარმოებაში იყო იმავე ინსპექციაში. შეტყობინებაში ასევე მითითებული იყო, თუ როდის უნდა გამოცხადებულიყო იგი ამ ინსპექციაში და წარედგინა საქმეზე შესაბამისი შუამდგომლობანი. სასამართლომ ასევე არასწორად მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილსა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32 მუხლის მე-4 ნაწილზე, რომელთა შესაბამისად, თითქოს გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი. ნ-ის მიერ საწვავი შეძენილ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლით გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით, რის გამოც იგი ვალდებული იყო, საქონლის შეძენისას გაეფორმებინა შესაბამისი დოკუმენტაცია ხსენებული კოდექსის 135-ე და 115-ე მუხლების თანახმად და აღნიშნული ოპერაცია აესახა საბუღალტრო დოკუმენტებში. ამ წესების დარღვევა კი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 223-ე მუხლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიმართ საჯარიმო ღონისძიებების გამოყენების საფუძველია, რაც განხორციელდა ი. ნ-ის მიმართ სადავო აქტის შედგენის გზით.

კასატორის მტკიცებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შესრულება და ხუთი წლის წინ გამოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტის და ამ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა, შეფასება და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 14 და 28 ივლისის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. ნ-ისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივრები; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 14 და 28 ივლისის განჩინებების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივრები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 2 ოქტომბრამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ნ-ისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან ი. ნ-ეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, ამიტომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. ნ-ისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება;

3. ი. ნ-ეს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის 70 პროცენტი _ 210 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.