¹ბს-816-778(კ-07) 10 იანვარი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე
ლალი ლაზარაშვილი
კასატორი (მოსარჩელე) _ გ. გ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 მაისის განჩინება
დავის საგანი _ ატესტაციის შედეგების გაუქმება, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 14 დეკემბერს გ. გ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელე მუშაობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში და მისი იქ მუშაობის პერიოდში არანაირი ადმინისტრაციული დარღვევა არ ჩაუდენია. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 10 ოქტომბრის ¹2-234 ბრძანებით დადგინდა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში 2005 წლის 17 ოქტომბრიდან უნდა დაწყებულიყო მოხელეთა ატესტაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით. ხსენებული ბრძანების გამოცემის შემდეგ, მოსარჩელისათვის არ იყო ცნობილი, თუ ვის მიერ, რა სახით და რა საკითხებთან დაკავშირებით უნდა ჩატარებულიყო ატესტაცია, ასევე _ საატესტაციო კომისიის შემადგენლობა და მოთხოვნები. აღნიშნულ ვითარებაში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში 2005 წლის 19 ოქტომბერს ჩატარდა ატესტაცია.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ზემოხსენებული ატესტაცია ჩატარდა უამრავი დარღვევით, კერძოდ, საატესტაციო კომისია იყო არაკომპეტენტური, უცნობი იყო საატესტაციო კომისიის წევრების კვალიფიკაცია, სტატუსი და თანამდებობა, საატესტაციო კომისიის შემადგენლობაში არ იყვნენ შეყვანილი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, ასევე სამეცნიერო ორგანიზაციების, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები. ამასთან, აღნიშნული საატესტაციო კომისია მუშაობდა კვორუმის გარეშე.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად იმავე სამინისტროს სტრუქტურას დაემატა ორი ახალი სამმართველო 10 საშტატო ერთეულით, რომლებიც დაკომპლექტდა ატესტაციის დაწყებამდე.
მოსარჩელემ ზემოაღნიშნული დარღვევების საფუძველზე ჩატარებული ატესტაცია უკანონოდ მიიჩნია და აღნიშნა, რომ დარღვეული იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების სხვა მოთხოვნებიც. ამასთან, მოსარჩელემ მიუთითა, რომ “საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ჩატარებული ატესტაციის შედეგების საფუძველზე მოხელეთა თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ გაფრთხილების თაობაზე” საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 14 ნოემბრის ¹276-კ ბრძანება ეწინააღმდეგებოდა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის მოთხოვნებს, კერძოდ, დარღვეული იყო მოსარჩელისათვის სხვა თანამდებობის შეთავაზების ვალდებულება. ამასთან, არ იქნა გათვალისწინებული მოსარჩელის სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება, ვინაიდან გ. გ-ე ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო.
ამდენად, მოსარჩელემ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 14 ნოემბრის ¹276-კ ბრძანება უკანონოდ მიიჩნია და აღნიშნა, რომ ხსენებული ბრძანება მას უშუალო და ინდივიდუალურ ზიანს აყენებდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 14 ნოემბრის ¹276-კ ბრძანების ბათილად ცნობა და ხსენებული ატესტაციის შედეგების გაუქმება მოითხოვა.
2005 წლის 30 დეკემბერს გ. გ-ემ თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა განცხადება, რომლითაც გაადიდა სასარჩელო მოთხოვნების ოდენობა და დამატებით მოითხოვა სამსახურიდან მისი გათავისუფლების შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 20 დეკემბრის ¹309-კ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასისა და დახმარების ანაზღაურება გადაწყვეტილების აღსრულების მომენტამდე.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ჩატარებული ატესტაცია ეწინააღმდეგებოდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების მოთხოვნებს. ხსენებული ატესტაციის შედეგები და შეფასებები არ შეესაბამებოდა სინამდვილეს, შეფასება არაობიექტური იყო, ატესტაციის დროს დასმული საკითხები კი არ შეესაბამებოდა კვალიფიკაციის შემოწმების კრიტერიუმებს.
მოსარჩელემ უკანონოდ მიიჩნია მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 20 დეკემბრის ¹309-კ ბრძანებაც და აღნიშნა, რომ ხსენებული ბრძანება არ შეესაბამებოდა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 98-ე მუხლის მოთხოვნებს, ვინაიდან მოპასუხემ გ. გ-ეს სამსახურიდან გათავისუფლებისას არ შესთავაზა სხვა შესაბამისი თანამდებობა, ასევე დარღვეული იყო საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 37-ე, 371-ე და 421-ე მუხლები. ამასთან, არ იქნა გათვალისწინებული მოსარჩელის სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 31 იანვრის სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სარჩელი და მოითხოვა მასთან მიმართებაში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში მოხელეთა ატესტაციის შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებით, 2005 წლის 4-6 ნოემბრის ¹3 სხდომის ოქმის გაუქმება მოსარჩელესთან მიმართებაში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 14 ნოემბრის ¹276-კ და 2005 წლის 20 დეკემბრის ¹309-კ ბრძანებების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება (ს.ფ.47).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 3 თებერვლის განჩინებით საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 14 ნოემბრის ¹276-კ ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა, იმ მოტივით, რომ აღნიშნული ბრძანება არ ზღუდავდა მოსარჩელის კანონიერ უფლებასა და ინტერესს და არ აკმაყოფილებდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-25-ე მუხლების მოთხოვნებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 9 თებერვლის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ატესტაციის ჩატარების მიზნით შექმნილი საკონკურსო-საატესტაციო კომისია ჩაება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 10 აპრილის საოქმო განჩინებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ატესტაციის ჩატარების მიზნით შექმნილი საკონკურო-საატესტაციო კომისია ამოირიცხა მოცემული საქმიდან მისი არარსებობის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოხელეთა პროფესიული ჩვევების, მათი კვალიფიკაციისა და დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის მიზნით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში ჩატარდა ატესტაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 მარტის ¹174 ბრძანებულების შესაბამისად, გამოიცა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 4 ოქტომბრის ¹2-227 ბრძანება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე. დამტკიცდა აღნიშნული კომისიის დებულება და განისაზღვრა ატესტაციის ჩატარების წესი და პირობები, ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ გამოიცა შესაბამისი ბრძანება ხსენებული სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ატესტაციის ჩატარების შესახებ. აღნიშნულ ბრძანებას გაეცნო სამინისტროს აპარატის ყველა თანამშრომელი, მათ შორის მოსარჩელეც, რომელსაც პრეტენზიები არ გამოუთქვამს საატესტაციო კომისიის მუშაობასთან, მისი წევრების კომპეტენტურობასა და კვალიფიკაციასთან დაკავშირებით. ამიტომ, მოსარჩელის მიერ არ გასაჩივრებულა არც ერთი ხსენებული ადმინისტრაციული აქტი. ამდენად, საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება შესაბამისი კომისიის წევრების არაკომპეტენტურობის თაობაზე.
საქალაქო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში დარღვეული იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების მე-10 მუხლის მე-6 პუნქტი, ვინაიდან, აღნიშნული პუნქტის თანახმად, ატესტაცია ტარდებოდა გასაუბრების ან/და წერილობითი ტესტირების ფორმით, რომლის თაობაზეც გადაწყვეტილებას იღებდა ხსენებული კომისია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში დარღვეული იყო ატესტაციის ჩატარების პირობები.
საქალაქო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა გ. გ-ან მიმართებაში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 20 დეკემბრის ¹309-კ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე და აღნიშნა, რომ სადავო ბრძანება გამოცემული იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ანუ ხსენებული ბრძანების გამოცემას წინ უძღოდა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა, რაც დასტურდებოდა საქმეში წარმოდგენილი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 10 ოქტომბრის ¹2-234 ბრძანებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში მოხელეთა ატესტაციის ჩატარების შესახებ აპარატის მოხელეთა გაფრთხილების თაობაზე, ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2005 წლის 4-6 ნოემბრის ¹3 სხდომის ოქმით. ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, ხსენებული ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზეც, რომ გ. გ-ეს, როგორც ოჯახის ერთადერთ მარჩენალს, ჰქონდა სამსახურში დარჩენის უპირატესი უფლება, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება მოცემული საქმის განხილვისას არ იქნა წარმოდგენილი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. გ-ის სარჩელი უსაფუძვლო იყო და მის მიერ სადავოდ გამხდარი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 20 დეკემბრის ¹309-კ ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მსჯელობა მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენასა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ მოთხოვნაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება გ. გ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა ხსენებული გადაწყვეტილების, აგრეთვე, სასამართლო განხილვის დროს მიღებული ყველა განჩინებისა და დადგენილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
მოგვიანებით, აპელანტმა დააზუსტა სააპელაციო საჩივარი და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებისა და 2006 წლის 3 თებერვლის განჩინების გაუქმება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 მაისის განჩინებით გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება და 2006 წლის 3 თებერვლის ზემოაღნიშნული განჩინება.
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტის საფუძველზე გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები მოცემული საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ჩატარებული ატესტაციის შედეგების საფუძველზე მოხელეთა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გაფრთხილების თაობაზე" საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 14 ნოემბრის ¹276-კ ბრძანების თანახმად, იმავე სამინისტროს თანამშრომლები გაფრთხილებული იქნენ გათავისუფლების შესახებ, მათ შორის, კანცელარიის თანამშრომელი გ. გ-ეც. ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ჩატარებული ატესტაციის შედეგების საფუძველზე მოხელეთა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ" საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2005 წლის 20 დეკემბრის ¹309-კ ბრძანების თანახმად, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 98-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ჩატარებული ატესტაციის შედეგების გამო, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნენ თანამშრომლები, მათ შორის _ კანცელარიის თანამშრომელი გ. გ-ე.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 14 ნოემბრის ¹276-კ და 2005 წლის 20 დეკემბრის ¹309-კ ბრძანებები წარმოადგენდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლებოდა აღძრულიყო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. ამ მუხლის მე-2 ნაწილით კი, თუ კანონით სხვა რამ არ იყო დადგენილი, სარჩელი დასაშვები იყო, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდა მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავდა მის უფლებას, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, სარჩელი სასამართლოს წარედგინებოდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ნორმატიული აქტის შემთხვევაში კი _ უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანამად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილი იყო, თუ იგი ეწინააღმდეგებოდა კანონს ან არსებითად დარღვეული იყო მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამ მუხლის მე-2 ნაწილით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლებოდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო განჩინებით შეწყვეტდა საქმის წარმოებას, თუ იგი არ აკმაყოფილებდა ამ კოდექსის 22-25-ე მუხლებით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს. სასამართლო აღნიშნული საფუძვლით წყვეტდა საქმის წარმოებას პროცესის ნებისმიერ სტადიაზე. ამ მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ საჩივრდებოდა კერძო საჩივრით ზემდგომ სასამართლოში. იმავე კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გასაჩივრების ვადის დინება დაიწყებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლო აქტით განემარტებოდა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლებოდა გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი. ხსენებული მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ მხარეს არ ეცნობებოდა გასაჩივრების უფლების შესახებ ან ეცნობებოდა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული რომელიმე მოთხოვნის დარღვევით, მაშინ გასაჩივრება შეიძლებოდა სასამართლო აქტის გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შეემოწმებინა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 3 თებერვლის განჩინება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 14 ნოემბრის ¹276-კ ბრძანების დაუშვებლად მიჩნევისა და ამ ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, იმის მიუხედავად, რომ აღნიშნულ განჩინებაზე დასაშვები იყო კერძო საჩივრის შეტანა.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშვნით, ის გარემოება, რომ პროცესის მონაწილე პირს სასამართლო აქტით არ განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლებოდა გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, არ წარმოადგენდა საპროცესო ნორმის ისეთ დარღვევას, რომლის შედეგადაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნებოდა გამოტანილი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 3 თებერვლის განჩინების გაუქმების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 14 ნოემბრის ¹276-კ ბრძანების დაუშვებლად მიჩნევისა და საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება იმისა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (აქტის ნაწილი) პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანი მიადგა მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ შეიზღუდა მისი უფლება.
სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 14 ნოემბრის ¹276-კ ბრძანების მოქმედება შეჩერდა სასამართლოში სარჩელის შეტანით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლება არ ჰქონდა, შეჩერებული ბრძანება საფუძვლად დაედო სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანებისათვის.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-22 პუნქტის თანახმად, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ადმინისტრაციული აქტის თაობაზე პირის მიერ სარჩელის წარდგენა არ იწვევდა სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას. იმავე კანონის 98-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით კი, მოხელე შეიძლებოდა გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო, ატესტაციის შედეგების საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზეც, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლებისას არ იქნა გათვალისწინებული საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლით განსაზღვრული სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება, ვინაიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 98-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც მოხდა დაკავებული თანამდებობიდან მოსარჩელის გათავისუფლება, სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლების გათვალისწინების ვალდებულებას არ ადგენდა და ასეთ შემთხვევაში განმსაზღვრელი იყო ატესტაციის შედეგების საფუძველზე დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენა (განათლების, შრომითი გამოცდილების, ფუნქციური მოვალეობის, კომპიუტერული პროგრამების ფლობის, უნარ-ჩვევებისა და სხვა მახასიათებლების გათვალისწინებით).
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შესაბამისი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ სხდომაზე გაკეთებული დასკვნა თავისთავად არ წარმოშობდა რაიმე სამართლებრივ შედეგს, არამედ იგი ატარებდა სარეკომენდაციო ხასიათს და სავალდებულო ძალას იძენდა მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევაში საამისოდ უფლებამოსილი პირისათვის _ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრისათვის სათანადო რეკომენდაციის სახით წარდგენის შემდეგ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში. ამასთან, იმავე კომისიის რეკომენდაცია არ ზღუდავდა ადმინისტრაციული ორგანოს (ხელმძღვანელის) დისკრეციულ უფლებამოსილებას, მიეღო გადაწყვეტილება ატესტაციაგავლილი მოხელის დაკავებულ თანამდებობაზე დატოვების, დაწინაურების, ჩამოქვეითების ან გათავისუფლების შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 მაისის განჩინება გ. გ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 14 ნოემბრის ¹276-კ ბრძანების დაუშვებლად მიჩნევასა და ამ ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტას, იმ მოტივით, რომ აღნიშნული ბრძანებით არ ილახება მისი უფლებები. კასატორი აღნიშნავს, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 20 დეკემბრის ¹309-კ ბრძანების ერთ-ერთი საფუძველი იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 14 ნოემბრის ¹276-კ ბრძანება და მისი ბათილად ცნობა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 20 დეკემბრის ¹309-კ ბრძანების ბათილად ცნობის წინაპირობას წარმოადგენდა.
კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში მოხელეთა ატესტაციის შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებით 2005 წლის 4-6 ნოემბრის ¹3 სხდომის ოქმი და ამ ოქმით მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების მე-10 მუხლის მე-9 პუნქტს, რომლის თანახმად, კომისია ვალდებულია, მოტივირებული დასაბუთებით მოამზადოს დასკვნა, რომელიც ფორმდება სხდომის ოქმით და ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული სხდომის ოქმში არსად არ არის მითითებული, რომ გ. გ-ემ მისთვის დასმულ კითხვებზე ვერ გასცა სათანადო პასუხები, ანუ ხსენებულ ოქმს არ გააჩნია მოტივირებული დასაბუთება, რის გამოც იგი ეწინააღმდეგება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულებას, რაც ხსენებული ოქმის უკანონოდ ცნობის საფუძველს წარმოადგენს. აღნიშნული დარღვევების მიუხედავად, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლს 14 ნოემბრის ¹276-კ ბრძანებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ჩატარებული ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გაფრთხილებული იქნენ თანამშრომლები, მათ შორის გ. გ-ე.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 14 ნოემბრის@¹276-კ ბრძანება გამოცემულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების მე-10 მუხლის პირველი და მე-9 პუნქტების დარღვევით. ამასთან, დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამასთან, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 14 ნოემბრის@¹276-კ ბრძანებას საფუძვლად დაედო ისეთი გარემოებები და ფაქტები, რომლებიც კანონით (შესაბამისი დებულებით) დადგენილი წესით არ ყოფილა გამოკვლეული საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, ასევე არ ყოფილა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რადგან ატესტაციის დროს არ მომხდარა მოხელეთა უნარ-ჩვევების შემოწმება, რის გამოც ხსენებული ბრძანება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი.
კასატორი მიუთითებს, რომ კანონის დარღვევით მიღებული საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 14 ნოემბრის ¹276-კ ბრძანება კასატორს აყენებს უშუალო და პირდაპირ ზიანს, ვინაიდან ხსენებული ბრძანებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, დაკავებული თანამდებობიდან კასატორის გათავისუფლებისა და აღნიშნულზე მისი გაფრთხილების თაობაზე. ამდენად, კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გ. გ-ემ ვერ წარადგინა მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ზემოხსენებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (აქტის ნაწილი) პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანი მიადგა მის კანონიერ უფლებებსა და ინტერესს და უკანონოდ შეიზღუდა მისი უფლება.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლებიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 96-ე მუხლი, აგრეთვე, შესაბამისი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების მე-10 მუხლის პირველი და მე-9 პუნქტები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა. ამასთან, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც სახეზეა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი, ხსენებული განჩინება უნდა გაუქმდეს და დასაშვებად იქნეს ცნობილი მისი სარჩელის ნაწილი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 14 ნოემბრის ¹276-კ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე.
კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 14 ნოემბრის ¹276-კ ბრძანების მოქმედება სარჩელის შეტანით შეჩერებული არ იყო, ვინაიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-22 პუნქტის თანახმად, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ადმინისტრაციული აქტის თაობაზე პირის სარჩელის წარდგენა არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას.
კასატორი მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 14 ნოემბრის ¹276-კ ბრძანება დაუშვებელი იქნებოდა იმ მოტივით, რომ ხსენებული აქტით არ ილახება გ. გ-ის უფლებები, ვინაიდან იგი წარმოადგენს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გაფრთხილების და არა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ადმინისტრაციულ აქტს, მაშინ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი და მე-22 პუნქტები, რადგან აღნიშნული მუხლი ეხება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გაფრთხილების და არა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ადმინისტრაციულ აქტს. ამდენად, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 14 ნოემბრის ¹276-კ ბრძანება მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულ იქნა სარჩელის შეტანის გზით კანონით დადგენილ ვადაში. ამასთან, სარჩელის შეტანით აღნიშნული ბრძანების მოქმედება შეჩერდა, ვინაიდან იგი არ წარმოადგენდა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ადმინისტრაციულ აქტს და მის მიმართ არ მოქმედებდა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-22 პუნქტის მოთხოვნები.
ამდენად, კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 20 დეკემბრის ¹309-კ ბრძანებას მისი სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე საფუძვლად დაედო სარჩელის შეტანის გზით შეჩერებული საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 14 ნოემბრის ¹276-კ ბრძანება, რაც კანონის დარღვევას წარმოადგენს.
კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-22 პუნქტი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა.
კასატორის განმარტებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 20 დეკემბრის ¹309-კ ბრძანება გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32-ე, 34-ე მუხლების, 53-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ხსენებული ბრძანება იმავე კოდექსის მე-601 მუხლის საფუძველზე, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, 32-ე, 34-ე მუხლები, 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 98-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების მე-10 მუხლის პირველი და მე-9 პუნქტები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა, ამასთან, არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ გ. გ-ის სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა პროფკავშირული ორგანიზაციის თანხმობის გარეშე.
კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტები, რომლებიც ეხებოდა ატესტაციის ჩატარებას, კომისიის წევრებს, ატესტაციის ჩატარების წესსა და პირობებს, მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია და იმ ეტაპზე საატესტაციო კომისიის წევრების კომპეტენტურობასა და კვალიფიკაციაზე საუბარი შეუძლებელი იყო.
კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რის გამოც მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი განჩინება, ამასთან, არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები. საქმეში არ იყო წარმოდგენილი ზემოხსენებული კომისიის მიერ მოსარჩელესთან გასაუბრების ამსახველი ოქმი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა იმის დადგენა, თუ რა სახის კითხვები დაუსვეს გ. გ-ეს და რა პასუხები გასცა მან მისთვის დასმულ კითხვებზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 14 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. გ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 14 სექტემბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 14 ნოემბრამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 14 ნოემბრის განჩინებით გ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დადგინდა 2008 წლის 10 იანვარს, მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 მაისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის მიხედვით, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იგი არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული.
დადგენილია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 4 ოქტომბრის ¹2-227 ბრძანებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო დებულების დამტკიცების შესახებ, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონისა და “საკონკურსო-საატესტაციო კომისიების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 მარტის ¹174 ბრძანებულების თანახმად დამტკიცდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება (ს.ფ.23-27); საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 10 ოქტომბრის ¹2-234 ბრძანებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში მოხელეთა ატესტაციის ჩატარების შესახებ, “საჯარო სასამხურის შესახებ” საქართველოს კანონის 82-ე და 83-ე მუხლების და საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 აგვისტოს ¹145 დადგენილების თანახმად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში 2005 წლის 17 ოქტომბრიდან დაიწყო მოხელეთა ატესტაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით (ს.ფ.33).
საკასაციო სასამართლოს ასევე დადგენილად მიაჩნია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 4 ოქტომბრის ¹276-კ ბრძანებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ჩატარებული ატესტაციის შედეგების საფუძველზე მოხელეთა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გაფრთხილების თაობაზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ჩატარებული ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გაფრთხილებულ იქნენ თანამშრომლები, მათ შორის, კანცელარიის სპეციალისტი გ. გ-ე (ს.ფ.28-32); საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 20 დეკემბრის ¹309-კ ბრძანებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ჩატარებული ატესტაციის შედეგების საფუძველზე მოხელეთა თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 98-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ჩატარებული ატესტაციის შედეგების გამო, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდნენ თანამშრომლები, მათ შორის, კანცელარიის სპეციალისტი გ. გ-ე (ს.ფ.18-22).
დადგენილია, რომ გ. გ-ემ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 31 იანვრის განმწესრიგებელ სხდომაზე საბოლოოდ დააზუსტა თავისი სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მასთან მიმართებაში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში მოხელეთა ატესტაციის შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებით, 2005 წლის 4-6 ნოემბრის ¹3 სხდომის ოქმის გაუქმება, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 14 ნოემბრის ¹276-კ და 2005 წლის 20 დეკემბრის ¹309-კ ბრძანებების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება (ს.ფ.47).
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ სხდომაზე გაკეთებული დასკვნა თავისთავად არ წარმოშობდა რაიმე სამართლებრივ შედეგს, არამედ იგი ატარებდა სარეკომენდაციო ხასიათს. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება არის მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის სავალდებულო კომპონენტი. კომისიის გადაწყვეტილება არის იურიდიული ფაქტი, რომელსაც ეფუძნება ადმინისტრაცია გადაწყვეტილების მიღებისას. მიუხედავად იმისა, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისია წარმოადგენს მინისტრის ბრძანების საფუძველზე დამტკიცებულ ე.წ. შიდა ქვედანაყოფს, მას უდავოდ გააჩნია კანონმდებლობით განსაზღვრული გარკვეული უფლებამოსილება. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ, ამ შემთხვევაში, ადგილი აქვს უფლებამოსილებათა ერთგვარ გამიჯვნას, კერძოდ, საკონკურსო-საატესტაციო კომისია უფლებამოსილია, გამოიტანოს სავალდებულო გადაწყვეტილება, მაგრამ მოკლებულია შესაძლებლობას, აღასრულოს იგი. შესაბამისად, ორგანიზაციის ხელმძღვანელი (მინისტრი) უფლებამოსილია, აღასრულოს გადაწვეტილება, მაგრამ არ არის უფლებამოსილი, გამოიტანოს გადაწყვეტილება კონკრეტული კანდიდატის ატესტირების შედეგების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთება იმის შესახებ, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2005 წლის 4-6 ნოემბრის სხდომის ოქმით არ არსებობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2005 წლის 4-6 ნოემბრის ¹3 შემაჯამებელ სხდომის ოქმს, რომლითაც მოსარჩელის მიმართ მიღებულ იქნა შემდეგი დასკვნა: “არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და უნდა გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან”, მოჰყვა სამართლებრივი შედეგი _ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 20 დეკემბრის ¹309-კ ბრძანებით, ხსენებულ დასკვნაზე დაყრდნობით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.
საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 მარტის ¹174 ბრძანებულებისა და “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 4 ოქტომბრის ¹2-227 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების მე-6 მუხლით დადგინდა, რომ კომისიის სხდომაზე უნდა გაფორმებულიყო ოქმი. ატესტაციის მიმდინარეობის ერთ-ერთი პროცედურა იყო მოხელეებთან გასაუბრება. აღნიშნული განხორციელებული უნდა ყოფილიყო კომისიის სხდომაზე, რაც აისახებოდა შესაბამის ოქმში და ხელმოწერილი იქნებოდა თავმჯდომარისა და დამსწრე კომისიის წევრების მიერ. მოპასუხემ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე წარმოადგინა 2005 წლის 4-6 ნოემბრის ¹3 ოქმი, რომელიც იყო არასრულყოფილი და არ ასახავდა გასაუბრების მიმდინარეობას, არსებით მომენტებს, სხდომის დაწყებასა და დამთავრებას, დამსწრე პირების შეკითხვებს, პასუხებს, შენიშვნებს, რითაც შეუძლებელი გახდა დავის საგნის დადგენა, იმის გარკვევა, თუ რამდენად მოხდა გასაუბრების დროს ატესტაციის მიზნის – მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობისა და პირადული თვისებების დაკავებული თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება.
დადგენილია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 4 ოქტომბრის ¹2-227 ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების” მე-10 მუხლის მე-9 პუნქტით განისაზღვრა კომისიის ვალდებულება, მოტივირებული დასაბუთებით მოემზადებინა დასკვნა თითოეული მოხელის მიმართ, რაც უნდა გაფორმებულიყო სხდომის ოქმის სახით. მოპასუხემ სასამართლოს წარუდგინა საბოლოო დასკვნა მოსარჩელის დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის თაობაზე, ხოლო, რაც შეეხება დებულებით იმპერატიულად განსაზღვრულ კომისიის ვალდებულებას, დასკვნას მოტივირებული დასაბუთების თაობაზე, კომისიის მიერ იგი არ იქნა შესრულებული და შესაბამისად, მოპასუხის მიერ სასამართლოში ვერ იქნა წარდგენილი.
აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2005 წლის 4-6 ნოემბრის ¹3 შემაჯამებელ სხდომის ოქმში არ ასახულა დასაბუთებული დასკვნა მოხელის მიმართ.
საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს კასატორის მსჯელობას მოხელეთა ატესტაციის პროცედურის კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით ჩატარების თაობაზე და აღნიშნავს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 81-ე მუხლის საფუძველზე, მოხელის ატესტაცია არის მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობისა და პირადი თვისებების დაკავებულ (ან დასაკავებელ) თანამდებობასთან წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება. ამდენად, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შექმნის ძირითად მიზანს წარმოადგენს იმ გარემოების დადგენა, რამდენად შეესაბამება ესა თუ ის პირი დაკავებულ თანამდებობას, რა შემთხვევაშიც არსებითი მნიშვნელობა ენიჭება პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასებას.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოხელის შეფასება წარმოადგენს კომისიის დისკრეციას, მაგრამ აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ მოხელე მოკლებულია უფლებას, მოითხოვოს მის მიერ გაცემული პასუხებისადმი შეფასების ობიექტური კრიტერიუმის გამოყენება. ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების” მე-12 მუხლის შესაბამისად, დავა, რომელიც წარმოიშობა ატესტაციის შედეგების გამო, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის განმარტებით, გასაუბრების დროს არ ხდებოდა სტენოგრამის წარმოება, ანუ არ მომხდარა თითოეული შეკითხვისა და მასზედ გაცემული პასუხის სიტყვასიტყვითი ჩაწერა და შემდგომ ასახვა ოქმში, ასეთი სტენოგრამის წარმოების ვალდებულება საკონკურსო-საატესტაციო კომისიას მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულებით არ ჰქონდა (ს.ფ.212). იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილი არ იქნა არც ერთი დოკუმენტი, რომელიც ასახავს გასაუბრების მიმდინარეობას, დასმულ შეკითხვებსა და მათზე გაცემულ პასუხებს, გაუგებარი ხდება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის კონტროლის რა მექანიზმი რჩება თუნდაც იმავე ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, რომლის გამოყენების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს დებულების ზემოაღნიშნული მუხლი და რაც, თავის მხრივ, ართმევს სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებისა და იმის დადგენის შესაძლებლობას, მოხელის შეფასებისას იყო თუ არა განმსაზღვრელი მოხელის პროფესიონალიზმი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ვალდებული იყო, ემტკიცებინა აქტის შესაბამისობა კანონთან, რაც ვერ შეძლო და ვერ წარადგინა სასამართლოში მტკიცებულებები, თუ როგორი წესით ან რის საფუძველზე ხდებოდა მოსარჩელეთა მენეჯერული უნარ-ჩვევების, წერითი კომუნიკაციის უნარის, ანალიზის უნარის, ან პერსპექტივისა და განათლების მიღების შეფასება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მხრიდან დარღვეულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-10 მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნები. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ოქმები შედგენილია მითითებული ნორმების უგულებელყოფით. საქმეში წარმოდგენილია აპარატის მოხელეებთან წარმოებული გასაუბრების ოქმები (ს.ფ.199), რომელშიც ასახული არ არის გასაუბრების პროცედურა, ოქმს ხელს აწერს მხოლოდ კომისიის მდივანი. ოქმი შეიცავს ზოგად მითითებას იმის თაობაზე, რომ გასაუბრების შედეგად მიღებული მონაცემები განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომას. საქმეში დაცული სხდომის ოქმების ანალიზი საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს, გააკეთოს დასკვნა იმის შესახებ, რომ გაურკვეველია, სად ჰპოვა ასახვა საბოლოო მონაცემებმა, შეფასების პროცესში რა კრიტერიუმებს ეფუძნებოდა კომისია და რას დაეყრდნო იგი გადაწყვეტილების მიღებისას. აღნიშნული გარემოებანი საკასაციო სასამართლოს აძლევს იმის მტკიცების საფუძველს, რომ საკითხის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომაზე განხილვა ატარებდა ფორმალურ ხასიათს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, ოქმის წარმოების პროცედურა მკვეთრად გაწერილი არ არის დებულებით, მაგრამ ოქმის დანიშნულებას და მისი წარმოების სამართლებრივ მიზანს წარმოადგენს სხდომის მსვლელობის აღწერა და იმ ფაქტების დეტალიზაცია, რასაც ადგილი ჰქონდა სხდომაზე. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილია მშრალი, არაინფორმაციული ხასიათის ოქმები, რომლებიც არ იძლევა სხდომის პროცესის ანალიზის შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო განმეორებით მიუთითებს რა კომისიის სრულ უფლებამოსილებაზე, დამოუკიდებლად განსაზღვროს მოხელის შესაბამისობა დაკავებულ თანამდებობასთან, იმავდროულად, არსებითად მიიჩნევს მოხელისათვის უზრუნველყოფილი და იმთავითვე ცნობილი იყოს გასაუბრების თემატიკა და შეფასების კონკრეტული საფუძველი, რომელთა არარსებობაც სასამართლოს მხრიდან მიჩნეულ უნდა იქნეს მოხელეთა უფლებების უხეშ დარღვევად. გასაუბრების პროცედურის დებულების მოთხოვნათა დარღვევით ჩატარების ფაქტი საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დაადასტუროს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 20 დეკემბრის ¹309-კ ბრძანების კანონიერების შეფასების ნაწილში კასატორის პოზიცია და მიიჩნევს, რომ ბრძანება მიღებულია არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე, რაც სასამართლოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის საფუძველზე აძლევს მოთხოვნის ნაწილში ბრძანების ბათილად გამოცხადების კანონისმიერ საფუძველს.
რაც შეეხება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 20 დეკემბრის ¹309-კ ბრძანების ბათილად ცნობას, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თვით გასაჩივრებული ბრძანების შინაარსიდან ირკვევა, რომ მისი გამოცემის საფუძველი გახდა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნა მოხელის მიმართ. რაიმე სხვა გარემოება ხსენებული ბრძანების გამოცემას საფუძვლად არ დასდებია. ცალკე სოფლის მეურნეობის მინისტრს, ხსენებული ბრძანების გამოცემამდე არც ადმინისტრაციული წარმოება უწარმოებია (ასეთი საქმეში წარმოდგენილი არ არის), შესაბამისად, არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს სასამართლომ გაიმეოროს ყველა ის მოსაზრება მინისტრის ბრძანების მიმართ, რაც უკვე გამოთქვა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2005 წლის 4-6 ნოემბრის ¹3 შემაჯამებელი სხდომის ოქმის მიმართ. ეს უკანასკნელი იყო დაუსაბუთებელი და გამოცემული საქმის გარემოებათა ყოველმხრივი შესწავლის გარეშე, შესაბამისად იგივე ითქმის საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 20 დეკემბრის ¹309 ბრძანებაზეც, რომელიც, თავის მხრივ, სრულად ეყრდნობა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნებს.
გასაუბრების პროცედურის დებულების მოთხოვნათა დარღვევით ჩატარების ფაქტის ანალიზის საფუძველზე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრძანება მიღებულია არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე, რაც სასამართლოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის საფუძველზე აძლევს მოთხოვნის ნაწილში ბრძანების ბათილად გამოცხადების კანონისმიერ საფუძველს.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 14 ნოემბრის ¹276-კ ბრძანებით არ შელახულა მოსარჩელის ინტერესები. საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, გააუქმოს დასახელებული ბრძანება, რადგან მას საფუძვლად უდევს დაუსაბუთებელი და საქმის გარემოებათა ყოველმხრივი შესწავლის გარეშე გამოცემული საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნა მოხელის მიმართ. აღნიშნული გარემოება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 14 ნოემბრის ¹276-კ ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველია.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბრძანება მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სასამართლოს მიერ იქნა ცნობილი ბათილად და შესაბამისად, არ არსებობს ხელფასის გაუცემლობის საფუძველი. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო. შესაბამისად, გ. გ-ეს, როგორც სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ მოხელეს, უნდა აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური შტატით გათვალისწინებული ხელფასის ოდენობით. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას სამუშაოზე აღდგენის შესახებ, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა სცილდება სასამართლოს უწყებრივ კომპეტენციას, რადგან იგი ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. დასახელებულ შემთხვევაში, გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი და სადავო საკითხის, გ. გ-ის სამუშაოზე აღდგენის შესახებ, გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 20 დეკემბრის ¹309-კ ბრძანება მოსარჩელესთან მიმართებაში და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების მოთხოვნათა შესაბამისად, დაევალოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის მიმართ, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მიღებიდან ერთი თვის ვადაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. გ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 მაისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. გ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის 2005 წლის 4-6 ნოემბრის ¹3 ოქმი მოსარჩელის მიმართ;
5. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 14 ნოემბრის ¹276-კ ბრძანება _ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ჩატარებული ატესტაციის შედეგების საფუძველზე მოხელეთა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გაფრთხილების თაობაზე მოსარჩელის მიმართ;
6. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 20 დეკემბრის ¹309-კ ბრძანება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ჩატარებული ატესტაციის შედეგების საფუძველზე მოხელეთა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მოსარჩელის მიმართ;
7. დაევალოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების მოთხოვნათა შესაბამისად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის მიმართ, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მიღებიდან ერთი თვის ვადაში;
8. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს განაცდური ხელფასის ანაზღაურება სამსახურიდან გათავისუფლებიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.