Facebook Twitter

¹ბს-807-773(კ-06) 12 აპრილი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა

საკასაციო პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე)

ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრისა და გ. მ-ის წარმომადგენელ გ. მ-ის შეგებებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გ. მ-მა 2005 წლის 16 მარტს სარჩელით, ხოლო 2005 წლის 28 მარტს და 4 აგვისტოს დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა:

ა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2004 წლის 2 აგვისტოს ¹5-1406 ბრძანების ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა;

ბ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება 2004 წლის 2 აგვისტოდან სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე;

გ. საბაჟო დეპარტამენტისათვის სპეციალური წოდებიდან გამომდინარე მისი მუშაობის პერიოდში ხელფასზე ყოველთვიური დანამატის ანაზღაურების დაკისრება;

დ. საბაჟო დეპარტამენტისათვის სახელფასო დავალიანების _ 3100 ლარის გადახდის დაკისრება.

მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:

2005 წლის 21 თებერვალს მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 2 აგვისტოს ¹5-1406 ბრძანებით იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. მისი სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 97-ე მუხლის პირველი პუნქტი. მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნისას დაირღვა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, რადგან მისთვის არავითარი თანამდებობა არ შეუთავაზებიათ. გ. მ-ვის უცნობი იყო საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2004 წლის 2 აგვისტოს წარდგინება, რაც სადავო ბრძანების საფუძველს წარმოადგენდა. აღნიშნული ბრძანება მას ოფიციალური მიმართვის შემდეგ, 2005 წლის 21 თებერვალს ჩაბარდა. ბრძანების გამოცემისას ასევე დაირღვა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნები, რადგან საბაჟო სისტემაში მუშაობს 1995 წლიდან, მიღებული აქვს არაერთი მადლობა, ჰყავს ოჯახი, რომელიც შედგება ექვსი სულისაგან და რომლებიც იმყოფებიან მის კმაყოფაზე, ოჯახში მის გარდა დამოუკიდებელი შემოსავლის მქონე პირი არ არის, მეუღლე მე-2 ჯგუფის ინვალიდია, არც ერთი ეს გარემოება მისი გათავისუფლების დროს გათვალისწინებული არ ყოფილა. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან მისთვის უნდა მიენიჭებინათ სპეციალური წოდება და შესაბამისად, ხელფასზე განხორციელებულიყო წოდების ყოველთვიური დანამატის დარიცხვა, რაც მის მიმართ არ მომხდარა. მისი მუშაობის პერიოდში სახელფასო დავალიანებამ შეადგინა 3100 ლარი (ს.ფ. 1, 22-24, 60-62).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2004 წლის 2 აგვისტოს ¹5-1406 ბრძანება, გ. მ-ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ცნობილ იქნა არაკანონიერად, გ. მ-ს აუნაზღაურდა სახელფასო დავალიანება 3100 ლარის ოდენობით, მასვე აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური 2004 წლის 2 აგვისტოდან სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე, სასარჩელო მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენისა და სპეციალური წოდებიდან გამომდინარე ყოველთვიური დანამატის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგნაირად დაასაბუთა:

სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის ¹39 დადგენილებით დამტკიცდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულება. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2004 წლის 8 ივლისის ¹469 ბრძანებით ზემოაღნიშნული დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის და რეგიონული საბაჟოების საშტატო ნუსხა, რომლის თანახმად, ანალიზისა და საბაჟო გადაზიდვების განყოფილების ნაცვლად 73 საშტატო ერთეულით შეიქმნა გაცილების სამმართველო 53 საშტატო ერთეულით. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნიდა საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევდა შტატების შემცირება, მოხელე შეიძლებოდა გათავისუფლებულიყო კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი მოხელე არ შეიძლებოდა გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან, თუ იგი თანახმა იქნებოდა, დანიშნულიყო სხვა თანამდებობაზე. გ. მ-ვის სხვა თანამდებობა არ შეუთავაზებიათ. მოსარჩელეს დაცული ჰქონდა სარჩელით სასამართლოსათვის მიმართვის კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რადგან ბრძანება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ არ ჩაბარებია, მან ბრძანება მიიღო ფოსტით 2005 წლის 21 თებერვალს, ხოლო სარჩელით სასამართლოს მიმართა 16 მარტს, ანუ კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში. გ. მ-ს 1998 წლიდან ერიცხებოდა სახელფასო დავალიანება 3100 ლარის ოდენობით. სასამართლომ საბოლოოდ მიიჩნია, რომ 2004 წლის 2 აგვისტოს ბრძანება არაკანონიერად უნდა ყოფილიყო აღიარებული, თუმცა მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, ვინაიდან შტატების შემცირების გამო თანამდებობა, რომელიც გ. მ-ს ეკავა, აღარ არსებობდა. ასევე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო სასარჩელო მოთხოვნა სპეციალური წოდებიდან გამომდინარე მუშაობის პერიოდში ხელფასზე ყოველთვიური დანამატის ანაზღაურების თაობაზე, რადგან მოსარჩელეს გაშვებული ჰქონდა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა (ს.ფ. 205-207).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ. აპელანტებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც გ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მოსარჩელე გ. მ-ის წარმომადგენელმა შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა სასამართლოში და მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (ს.ფ. 210-213, 219-221, 234-236).

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ მოსარჩელეს გათავისუფლებამდე ეკავა საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გადაზიდვებზე ზედამხედველობის სამსახურის მე-... განყოფილების .... თანამდებობა. საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში განხორციელდა სტრუქტურული რეორგანიზაცია, რასაც თან სდევდა შტატების შემცირება. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 108-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსარჩელე ერთი თვით ადრე იქნა გაფრთხილებული მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. ერთი თვის გასვლის შემდეგ, 2004 წლის 2 აგვისტოს ¹3/1040 ბრძანებით, მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. მოსარჩელის გათავისუფლებისას დაცული იქნა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, რომელიც მთლიანად არეგულირებდა მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებას რეორგანიზაციის დროს შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა კი წარმოადგენდა იმ გამონაკლის შემთხვევას, როცა დაწესებულებას ჰქონდა შესაძლებლობა, მოხელისათვის შეეთავაზებინა სხვა თანამდებობა, რაც შეეხებოდა ვალდებულებას, ასეთი მოთხოვნა კანონში არ არსებობდა. ადმინისტრაციის მიერ ასევე დაცული იქნა ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნა, რომ მოხელე სამსახურიდან თავისუფლდებოდა ერთთვიანი გაფრთხილების ვადის გასვლის შემდეგ. მათ მიერ ასევე დაცული იყო შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნა. საბაჟო დეპარტამენტმა განიხილა, თუ ვის მინიჭებოდა რეორგანიზაციის დროს სამსახურში უპირატესი დარჩენის უფლება და შესაბამისი ბრძანებებით მოხდა მოხელეთა დანიშვნა. რაც შეეხებოდა სახელფასო დავალიანებას, სააპელაციო საჩივრის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა ვერ განახორციელა აღნიშნული დავალიანების გადახდა იმის გამო, რომ ბიუჯეტში ეს თანხები რამდენჯერმე იქნა სეკვესტრირებული. ამასთან, 2005 წლის “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 39.7 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დასაფარავად გამოყოფილი ჰქონდა 140.5 მილიონი ლარი, აქედან 3 მილიონი ლარი მიმართული უნდა ყოფილიყო სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის. შესაბამისად, დავალიანებები უნდა გაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (ს.ფ. 210-213).

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სააპელაციო საჩივარში აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელი იყო. სასამართლომ არასწორად იმსჯელა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, ვინაიდან მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა 2004 წლის 2 დეკემბერს, ამ პერიოდიდან იგი აღარ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობებს და მისთვის ცნობილი იყო გათავისუფლების შესახებ. აქედან გამომდინარე, გ. მ-ს ბრძანება უნდა გაესაჩივრებინა მაშინ, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა სადავო აქტის გამოცემის შესახებ, ანუ მაშინ, როდესაც შეწყვიტა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება. სააპელაციო საჩივრის თანახმად, სასამართლომ არასწორად მიუთითა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ: მოსარჩელე მუშაობდა საბაჟო გადაზიდვებზე ზედამხედველობის სამსახურის .... განყოფილების .... მოვალეობის შემსრულებლად და არა ანალიზისა და საბაჟო გადაზიდვების განყოფილებაში, როგორც ეს გადაწყვეტილებაში იყო მითითებული. რაც შეეხებოდა საშტატო განრიგს, საბაჟო გადაზიდვებზე ზედამხედველობის სამსახურის საშტატო ნუსხა რეორგანიზაციამდე განისაზღვრებოდა 130 ერთეულით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2004 წლის 8 ივლისის ¹469 ბრძანებით აღნიშნული სამსახური გაუქმდა და მის ნაცვლად შეიქმნა გაცილების სამმართველო, რომლის საშტატო რიცხოვნება განისაზღვრა 77 ერთეულით, მათ შორის, გაუქმდა ის თანამდებობა, რომელიც მოსარჩელეს ეკავა. სააპელაციო საჩივრის მითითებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც 2006 წლის 1 იანვრიდან გაუქმდა. ამ ნორმის თანახმად, მოხელე არ შეიძლებოდა გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან, თუ იგი თანახმა იქნებოდა დაენიშნათ სხვა თანამდებობაზე. ამავე კანონის 21-ე მუხლის თანახმად, მოხელე სამსახურში მიიღებოდა თანამდებობაზე დანიშვნით ან არჩევით, 23-ე მუხლის თანახმად კი მოხელე სამსახურში მიიღებოდა ვაკანტურ თანამდებობაზე. აქედან გამომდინარე, 97-ე მუხლის მე-2 პუნქტში იგულისხმებოდა შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელი პირისათვის ვაკანტური თანამდებობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეთავაზების ვალდებულება, ხოლო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე და 97-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით სამინისტრო მოსარჩელეს ვერ შესთავაზებდა სხვა თანამდებობას, რადგან სამინისტრო შტატების შემცირებისა და ვაკანსიების არარსებობის გამო მოკლებული იყო გ. მ-ვის სხვა თანამდებობის შეთავაზების შესაძლებლობას. აპელანტის მოსაზრებით, ვინაიდან არ არსებობდა ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი, იძულებითი განაცდურის დაკისრებაც უსაფუძვლო იყო. ამასთან, სასამართლო არ მიუთითებდა, თუ რომელ მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა განაცდურის ანაზღაურება. რაც შეეხებოდა სახელფასო დავალიანებას, აღნიშნული საკითხი პირდაპირ რეგულირდებოდა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 134-ე მუხლით, რომლის თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელებულიყო წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად, ანუ “საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა (ს.ფ. 219-221).

მოწინააღმდეგე მხარე გ. მ-მა შეგებებულ სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა, დაუსაბუთებელი და უკანონო იყო. სამსახურში აღდგენის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა მხოლოდ ერთი მიზეზით, რომ შტატების შემცირების გამო ის თანამდებობა, რომელიც გ. მ-ს ეკავა არ არსებობდა. სასამართლოს აღნიშნული მოსაზრება არასწორი იყო, რადგან საქმის მასალებით ირკვეოდა და გადაწყვეტილებაში სასამართლოც ადასტურებდა, რომ გ. მ-ი სამსახურიდან გათავისუფლდა, რაც მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გაუქმებისა და სამსახურში აღდგენის უდავო საფუძველს წარმოადგენდა, მით უფრო, იმ გარემოებათა არსებობისას, როდესაც, როგორც საქმის მასალებიდან ირკვეოდა, 2004 წლის 2 აგვისტოს, გ. მ-ის გათავისუფლების დღეს, საბაჟო დეპარტამენტში დაინიშნა 87 ინსპექტორი. ბუნებრივია, ინსპექტორის 87 თანამდებობიდან მოსარჩელისათვის ერთი მაინც უნდა შეეთავაზებინათ. გარდა ამისა, სასამართლომ არასწორად არ დააკმაყოფილა სარჩელი სპეციალური წოდებიდან გამომდინარე, ხელფასზე ყოველთვიური დანამატის მოთხოვნის ნაწილში. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი ნაწილით მოხელეს უფლება ჰქონდა ერთი თვის ვადაში გაესაჩივრებინა სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე მოქმედება. ასეთს კი რაიმე ოფიციალური გადაწყვეტილების მიღების სახით საბაჟო დეპარტამენტის მხრიდან სპეციალური წოდებიდან გამომდინარე ხელფასზე ყოველთვიური დანამატის არ გაცემის შესახებ ადგილი არ ჰქონია. კანონმდებლობის შესაბამისად, მოხელის სამსახურში მიღების დღიდან უნდა მომხდარიყო სპეციალური წოდების მინიჭება და, აქედან გამომდინარე, ყოველთვიური დანამატის გადახდა, რასაც მათ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია (ს.ფ. 234-236).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრები და გ. მ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება გ. მ-ის სამსახურში აღდგენაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა და სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გ. მ-ის სარჩელი სამსახურში აღდგენის ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა გ. მ-ლის სამუშაოზე დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით სახელფასო დავალიანების ანაზღაურებისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გ. მ-ის სარჩელი ამ ნაწილში დაკმაყოფილდა: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს გ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების _ 3100 ლარის ანაზღაურება; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე გ. მ-ი მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გადაზიდვებზე ზედამხედველობის სამსახურის .... განყოფილების .... მოვალეობის შემსრულებლად. “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის და რეგიონული საბაჟოების საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2004 წლის 8 აგვისტოს ¹469 ბრძანებით, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის ¹39 დადგენილებით დამტკიცებული “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების შესახებ” მე-4 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხა და ძალადაკარგულად ჩაითვალა ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 30 ოქტომბრის ¹548 ბრძანება. აღნიშნული ბრძანების ამოქმედების ვადად განისაზღვრა 2004 წლის 2 აგვისტო. 2003 წლის 30 ოქტომბრის ¹548 ბრძანებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ცენტრალური აპარატი განსაზღვრული 493 საშტატო ერთეულით, მათ შორის საბაჟო გადაზიდვებზე ზედამხედველობის სამსახური _ 130 ერთეულით, 2004 წლის 8 აგვისტოს ¹469 ბრძანებით კი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის საშტატო განრიგი განისაზღვრა 268 ერთეულით, სადაც შეიქმნა გაცილების სამმართველო 53 საშტატო ერთეულით. აქედან გამომდინარე, დასტურდებოდა, რომ საბაჟო დეპარტამენტში განხორციელდა რეორგანიზაცია საშტატო რიცხოვნების შემცირებით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 2 აგვისტოს ¹პ-1406 ბრძანებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო გადაზიდვებზე ზედამხედველობის სამსახურის .... განყოფილების ..... მოვალეობის შემსრულებელი გ. მ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2004 წლის 2 აგვისტოდან რეორგანიზაციისა და შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირების გამო, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 97-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე. აღნიშნული ბრძანების საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2004 წლის 2 აგვისტოს წარდგინება. დასტურდებოდა, რომ საბაჟო დეპარტამენტში მუშაობისას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს მოსარჩელეზე დარიცხული ჰქონდა 3100 ლარი, რაც გაცემული არ ყოფილა.

სასამართლოს განმარტებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის (2005 წლის 23 დეკემბრამდე არსებული რედაქცია) თანახმად, მოხელე შეიძლებოდა გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას ან არაკანონიერად გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას. მოხელე არ შეიძლებოდა გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან, თუ იგი თანახმა იქნებოდა დანიშნულიყო სხვა თანამდებობაზე. საქმის მასალებით დადასტურდა, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის სხვა თანამდებობა არ შეუთავაზებია, რითაც დაირღვა აღნიშნული ნორმის იმპერატიული მოთხოვნა. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის თანახმად კი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილი იყო, თუ იგი ეწინააღმდეგებოდა კანონს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სარჩელი ბრძანების არაკანონიერად ცნობის ნაწილში სწორად დააკმაყოფილა და ამ ნაწილში მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობდა. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან გათავისუფლებაზე გაცემული ბრძანების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში მოხელე ექვემდებარებოდა დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი უარს ამბობდა აღდგენაზე. დასტურდებოდა, რომ ის საშტატო ერთეული, რომელზეც მოსარჩელე მოვალეობას ასრულებდა, ახალი საშტატო ნუსხით გათვალისწინებული არ იყო. მოხელისათვის შესაბამისი თანამდებობის შეთავაზება და სამსახურში დანიშვნა კი სცილდებოდა სასამართლოს კომპეტენციას და წარმოადგენდა ადმინისტრაციის დისკრეციულ უფლებამოსილებას, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი ამ ნაწილში ექვემდებარებოდა ნაწილობრივ დაკმაყოფილებას, კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს უნდა დავალებოდა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გ. მ-ის სამუშაოზე დანიშვნასთან დაკავშირებით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა-შეფასების შემდეგ. ამასთან, უნდა გამორკვეულიყო, რა საშტატო ერთეულები იყო გათვალისწინებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტში და ხომ არ იყო გათვალისწინებული ახალი განრიგით მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ანალოგიური ან შესატყვისი სამსახური, რაზედაც თანახმა იქნებოდა მოსარჩელე. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურეს უფლება ჰქონდა, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიეღო შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). დასტურდებოდა, რომ საბაჟო დეპარტამენტში მუშაობის პერიოდში მოსარჩელეზე დარიცხული სახელფასო დავალიანება შეადგენდა 3100 ლარს. ამასთან, საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ აღნიშნული თანხა იყო დარიცხული ოდენობა, საიდანაც ხელზე გასაცემი ოდენობა განისაზღვრებოდა კანონის საფუძველზე განხორციელებული დაქვითვების შემდეგ. მართალია, საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაადგინა აღნიშნული თანხის მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურება, მაგრამ არ მიუთითა, რომელ მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა მისი გადახდა, რაც გადაწყვეტილების აღსრულებას გაართულებდა და რის გამოც ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა ყოფილიყო ახალი გადაწყვეტილება ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. მოსარჩელე მხარის მოთხოვნით აღნიშნული თანხის გადახდა უნდა დაკისრებოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რასაც სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა, რადგან ხელფასის მიუღებლობა განპირობებული იყო სწორედ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცემული უკანონო ბრძანებით.

შპს “..... ფოსტის” ფილიალ “...... ფოსტის” მიერ გაცემული, საქმეში არსებული ¹8 ცნობის თანახმად, გ. მ-ის მისამართზე 2004 წლის 1 აგვისტოდან გზავნილი მიღებული იქნა მხოლოდ ერთხელ, შეკვეთილი წერილი ¹209, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საბაჟო დეპარტამენტიდან, რომელიც ადრესატს ჩაბარდა 2005 წლის 21 თებერვალს. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ბრძანება ჩაბარდა 2005 წლის 21 თებერვალს, რის შემდეგ მიმართა კიდეც სარჩელით სასამართლოს კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში. საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის თანახმად, ამ მუხლით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადა აითვლებოდა კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 57-ე მუხლის თანახმად კი თუ კანონით სხვა რამ არ იყო დადგენილი, დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავდა მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე. სასარჩელო განცხადების თანახმად, მოსარჩელე საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში მუშაობდა 1995 წლიდან. იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მას რაიმე სპეციალური წოდება და თანრიგი ჰქონდა მინიჭებული, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც ნამსახურევი წლებისათვის დანამატებს ითვალისწინებდა, არ ამოქმედებულა, აქედან გამომდინარე, არ არსებობდა ხელფასზე დანამატის გაცემის სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც ამ ნაწილში სარჩელი სწორად არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 285-301).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გ. მ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლის შესახებ და მიუთითებს, რომ გ. მ-ი სამსახურიდან გათავისუფლდა 2004 წლის 2 დეკემბერს, ამ პერიოდიდან იგი აღარ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობებს და მისთვის ცნობილი იყო მისი გათავისუფლების შესახებ. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს სადავო ბრძანება უნდა გაესაჩივრებინა მაშინ, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა ამ ბრძანების გამოცემის შესახებ, ანუ როდესაც მან შეწყვიტა სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება და არა 6 თვის გასვლის შემდეგ.

გარდა ამისა, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლი და არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ადმინისტრაცია ვაკანსიების არარსებობის გამო გ. მ-ს ვერ შესთავაზებდა სხვა თანამდებობას, რადგან განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა საბაჟო გადაზიდვებზე ზედამხედველობის სამსახური და მის ნაცვლად შეიქმნა გაცილების სამმართველო, შტატების ოდენობა კი შემცირდა 77 ერთეულით, მათ შორის გაუქმდა ის თანამდებობა, რომელიც ეკავა მოსარჩელეს. სამოტივაციო ნაწილში სასამართლო ადასტურებდა რეორგანიზაციასთან დაკავშირებით შტატების შემცირების ფაქტს, თუმცა არ ითვალისწინებდა გადაწყვეტილების მიღებისას.

ამასთან, გადაწყვეტილების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, კერძოდ, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სასამართლო აღნიშნავდა, რომ რადგანაც გ. მ-ი მუშაობს საბაჟო დეპარტამენტში, ამდენად, სწორედ საბაჟო დეპარტამენტს უნდა დაევალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლა და ახალი აქტის გამოცემა, ხოლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში კი ფინანსთა სამინისტროს ავალებდა ამ აქტის გამოცემას.

სასამართლომ სამართლებრივი დასაბუთების გარეშე უცვლელად დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სადავო აქტის ბათილად ცნობის ნაწილში და დაავალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ახალი აქტის გამოცემა, მაშინ როცა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით მას თვითონვე შეეძლო მოეპოვებინა ინფორმაცია ვაკანტური თანამდებობის შესახებ და გამოეკვლია შეეძლო თუ არა ადმინისტრაციას მოსარჩელისათვის შეეთავაზებინა სხვა თანამდებობა.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებითად არის დარღვეული მისი გამოცემის პროცედურა, თუმცა კანონის არსებითი დარღვევა მხოლოდ მაშინ ჩაითვლება ადმინისტრაციული აქტის ბათილობის საფუძვლად, როდესაც ამ დარღვევების შემთხვევაში მიღებული იქნებოდა განსხვავებული გადაწყვეტილება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეთავაზების არსებობის შემთხვევაშიც კი მიღებული იქნებოდა გადაწყვეტილება გ. მ-ის შემცირებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი არამართებულად მიიჩნევდა სადავო ბრძანების ბათილად ცნობას.

რაც შეეხებოდა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების საკითხს, ეს პირდაპირ არის დარეგულირებული “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 134-ე მუხლით, რომლის თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად, ანუ “საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა (ს.ფ. 307-310).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეგებებული საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელე გ. მ-ის წარმომადგენელმა გ. მ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოსარჩელის სამსახურში აღდგენის ნაწილში და მოპასუხეებისათვის იმავე ან სხვა რეგიონალურ საბაჟოსა თუ განყოფილებაში გ. მ-ის უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე აღდგენის დავალება.

შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სადავო ბრძანების არაკანონიერად ცნობის ნაწილში, თუმცა არასწორად მიიჩნევს სასამართლოს გადაწყვეტილებას სამსახურში აღდგენის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. მისი მოსაზრებით, ბრძანების არაკანონიერად ცნობასთან ერთად უნდა მომხდარიყო გ. მ-ის სამსახურში აღდგენაც. რადგან მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობა არ არსებობდა, იგი ითხოვდა აღდგენას დაბალი რანგის თანამდებობაზე, რაც “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნიდან გამომდინარეობდა. საქმეში არსებული მტკიცებულებებით ირკვეოდა, რომ გ. მ-ის გათავისუფლების დღეს, 2004 წლის 2 აგვისტოს, საბაჟო სისტემაში მიიღეს 62 ახალი თანამშრომელი, ე.ი. იმ დროისათვის არსებობდა ვაკანტური თანამდებობები და იგი უნდა შეეთავაზებინათ გ. მ-ვის, რასაც ადგილი არ ჰქონია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი და გ. მ-ის წარმომადგენელ გ. მ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა შედეგობრივად არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა ფინანსთა სამინისტროს მის სისტემაში შემავალი საბაჟო დეპარტამენტის ნაცვლად, მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული არის გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის და არა გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

რაც შეეხება გ. მ-ის წარმომადგენელ გ. მ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარს, აღნიშნულიც ექვემდებარება დაუშვებლად ცნობას, რამდენადაც შეგებებული საკასაციო საჩივარი ორგანულადაა დაკავშირებული საკასაციო საჩივართან და საკასაციო საჩივრის დაუშვებლობის პირობებში შეგებებული საკასაციო საჩივარი ცალკე განხილველად ვერ მიიღება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ტოვებს საკასაციო საჩივარსა და შეგებებულ საკასაციო საჩივარს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი და გ. მ-ის წარმომადგენელ გ. მ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.