¹ბს-808-770(2კ-07) 27 თებერვალი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მიხეილ ჩინჩალაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები _ 1. გ. რ-ა (მოსარჩელე); 2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.05.2007 გადაწყვეტილება
დავის საგანი _ ბრძანების ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჯ. გ-მა, ა. ლ-მა, ა. მ-მა, ა. ჩ-მა, გ. რ-ამ და სხვებმა 13.04.06წ. სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 16.03.06წ. ¹556 ბრძანების გაუქმება, პირვანდელ თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენა და მოსარჩელეთათვის სახელფასო, სამივლინებო, სანივთე და სხვა სახის დავალიანებების ანაზღაურება მოითხოვეს.
მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ მუშაობდნენ სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობებზე. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 14.11.05წ. ¹313 ბრძანებით გაუქმდა სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი, შტატი ¹2/308-51,65 სამხედრო მოსამსახურის რიცხოვნობით და აღნიშნული ბრძანებით 14.11.05წ. გაუქმებული საშტატო სტრუქტურის ბაზაზე ჩამოყალიბდა სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი, შტატი ¹2/310-51,55 სამხედრო მოსამსახურის რიცხოვნობით. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 16.03.06წ. ¹556 ბრძანებით მოსარჩელეები ამოირიცხნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო. მოსარჩელეთა მოსაზრებით, აღნიშნული რეორგანიზაცია რომც მომხდარიყო, ადმინისტრაციას გათავისუფლებამდე უნდა შეეთავაზებინა მათთვის სხვა, ტოლფასი თანამდებობა, რაც არ მომხდარა, ასევე დაუშვებელი იყო მივლინებაში მყოფი პირების გათავისუფლება მათ გამოცხადებამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.07.06წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს: ჯ. გ-ს, ა. ლ-ს, ა. მ-ს, ა. ჩ-ს, მ. ტ-ს, ვ. გ-ს, მ. ბ-ეს, მ. ყ-ს, ნ. ო-ს, ი. ბ-ს, ზ. კ-ეს, ნ. ბ-ს, კ. გ-ს, პ. გ-ს, ი. მ-ეს, გ. რ-ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვათ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. რ-ამ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზღვევის დეპარტამენტის .... სამმართველოში ...... თანამდებობაზე კადრების დარგში აღდგენა, განაცდურის სრული ოდენობით ანაზღაურება და გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდის სამუშაო სტაჟში ჩათვლა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.05.2007 წლის გადაწყვეტილებით გ. რ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.07.06წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გ. რ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის ¹556 ბრძანება გ. რ-ას შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში დათხოვნის შესახებ და დაევალა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლის შემდეგ, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გ. რ-ას სამხედრო სამსახურში დასაქმების შესახებ.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ¹609 ბრძანებულების ,,სამხედრო სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების” მე-9 თავის მე-6 პუნქტის თანახმად, ოფიცრის თანამდებობიდან გადაყენება კადრების განკარგულებაში გადაყვანით არ უნდა აღემატებოდეს 4 თვეს. ამდენად, სპეციალური კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო სამხედრო მოსამსახურის უპირობო დათხოვნას. სასამართლომ მიიჩნია, რომ კადრების განკარგულებაში პირის ყოფნის ვადის დაწესება კანონმდებლის მიერ ემსახურებოდა დათხოვნილი მოსამსახურის შეიარაღებული ძალების სისტემაში შემდგომი დასაქმების საკითხის გადაწყვეტას. აღნიშნულს ადასტურებს ისიც, რომ საქართველოს პრეზიდენტის ¹ 609-ე ბრძანებულებით დამტკიცებული “სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ” დებულების მე-9 თავის მე-6 მუხლის შესაბამისად, სამხედრო სამსახურიდან დასათხოვ ოფიცერს დათხოვნის წინ ეძლევა კუთვნილი შვებულება, რის შემდეგაც იგი იგზავნება სამხედრო-საექიმო კომისიაზე სამხედრო სამსახურისათვის ვარგისიანობის დასაგენად, რაც მოსარჩელეთა მიმართ არ განხორციელებულა.
სასამართლოს მოსაზრებით, წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდებოდა ის გარემოება, რომ მოპასუხის მიერ სრულყოფილად იქნა გამოკვლეული და გამორიცხული აპელანტის სამუშაოზე უპირატესი დარჩენის უფლების არსებობა, რის გამოც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც იგი ბათილად იქნა ცნობილი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა ახალი აქტის გამოცემა. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება მისი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის მე-4 სამმართველოში უფროსი ოფიცრის თანამდებობაზე კადრების დარგში აღდგენის შესაძლებლობის შესახებ და აღნიშნული საკითხი დატოვა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადასაწყვეტად. რაც შეეხება განაცდურის ანაზღაურებას და გაცდენილი დროის წელთა ნამსახურობის სტაჟში ჩათვლას, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული მოთხოვნა მოცემულ საქმეზე დავის საგანს არ წარმოადგენდა, ხოლო სააპელაციო სასამართლოში დავის საგნის გაზრდის შეუძლებლობის გამო, სააპელაციო პალატა არ იყო უფლებამოსილი ემსჯელა აღნიშნულ საკითხზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.05.07წ. გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 26.07.07წ. და გ. რ-ამ 03.08.07წ. საკასაციო წესით გაასაჩივრეს და აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს. ამასთან, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გ. რ-თვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო გ. რ-ამ მისი სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მიუთითა, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, არასწორად განმარტა კანონი, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. სამხედრო სამსახური არის სპეციფიკური სამსახური, რომელიც რეგულირდება სპეციალური კანონებით, ამდენად გაურკვეველია, თუ რის გამო იქნა გამოყენებული სასამართლოს მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი, ამასთანავე, სასამართლოსთვის უცნობი იყო დარჩენილ საშტატო ერთეულებზე დანიშნული თანამშრომლების უპირატესი დარჩენის უფლების შესახებ. სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა საქართველოს პრეზიდენტის 26.10.98წ. ¹609 ბრძანებულების მე-9 თავის მე-6 მუხლი, ვინაიდან აღნიშნული ნორმა არ ზღუდავს ადმინისტრაციას, რომ კადრების განკარგულებაში გადაყვანილი მოსამსახურე დაითხოვოს ოთხ თვემდე ვადის გასვლამდე, გ. რ-ა კი ამ ვადის გასვლასთან დაკავშირებით იქნა გათავისუფლებული.
გ. რ-ამ საკასაციო საჩივარში მიუთითა, რომ დაზვერვის დეპარტამენტის IV სამმართველოში რეორგანიზაციის შემდეგ დარჩა .....-ის თანამდებობა. კანონმდებლობა ავალდებულებდა ადმინისტრაციულ ორგანოს მისთვის სანაცვლო თანამდებობის შეთავაზებას სამხედრო წოდებისა და თანამდებობრივი სარგოს შენარჩუნებით. აღნიშნულს ადგილი არ ქონია, რითაც მნიშვნელოვნად შეილახა მისი უფლებები. კასატორის განმარტებით, კადრების განკარგულებაში სამხედრო პირის გადაყვანის მიზანს წარმოადგენს საჭირო კადრების შერჩევა და იმ თანამდებობაზე გამწესება, რომელსაც ისინი კვალიფიკაციით შეესაბამებიან. რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ სამინისტროში არ ჩატარებულა კონკურსი, ატესტაცია რისი წარუმატებლად გავლაც, მოსარჩელის აზრით, შეიძლება გამხდარიყო მისი ახალ თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის თქმის საფუძველი. მას არ უსარგებლია კუთვნილი შვებულებით და არ ჩატარებია სამედიცინო გამოკვლევა, რაც დაადგენდა მის ვარგისიანობას ახალი თანამდებობის დასაკავებლად, რითაც დაირღვა პრეზიდენტის ¹609-ე ბრძანებულებით დამტკიცებული “სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ” დებულების მე-9 თავის მე-6 მუხლი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს თავად უნდა მიეღო გადაწყვეტილება მისი სამუშაოზე აღდგენის შესახებ. გაუგებარია, თბილისის სააპელაციო სასამართლოს უარი განაცდურის ანაზღაურებაზე იმ მოტივით, რომ სასამართლოს წარმოებაში არსებობს სხვა საქმე, სადაც დავის საგანს წარმოადგენს სამსახურის პერიოდში წარმოშობილი დავალიანების დაფარვა. კასატორი მიიჩნევს, რომ განაცდურის ანაზღაურება და გაცდენილი დროის შრომის საერთო სტაჟში ჩათვლა წარმოადგენს უკანონოდ გათავისუფლებული პირის სამსახურში აღდგენის თანამდევ შედეგს, შესაბამისად, აღნიშნული საკითხები ერთად უნდა იქნეს გადაწყვეტილი სასამართლოს მიერ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გ. რ-ას უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.05.07წ. გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, გ. რ-ას სარჩელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 16.03.06წ. ¹556 ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ მოსარჩელე გ. რ-ა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 14.11.05წ. ¹313 ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში. გ. რ-ას აღნიშნული ბრძანება არ გაუსაჩივრებია სასამართლოში, შესაბამისად, მას სადავო არ გაუხდია მისი კადრების განკარგულებაში გადაყვანა რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 16.03.06წ. ¹556 ბრძანებით კადრების განკარგულებაში მყოფი გ. რ-ა დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის “გ” ქვეპუნქტის (რეორგანიზაცია და შტატების შემცირება) საფუძველზე.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სადავო საკითხის გადაწყვეტისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ 09.11.05წ. ¹313_ე ბრძანებით 2005 წლის 14 ნოემბრიდან გაუქმდა სამხედრო დაზვერვის დეპრტამენტი, შტატი ¹...... სამხედრო მოსამსახურის რიცხოვნობით, გაუქმებული საშტატო სტრუქტურის ბაზაზე ჩამოყალიბდა სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი, შტატი ¹...... სამხედრო მოსამსახურის რიცხოვნობით. ხსენებული ბრძანება არ გასაჩივრებულა. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ რეორგანიზაცია და შტატების შემცირება წარმოადგენს არა სამხედრო მოსამსახურის სამუშაოდან გათავისუფლების უპირობო საფუძველს, არამედ მხოლოდ კადრების განკარგულებაში გადაყვანის საფუძველს, რის შემდგომაც ადმინისტრაციას ევალება 4 თვის ვადაში შესთავაზოს სამხედრო მოსამსახურეს კვალიფიკაციის გათვალისწინებით ახალი თანამდებობა. სადავო ბრძანების გამოცემის დროს მოქმედი “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის “გ” ქვეპუნქტი სამხედრო მოსამსახურის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დამოუკიდებელ საფუძვლად ითვალისწინებდა რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებას. აღნიშნული საფუძველი გათვალისწინებულია აგრეთვე პრეზიდენტის 26.10.98წ. ¹609-ე ბრძანებულებით დამტკიცებული “სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ” დებულების მე-9 თავის მე-4 მუხლით. დაუსაბუთებელია კასატორ გ. რ-ას მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციას მისი გათავისუფლება შეეძლო მხოლოდ კონკურსის ან ატესტაციის არადამაკმაყოფილებლად გავლის შემთხვევაში. “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს სამსახურიდან დაითხოვენ სამსახურებრივი შეუსაბამობის გამო. ამგვარად, რეორგანიზაცია, შტატების შემცირება და სამსახურებრივი შეუსაბამობა გათავისუფლების სხვადასხვა საფუძვლებია და ეს უკანასკნელი პირველის წინაპირობას არ წარმოადგენს.
დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ კადრების განკარგულებაში მუშაკის ოთხ თვეზე მეტი ვადით გადაყვანის დაუშვებლობა მისი სამსახურში აღდგენის საფუძველია. საქართველოს პრეზიდენტის 26.10.98წ. ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ” დებულების მე-9 თავის მე-6 პუნქტის თანახმად, ოფიცრის თანამდებობიდან გადაყენება კადრების განკარგულებაში გადაყვანით არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს. ხსენებულ ნორმაში საუბარია რეორგანიზაციასთან და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით სამხედრო სამსახურიდან დასათხოვ ოფიცერზე, რაც გამორიცხავს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ თანამდებობაზე დანიშვნის ვალდებულებას. ამდენად, კადრების განკარგულებაში მყოფი პირის სავალდებულო წესით სამსახურში დანიშვნას მითითებული დებულება არ ითვალისწინებს. აღნიშნული არ არის გათვალისწინებული აგრეთვე ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირის სამსახურში მიღება დაწესებულების ადმინისტრაციის ფართო დისკრეციულ უფლებამოსილებათა წრეს განეკუთვნება. საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 09.11.05წ. ¹313_ე ბრძანებით გაუქმდა სამხედრო დაზვერვის დეპრტამენტი, შესაბამისად დისკრეციის სფეროს განეკუთვნება არა გათავისუფლების, არამედ დანიშვნის საკითხის გადაწყვეტა, რის გამოც უსაფუძვლოა გ. რ-ას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სადავო აქტთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მითითება იმის შესახებ, რომ აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, რომლის პირობებშიც გადაწყვეტილების მიღებისას არ იქნა სრულყოფილად გამოკვლეული არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება _ გ. რ-ას სამუშაოზე უპირატესი დარჩენის უფლების არსებობა.
საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციის ვალდებულებას შეთავაზოს დასათხოვ სამხედრო პირს სანაცვლო სამსახური ადასტურებს საქართველოს პრეზიდენტის 26.10.98წ. ¹609-ე ბრძანებულებით დამტკიცებული “სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ” დებულების მე-9 თავის მე-6 პუნქტი, რომელიც მოითხოვს დასათხოვი პირისათვის შვებულების მიცემასა და საექიმო კომისიაზე გაგზავნას სამხედრო სამსახურისათვის ვარგისიანობის დასადგენად. დასათხოვი პირისათვის შვებულების მიცემის ვალდებულება ემსახურება იმას, რომ დათხოვნის წინ სამხედრო მოსამსახურემ ისარგებლოს კუთვნილი შვებულებით, კანონმდებლობით გათვალისწინებული საშვებულებო დახმარებით და სხვა შეღავათებით. დასათხოვი ოფიცრის საექიმო კომისიაზე გაგზავნა მიზნად ისახავს ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენას რათა, მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის სურვილის შემთხვევაში, ხელმძღვანელობას ჰქონდეს ინფორმაცია სამხედრო სამსახურისათვის მოსამსახურის ვარგისიანობის შესახებ. კადრებში გადაყვენილი მოსამსახურის დასაქმების საკითხის გადაწყვეტა ხელმძღვანელობის ფართო დისკრეციის სფეროს განეკუთვნება, ხელმძღვანელობას არ ეკისრება სხვა თანამდებობის შემოთავაზების ვალდებულება. რაც შეეხება სამსახურიდან დათხოვნას, აღნიშნულისათვის კანონმდებლობის მიხედვით საკმარისი საფუძველია რეორგანიზაცია და შტატების შემცირება. ამდენად, შვებულების მიცემა და საექიმო კომისიაზე გაგზავნა არ წარმოადგენს სამსახურიდან გათავისუფლების წინაპირობას, შესაბამისად მათი დაუცველობა ვერ გახდება პირის სამუშაოზე აღდგენის საფუძველი.
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის სადავო ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველად მიიჩნია მოსარჩელის შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის დროისათვის მოქმედი “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლისა და შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელისათვის სხვა თანამდებობის შეთავაზების, მისი სამუშაოზე უპირატესი დარჩენის საკითხის გამორკვევის გარეშე გამოცემა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხის გარკვევა არ წარმოადგენდა ხსენებული ბრძანების გამოცემის სავალდებულო პირობას. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც ითვალისწინებდა მოხელისათვის სხვა თანამდებობის სავალდებულო შეთავაზებას, სადავო ბრძანების გამოცემის დროისათვის, 23.13.05წ. კანონით შეტანილი ცვლილების შედეგად გაუქმდა, ამასთანავე “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის “თ” ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება სამხედრო მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. გ. რ-ას, როგორც სამხედრო მოსამსახურის მიმართ ვრცელდებოდა სამსახურიდან დათხოვნის სპეციალური კანონმდებლობის ნორმები, რაც გამორიცხავს მის მიმართ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონისა და შრომის კანონთა კოდექსის ნორმების გამოყენებას. “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონი არ ითვალისწინებს სამხედრო მოსამსახურის სამსახურში უპირატესი დარჩენის უფლებას და შტატების შემცირების შემთხვევაში შტატგარეშედ დარჩენილი მოსამსახურისათვის სხვა თანამდებობის შეთავაზების ვალდებულებას.
საკასაციო პალატა იზიარებს გ. რ-ას საკასაციო საჩივარში მოყვანილ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ იძულებითი განაცდურის გადახდა არ ხდება გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის გარეშე. მიუხედავად ამისა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს. ვინაიდან არ არსებობს სადავო აქტის _ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 16.03.06წ. ¹556 ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის საფუძველი, შესაბამისად საფუძველს მოკლებულია განაცდურის სრული ოდენობით ანაზღაურებისა და სამსახურში აღდგენამდე განვლილი პერიოდის სამუშაო სტაჟში ჩათვლის შესახებ მოთხოვნა, რის გამო გ. რ-ას მართებულად ეთქვა უარი სარჩელის ამ ნაწილის დაკმაყოფილებაზე, მით უფრო, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის საგანს წარმოადგენდა გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა და სამსახურში აღდგენა (28.07.06წ. სასამართლო სხდომაზე დაკმაყოფილდა მოსარჩელეების შუამდგომლობა და საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო და განხილულ იქნა მოსარჩელეების მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის ნაწილში, რომელიც განხილულ იქნა იმავე სხდომაზე (ი.ს. 137-138)), ხოლო სსსკ-ის 381 მუხლის თანახმად, დავის საგნის გადიდება არ დაიშვება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს გ. რ-ას მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. გ. რ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.05.07წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც გ. რ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის ¹556-ე ბრძანება და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოერბათა შესწავლის შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გ. რ-ას სამხედრო სამსახურში დასაქმების შესახებ. ამ ნაწილში საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. გ. რ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.