ბს-818-786(კ-08) 10 დეკემბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
28.02.06წ. თელავის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ლ. გ.-მ და მოპასუხე თელავის საგადასახადო ინსპექციისათვის 90 ჰა საიჯარო მიწის ფართობზე 2005 წლის მიწის იჯარის გადასახადისაგან, 3870 ლარისაგან, გათავისუფლების დავალდებულება მოითხოვა.
თელავის რაიონულ სასამართლოს 27.03.06წ. გადაწყვეტილებით ლ. გ.-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, 40 ჰა ხორბლის ნათესის ფართობის მიწის გადასახადისაგან განთავისუფლებაზე უარი ეთქვა, ხოლო მისი სასარჩელო მოთხოვნა 50 ჰა სიმინდის ნათესის ფართობის მიწის გადასახადისაგან გათავისუფლების ნაწილში დაკმაყოფილდა, მოპასუხე თელავის საგადასახადო ინსპექციას ლ. გ.-ის 50 ჰა იმ მიწის ნაკვეთის გადასახადისაგან გათავისუფლების შესახებ ადმინისტრაციული აქტის გამოცემა დაევალა, რომელზეც დათესილი იყო სიმინდი.
თელავის რაიონულ სასამართლოს 27.03.06წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. გ.-მა და თელავის რეგიონალურმა ცენტრმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.04.08წ. გადაწყვეტილებით თელავის რაიონული სასამართლოს 27.03.06წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, ლ. გ.-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, დაევალა თელავის საგადასახადო ინსპექციას ლ. გ.-ის იმ 40 ჰა მიწის გადასახადისაგან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომელზეც დათესილი იყო ხორბალი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 27.03.06წ. გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.04.08წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალურმა ცენტრმა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ლ. გ.-ის სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.