Facebook Twitter

¹ბს-818-784(2კ-06) 10 იანვარი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. ზ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 29 ნოემბერს ნ. ზ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების _ ქ. ბათუმის მერიის, ქ. ბათუმის ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატისა და ქ. ბათუმის ადგილობრივი სამსახურების საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიმართ და მოითხოვა ქ. ბათუმის განათლების, კულტურისა და სპორტის ადგილობრივი სამსახურის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე ქ. ბათუმის მერის მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტის გაუქმება, კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადება და ქ. ბათუმის მერიის დავალდებულება შესაბამისი აქტის გამოცემის თაობაზე მისი ..... დანიშვნის შესახებ.

მოსარჩელის განმარტებით, ქ. ბათუმის ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატისა და ქ. ბათუმის ადგილობრივი სამსახურის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2005 წლის 10 ნოემბრის (ოქმი ¹4) გადაწყვეტილებით იგი გამოცხადდა გამარჯვებულად ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატში ..... თანამდებობის დასაკავებლად, რასთან დაკავშირებითაც ქ. ბათუმის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მასზე გაიცა შესაბამისი მოწმობა (სერტიფიკატი) ¹66. კონკურსი, რომელშიც მოსარჩელე გამოვლინდა გამარჯვებულად, ჩატარდა წერითი ტესტირების გზით, მაგრამ საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ ქ. ბათუმის ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატისა და ადგილობრივი სამსახურის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების მე-10 მუხლის უხეში დარღვევით, განმეორებით ჩაატარა კონკურსი გასაუბრების გზით და გამარჯვებულად აღიარა სხვა პიროვნება, ხოლო თავად მას შესთავაზეს რეზერვში ჩარიცხვა, რაც კანონის უხეშ დარღვევას წარმოადგენდა, რადგან აღნიშნული დებულების მე-10 მუხლი არ ითვალისწინებდა ხელახალ ზეპირ ტესტირებას, მოსარჩელემ კი წერით გამოცდაზე მიიღო 20 ქულა, ხოლო კონკურსში საბოლოოდ გამარჯვებულად გამოცხადდა ის კანდიდატი, რომელმაც მიიღო 18 ქულა.

2005 წლის 12 დეკემბერს ნ. ზ-ემ დამატებითი სასარჩელო განცხადება წარადგინა ბათუმის საქალაქო სასამართლოში და საბოლოოდ მოითხოვა “ქ. ბათუმის ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატისა და ქ. ბათუმის ადგილობრივი სამსახურების საჯარო მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. ბათუმის მერის 2005 წლის 5 ოქტომბრის ¹51 ბრძანების ბათილად ცნობა. აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა დასაშვებად არ იქნა მიჩნეული და შეწყდა საქმის წარმოება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 13 დეკემბრის განჩინებით. ამავე სასამართლოს სხდომაზე ნ. ზ-ემ დამატებით მოითხოვა ნ. ზ-ის განათლების, კულტურისა და სპორტის ადგილობრივ სამსახურში ..... თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანების გაუქმება.

2005 წლის 14 და 15 დეკემბერს ნ. ზ-ემ კვლავ მიმართა დამატებითი სასარჩელო განცხადებებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეებად მიუთითა ქ. ბათუმის მთავრობაზე, ქ. ბათუმის ადგილობრივ სამსახურებში საჯარო მოსამსახურეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის საპრეტენზიო კომისიასა და ნ. ზ-ზე და მოითხოვა ქ. ბათუმის ადგილობრივ სამსახურებში საჯარო მოსამსახურეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის საპრეტენზიო კომისიის ¹1 სხდომის ოქმის გაუქმება, რადგანაც მისი მიღებისას დაირღვა “ქ. ბათუმის ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატისა და ქ. ბათუმის ადგილობრივი სამსახურების საჯარო მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. ბათუმის მერის 2005 წლის 5 ოქტომბრის ¹51 ბრძანებაში აღნიშნული ვადები. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ უკანონოდ ჩატარდა გასაუბრება, კერძოდ, ადგილობრივი სამსახურის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების მე-20 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაში გამოცდის შედეგების გამოცხადების დღეს მოხდა პრეტენზიების შეტანა საპრეტენზიო კომისიაში და ამავე მუხლის მეოთხე პუნქტის მიხედვით, საპრეტენზიო კომისიას წარდგენილ პრეტენზიებზე გადაწყვეტილება არ მიუღია პრეტენზიის მიღებიდან 48 საათის განმავლობაში, რასაც ადასტურებდა ამავე კომისიის 2005 წლის 18 ნოემბრის სხდომის ¹1 ოქმი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის ადგილობრივ სამსახურებში საჯარო მოსამსახურეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის საპრეტენზიო კომისიის ¹1 სხდომის ოქმი ნ. ზ-ის ერთი ქულის მომატების ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი ნ. ზ-ის განათლების, კულტურისა და სპორტის ადგილობრივ სამსახურში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2006 წლის 20 ნოემბრის ¹6 სხდომის ოქმი ნ. და ნ. ზ-ების მიმართ მიღებული გადაწყვეტილების ნაწილში; ნ. ზ-ეს უარი ეთქვა მოპასუხის დავალდებულებაზე მისი გამარჯვებულად აღიარებისა და ..... მისი დანიშვნის შესახებ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის თაობაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს ნ. ზ-ემ და ნ. ზ-ემ. ნ. ზ-ემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სარჩელი და მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. ნ. ზ-ემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა ნ. ზ-ის სარჩელი და სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ივლისის განჩინებით ნ. ზ-სა და ნ. ზ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად ჩათვალა, რომ ქ. ბათუმის მერიაში შეიქმნა ქ. ბათუმის ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატისა და ქ. ბათუმის ადგილობრივი სამსახურების საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია. 2005 წლის 19 სექტემბერს ქ. ბათუმის მერიის ¹48 ბრძანებით დამტკიცებულ იქნა აღნიშნული კომისიის დებულება, რომელშიც ქ. ბათუმის მერიის 2005 წლის 5 ოქტომბრის ¹51 ბრძანებით შევიდა ცვლილებები და დამატებები. 2005 წლის 5 ნოემბერს განათლების, კულტურის და სპორტის ადგილობრივ სამსახურში .... და ..... ვაკანტური საშტატო ერთეულების შესავსებად ჩატარებულ იქნა კონკურსი წერითი ფორმით, რომელშიც, სხვა პირებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ნ. და ნ. ზ-ებმა. საკონკურსო კომისიის 2005 წლის 10 ნოემბრის ¹4 სხდომის ოქმით დასტურდებოდა, რომ ნ. ზ-ემ მიიღო 20 ქულა, ხოლო ნ. ზ-ემ _ 18 ქულა, რის შემდეგაც ამ უკანასკნელის მიერ კონკურსის საპრეტენზიო კომისიაში შეტანილ იქნა პრეტენზია ქულების მომატების მოთხოვნით. საპრეტენზიო კომისიამ 2005 წლის 18 ნოემბრის ¹1 ოქმით, დებულებით განსაზღვრული ვადის (რვა დღე) დარღვევით მიიღო გადაწყვეტილება და ნ. ზ-ეს მოუმატა 1 ქულა. საბოლოოდ, მისი წერითი ნაშრომი შეფასდა 19 ქულით.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კონკურსის საპრეტენზიო კომისიამ ნ. ზ-ის პრეტენზიის 8 დღის დაგვიანებით განხილვით დაარღვია ქ. ბათუმის მერიის 2005 წლის 5 ოქტომბრის ¹51 ბრძანების მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, გადაწყვეტილება ხსენებულ კომისიას უნდა მიეღო პრეტენზიის შეტანიდან 48 საათში.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტ ნ. ზ-ის მტკიცება იმის თაობაზე, რომ ნ. ზ-ე ვერ მიიღებდა გასაუბრებაში მონაწილეობას, საპრეტენზიო კომისიას რომ არ მოემატებინა მისთვის ერთი ქულა, ვინაიდან საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ გასაუბრებაზე დაუშვა მხოლოდ ის კანდიდატები, რომელთაც წერითი გამოცდის შემდეგ მიღებული ჰქონდათ 19 და 20 ქულა, აღნიშნულს კი ადასტურებდა საქმეში არსებული კომისიის 2005 წლის 20 ნოემბრის სხდომის ¹6 ოქმი. ამდენად, რადგანაც აპელანტი ნ. ზ-ე კონკურსანტებიდან მხოლოდ ნ. ზ-ეს ასახელებდა მოპასუხედ და მოითხოვდა გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობას, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ საპრეტენზიო კომისიის 2005 წლის 18 ნოემბრის ¹1 სხდომის ოქმი ნ. ზ-მი ქულის მომატების ნაწილში ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის საფუძველზე, კერძოდ, ხსენებული მუხლის პირველ ნაწილში მითითებული არსებითი დარღვევა გამოიხატებოდა 48 საათის ნაცვლად გადაწყვეტილების რვა დღის შემდეგ მიღებაში, ასევე ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2006 წლის 20 ნოემბრის ¹6 სხდომის ოქმი ნ. ზ-ის ..... დასანიშნად წარდგენის ნაწილში, რადგანაც იგი ბათილად ცნობილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის _ საკონკურსო კომისიის სხდომის ¹4 ოქმის საფუძველზე იქნა მიღებული.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ნ. ზ-ის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოპასუხე საკონკურსო-საატესტაციო კომისია არ იყო უფლებამოსილი, წერითი გამოცდის შემდეგ ჩაეტარებინა ზეპირი გასაუბრება. ქ. ბათუმის ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატისა და ადგილობრივი სამსახურის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კონკურსი შეიძლებოდა ჩატარებულიყო წერითი, ტესტირების ან/და გასაუბრების ფორმით, რაც გულისხმობდა, რომ მოპასუხეს შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება კონკურსის, როგორც მხოლოდ წერითი, ასევე წერითი და გასაუბრების ფორმებითაც ჩატარების თაობაზე, ნ. ზ-ეს კი გასაუბრებაში მონაწილეობა მიღებული ჰქონდა, რითაც გამოხატა ნება აღნიშნულის საფუძველზე მომხდარიყო დასანიშნ კანდიდატთა შერჩევა.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ უსაფუძვლო იყო ასევე ნ. ზ-ის მოთხოვნა აღიარებული ყოფილიყო გამარჯვებულად და მოპასუხეს დავალებოდა ადმინისტრაციული აქტის გამოცემა მისი მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე. ნ. ზ-ის თანამდებობაზე დანიშვნა წარმოადგენდა შესაბამისი უფლებამოსილი პირის დისკრეციულ უფლებამოსილებას, ხოლო საკონკურსო საატესტაციო კომისია არ გამოსცემდა ადმინისტრაციულ აქტს პირის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე, არამედ იგი შეარჩევდა კანდიდატურას და წარუდგენდა განათლების, კულტურისა და სპორტის ადგილობრივი სამსახურის .... დასამტკიცებლად, რომელიც დანიშვნასთან დაკავშირებით ღებულობდა გადაწყვეტილებას, აღნიშნული სამსახურის უფროსი კი, მოსარჩელის მიერ მოპასუხედ დასახელებული არ იყო. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა კონკრეტული კანდიდატის შეფასება და გამარჯვებულად აღიარება, რის გამოც სასამართლო ვერ დააკმაყოფილებდა აღნიშნულ მოთხოვნასაც.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ივლისის განჩინება საკასაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს ნ. ზ-ემ და ნ. ზ-ემ. ნ. ზ-ემ მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სარჩელი და მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. ნ. ზ-ემ მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა ნ. ზ-ის სარჩელი და სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ ხარვეზის შესახებ 2006 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით, ნ. ზ-ის საკასაციო საჩივარი მიიჩნია ხარვეზიანად (გასაჩივრების საფუძვლები) და ნ. ზ-ეს დაევალა ხარვეზის შესახებ 2006 წლის 18 ოქტომბრის განჩინების მისთვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ხარვეზის შევსება, რაც ნ. ზ-ეს მისთვის მიცემულ ვადაში არ გაუკეთებია და, შესაბამისად, ხსენებული პალატის 2006 წლის 27 ნოემბრის განჩინებით განუხილველად დარჩა ნ. ზ-ის საკასაციო საჩივარი.

კასატორ ნ. ზ-ის განმარტებით, სააპელაციო პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, არასწორად მიუთითა, რომ ნ. ზ-ის თანამდებობაზე დანიშვნა წარმოადგენს შესაბამისი უფლებამოსილი პირის დისკრეციულ უფლებამოსილებას, მაშინ, როდესაც მოცემულ შემთხვევაში არაფერ შუაში არ არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “ლ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისკრეციული უფლებამოსილება, ვინაიდან შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება ვერ ჩაითვლება კანონიერად, დისკრეციული უფლებამოსილება კი სახეზე იქნება, თუ კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან ადმინისტრაციულ ორგანოს შესაძლებლობა ექნება შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში შესაბამისმა საპრეტენზიო კომისიამ დაარღვია პრეტენზიის განხილვის ვადები და ვადის დარღვევით გამოვლენილი კანდიდატურიდან მოახდინა კანდიდატურის შერჩევა.

კასატორი მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ მოცემული საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. აღნიშნული დარღვევა გამოიხატა იმაში, რომ სასამართლოს არ მიუწვევია მხარედ და სასამართლოში არ გამოცხადებულა შესაბამისი საპრეტენზიო კომისია. გარდა ამისა, კასატორი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, მოცემული საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ნოემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ზ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2006 წლის 27 ნოემბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 10 იანვრამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, ნ. ზ-ის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ სამართლებრივ საკითხებთან მიმართებაში, რის შემდეგაც მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე, ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო ნ. ზ-ის საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს ნ. ზ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ზ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.