¹ბს-817-779(კ-07) 17 იანვარი, 2008წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შეამოწმა მ. და ვ. ჟ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 25 მაისს მ., ვ. და რ. ჟ-ებმა სარჩელით მიმართეს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს და დიდუბე-ჩუღურეთის სააღსრულებო ბიუროსა და მესამე პირ ნ. ბ-ის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის ქალაქ თბილისის ვაკე-საბურთალოს და დიდუბე-ჩუღურეთის სააღსრულებო ბიუროს 2002 წლის 18 თებერვლის ¹3/01-11 განკარგულების ბათილად ცნობა (ტ. I, 2-5).
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით რ., მ. და ვ. ჟ-ების სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი სააღსრულებო დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთის სააღსრულებლო ბიუროს აღმასრულებლის 2002 წლის 18 თებერვლის ¹3/01-11 განკარგულება და მისი აღსრულების შედეგები. საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. თბილისში, .... მასივის V კვ. კორპ. ¹23, ბინა ¹40, საკუთრების უფლებით აღირიცხა ვ. ჟ-ას სახელზე.
რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან მოპასუხეს სასამართლოში არ წარუდგენია აუქციონის ჩატარების საფუძველები: ბინის შეფასების აუდიტორიული დასკვნა, პირველი იძულებითი აუქციონის ჩატარების ოქმი, მოსალოდნელი აუქციონის ჩატარების შესახებ მხარეთა გაფრთხილების აქტები, უწყებები და სხვა მტკიცებულებები, ვერ დადასტურდა ის ფაქტი, რომ რ. ჟ-ის ცნობილი იყო სასამართლო გადაწყვეტილებებისა და სააღსრულებო ბიუროს 2002 წლის 18 თებერვლის ¹3/01-11 განკარგულების არსებობა, მაშინ როდესაც, სააღსრულებო ბიურო ვალდებული იყო თანამესაკუთრისთვის ეუწყებინა აუქციონის შესაძლო ჩატარების შესახებ, რადგან ბინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლის შესაბამისად, წარმოადგენდა მეუღლეების _ რ. და ვ. ჟ-ებს თანასაკუთრებას, რაც დასტურდებოდა იპოთეკის ხელშეკრულებაზე რ. ჟ-ას მიერ გაცემული თანხმობით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის 2004 წლის 30 აპრილის ¹04/03-02 წერილის თანახმად მოპასუხესთან სააღსრულებო საქმის მასალები ვერ იძებნებოდა (ტ. I, ს.ფ. 77-81).
აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ქალაქ თბილისის სააღსრულებო ბიურომ, ასევე _ ნ. ბ-მა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის თბილისის სააღსრულებო ბიუროს მითითებით, მართალია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის 2004 წლის 30 აპრილის ¹04/03-02 წერილის თანახმად, რომლის ადრესატიც იყო მოსარჩელე, დასტურდებოდა რომ სააღსრულებო დეპარტამენტში მიმდინარეობდა რეორგანიზაცია, რომლის გამოც იმ ეტაპზე ვერ ხერხდებოდა მოთხოვნილი მასალების მიწოდება, მაგრამ სასამართლოს შეეძლო, თავისი ინიციატივით გამოეთხოვა საჭირო მტკიცებულებები. მიმდინარე ეტაპზე კი შესაბამისი უწყებებით დასტურდებოდა, რომ მოსარჩელეები გაფრთხილებულნი იყვნენ აუქციონის ჩატარების თაობაზე. ამასთან, რაიონული სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, როდესაც მოსარჩელეს აღუდგინა ბინაზე საკუთრების უფლება, რაც მას არ მოუთხოვია, თანაც იმ პირობებში, როდესაც დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ვ. ჟ-ია გამოსახლებული იყო ნ. ბ-ის კუთვნილი ბინიდან, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106.,,ბ“ მუხლის თანახმად წარმოადგენდა ფაქტს, რომელიც მტკიცებას არ საჭიროებდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსით უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრის ჩანაწერით დასტურდება, რის გამოც სასამართლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლით მიწის მართვის დეპარტამენტი საქმეში მესამე პირად მაინც უნდა ჩაება, ხოლო საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმების მოთხოვნით ცალკე სარჩელი უნდა ყოფილიყო წარდგენილი, სადაც ნ. ბ-ი და მიწის მართვის დეპარტამენტი მოპასუხეებად უნდა ჩართულიყვნენ. გარდა აღნიშნულისა, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით მოსარჩელეებს გაშვებული ჰქონდათ სასამართლო აღმასრულებლის მოქმედების გასაჩივრების ერთთვიანი ვადა (ტ. I, ს.ფ. 84-86).
ნ. ბ-ის მითითებით, მოსარჩელეთათვის ცნობილი იყო პირველი, მეორე და განმეორებითი აუქციონის ჩატარების შესახებ, რაც აგრეთვე გამოცხადებული იქნა გაზეთ ,,....” 2000 წლის 15 ივნისს რ. ჟ-ამ სანოტარო წესით დაადასტურა თანხმობა სესხის საფუძველზე სადავო ბინის იპოთეკით დატვირთვის თაობაზე. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22.3 მუხლით სარჩელი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოში შეიტანება მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. 2003 წლის 20 მარტის სააპელაციო საჩივრიდან გამომდინარე, სადავო აქტის შესახებ მოსარჩელეთათვის ცნობილი იყო, რადგან მის ბათილობას ითხოვდნენ. ამდენად, მოსარჩელეებს გაშვებული ჰქონდათ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი სააღსრულებო მოქმედების გასაჩივრების ვადა (ტ. I, ს.ფ. 92-95).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 მაისის საოქმო განჩინებით გარდაცვლილი რ. ჟ-ას უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა მისი მეუღლე _ ვ. ჟ-ია (ტ. II, ს.ფ. 76).
ამავე სასამართლოს 2007 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს იუსტიციის სამინისტრის სააღსრულებო დეპარტამენტის თბილისის სააღსრულებო ბიუროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ხოლო ნ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის თბილისის სააღსრულებო ბიუროს მოსაზრება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას რაიონულმა სასამართლომ დააღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნა და თავისი გადაწყვეტილებით მიაკუთვნა მხარეს ის, რაც მას არ მოუთხოვია და იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 2 მაისის განჩინებით დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგება, რომლის თანახმად, მოპასუხე ვ. ჟ-ამ იკისრა ვალდებულება 2001 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით გადაეხადა ნ. ბ-ვის 7000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში. პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, აღსასრულებლად მიექცეოდა მოპასუხის საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. თბილისში, ... მასივი Vკვ. კორპ. ¹23, ბინა ¹40. საქმის წარმოება შეწყდა და გაიცა სააღსრულებო ფურცელი. საქრთველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს და დიდუბე-ჩუღურეთის სააღსრულებო ბიუროს ¹3/01-11 განკარგულება, რომელიც ძალაში შევიდა 2002 წლის 18 თებერვლიდან, აგრეთვე მიმართვა, რომლითაც საჯარო რეესტრის სამსახურს ამ განკარგულების შესაბამისად უნდა მოეხდინა საჭირო ცვლილებები რეესტრის ჩანაწერში ვ. ჟ-ას ჩაბარდა. 2001 წლის 3 დეკემბერით დათარიღებული ხელწერილის თანახმად, რ. ჟ-ამ აიღო ვალდებულება 20 დეკემბრამდე ვალის გადახდისა, წინააღმდეგ შემთხვევაში არ ექნებოდა პრეტენზია იძულებითი აუქციონის დანიშვნაზე. გაზეთ ,,....” 2001 წლის 22-25 ნოემბრისა და 2002 წლის 4-5 თებერვლის ნომრებში გამოქვეყნდა განცხადებები 2001 წლის 3 დეკემბერსა და 2002 წლის 13 თებერვალს იძულებითი აუქციონის ჩატრების თაობაზე. 2001 წლის 20 დეკემბერით დათარიღებული ხელწერილის თანახმად, რ. ჟ-ამ აიღო ვალდებულება 2002 წლის 31 იანვრამდე ვალის გადახდისა, წინააღმდეგ შემთხვევაში არ ექნებოდა არავითარი პრეტენზია აღმასრულებელთან და აღმასრულებლის მოქმედებასთან. 2001 წლის 21 სექტემბერს ვ. ჟ-ას გაეგზავნა გაფრთხილება ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 281–ე მუხლის შესაბამისად. 2001 წლის 31 ოქტომბერით დათარიღებული ხელწერილის თანახმად, ვ. ჟ-ამ აიღო ვალდებულება 2001 წლის 10 ნოემბრამდე გადაეხადა ვალი, წინააღმდეგ შემთხვევაში თანახმა იყო, იმ წლის 12 ნოემბრს დანიშნულიყო იძულებითი აუქციონი და არ ექნებოდა არავითარი პრეტენზია აღმასრულებელთან ან აღსრულებასთან. 2001 წლის 19 ოქტომბრით დათარიღებული ხელწერილის თანახმად, რ. ჟ-ამ აიღო ვალდებულება, 2001 წლის 10 ნოემბრამდე დაეფარა მთლიანი თანხა. 2002 წლის 13 თებერვალს ჩატარდა განმეორებითი აუქციონი.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, აღსრულების შესახებ უწყებას მოვალეს, კრედიტორსა და სხვა მონაწილე პირებს აბარებს სასამართლო აღმასრულებელი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით მოწესრიგებულია სასამართლო უწყების, შეტყობინების ჩაბარების და დაბარების წესი. მართალია, სააღსრულებო საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ 2002 წლის 13 თებერვლის განმეორებითი აუქციონის თაობაზე უწყება მოვალე ვ. ჟ-ას ,,სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლით დადგენილი წესით ჩაბარდა, მაგრამ ამავე დროს, სადავოს არ წარმოადგენდა, რომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოვალე ვ. ჟ-ია გამოსახლებულ იქნა მოსარჩელე ნ. ბ-ის საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში .... მასივის Vკვ. 23-ე კორპ. ¹40-ში მდებარე ბინიდან და გადაწყვეტილება უნდა აღსრულებულიყო მოპასუხის მიერ მოსარჩელეზე მის მიერ გადახდილი თანხის _ 1500 აშშ დოლარის დაბრუნების შემდეგ, რაც უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003 წლის 2 ივლისისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 10 თებერვლის განჩინებებით. სააპელაციო სასამართლოში დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებას აპელანტი ვ. ჟ-ია (ვ. ჟ-ას წარმომადგენელი მ. ჟ-ია) ითხოვდა იმ საფუძვლით, რომ ორივე იძულებითი აუქციონი ჩატარდა კანონდარღვევით. ამდენად, ვინაიდან “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 18.1. მუხლით, კრედიტორს და მოვალეს უფლება აქვთ გაასაჩივრონ სასამართლო აღმასრულებლის მოქმედება სასამართლოში სააღსრულებო მოქმედების განხორციელებიდან ერთი თვის ვადაში და ვადის ათვლა იწყება იმ მომენტიდან, როცა მხარისათვის ცნობილი გახდა ან უნდა გამხდარიყო მისი უფლების დარღვევის შესახებ, ხოლო სარჩელი თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში შეტანილ იქნა მხოლოდ 2004 წლოს 25 მაისს, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის აღძვრაზე ხანდაზმულობის ვადა მოსარჩელეთა მიერ მიერ დაცული არ ყოფილა, აღმასრულებლის მოქმედების სასამართლო წესით გასაჩივრების უფლებამოსილება მოსარჩელეთაგან გააჩნდა მხოლოდ მოვალე ვ. ჟ-ას, ხოლო, განსახილველი დავის შემთხვევაში, მის მიერ გაშვებული იქნა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 18.1. მუხლით დადგენილი სასამართლოსათვის მიმართვის სპეციალური ვადა _ ერთი თვე (ტ. II, ს.ფ. 103-111)
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს მ. და ვ. ჟ-ებმა, რომელთაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორთა მითითებით, თბილისის მიწის მართვის დეპრტამენტის თავმჯდომარის 2004 წლის 17 მაისის წერილის საფუძველზე აწ გარდაცვლილი რ. ჟ-ის ცნობილი გახდა, რომ მისი მეუღლის _ ვ. ჟ-ას სახელზე რიცხული საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. თბილისში, ... მასივის V კვ. კორპ. ¹23, ბ. ¹40, ირიცხებოდა ნ. ბ-ის სახელზე ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთის სააღსრულებო ბიუროს 2002 წლის 18 თებერვლის ¹3/01-11 განკარგულების საფუძველზე, რომელიც მისთვის სრულიად შემთხვევით გახდა ცნობილი, ვინაიდან ამ პერიოდიდან სასამართლოსადმი სარჩელით მიმართვის დღემდე იყო მძიმე ავადმყოფი და აღნიშნულ ფაქტს მას ოჯახის წევრები უმალავდნენ.
კასატორთა განმარტებით, 2000 წლის 15 ივნისს ვ. ჟ-სა და ნ. ბ-ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომელზეც არსებობდა რ. ჟ-ას წერილობითი თანხმობა. 2001 წელს ნ. ბ-მა ვ. ჟ-ას მიმართ აღძრა სარჩელი თანხის დაკისრებისა და ბინის რეალიზაციის შესახებ, სადაც რ. ჟ-ია და მ. ჟ-ია მესამე პირებად იქნენ ჩაბმული, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული საასმართლოს 2001 წლის 2 მაისის განჩინებით მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგების აქტი, რომლითაც მოსარჩელე ნ. ბ-ის უნდა გადაეხადათ 7000 აშშ დოლარი. სააღსრულებო წარმოების დროს მათ ნებაყოფლობით დაიწყეს აღსრულება და გადაიხადეს 1500 აშშ დოლარი, რის შემდეგაც სააღსრულებო ბიურომ ჩაატარა მათთვის შეუტყობინებლად ორი აუქციონი, რომელთა შესახებ მათთვის არავის უცნობებია. ამდენად, სააღსრულებო ბიურომ უხეშად დაარღვია მათი უფლებები და “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 17.5, 17.8, 18.1, 28-ე, 29-ე, 70.2, 71.3 და 77-ე მუხლის მოთხოვნები. ამასთან, განმეორებითი აუქციონის ოქმში მიეთითა, რომ აუქციონი ჩატარდა 7000 აშშ დოლარის მოთხოვნაზე, მაშინ როდესაც, ვალი რეალურად შეადგენდა 5500 აშშ დოლარს. ყოველივე აღნიშნულის შემდეგ ნ. ბ-მა მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ვ. ჟ-ას ბინიდან გამოსახლება. 2002 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. აქ ნათლად დადასტურდა, რომ მხარის მიერ მიზანმიმართულად არ იქნა ჩაბმული სხვა შესაბამისი პირები, ხოლო მათი ბინიდან გამოსახლების საკითხის არდაყენება მიზნად ისახავდა, რომ მათ არ შეეტყოთ ის უკანონო ქმედებები, რაც მოპასუხემ და მესამე პირმა ერთობლივად განახორციელეს.
კასატორთა მითითებით, აწ გარდაცვლილი რ. ჟ-ის უცნობი იყო მეუღლის თანასაკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის იძულებითი აუქციონის წესით გასხვისების შესახებ, ვინაიდან იგი იყო მძიმედ ავად და ვ. ჟ-ია მთელი ამ ხნის განმავლობაში უმალავდა აღნიშნულ ფაქტს, რამაც მხარეებს ხელი შეუშალა მათთვის კანონით მინიჭებული უფლებების განხორციელებაში. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არ გამოარკვია, იყო თუ არა ბინა შეფასებული აუდიტის მიერ, როდის ჩატარდა პირველი იძულებითი აუქციონი და მოსალოდნელი იძულებითი აუქციონის შესახებ იქნა თუ არა გაფრთხილებული მოსარჩელე (ტ. II, ს.ფ. 117-118).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. და ვ. ჟ-ების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება საკასაციო საჩივარში არ არის დასაბუთებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მ. და ვ. ჟ-ების საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. და ვ. ჟ-ების საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. მ. და ვ. ჟ-ებს დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 30%-ის _ 90 (ოთხმოცდაათი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.