Facebook Twitter

¹ბს-815-777(კ-07) 9 ოქტომბერი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 4 ივნისის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2005 წლის 17 ოქტომბერს ნ. ს-ამ, მ. გ-ემ, ასევე დ. ლ-ამ სარჩელები აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის დავალდებულება 1998, 1999, 2000 წლების სახელფასო დავალიანებისა და დაწესებულების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით გათავისუფლების გამო, კომპენსაციის ანაზღაურების შესახებ (იხ. ს.ფ. 1-2, ტ.I; 2-3, ტ.II; 1-2; ტ.III).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 28 თებერვლის განჩინებით ერთ წარმოებად გაერთიანდა ადმინისტრაციული საქმეები დ. ლ-ას სარჩელის გამო საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართ, მ. გ-ის სარჩელის გამო საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართ, ნ. ს-ას სარჩელის გამო საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართ სახელფასო დავალიანებებისა და კომპენსაციის ანაზღაურების შესახებ (იხ. ს.ფ. 33-34).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით ნ. ს-ას, დ. ლ-ასა და მ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაეკისრა 1997, 1998, 1999, 2000 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურება ნ. ს-ას სასარგებლოდ _ 303,44 ლარის, დ. ლ-ას სასარგებლოდ _ 348,83 ლარის, მ. გ-ის სასარგებლოდ _ 346,44 ლარის ოდენობით და სამსახურიდან გათავისუფლების გამო 2 თვის კომპენსაციის ანაზღაურება ნ. ს-ას სასარგებლოდ _ 70,4 ლარის, დ. ლ-ას სასარგებლოდ – 72,40 ლარის, მ. გ-ის სასარგებლოდ _ 72,40 ლარის ოდენობით (იხ. ს.ფ. 70-72).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 10 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელეების სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 77-79).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 4 ივნისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 108-112).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 4 ივნისის განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 118-121).

საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 12 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 126-127).

საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრებები წარმოადგინეს დ. ლ-ამ, მ. გ-ემ, ნ. ს-ამ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

მოწინააღმდეგე მხარეების მითითებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია.

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 ნოემბრის ¹483 ბრძანების პირველი პუნქტის საფუძველზე საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის ბაზაზე შეიქმნა სსიპ საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნული სააგენტო, ხოლო ამავე ბრძანების მე-3 პუნქტის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ქონება გადაეცა საქსტანდარტს.

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 4 აგვისტოს ¹123 დადგენილებით განხორციელდა სსიპ საქსტანდარტის ლიკვიდაცია. მითითებული დადგენილების უზრუნველყოფა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ დაევალა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს. დადგენილების მე-4 პუნქტის მიხედვით, ამავე დადგენილების პირველი პუნქტი ამოქმედდა საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს დებულების ამოქმედებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 7 ოქტომბრის ¹1-1/1057 ბრძანებით დამტკიცდა სსიპ სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს დებულება. აღნიშნული ბრძანება ძალაში შევიდა 2005 წლის 19 ოქტომბრიდან. სააგენტო შეიქმნა «სტანდარტიზაციის შესახებ» კანონის საფუძველზე და თავის საქმიანობას ახორციელებს კანონის საფუძველზე დებულებით განსაზღვრული უფლებებისა და მოვალეობების ფარგლებში. სააგენტო წარმოადგენს სახელმწიფო ქონების ბაზაზე შექმნილ დაწესებულებას. ასევე, არ არსებობს რაიმე კონკრეტული ნორმატიული აქტი, რომლითაც სააგენტო შეიძლება განიხილებოდეს ლიკვიდირებული სსიპ საქსტანდარტის უფლება-მოვალეობათა მატარებლად და სამართალმემკვიდრედ. არ არსებობს ასეთი უფლებამონაცვლე და სამართალმემკვიდრე.

მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებით, მოთხოვნა სახელფასო დავალიანებისა და კომპენსაციის ანაზღაურების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს (იხ. ს.ფ. 131-134).

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.

მოსაზრების ავტორის მითითებით, საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

მოსაზრების ავტორის მითითებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს, რადგან მოსარჩელე მუშაობდა საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნულ სააგენტოში, რომლის ლიკვიდაციაც განხორციელდა საქართველოს მთავრობის 2005 წლის 4 აგვისტოს ¹123 დადგენილების შესაბამისად. აღნიშნული დადგენილების მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაევალა «საქსტანდარტის» ლიკვიდაციასთან დაკავშირებული, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება, ხოლო მე-4 პუნქტის მიხედვით, მთავრობის დადგენილების პირველი და მე-3 პუნქტების მოქმედება უნდა დაწყებულიყო სსიპ საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს დებულების ამოქმედებისთანავე. ამდენად, მოსაზრების ავტორის მითითებით, ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს და იგი უნდა შეცვლილიყო სათანადოთი, რითაც სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლი.

მოსაზრების ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 37-ე მუხლი, რადგან მითითებული ნორმა არ არეგულირებს სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე სახელფასო დავალიანების გაცემის წესს. აღნიშნული საკითხი რეგულირებულია საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით. სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად გამოიყენა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 109-ე მუხლი და არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» 2004 წლის 29 დეკემბრის კანონის მე-2 პუნქტის შესაბამისად, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 109-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების მოქმედება შეჩერდა 2006 წლის 1 იანვრამდე.

მოსაზრების ავტორმა მიიჩნია, რომ მსგავს საქმეებზე არ არსებობს სასამართლო პრაქტიკა და აღნიშნული ნორმების სწორად შეფასება მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და სწორი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის (იხ. ს.ფ. 135-136).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლოს 2005 წლის 12 სექტემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 126-127).

კასატორის _ ფინანსთა სამინისტროს მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მოსაზრებები არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ფინანსთა სამინისტროს მიერ არ იქნა სრულყოფილად რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.