Facebook Twitter

¹ბს-817-785(კ-08) 9 ოქტომბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე : მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე

ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 6 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 4 აპრილს სს “....” გორის ფილიალმა სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე გორის საგადასახადო ინსპექციის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, სს “.....” გორის ფილიალი ახდენდა სამშენებლო მასალების წარმოებასა და რეალიზაციას. ამასთან, აღნიშნული ფილიალი არ იყო არც დღგ-ს გადამხდელი და არც მომგებიანი ორგანიზაცია, ვინაიდან 1995 წლიდან იგი, ფაქტობრივად, აღარ ფუნქციონირებდა. გორის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 4 მარტის, 5 მარტისა და 12 მაისის განჩინებებით, ბიუჯეტის მიმართ ვალის დაფარვის მიზნით, მოხდა სს “....” გორის ¹8 ფილიალის კუთვნილი ავტომანქანების გაყიდვა და მათი ღირებულება _ 596 ლარი, 492 ლარი და 800 ლარი უნდა ჩარიცხულიყო გორის საგადასახადო ინსპექციის ანგარიშზე საბიუჯეტო ვალის დასაფარად. 2000 წლის 23 მაისს მოხდა სს “.....” გორის ¹8 ფილიალის კუთვნილი კიდევ ერთი ავტომანქანის გაყიდვა და მისი ღირებულება _ 2050 ლარი უნდა ჩარიცხულიყო გორის საგადასახადო ინსპექციის ანგარიშზე ბიუჯეტის ვალის დასაფარად. სს “.....” გორის ¹8 ფილიალის მიერ გორის საგადასახადო ინსპექციის ანგარიშზე შეტანილ იქნა შემდეგი თანხები: 1999 წლის 16 აპრილს _ 140 ლარი; 1999 წლის 7 ივნისს _ 300 ლარი; 1999 წლის 11 ოქტომბერს _ 100 ლარი; 1999 წლის 30 ნოემბერს _ 100 ლარი; 2000 წლის 31 მარტს _ 300 ლარი; 2000 წლის 30 ივნისს _ 300 ლარი; 2000 წლის 31 აგვისტოს _70 ლარი და 180 ლარი; 2001 წლის 27 სექტემბერს _ 659 ლარი; 2002 წლის 29 აპრილს _ 722,50 ლარი, რომელიც გორის საგადასახადო ინსპექციამ ამ ფილიალის მოგების გადასახადში მიაქცია, მაშინ, როდესაც ხსენებული ფილიალი წლების განმავლობაში არ ფუნქციონირებდა და აქედან გამომდინარე, ამ საზოგადოებას მოგების გადასახადის გადახდა არ ეკუთვნოდა. 2001 წლის 31 დეკემბერს სასამართლო აღმასრულებლის მიერ გაყიდული ქონების თანხა _ 492 ლარი ჩაირიცხა გორის საგადასახადო ინსპექციის ანგარიშზე, მიექცა დღგ-ში, მაშინ, როდესაც დასახელებული ფილიალი არ ფუნქციონირებდა და აქედან გამომდინარე, დღგ-ს გადახდა არ ეკუთვნოდა.

მოსარჩელის მტკიცებით, სს “....” გორის ¹8 ფილიალის მიერ გორის საგადასახადო ინსპექციის ანგარიშზე შეტანილი თანხები სულ შეადგენდა 7301,50 ლარს. გორის საგადასახადო ინსპექციამ არ უზრუნველყო სს “....” გორის ¹8 ფილიალის მიერ შეტანილი 7301,50 ლარის ჩარიცხვა შესაბამის ანგარიშზე და ამასთან, ამ ფილიალს უკანონოდ დაარიცხა საურავის გადახდა ვადაგადაცილებისათვის. ამდენად, მოპასუხის მხრიდან სახეზე იყო სს “.....” გორის ¹8 ფილიალის კანონით დაცული უფლებების დარღვევა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა გორის საგადასახადო ინსპექციას დავალებოდა, სს “.....” გორის ¹8 ფილიალის მიერ გორის საგადასახადო ინსპექციის ანგარიშზე შეტანილი 7301,50 ლარის ჩათვლა და ამავე ფილიალისათვის არასწორად დარიცხული საურავების მოხსნა, ასევე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 135 ლარის მოპასუხე მხარისათვის დაკისრება სს “....” გორის ¹8 ფილიალის სასარგებლოდ.

გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით სს “.....” გორის ფილიალის სარჩელი დაკმაყოფილდა; გორის საგადასახადო ინსპექციას დაევალა სს “.....” გორის ¹8 ფილიალის მიერ 1999-2002 წლებში ამ საგადასახადო ინსპექციის ანგარიშზე გადახდილი 7301,50 ლარის სს “.....” გორის ფილიალისათვის დავალიანების ანგარიშში ჩათვლა და ამ ფილიალისათვის დარიცხული საურავის მოხსნა.

რაიონულმა სასამართლომ გორის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 4 მარტის, 5 მარტისა და 12 მაისის გადაწყვეტილებების მიხედვით, დადგენილად მიიჩნია, რომ სს “...” გორის ფილიალს 1999 წლისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე გააჩნდა 5000 ლარის ოდენობით დავალიანება. ხსენებული დავალიანების გადახდის მიზნით, იმავე გადაწყვეტილებებით დადგინდა ამ ფილიალის კუთვნილი მოძრავი ნივთების რეალიზაცია, რის შედეგადაც მიღებული თანხა უნდა ჩარიცხულიყო ამ საგადასახადო ინსპექციის ანგარიშზე ვალის დასაფარად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადის თანხის საბანკო სისტემის საშუალებით გადახდისას, გადასახადი ბიუჯეტში გადახდილად ითვლებოდა შესაბამისი ბიუჯეტის ანგარიშზე ჩარიცხვის შემთხვევაში, რაც იმავე კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იწვევდა საგადასახადო ვალდებულების შეწყვეტას. საქმის მასალებში არსებული საბანკო ქვითრებით დგინდებოდა, რომ ხსნებული ფილიალის მიერ 1999-2002 წლებში პერიოდულად გადახდილი დავალიანების თანხა, აღნიშნული საგადასახადო ინსპექციისა და შიდა ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიერ ჩაირიცხა არა დავალიანების შესაბამის, არამედ სულ სხვა ანგარიშებზე, რაშიც მოსარჩელეს არანაირი ბრალი არ მიუძღოდა. აქედან გამომდინარე, დავალიანება, რომელიც ერიცხებოდა სს “....” გორის ფილიალს, იყო უკანონო და შესაბამისად, უნდა გაუქმებულიყო.

გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 დეკემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის საგადასახადო ინსპექცია მოცემულ საქმეში ჩაბმულ იქნა მესამე პირად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სააღსრულებო ბიურო _ მესამე პირად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 6 მარტის საოქმო განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია), ხოლო მესამე პირის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლედ _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 6 მარტის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ შეფასებებს და აღნიშნა, რომ საწინააღმდეგო შინაარსის, არსებითი ხასიათის არგუმენტები აპელანტს არ წარმოუდგენია. შესაბამისად, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება იყო კანონიერი და არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 6 მარტის განჩინება საკასაციო წესით იმავე საფუძვლებით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექცია), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ დავის წარმოშობის პერიოდისათვის მოქმედი, როგორც “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის, ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, მოვალის ქონების რეალიზაცია და ამოღებული თანხების გადარიცხვა შესაბამისი ბიუჯეტის ანგარიშებზე ხორციელდებოდა სააღსრულებო ბიუროების და არა საგადასახადო ინსპექციების მიერ. სააღსრულებო ბიუროს მიერ ისინი ჩარიცხულია არასაგადასახადო ანგარიშებზე, საიდანაც ამ ბიუროს არ მოუხდენია შესაბამის საგადასახადო ანგარიშებზე გადახდა, რაც ხსენებულ საგადასახადო ინსპექციას საშუალებას მისცემდა, იმავე ბიუროს მიერ ამოღებული თანხები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ჩაეთვალა სს “.....” გორის ¹8 ფილიალის მიერ გადახდილად. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ ამ საგადასახადო ინსპექციაში არსებული დოკუმენტებით, სს “.....” გორის ¹8 ფილიალის მიერ სადავო თანხიდან საგადასახადო ანგარიშზე, ბიუჯეტში გადახდილი თანხა სულ შეადგენს 1873,50 ლარს, ხოლო, რაც შეეხება დანარჩენი 4936 ლარის (492 ლარის გამოკლებით) ჩარიცხვას ბიუჯეტში, იგი არ მტკიცდება. ამასთან, სს “....” გორის ¹8 ფილიალი ლიკვიდირებულია 2005 წლის 3 თებერვალს, ხოლო მისი პირადი დარიცხვის ბარათები გადაგზავნილია ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციაში, სადაც რეგისტრირებული იყო მისი სათავო ორგანიზაცია _ სს “....”, რომელიც დღევანდელი მდგომარეობით, გადასახადის გადამხდელად აღრიცხვაზე დგას რუსთავის რეგიონალურ ცენტრში (საგადასახადო ინსპექცია).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 25 ივლისის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 9 ოქტომბრამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 6 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.