¹ბს-812-780(კ-08) 9 ოქტომბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე
ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 27 ნოემბერს ე. ვ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი მსახურობდა ¹10245 სამხედრო ნაწილში, ხოლო 2004 წელს დაითხოვეს საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის მიმართ დარჩენილი ჰქონდა დავალიანება, კერძოდ, ერთდროული მატერიალური დახმარება _ 91,99 ლარი, კვარტალური ფულადი ჯილდო _ 135,24 ლარი და სანივთე ქონების კომპენსაცია _ 803,30 ლარი, სულ დავალიანების თანხამ შეადგინა 1030,53 ლარი.
მოსარჩელის მტკიცებით, კუთვნილი თანხის მიღების მოთხოვნით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რომლის 2007 წლის 24 ოქტომბრის ¹9/3401 წერილიდან არ ირკვეოდა, თუ როდის აპირებდა იგი დავალიანების ანაზღაურებას. მართალია, სასარჩელო განცხადებაზე თანდართული მტკიცებულებები ცხადყოფდა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აღიარებული ჰქონდა ხელფასის სახით 1998-2000 წლებში გასაცემი 227,23 ლარისა და სანივთე ქონების კომპენსაციის სახით 2001-2003 წლებში გასაცემი 803,30 ლარის დავალიანებების არსებობა, მაგრამ ამ დავალიანებების ანაზღაურებისათვის საჭირო ღონისძიებების მისივე მხრიდან განუხორციელებლობის გამო, მოსარჩელეს არსებითი ზიანი მიადგა, რამაც ფულად გამოხატულებაში, საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, იმ დროისათვის 1200 ლარს მიაღწია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა დავალიანების დროულად აუნაზღაურებლობის გამო მიყენებული ზიანის _ 1200 ლარის, საადვოკატო მომსახურების ხარჯის _ 500 ლარისა და დავალიანების _ 1030,53 ლარის გადახდის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის დაკისრება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა ე. ვ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და მიუთითა, რომ, როგორც დადგენილი იყო, ე. ვ-ს სამსახურიდან დათხოვნისას მიუღებელი დარჩა კვარტალური ჯილდო _ 131,20 ლარი. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ხელფასის თანხა წარმოადგენდა 1998-2000 წლებში მისაღებ თანხას. ხელფასის გაცემა წარმოადგენდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, რომლის მოთხოვნაზეც ვრცელდებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, ხოლო ამ ვადის ათვლა, იმავე კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, უკიდურეს შემთხვევაში, იწყებოდა დათხოვნის დღეს, როდესაც მოსარჩელეს არ აუნაზღაურეს საბოლოო ხელფასი. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მოხელეს უფლება ჰქონდა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთი თვის განმავლობაში გაესაჩივრებინა სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე, მოქმედება. მოსარჩელე კი ითხოვდა 1998-2000 წლების კვარტალური ჯილდოსა და მატერიალური დახმარების თანხების ანაზღაურებას. “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ჯილდო და მატერიალური დახმარება იყო წელიწადში ერთხელ შესასრულებელი და ისიც არა ვალდებულება. მოსარჩელე ასევე ითხოვდა 2001-2003 წლების სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხას. სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხა, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება იყო და მასზე უნდა გავრცელებულიყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით განსაზღვრული 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა. რაც შეეხებოდა ზიანის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვერ ასაბუთებდა მისთვის მიყენებულ ზიანს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით ე. ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ე. ვ-ის სასარგებლოდ 131,20 ლარის ანაზღაურება, ხოლო სარჩელი ზიანის, საადვოკატო მომსახურების ხარჯისა და სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. ვ-ის მიმართ მოპასუხეს ერიცხებოდა დავალიანება _ კვარტალური ფულადი ჯილდო 131,20 ლარის ოდენობით, რაც დასტურდებოდა საქმეში წარმოდგენილი მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის 2007 წლის 21 იანვრის ¹82 ცნობით. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის მიმართ სანივთე ქონების კომპენსაციის სახით დავალიანება არ ერიცხებოდა, რაც დასტურდებოდა საქმეში წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 2007 წლის 24 ოქტომბრის ¹9/3399 წერილითა და მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის 2008 წლის 22 იანვრის ¹258 წერილით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენლის არგუმენტი იმის შესახებ, რომ ე. ვ-ის მიმართ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერიცხებოდა სანივთე ქონების კომპენსაციის სახით დავალიანება 803,30 ლარის ოდენობით, რამდენადაც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ცნობა არ იყო დათარიღებული და წარმოადგენდა დაუმოწმებელ ასლს, ხოლო მითითებული ცნობის დედნის წარმოდგენა მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო სასამართლოში საქმის წარმოების პროცესში.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანი იყო ნაწილობრივ, ვინაიდან “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურის სოციალური დაცვის გარანტიას იძლეოდა სახელმწიფო, რომელიც უზრუნველყოფდა მის სოციალურ დაცვას სამხედრო სამსახურის განსაკუთრებული პირობებისა და თავისებურებების გათვალისწინებით, ხოლო იმავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა სახელმწიფოს სრულ კმაყოფაზე და სამხედრო მოსამსახურეს ძირითადი ხელფასის გარდა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წლის განმავლობაში მიეცემოდა ფულადი ჯილდო და/ან მატერიალური დახმარება.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლზე, 37-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებზე და მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უნდა ანაზღაურებოდა მხოლოდ არსებული დავალიანება 131,20 ლარის ოდენობით.
საქალაქო სასამართლომ გაიზიარა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არგუმენტი იმის შესახებ, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულ მხარეს უნდა დაემტკიცებინა გარემოებანი, რომლებზეც ამყარებდა თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქალაქო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის შესაბამისად, 1200 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების თაობაზე, რამდენადაც მითითებული ნორმის მოქმედება, ამ კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, ვრცელდებოდა არსებულ შრომით ურთიერთობებზე. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე ე. ვ-ი 2004 წლის 29 სექტემბრიდან დათხოვნილი იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან.
საქალაქო სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სანივთე ქონების კომპენსაციის და საადვოკატო ხარჯის _ 500 ლარის ანაზღაურების შესახებ, რამდენადაც მოსარჩელეს არ წარმოუდგენია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სათანადო მტკიცებულებები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ _ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 აპრილის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველი დავის შემთხვევაში, აპელანტი საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სადავოდ ხდიდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ ნაწილში, რომლითაც ე. ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ე. ვ-ის სასარგებლოდ 131,20 ლარის ანაზღაურება, ხოლო გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ე. ვ-ის სარჩელი ზიანის, საადვოკატო მომსახურების ხარჯისა და სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და იმ მომენტისათვის შესული იყო კანონიერ ძალაში. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო პროცესუალურად მოკლებული იყო უფლებამოსილებას, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, შეემოწმებინა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის არდაკმაყოფილების ნაწილში.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა და მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მიუთითა მათზე და დამატებით აღნიშნა, რომ საქმის ფურცელ 96-ზე განთავსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-.... ქვეითი ბრიგადის .....-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მიერ 2007 წლის 21 აპრილს გაცემული ¹82 ცნობით დასტურდებოდა, რომ ე. ვ-ი ნამდვილად მსახურობდა ს/ნ ....-ში და მისი სახელფასო დავალიანება 1998-2000 წლებში შეადგენდა _ კვარტალურ ფულად ჯილდოს _ 131,20 ლარს, ანუ სულ დავალიანების თანხამ შეადგინა 131,20 ლარი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლზე, მე-12 მუხლის მე-2 პუნქტზე, საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებულ “სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ” დებულების მე-8 თავის მე-6 პუნქტზე, “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტზე და დადგენილად მიიჩნია, რომ ე. ვ-ი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილ ¹10245-ში სამსახურის გავლის დროს წარმოადგენდა სამხედრო მოსამსახურეს.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის “თ” ქვეპუნქტზე, 37-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებზე, ამ კანონის გარდამავალი ნორმის შემცველ 1341-ე მუხლზე (ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან გათავისუფლებისას) და მიიჩნია, რომ მოთხოვნა კვარტალური ფულადი ჯილდოს _ 131,20 ლარის ანაზღაურების ნაწილში, არ იყო ხანდაზმული.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ დავა გასაჩივრებულ ნაწილში არსებითად სწორად გადაწყვიტა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია. იმისათვის, რომ ამა თუ იმ ფინანსურ გასაცემელს მიეცეს ხელფასზე დანამატის სტატუსი და ჩაითვალოს ხელფასის შემადგენელ ელემენტად, საჭიროა, ამ ფულად გასაცემელს (ჯილდო) კანონმდებლობის მიხედვით, ჰქონდეს “დანამატის” სტატუსი. როგორც “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეოთხე პუნქტიდან ირკვევა, “დანამატის” სტატუსი მინიჭებული აქვს მხოლოდ იმ ფულად თანხებს, რომლებიც დაიანგარიშება ნამსახური წლების მიხედვით. რაც შეეხება ჯილდოს, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეორე და მესამე პუნქტებიდან გამომდინარე, მას “დანამატის” სტატუსი არ აქვს მინიჭებული. აქედან გამომდინარე, ცალსახაა, რომ ჯილდო არ წარმოადგენს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ, ხელფასში შემავალ დანამატს და იგი ხელფასისაგან დამოუკიდებელი ფულადი გასაცემელია. სასარჩელო მოთხოვნა ჯილდოს ნაწილში ხანდაზმულია, რადგან ამგვარ მოთხოვნებზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლები, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლები, რაც წარმოადგენს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით. სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული 2007 წლის 21 იანვრის ¹82 ცნობა ვალის აღიარებად, რადგან იგი არ შეიძლება ჩაითვალოს ვალის აღიარებად, ამასთან, აღნიშნული დოკუმენტი არ შეიძლება ჩაითვალოს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძვლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის მიხედვით, რადგან დასახელებული დოკუმენტით მისი გამცემი ორგანო არ აღიარებს მოსარჩელის მოთხოვნის არსებობას და მისი შეფასება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ვალდებულების აღიარების დამადასტურებელ დოკუმენტად, კანონსაწინააღმდეგოა, ვინაიდან მას საინფორმაციო ხასიათი აქვს, კერძოდ, მოსარჩელეს (განმცხადებელს) მიეცა ამ სამინისტროში დაცული საჯარო ინფორმაცია მისი მოთხოვნის შესაბამისად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 25 ივლისის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 9 ოქტომბრამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.