ბს-809-771(კ-07) 14 ნოემბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 11 აპრილის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 15 იანვარს მ. ჩ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს, მ. გ-ისა და მ. ქ-ის მიმართ აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 2002 წლის 8 ნოემბერს მ. გ-ისა და მ. ქ-გან ისესხა 4000 აშშ დოლარი 3 თვის ვადით, თვეში 8%-ის დარიცხვით. მ. ქ-მა და მ. გ-მა იგი შეიყვანეს შეცდომაში და სესხის ხელშეკრულებაში მიუთითეს 4760 აშშ დოლარი ყოველთვიური 2%-ის დარიცხვით. აგრეთვე, მოტყუებითა და ფორმის დაუცველად, იპოთეკით დაიტვირთა მისი მეუღლის კუთვნილი ბინა, მდებარე ....... IVბ მ/რ-ში, 24 კორპ. ბ. 53. სესხის კაბალური პირობების გამო, მან ვერ შეძლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, რაზედაც კრედიტორებმა მიმართეს სასამართლოს და თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 10 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. გ-ისა და მ. ქ-ის სარჩელი მოპასუხე მ. ჩ-ის მიმართ და მოპასუხეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 4760 აშშ დოლარის, მასზე დარიცხული პროცენტის _ 378 აშშ დოლარისა და მიყენებული ზიანის _ 264 აშშ დოლარის, სულ _ 5642 აშშ დოლარის გადახდა სესხის უზრუნველსაყოფად განკუთვნილი ბინის (მდებარე ქ. თბილისში, ........ მე-4 “ბ" მ/რ-ში, კორპ. 24, ბ. 53) რეალიზაციიდან ამონაგები თანხით.
მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება უკანონო იყო, თუმცა შევიდა კანონიერ ძალაში და გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზეც “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის უხეში დარღვევით განხორციელდა სააღსრულებო წარმოება, კერძოდ, უკანონოდ იქნა რეალიზებული მისი მეუღლის _ თ. ჩ-ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული ზემოაღნიშნული ბინა. იძულებითი აუქციონის ჩატარების შესახებ სასამართლო აღმასრულებელმა სათანადო წესით არ გააფრთხილა ზემოთ მითითებული ბინის მესაკუთრე თ. ჩ-ე. გაფრთხილების შემთხვევაში, თ. ჩ-ე თავიდან აიცილებდა მისი კუთვნილი ბინის იძულებით აუქციონზე გასხვისებას.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებელმა ა. ბ-ემ კრედიტორებთან _ მ. გ-თან და მ. ქ-თან არაკეთილსინდისიერი შეთანხმებით, ტენდენციურად მოახდინა თ. ჩ-ის საკუთრებაში არსებული ბინის აუქციონზე რეალიზაცია და მოპასუხე ფიზიკური პირებისათვის საკუთრებაში გადაცემა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2003 წლის 2 ოქტომბერს ჩატარებული აუქციონის შედეგების ბათილად ცნობას, ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს მიერ 2003 წლის 21 ივლისს გაცემული ¹.......... (....... ) სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე სააღსრულებო წარმოებისას განხორციელებული სააღსრულებო ბიუროს ყველა მოქმედების გაუქმებას კრედიტორებისთვის _ მ. გ-ისა და მ. ქ-თვის ქმედების და განხორციელების აკრძალვის დავალებას.
მოპასუხე ქ. თბილისის სააღსრულებო ბიურომ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ჩ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 9 თებერვლის განჩინებით მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით მესამე პირად ჩაება შ. ი-ე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით მ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მ. ჩ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2003 წლის 2 ოქტომბერს ჩატარებული აუქციონი ქ. თბილისში, .......... მე-4 “ბ" მ/რ-ში მდებარე 24-ე კორპუსის ¹53 ბინაზე.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააღსრულებო ბიურომ.
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 69-ე მუხლი, რომლის მიხედვით, სასამართლო აღმასრულებელს შეუძლია გასცეს განკარგულება იძულებითი აუქციონის შესახებ თუ მოვალე რეგისტრირებულია, როგორც უძრავი ქონების მესაკუთრე.
სააღსრულებო საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, .......... მე-4 “ბ" მ/რ-ში მდებარე ¹24 კორპუსის ¹53 ბინის მესაკუთრეს, მართალია, წარმოადგენს თ. ჩ-ე, მაგრამ სააღსრულებო წარმოებაშია თ. ჩ-ის მიერ მ. ჩ-ზე გაცემული გენერალური მინდობილობა, სადაც მითითებულია, რომ აღნიშნული მინდობილობით თ. ჩ-ემ უფლებამოსილება მიანიჭა მეუღლეს, მ. ჩ-ეს, რათა მას განეგო მეუღლის საკუთრებაში არსებული ზემოაღნიშნული ბინა გაყიდვის ან გირაოთი გადაცემის უფლებით იმ პირებისთვის, იმ ფასად და იმ პირობით, როგორც თვითონ ჩათვლიდა საჭიროდ.
კასატორის მითითებით, აღნიშნული გენერალური მინდობილობით მ. ჩ-ემ იპოთეკით დატვირთა ქ. თბილისში, ........... მე-4 “ბ" მ/რ-ში მდებარე ¹24 კორპუსის ¹53 საცხოვრებელი ბინა, ხოლო თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით მოვალე მ. ჩ-ეს დაეკისრა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდა, რაც უნდა მომხდარიყო სესხის უზრუნველსაყოფად განკუთვნილი ბინის რეალიზაციიდან ამონაგები თანხით.
რაც შეეხება იმას, თითქოს გაფრთხილება სათანადო წესით არ ჩაჰბარებია მოვალე მხარეს, კასატორის განმარტებით, მ. ჩ-ეს ჩაჰბარდა ხუთდღიანი გაფრთხილება, რაც დადასტურებულია მისი ხელმოწერით, ასევე ეცნობა პირველი აუქციონის შესახებ, რაც აგრეთვე დადასტურებულია ხელმოწერით და თავად ესწრებოდა მეორე აუქციონს, რაც გათვალისწინებულია “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 69-ე მუხლით.
“სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, კრედიტორს ან მოვალეს შეუძლია გაასაჩივროს სასამართლო აღმასრულებლის მოქმედება სასამართლოში სააღსრულებო მოქმედების განხორციელებიდან ერთი თვის ვადაში. ვადის ათვლა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა ან უნდა გამხდარიყო მისი უფლების დარღვევის შესახებ. აღნიშნული აუქციონი ჩატარდა 2003 წლის 2 ოქტომბერს, სარჩელი აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ კი წარდგენილია 2004 წლის 15 იანვარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვალის მიერ გაშვებულია ერთთვიანი ვადა, რის გამოც სარჩელი ხანდაზმულია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით თბილისის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 11 აპრილის განჩინებით მ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უვცლელად დარჩა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ჩ-ემ.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 11 აპრილის განჩინების გაუქმებასა და ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნებას.
კასატორი საკასაციო საჩივარს ძირითადად აფუძნებდა იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სასარჩელო განცხადებაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 19 სექტემბრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
მხარეებს მითითებულ ვადაში საკასაციო სასამართლოში თავიანთი მოსაზრებები არ წარმოუდგენიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს მ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. უარი ეთქვას მ. ჩ-ეს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.