საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
¹ბს-809-778(კ-08) 15 ოქტომბერი, 2008წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატი
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ვ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 აპრილის განჩინებაზე, საქმეზე _ ვ. კ-ის სარჩელისა გამო მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. კ-მა 2007 წლის 6 მარტს სარჩელით მიმარა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიმართ და მოითხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ვ. კ-ის სარჩელი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ვ. კ-მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 აპრილის განჩინებით ვ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ-ია კ-მა და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 21 ივლისის განჩინებით, ვ-ია კ-ს ხარვეზის შესავსებად, ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, დაევალა საკასაციო საჩივრისთვის სახელმწიფო ბაჟის სახით 300 (სამასი) ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 21 ივლისის განჩინებით ვ. კ-ს დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში წარმოედგინა საკასაციოO საჩივრისთვის სახელმწიფო ბაჟის სახით 300 (სამასი) ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი. მასვე განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა.
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 21 ივლისის ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება ვ. კ-სა და მის წარმომადგენელ ნ. ხ-ას საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული განჩინება ვ. კ-ის რწმუნებულს ჩაბარდა პირადად, 2008 წლის 12 სექტემბერს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდა ერთ-ერთ მათგანს. შესაბამისად, კასატორისთვის აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, დაიწყო 2008 წლის 12 სექტემბერს და ამოიწურა ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად 2008 წლის 19 სექტემბერს, რომელიც იყო სამუშაო დღე _ პარასკევი, მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის საკასაციო საჩივრის ავტორმა ხარვეზი არ შეავსო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლი ითვალისწინებს საპროცესო ვადის გასვლის შედეგებს, კერძოდ, ადგენს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ვინაიდან, ვ. კ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების წესები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის ავტორმა გაუშვა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 70-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. განუხილველად იქნეს დატოვებული ვ. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 აპრილის განჩინებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.