¹ბს-81-76(კ-07) 18 ოქტომბერი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა
კასატორი (მოსარჩელე) _ ი. ი-ი, წარმომადგენელი ზ. თ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიცია, წარმომადგენელი მ. კ-ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი _ ერთჯერადი კომპენსაციის გაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 13 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა ი. ი-მა მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის (ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიცია) მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის სამხედრო სამსახურის პერიოდში სამი წლის განმავლობაში მიუღებელი სამხედრო ფორმის ფულადი კომპენსაციის _ წელიწადში 857.81 ლარის სამმაგი ოდენობით, 2003 წლის დეკემბრის თვის ფულადი სარგოს _ 116.49 ლარის, 2004 წლის დეკემბრის თვის ფულადი დანამატისა (სპეციფიური დანამატი) და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნისათვის გათვალისწინებული გასასვლელი დახმარების თანხის _ უკანასკნელი ხელფასის რვამაგი ოდენობით დაკისრება.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის 1994 წლის 30 სექტემბრის ¹121 ბრძანებით დაინიშნა .... სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, საიდანაც გათავისუფლდა 2005 წლის 13 სექტემბერს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის ¹715 ბრძანების საფუძველზე და ჩაირიცხა სამხედრო ძალების რეზერვში. სამსახურიდან დათხოვნის დროისათვის სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტს მის მიმართ გააჩნდა სახელფასო, ფორმის ტანსაცმლის, ფულადი დანამატისა და გასასვლელი თანხის დავალიანებები. დავალიანების ანაზღაურების შესახებ მან არაერთხელ მიმართა სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტს, მაგრამ მის მიმართვებს შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია (ს.ფ. 1-2).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით ი. ი-ის სარჩელი ნაწილობრივ დამაყოფილდა: შსს საზღვრის დაცვის დეპარტამენტს დაეკისრა ი. ი-ის სასარგებლოდ სამხედრო სამსახურის პერიოდში მიუღებელი სამხედრო ფორმის ფულადი კომპენსაციის _ 857.81 ლარისა და 2003 წლის დეკემბრის თვის ფულადი სარგოს _ 116.85 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ი-ი 1994 წლის 30 სექტემბრიდან მსახურობდა სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის .... სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, საიდანაც 2005 წლის 13 სექტემბერს დათხოვნილ იქნა და ჩაირიცხა სამხედრო ძალების რეზერვში. სამსახურიდან დათხოვნის შემდგომ მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა დეპარტამენტს დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით. მოსარჩელის მიმართვებს მოპასუხის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, «საქართველოს შსს საქვეუწყებო დაწესებულება _ სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 2 მარტის ¹124 ბრძანებულების მე-4 პუნქტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეებს სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევათ ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. მოპასუხის მიერ საფინანსო-სამეურნეო სამმართველოდან წარმოდგენილი ცნობით დასტურდებოდა, რომ არ ყოფილა დადგენილი სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხები და მათი განსაზღვრა შეუძლებელი იყო. ამასთან, ამავე მტკიცებულებით ირკვეოდა, რომ გასაცემი სანივთე ქონების კომპენსაცია შეადგენდა 857.81 ლარს. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ მას უნდა მისცემოდა სამი წლის კომპენსაციის სახით სამჯერ 857.81 ლარი და აღნიშნა, რომ საფინანსო-სამეურნეო სამმართველოს მიერ გაცემული ცნობით დადგენილი სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხა შეადგენდა 857.81 ლარს, რაიმე მტკიცებულება ან რაიმე არგუმენტი იმის თაობაზე, რომ წინა ორი წლის ნორმით განსაზღვრული სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის გაუცემლობის გამო მოპასუხის დავალიანება შეადგენდა ყოველწლიურად 857.81 ლარს, მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად კი მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რაზედაც ამყარებს სასარჩელო მოთხოვნებს. შესაბამისად, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მიერ სამმაგი თანხის მოთხოვნა.
საქალაქო სასამართლომ საქმეზე ასევე დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიმართ დეპარტამენტის 2003 წლის სახელფასო დავალიანება შეადგენდა 116 ლარს. სასამართლომ აღნიშნა, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი).
საქალაქო სასამართლომ სარჩელი 2004 წლის ფულადი დანამატის მოთხოვნის ნაწილში დაუსაბუთებლად მიიჩნია იმ მოტივით, რომ მოპასუხის მიერ საზღვრის დაცვის ¹5 რეგიონალური სამმართველო «ქიზიყიდან» წარმოდგენილი ცნობის თანახმად, სამმართველოს მოსარჩელის მიმართ ფულადი დავალიანება არ გააჩნდა, მოსარჩელის მიერ კი ვერ იქნა დადასტურებული ის გარემოება, რომ ¹5 რეგიონული სამმართველო მიეკუთვნებოდა მაღალმთიან ადგილს და იქ მომუშავე პირებზე შესაბამისად ვრცელდებოდა «საქართველოს შსს საქვეუწყებო დაწესებულება _ სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 2 მარტის ¹124 ბრძანებულების მე-7 პუნქტის მოქმედება.
საქალაქო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მსჯელობა გასასვლელი დახმარების ანაზღაურების ნაწილშიც და აღნიშნა, რომ «ნორმატიული აქტების შესახებ» საქართველოს კანონის 46-ე მუხლის პირველი ნაწილით ნორმატიული აქტი მოქმედებს უვადოდ, თუ კანონმდებლობით ან თვით ამ ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 14 თებერვლის ¹119 ბრძანებულებით ცვლილება შევიდა «საქართველოს შსს საქვეუწყებო დაწესებულება _ სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 2 მარტის ¹124 ბრძანებულებაში, რომლის მიხედვით, 27-ე და 28-ე პუნქტების ამოქმედება გადავადდა 2007 წლის 1 იანვრამდე. აქედან გამომდინარე, დავის განხილვის დროისათვის არ მოქმედებდა ნორმა, რომელზედაც მოსარჩელე აპელირებდა, შესაბამისად, ამ ნაწილში, სასამართლოს აზრით, მოთხოვნა უსაფუძვლო იყო (ს.ფ. 49-52).
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ი. ი-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამხედრო სამსახურიდან დათხოვნისათვის გათვალისწინებული გასასვლელი თანხისა და 2004 წლის ფულადი დანამატის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება, ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
აპელანტის მითითებით, საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 14 თებერვლის ¹119 ბრძანებულების შესაბამისად განხორციელებული ცვლილებით შეჩერებული და არა გაუქმებული ან ბათილად ცნობილი იქნა საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 2 მარტის ¹124 ბრძანებულების 27-ე და 28-ე პუნქტები. ამდენად, შეჩერდა არა საქართველოს შსს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ვალდებულება სამხედრო სამსახურიდან დათხოვნისათვის გათვალისწინებული გასასვლელი თანხით მოსამსახურეების უზრუნველყოფისა, არამედ _ აღნიშნული ვალდებულების რეალიზაცია, ანუ შესაბამისი თანხის გაცემა. მისი სასარჩელო მოთხოვნაც მოპასუხე მხარისათვის აღნიშნული ვალდებულების დაკისრება იყო, რაც განხორციელდებოდა ნორმატიული აქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ.
აპელანტის აზრით, უკანონო იყო სასამართლოს დასკვნები დანამატის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილშიც, რადგან მოპასუხის მიერ წარდგენილი ცნობა იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხეს მის მიმართ დავალიანება არ გააჩნდა, არ უნდა ჩათვლილიყო უტყუარ მტკიცებულებად. აღნიშნულის მტკიცებულებად შეიძლებოდა ჩათვლილიყო მხოლოდ მის მიერ ხელმოწერილი უწყისი დანამატის მიღების აღნიშვნით. სასამართლოს განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიერ ვერ დადასტურდა ის გარემოება, რომ ¹5 რეგიონული სამმართველო მაღალმთიან ადგილს მიეკუთვნებოდა, უსაფუძვლო იყო, რადგან საქმის განხილვის მთელი პერიოდის განმავლობაში არც მოპასუხის და არც სასამართლოს მხრიდან სადავო არ გამხდარა აღნიშნული გარემოება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული მტკიცებულება მის მიერ წარდგენილი იქნებოდა. აღნიშნულს ადასტურებდა ის გარემოებაც, რომ მოპასუხე მხარემ წარადგინა ცნობა არა იმაზე, რომ ¹5 რეგიონული სამმართველო «...» არ მიეკუთვნებოდა მაღალმთიან რეგიონს, არამედ იმაზე, რომ არ არსებობდა დავალიანება (ს.ფ. 55-58).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ი-ი საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის 1994 წლის 30 სექტემბრის ¹121 ბრძანებით ჩაირიცხა ნამდვილ სამხედრო სამსახურში, სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტში და დაინიშნა მოტო-სამანევრო ჯგუფის სასურსათო სამსახურის უფროსად. საქართველოს შსს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005 წლის 13 სექტემბრის ¹715 ბრძანებით ი. ი-ი «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის «გ» ქვეპუნქტით (რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით) დათხოვნილ იქნა სამხედრო ძალების რეზერვში.
სააპელაციო საჩივრის თანახმად, მოსარჩელე მოპასუხისაგან ითხოვდა 2004 წლის დეკემბრის თვის ხელფასზე დანამატს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო სამმართველო «....», როგორც მაღალმთიან ადგილზე, სამსახურისათვის და სამსახურიდან გათავისუფლებისას ერთჯერად (გამოსასვლელ) დახმარებას ფულადი სარგოს რვამაგი ოდენობით.
საქმის მასალების თანახმად, ი. ი-ი საზღვრის დაცვის ¹... რეგიონული სამმართველოს (....) ¹... სექტორის უფროსის მოადგილედ დაზვერვის დარგში დაინიშნა 2004 წლის 16 დეკემბერს დეპარტამენტის თავმჯდომარის ¹669 ბრძანებით, ხოლო 2004 წლის 29 დეკემბერს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით (ბრძანება ¹1, 05.01.2005წ.) გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში. ამდენად, მოსარჩელე 2004 წლის 16 დეკემბრიდან იმავე წლის 29 დეკემბრამდე წარმოადგენდა საზღვრის დაცვის ¹... რეგიონული სამმართველო «...» სამხედრო მოსამსახურეს. «საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეებისათვის ფულადი კმაყოფისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 მაისის ¹192 ბრძანებულებით, რომელიც ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 2 მარტის ბრძანებულებით, გათვალისწინებული იყო საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის იმ ქვედანაყოფების ნუსხა, რომელთა სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სამსახური ითვლებოდა სამხედრო სამსახურის გავლის განსაკუთრებულ პირობად. აღნიშნულ ნუსხაში ¹.... რეგიონული სამმართველო «....» მოხსენიებული არ იყო. იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ¹.... რეგიონული სამმართველო «....» მაღალმთიან რეგიონს მიეკუთვნებოდა და იქ სამსახური ითვლებოდა სამხედრო სამსახურის განსაკუთრებულ პირობად, რისთვისაც მოსარჩელეს უნდა მიცემოდა დანამატი ხელფასზე, მოსარჩელეს არ ჰქონდა წარდგენილი, მაშინ როდესაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოსარჩელეს ეკისრებოდა სარჩელის დასაბუთებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება.
მოსარჩელე მოპასუხისაგან ითხოვდა ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების გაცემას «საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 2 მარტის ¹124 ბრძანებულების 27-ე პუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს (გარდა სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისა, კურსანტებისა და რეზერვიდან ჩარიცხული მსმენელებისა), რომლებიც დათხოვნილნი არიან შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, ნამსახურები წლების მიხედვით ეძლევათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ამ ბრძანებულების 25-ე პუნქტით გათვალისწინებული ფულადი სარგოს ოდენობით. აქედან გამომდინარე, იმისათვის, რომ პირმა მიიღოს ბრძანებულების 27-ე პუნქტში მითითებული ერთჯერადი დახმარება, აუცილებელია ისეთი იურიდიული ფაქტის არსებობა, როგორიცაა შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნა ასაკის მიღწევის, რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით 2005 წლის 13 სექტემბრის ბრძანებით, ანუ სახეზეა იურიდიული ფაქტის არსებობა, მაგრამ 2005 წლის 2 მარტის ბრძანებულების, რომელიც 2005 წლის 1 მარტიდან შევიდა ძალაში, 51-ე მუხლის მითითებით, ამ ბრძანებულების 27-ე და 28-ე პუნქტების ამოქმედების თარიღად განისაზღვრა 2006 წლის 1 იანვარი, საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 14 თებერვლის ¹119 ბრძანებულებით კი 2005 წლის 2 მარტის ¹124 ბრძანებულებაში შეტანილ იქნა ცვლილება და ბრძანებულების 51-ე მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: «ამ ბრძანებულების 27-ე და 28-ე პუნქტები ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან». აქედან გამომდინარე, იმ დროისათვის, როდესაც მოსარჩელე დაითხოვეს შეიარაღებული ძალების რიგებიდან, ბრძანებულების ის პუნქტი, რომელიც ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების გაცემას აწესებს, არ მოქმედებდა, რის გამოც იგი ვერ გავრცელდებოდა ურთიერთობაზე, რომელიც მისი იურიდიულ ძალაში შესვლამდე, მოცემულ შემთხვევაში _ 2006 წლის 1 იანვრამდე წარმოიშვა. ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია მისი მოქმედების დროისა და სივრცის განსაზღვრა, 2005 წლის განმავლობაში კი, როდესაც მოსარჩელე დაითხოვეს, მითითებული ნორმა არ მოქმედებდა და სარჩელის იმ ნორმის საფუძველზე დაკმაყოფილება, რომელიც სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დროისათვის არ მოქმედებდა, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, კანონსაწინააღმდეგო იყო.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ნორმის (ბრძანებულების 51-ე პუნქტი) განმარტებიდან გამომდინარე, ბრძანებულების 51-ე პუნქტით ამავე ბრძანებულების 27-ე პუნქტის ამოქმედების ვადის გადაწევის მიზანს არ წარმოადგენდა თანხების გაცემის გადავადება, რადგან ასეთ შემთხვევაში 51-ე პუნქტი 2006 წლის 1 იანვრამდე (შემდგომში 2007 წლის 1 იანვრამდე) თანხების გაცემას გადაავადებდა და არა ნორმის ამოქმედებას, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ აპელანტის მითითება იმის თაობაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 14 თებერვლის ¹119 ბრძანებულებით 2007 წლის 1 იანვრამდე მხოლოდ თანხების გაცემა იქნა შეჩერებული, არ გაიზიარა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აღნიშნული ბრძანებულებით გადავადდა 27-ე პუნქტის ამოქმედების თარიღი და არა თანხების გაცემა, ანუ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 2 მარტის ¹124 ბრძანებულების 27-ე პუნქტის მოქმედება მოსარჩელესთან მიმართებაში გამოყენებული ვერ იქნებოდა.
სააპელაციო სასამართლომ აპელანტის მითითება, რომ საქალაქო სასამართლოს იმ შემთხვევაში, თუ არ იარსებებდა სპეციალური ნორმა ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების გასაცემად, უნდა გამოეყენებინა «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 109-ე მუხლი, არ გაიზიარა, ვინაიდან დასტურდებოდა, რომ მოსარჩელე მხარე აღნიშნულ ნაწილში მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებდა ხსენებული ბრძანებულების 27-ე მუხლს და ერთჯერად (გამოსასვლელ) დახმარებას ითხოვდა რვამაგი ოდენობით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, კი სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა (ს.ფ. 93-101).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ერთჯერადი გამოსასვლელი კომპენსაციის მოთხოვნაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ი-მა, რომელმაც მოითხოვა ამ ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ ერთჯერადი საკომპენსაციო თანხის გადახდის დაკისრება თანამდებობრივი სარგოს რვამაგი ოდენობით, ხოლო თუკი საკასაციო სასამართლო აღნიშნულ მოთხოვნას უსაფუძვლოდ მიიჩნევდა, ასეთ შემთხვევაში _ თანამდებობრივი სარგოს ორმაგი ოდენობით.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ერთჯერადი საკომპენსაციო თანხის ანაზღაურების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში უცვლელად დატოვა იმ მოტივით, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 2 მარტის ¹124-ე ბრძანებულების 27-ე და 28-ე პუნქტების მოქმედება, რომლებზედაც მოსარჩელე აღნიშნულ მოთხოვნას აფუძნებდა, 2006 წლის 14 თებერვლის ¹119 ბრძანებულებით განხორციელებული ცვლილების შედეგად გადავადებულ იქნა 2007 წლის 1 იანვრამდე.
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ მსჯელობას კასატორი არ იზიარებს და განმარტავს, რომ «ნორმატიული აქტების შესახებ» საქართველოს კანონი ითვალისწინებს საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის რომელიმე მუხლის ან მისი ნაწილის ამოქმედების გადავადების შესაძლებლობას გარკვეული ვადით, რაც სამართალურთიერთობის წარმოშობის დროისათვის ნორმის არარსებობას სრულებით არ გულისხმობს, ასეთ შემთხვევაში ხდება ნორმის აღსრულების გადავადება გარკვეული ვადით. ამ კუთხით თუ ვიმსჯელებთ სამართლებრივი ნორმის ამოქმედების შემდეგ მისი აღსრულება უნდა განხორციელდეს საერთო წესების დაცვით, რაც წარმოშობს სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პირთათვის, მათი გათავისუფლების ვადის მიუხედავად, ერთჯერადი გასასვლელი დახმარების გაცემის ვალდებულებას.
კასატორის მოსაზრებით, თუ ჩავთვლით, რომ საქართველოს პრეზიდენტის ¹124-ე ბრძანებულების 25-ე და 27-ე პუნქტები სამართალურთიერთობის წარმოშობის დროისათვის არ მოქმედებდა, «ნორმატიული აქტების შესახებ» საქართველოს კანონის 27-ე მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის საფუძველზე, სადავო საკითხის გადასაწყვეტად სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ანალოგია. კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს უნდა გამოეყენებინა «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 109-ე მუხლი, რომლის თანახმად, დაწესებულების ლიკვიდაციისას ან შტატების შემცირების გამო სამსახურიდან განთავისუფლებისას მოხელეს კომპენსაციის სახით ეძლევა ორი თვის თანამდებობრივი სარგო. კანონის აღნიშნულ ნორმაზე დაყრდნობით, მოსარჩელეს, როგორც საჯარო მოსამსახურეს უნდა მიეღო თანამდებობრივი სარგო ორმაგი ოდენობით (ს.ფ. 106-109).
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას კასატორმა საბოლოოდ მოითხოვა ერთჯერადი კომპენსაციის თანხა თანამდებობრივი სარგოს ორმაგი ოდენობით «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ი-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 დეკემბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ერთჯერადი გამოსასვლელი დახმარების გაცემაზე უარის თქმის შესახებ, ი. ი-ის სარჩელი ერთჯერადი საკომპენსაციო თანხის მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციას დაეკისროს ი. ი-ის სასარგებლოდ ორი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით კომპენსაციის გაცემა, დანარჩენ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 22 დეკემბრის განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელე ი. ი-ი საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის 1994 წლის 30 სექტემბრის ¹121 ბრძანებით ჩაირიცხა ნამდვილ სამხედრო სამსახურში, სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტში და დაინიშნა .... სამსახურის უფროსად. საქართველოს შსს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005 წლის 13 სექტემბრის ¹715 ბრძანებით ი. ი-ი «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის «გ» ქვეპუნქტის საფუძველზე (რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით) დათხოვნილ იქნა სამხედრო ძალების რეზერვში.
ი. ი-ის საკასაციო საჩივრის დავის საგანია ერთჯერადი გამოსასვლელი დახმარების (კომპენსაციის) ანაზღაურება და იგი სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას ითხოვს მხოლოდ ამ ნაწილში. სასარჩელო განცხადებაში ი. ი-ი აღნიშნულ მოთხოვნასთან მიმართებაში არ მიუთითებდა მის სამართლებრივ საფუძვლებზე. შემდგომ აღნიშნული მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველად მან დაასახელა «საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 2 მარტის ¹124 ბრძანებულების 27-ე პუნქტი. იმავდროულად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ი. ი-ი მიუთითებდა, რომ თუკი სასამართლო აღნიშნული ნორმის გამოყენებას არ გაიზიარებდა, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 109-ე მუხლი და სარჩელი ამ ნორმის საფუძველზე დაეკმაყოფილებინა (ს.ფ. 85). იგივეს უთითებდა კასატორი საკასაციო საჩივარში, ხოლო საბოლოოდ მან სარჩელის სამართლებრივ საფუძვლად მხოლოდ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 109-ე მუხლზე მიუთითა.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ი. ი-ის მოთხოვნა «საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 2 მარტის ¹124 ბრძანებულების 27-ე პუნქტის საფუძველზე არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას. მითითებული 27-ე პუნქტი არც სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობამდე, არც აღნიშნული ურთიერთობის წარმოშობის მომენტში და არც მის შემდეგ არასოდეს ყოფილა მოქმედი ნორმა. დასახელებული ბრძანებულების 51-ე მუხლის მიხედვით, აღნიშნული 27-ე პუნქტის ძალაში შესვლის თარიღად განსაზღვრული იყო ჯერ 2006 წლის 1 იანვარი, შემდეგ _ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 14 თებერვლის ¹119 ბრძანებულებით შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით _ 2007 წლის 1 იანვარი, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის ¹397 ბრძანებულებით 2005 წლის 2 მარტის ¹124 ბრძანებულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. ამდენად, ამ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია ძალაში შესული ნორმის მოქმედების შეჩერებას, არამედ ნორმა ძალაში საერთოდ არ შესულა. შესაბამისად, იგი ვერ შეეფარდებოდა სადავო ურთიერთობას.
«საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მოქმედება სამხედრო მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. ი. ი-ის დათხოვნის მომენტისათვის _ 2005 წლის 13 სექტემბრისათვის მოქმედი სპეციალური კანონმდებლობა საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ არ ითვალისწინებდა შტატების შემცირების გამო დათხოვნის შემთხვევაში ერთჯერადი გასასვლელი დახმარების გაცემის სპეციალურ წესს. ამის გამო მოსარჩელის მიმართ, რომელიც, იმავდროულად, საჯარო მოხელეს წარმოადგენდა და რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით იქნა დათხოვნილი, ერთჯერადი გამოსასვლელი დახმარების საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა ყოფილიყო «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 109-ე მუხლი, რომლის თანახმად, დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო სამსახურიდან გათავისუფლებისას მოხელეს კომპენსაციის სახით ეძლევა 2 თვის თანამდებობრივი სარგო.
აქედან გამომდინარე, უდავოა, რომ მოსარჩელე განეკუთვნება «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 109-ე მუხლით დადგენილი კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილ სუბიექტს და მისი მოთხოვნა აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით ექვემდებარება დაკმაყოფილებას. ამ შემთხვევაში ადგილი არა აქვს სარჩელის მოთხოვნის ფარგლების გადამეტებას, რამდენადაც სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა ერთჯერადი გასასვლელი დახმარების გაცემა შტატების შემცირების შედეგად გათავისუფლების გამო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად იღებს საქმეზე ახალ გადაწყვეტილებას, რომლითაც ი. ი-ის სარჩელი ერთჯერადი საკომპენსაციო თანხის ანაზღაურების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციას უნდა დაევალოს ი. ი-ის აღნიშნული თანხის გაცემა ორი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. ამ შემთხვევაში მოსარჩელისათვის გასაცემი თანამდებობრივი სარგოს ოდენობა გამოანგარიშებულ უნდა იქნეს მოსარჩელის უკანასკნელი თანამდებობრივი სარგოს მიხედვით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ი. ი-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 დეკემბრის განჩინება ერთჯერადი გამოსასვლელი დახმარების გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში და ამ ნაწილში საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ი. ი-ის სარჩელი ერთჯერადი საკომპენსაციო თანხის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდეს;
4. შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციას დაეკისროს ი. ი-ის სასარგებლოდ ორი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით კომპენსაციის გაცემა;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.