Facebook Twitter

ბს-815-783(კ-08) 31 დეკემბერი, 2008წ.

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ გ. ბ.-ა (მოსარჩელე)

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გ. ბ.-მ 2007 წლის 20 სექტემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანების, მათ შორის ხელფასი _ 329,56 ლარი, ჯილდო _ 236,01 ლარი და კვების კომპენსაცია _ 475,54 ლარი, სულ _ 1142,99 ლარის ანაზღაურება.

ს.ფ.7-ზე წარმოდგენილია საქართველოს გენერალური შტაბის ცენტრალური სამხედრო კლინიკური ჰოსპიტალის უფროსისა და საფინანსო განყოფილების უფროსის მიერ 2006 წლის 31 ოქტომბერს გაცემული ¹1477 ცნობა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური სამხედრო კლინიკური ჰოსპიტალის ... განყოფილების ყოფილი თანამშრომლის გ. ბ.-ს 1998-2000 წლების კუთვნილი ხელზე გასაცემი დავალიანება შეადგენს 1142,99 ლარს; კერძოდ, ხელფასი _ 329,56 ლარი, კვების კომპენსაცია _ 474,54 ლარი; ჯილდო _ 263,01 ლარი და მატერიალური დახმარება _ 74,88 ლარი.

ს.ფ. 32-ზე წარმოდგენილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის საბიუჯეტო სამმართველოს უფროსის 2007 წლის 6 ნოემბრის ¹9/3588 პასუხი გ. ბ.-ს მიმართ, სადაც მითითებულია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტში განხილული იქნა გ. ბ.-ს მიმდინარე წლის 2 ნოემბრის ¹9-8597 წერილი. იქვე აღნიშნულია, რომ მიუღებელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება განხორციელდება ამ მიზნებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში; საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს მისი თხოვნა, მაგრამ შესაბამისი წყაროს არსებობის შემთხვევაში კვლავ დაუბრუნდება დავალიანების ანაზღაურების საკითხის განხილვას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ბ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გ. ბ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების _ 1142,99 ლარის ანაზღაურება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მარტის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატა დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ შეფასებებს ხანდაზმულობის სამწლიან ვადასთან, აგრეთვე პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების გამო მოთხოვნის უფლებასთან დაკავშირებით და დამატებით განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული სასარჩელო მოთხოვნის სამწლიანი ხანდაზმულობის ვადები შეეხება ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნებს. მოსარჩელე გ. ბ.-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის კი დადებული არ ყოფილა რაიმე სახის შრომითი ხელშეკრულება, მათ შორის ურთიერთობა რეგულირდებოდა საჯარო კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების _ ბრძანებების მეშვეობით; ამიტომ სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაზე ვერ გავრცელდებოდა სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მარტის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია იმით, რომ მოსარჩელე გ. ბ.-მ მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 1998-2000 წლების სახელფასო თანხის დაკისრება; კასატორი თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხელფასის, კვების კომპენსაციის, ჯილდოს და მატერიალური დახმარების ნაწილში ხანდაზმულია, რადგან ამგვარ მოთხოვნებზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქმეში არსებული სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ გაცემული ცნობა ვერ ჩაითვლება მოპასუხის მხრიდან ვალის აღიარებად, რადგან მასში არ არის მითითებული ჯილდოს, კვების კომპენსაციის და მატერიალური დახმარების ვალის აღიარებისა და მისი გადახდის დაპირებაზე.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლები, ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლები, კერძოდ, საქმეში არსებული ცნობები შეაფასა დავალიანების აღიარებად, რაც არაკანონიერია და განმარტა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მას მხოლოდ ინფორმაციული ხასიათი გააჩნია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მარტის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა გ. ბ.-ს სასარგებლოდ 1998-2000 წლების კვების კომპენსაციის 475,54 ლარის ანაზღაურება და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; გ. ბ.-ს სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის 475,54 ლარის დაკისრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მარტის განჩინება დანარჩენ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგი გარემოებების გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი გ. ბ.-სათვის ხელფასის, ჯილდოსა და მატერიალური დახმარების ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი გ. ბ.-სათვის კვების კომპენსაციის _475,54 ლარის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად;

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატის განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გ. ბ.-ს სასარგებლოდ კვების კომპენსაციის 475,54 ლარის დაკისრების კანონიერების საკითხის შემოწმება.

ს.ფ.7-ზე წარმოდგენილია საქართველოს გენერალური შტაბის ცენტრალური სამხედრო კლინიკური ჰოსპიტალის უფროსისა და საფინანსო განყოფილების უფროსის მიერ 2006 წლის 31 ოქტომბერს გაცემული ¹1477 ცნობა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური სამხედრო კლინიკური ჰოსპიტალის ... განყოფილების ყოფილი თანამშრომლის გ. ბ.-ს 1998-2000 წლების კუთვნილი ხელზე გასაცემი დავალიანება შეადგენს 1142,99 ლარს; კერძოდ, ხელფასი _ 329,56 ლარი, კვების კომპენსაცია _ 474,54 ლარი; ჯილდო _ 263,01 ლარი და მატერიალური დახმარება _ 74,88 ლარი.

ს.ფ. 32-ზე წარმოდგენილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის საბიუჯეტო სამმართველოს უფროსის 2007 წლის 6 ნოემბრის ¹9/3588 პასუხი გ. ბ.-ს მიმართ, სადაც მითითებულია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტში განხილული იქნა გ. ბ.-ს მიმდინარე წლის 2 ნოემბრის ¹9-8597 წერილი. იქვე აღნიშნულია, რომ მიუღებელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება განხორციელდება ამ მიზნებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში; საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს მისი თხოვნა, მაგრამ შესაბამისი წყაროს არსებობის შემთხვევაში კვლავ დაუბრუნდება დავალიანების ანაზღაურების საკითხის განხილვას.

“სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის მე-12 მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის თანახმად, შრომით გასამრჯელოს (ხელფასს) თანამდებობრივი სარგოს გარდა მიეკუთვნება აგრეთვე პრემია და ის დანამატები, რომლებიც კანონითაა გათვალისწინებული. კვების კომპენსაცია წარმოადგენს “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის 12.3 მუხლით რეგლამენტირებულ სასურსათო ულუფას. სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურის პერიოდში “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ შრომით გასამრჯელოსთან (ხელფასთან) ერთად, ღებულობს კომპენსაციას სასურსათო უზრუნველყოფის _ ულუფის სახით. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 1341 მუხლით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურება, მაგრამ იგი არ ეხება საჯარო მოსამსახურისათვის კომპენსაციის ანაზღაურებას ამ მუხლით დადგენილი წესით. საკასაციო პალატა თვლის, რომ სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის უზრუნველყოფის სახეს და ამავდროულად პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კვების კომპენსაციის ანაზღაურების ვალდებულების შესრულების მოთხოვნის მიმართ ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის II ნაწილით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ .ფ. 32-ზე წარმოდგენილ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის საბიუჯეტო სამმართველოს უფროსის 2007 წლის 6 ნოემბრის ¹9/3588 ცნობას მხოლოდ ინფორმაციული ხასიათი გააჩნია და იგი არ წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გ. ბ.-ს მიმართ კვების კომპენსაციის 475,54 ლარის ანაზღაურების ვალდებულების არსებობის აღიარებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის განჩინება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო

სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი. ეს მუხლი განსაზღვრავს პირობას, რომლის არსებობის შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს თვითონ შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, ისე, რომ არ დააბრუნოს იგი ხელახლა განსახილველად უკან. ამგვარი პირობაა საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულად და სწორად დადგენა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ და ამ ფაქტების დადგენა საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე. ეს ისეთი შემთხვევაა, როდესაც საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები დადგენილია სრულად და სწორად, ე.ი. ფაქტობრივი თვალსაზრისით საქმე მზადაა გადასაწყვეტად, მაგრამ არასწორადაა შეფარდებული (გამოყენებული) კანონი.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გ. ბ.-ს სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ 1998-2000 წლების კვების კომპენსაციის _ 475,54 ლარის დაკისრების ნაწილში ხანდაზმულია, რადგან მოსარჩელემ სასამართლოს სარჩელით მიმართა 2007 წლის სექტემბერში ე.წ. სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მარტის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა გ. ბ.-ს სასარგებლოდ 1998-2000 წლების კვების კომპენსაციის ანაზღაურება და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

3. არ დაკმაყოფილდეს გ. ბ.-ს სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის _475,54 ლარის დაკისრების ნაწილში.

4. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მარტის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გ. ბ.-ს სასარგებლოდ ხელფასის 329,56 ლარის, ჯილდოს 263,01 ლარის და მატერიალური დახმარების 74,88 ლარის, სულ_ 667,45 ლარის დაკისრების ნაწილში;

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.