¹ბს-819-785(კ-06) 12 ივნისი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ პ. ნ.-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ჭიათურის რაიონის გამგეობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 7 დეკემბერს ჭიათურის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა პ. ნ.-მ მოპასუხე ჭიათურის რაიონის გამგეობის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მიყენებული ზიანის ანაზღაურება 15 300 ლარის ოდენობით.
სარჩელის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:
2005 წელს ჭიათურაში “...-ს” მთიდან მოწყვეტილმა, დაახლოებით 16-ტონიანმა ლოდმა დაანგრია მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი. მოსარჩელემ ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა ადგილობრივი მმართველობის ორგანოს _ გამგეობას. გამგეობის წარმომადგენლები მივიდნენ მის სახლში, დააფიქსირეს მომხდარი, რის შემდეგაც შესაბამის სამსახურებს მიეცათ მითითება, რომ მოეხდინათ რეაგირება. არქიტექტურის სამსახურის დაანგარიშებით, მიყენებული ზარალის ოდენობა შეადგენდა 15 300 ლარს. აღნიშნული თანხა დანგრეული სახლის შეკეთება-გარემონტებისათვის საჭირო სამუშაოების მინიმალურ ოდენობასაც არ ყოფნიდა, რადგან, ფაქტობრივად, სახლი თავიდან იყო ასაშენებელი. ამასთან, არქიტექტურის სამსახურის მიერ შედგენილ ხარჯთაღრიცხვაში არ იყო შესული მისი ოჯახისათვის მიყენებული სრული ზარალის ოდენობა, მაშინ როდესაც განადგურდა ნარგავები, დაზიანდა ეზო, ღობე და საოჯახო ნივთები. ამდენად, მიყენებული ზარალი გაცილებით მეტი იყო 15 300 ლარზე. მოსარჩელემ რამდენჯერმე მიმართა გამგეობას, რა დროსაც განემარტა, რომ ბიუჯეტს არ ჰქონდა შესაძლებლობა, გამოეყო თანხა ზარალის ასანაზღაურებლად და რომ გამგეობას შეეძლო მის ოჯახს მხოლოდ 1000 ლარით დახმარებოდა.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ გამგეობამ მას თავდაპირველად გამოუყო 300 ლარი, ხოლო შემდეგ _ 1000 ლარი. აღნიშნული თანხა ჩამონგრეული სახურავის სათანადოდ შეკეთებას და ჩამოტანილი ნაგვის გატანასაც არ ეყო სრულად, არადა სასწრაფოდ იყო ჩასატარებელი მთელი რიგი სამუშაოები. ჭიათურის რაიონის გამგეობა, როგორც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანო, ვალდებული იყო სრულად აენაზღაურებინა მისი ოჯახისათვის მიყენებული ზარალი (ს.ფ. 2-3).
ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით პ. ნ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას ამყარებდა იმ გარემოებაზე, რომ ჭიათურის რაიონის გამგეობა ვალდებული იყო, ჩაეტარებინა ე.წ. “...-ს” კლდის გამაგრებითი სამუშაოები, რადგან აღნიშნული მონაკვეთი გამოცხადებული იყო საშიშ ან “რისკთან მიახლოებულ” ტერიტორიად. საქმეში წარმოდგენილი იყო ჭიათურის რაიონის გეგმარების და რაიონის განვითარების სამსახურის უფროსის მთავარი არქიტექტორის დ. ბ.-ის პასუხი ა. რ.-მ, სადაც აღნიშნული იყო, რომ 1990 წელს საპროექტო-საძიებო ინსტიტუტ “...-ის” მიერ შედგენილი პროექტი ითვალისწინებდა ქ. ჭიათურაში “...-ს” კლდის უბანზე ჩამოქცევის საწინააღმდეგო დაცვით სამუშაოებს. აღნიშნული სამუშაოები არ შესრულდა საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან დაუფინანსებლობის გამო.
სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებდა ზიანს, ვალდებული იყო აენაზღაურებინა ეს ზიანი. აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრებოდა, თუ იარსებებდა ზიანის ანაზღაურებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წანამძღვრები, კერძოდ, სახეზე იქნებოდა ზიანი, ზიანი მიყენებული იქნებოდა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის იარსებებდა მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღოდა ბრალი. აღნიშნული პირობების ერთობლიობა წარმოადგენდა სავალდებულო პირობას დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომისათვის, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ ქმედება დროში წინ უსწრებდა შედეგს და შესაბამისად, პირველი წარმოშობდა მეორეს, ხოლო პასუხისმგებლობა დადგებოდა იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იქნებოდა პირდაპირი (არა ირიბი) და გარდაუვალი (არა შემთხვევითი) შედეგი ზიანის მიმყენებლის მოქმედების ან უმოქმედობისა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეზე მიყენებული ზიანი იყო სტიქიური უბედურების (დაუძლეველი ძალის) შედეგი და არ იკვეთებოდა ადმინისტრაციული ორგანოს ბრალეული ქმედება. მოსარჩელე ზიანის ანაზღაურების მოპასუხეზე დაკისრების ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითებდა საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსის ჯ. ბ.-ის წერილზე ჭიათურის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ მ. გ.-სადმი, რაც სასამართლომ არ გაიზიარა. აღნიშნულ წერილში მითითებული იყო, რომ რაიონის გამგეობა შესაძლებლობის ფარგლებში აღმოუჩენდა დახმარებას პ. ნ.-ს, რაც განახორციელა კიდეც რაიონის გამგეობამ და სტიქიის შედეგად დაზარალებულ პ. ნ.-ს გადასცა 1300 ლარი. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარუდგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი გახდებოდა (ს.ფ. 39-40).
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პ. ნ.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.
აპელანტი არ დაეთანხმა რაიონული სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ვინაიდან 80-100 მეტრი სიმაღლიდან ლოდის ჩამოვარდნა სტიქიური უბედურებით იყო გამოწვეული, ამდენად, ამ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა ჭიათურის რაიონის გამგეობის ბრალეულობას. ამასთან დაკავშირებით აპელანტი მიუთითებდა შპს “ს.-ს” გეოლოგ მ. ხ.-ის დასკვნაზე, სადაც აღნიშნული იყო, რომ ჭიათურაში, ...-ის ქ. ¹...-ში მცხოვრებ პ. ნ.-ის საცხოვრებელ სახლს “...-ს” მხრიდან დაეცა ლოდი დიამეტრით 3 მეტრი, სისქით 60-80სმ, ლოდი დაეცა 80-100 მეტრის სიმაღლიდან, მოწყდა “...-ს” კლდის ვერტიკალურ კედელს, რაც გამოწვეული იყო ნაპრალებით, რომელიც ძლიერი წვიმის დროს ირეცხებოდა და ქმნიდა საშიშროებას. გარდა ამისა, აპელანტმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ...-ის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეების განცხადებების საფუძველზე ჭიათურის რაიონის გამგეობაში შექმნილმა კომისიამ ადგილზე მისვლით შეამოწმა ...-ოს კლდის მდგომარეობა, რა დროსაც გამოირკვა, რომ ...-ს კლდის თავზე მაღაროთა სამმართველოს მისასვლელი გზის მიმდებარე ტერიტორია გადათხრილი იყო მანგანუმის მომპოვებელი ფირმებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, რამოდენიმე ადგილზე გაჩენილი იყო ღრმულები და ორმოები, რომელშიც ჩამდგარი იყო წყალი და საფრთხე ემუქრებოდა ...-ოს კლდეს. ამდენად, “...-ს” კლდის მასივიდან ქვის ცვენის აღმოფხვრის საკითხი ყოველთვის იდგა დღის წესრიგში, მაგრამ აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ არ გადაწყვეტილა. გამაგრებითი და სხვა პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების სანაცვლოდ, ჭიათურის რაიონის გამგეობა იძლეოდა თანხმობას, რომ მომხდარიყო მანგანუმის მადნის მოპოვება “...-ს” კლდის ტერიტორიაზე. წიაღისეულის, როგორც საერთო-სახელმწიფოებრივი სიმდიდრის მოპოვება-გადამუშავება უნდა მომხდარიყო კანონით დადგენილი წესით, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
აპელანტის მითითებით, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მან შუამდგომლობით ითხოვა, მოპასუხე მხარეს წარმოედგინა ის დოკუმენტები, რომლითაც დადასტურდებოდა, თუ რა ღონისძიებები გაატარა გამგეობამ იმისათვის, რომ არ დამდგარიყო ამგვარი შედეგი, თუმცა ასეთი სახის დოკუმენტები ჭიათურის რაიონის გამგეობის მხრიდან წარდგენილი არ ყოფილა (ს.ფ. 44-48).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით პ. ნ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება, პ. ნ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ჭიათურის რაიონის გამგეობას პ. ნ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 13 738 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, შპს “...-ს” გეოლოგის დასკვნით პ. ნ.-ის სახლს დაეცა 3 მეტრი დიამეტრის კირქვის ლოდი, ლოდმა დააზიანა პ. ნ.-ის სახლის სახურავი, მზიდი კედლები და ტიხრები. სახლი საჭიროებდა გადახურვას, მზიდი კედლებისა და ტიხრების გამაგრებას. სასამართლომ საქმეზე ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ჭიათურის რაიონის გამგეობამ მოსარჩელეს გამოუყო 1300 ლარი.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელი იყო ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანო. მოცემულ შემთხვევაში ჭიათურის რაიონის გამგეობამ მოსარჩელეს გამოუყო 1300 ლარი. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, სახეზე იყო ვალდებულების აღიარება.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, გამგეობის ვალდებულება ზიანის ანაზღაურებაზე გამომდინარეობდა “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” ორგანული კანონიდან, რომლის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტის მიხედვით, ადგილობრივი მმართველობის ორგანოები უზრუნველყოფდნენ კატასტროფების, სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციას. ამავე კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის “ლ” ქვეპუნქტის თანახმად, მთავრობის უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა კატასტროფების, სტიქიური უბედურებების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებათა ორგანიზება. პ. ნ.-ის საცხოვრებელი სახლის კაპიტალური შეკეთების ხარჯთაღრიცხვით სახლის კაპიტალური შეკეთებისათვის საჭირო იყო 15 038 ლარი. მოსარჩელეს მიღებული ჰქონდა 1300 ლარი, ე.ი. მას უნდა ანაზღაურებოდა 13 738 ლარი.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა გამგეობის წარმომადგენლის პოზიცია, თითქოს ის არასათანადო მოპასუხე იყო, რადგან გამგეობის მიერ გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების შემთხვევაში ლოდი არ მოწყდებოდა და მოსარჩელეც არ დაზარალდებოდა. გარდა ამისა, გამგეობა ვალდებული იყო აღმოეფხვრა სტიქიური უბედურების შედეგები, თანახმად, “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” ორგანული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტისა და 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის “ლ” ქვეპუნქტისა (ს.ფ. 97-100).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჭიათურის რაიონის გამგეობამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული დავის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. მისი განმარტებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აანაზღაუროს ეს ზიანი. კანონის აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ იარსებებს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წანამძღვრები, კერძოდ, სახეზე იქნება ზიანი, ზიანი მიყენებული იქნება მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. აღნიშნული პირობების ერთობლიობა წარმოადგენს სავალდებულო პირობას დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომისათვის. ამდენად, პ. ნ.-სათვის მიყენებული ზიანი არის სტიქიური უბედურების შედეგი და არა ადმინისტრაციული ორგანოს _ ჭიათურის რაიონის გამგეობის ბრალეული ქმედება.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა შპს “...-ს” მიერ შედგენილ დასკვნაზე, სადაც აღნიშნულია ზიანის გამომწვევი უშუალო მიზეზი. დასკვნაში არ იკვეთება ჭიათურის რაიონის გამგეობის ბრალეული ქმედება, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა, არ დანიშნა ექსპერტიზა, რომელიც დაადასტურებდა რაიონის გამგეობის არაბრალეულობას. გარდა ამისა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ყოველგვარი მსჯელობის გარეშე გაითვალისწინა შპს “...-ს” დირექტორის მ. ყ.-ის მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვა პ. ნ.-ის საცხოვრებელი სახლის კაპიტალური შეკეთებისათვის 15 300 ლარზე, მაშინ როდესაც საქმეში არ დევს ზარალის აქტი და სტიქიით მიყენებული ზიანის გაანგარიშებაც არ განხორციელებულა (ს.ფ. 108-111).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ჭიათურის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე უტყუარადაა დადგენილი ჭიათურაში ე.წ. “...-ს” კლდიდან მოწყვეტილი ლოდით პ. ნ.-ის სახლის დაზიანების ფაქტი და აღნიშნული გარემოება სადავო არ არის.
სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ პ. ნ.-ის სახლის კაპიტალური შეკეთებისათვის საჭიროა 15 038 ლარი. ამ ნაწილში ჭიათურის რაიონის გამგეობას წამოყენებული არა აქვს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
რაც შეეხება მიყენებული ზიანის მიზეზის გამორკვევას და ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირად გამგეობის მიჩნევას, ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს ეს ზიანი. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს რაიონის გამგეობისაგან, იმ მოტივით, რომ აღნიშნული ზიანი გამოწვეულია გამგეობის უმოქმედობით _ გამგეობამ არაფერი იღონა, რომ ამგვარი შედეგი არ დამდგარიყო. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძველზე უმოქმედობის გამო ადმინისტრაციული ორგანოებისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საკითხის გადაწყვეტისას აუცილებელია გაირკვეს, შესაბამისი მოქმედება, რომლის განუხორციელებლობითაც პირს ზიანი მიადგა, შედის თუ არა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციაში.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ჭიათურის რაიონის გამგეობის ვალდებულება ზიანის ანაზღაურებაზე გამომდინარეობს “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” ორგანული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტიდან, რომლის თანახმად, ადგილობრივი მმართველობის ორგანოები უზრუნველყოფენ კატასტროფების, სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა აღნიშნული ნორმა. სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციის უზრუნველყოფა არ ნიშნავს სტიქიური უბედურების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. იმავდროულად, სააპელაციო სასამართლომ გამგეობის მიერ მოსარჩელისათვის სახლის დაზიანების გამო 1300 ლარის გამოყოფის ფაქტი შეაფასა როგორც გამგეობის მიერ პ. ნ.-ის მიმართ მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულების აღიარება, მაშინ როდესაც არ დაუსაბუთებია, თუ რომელი კონკრეტული გარემოება ან მტკიცებულება იძლეოდა ასეთი შეფასების საფუძველს, რატომ გამოირიცხებოდა აღნიშნული ფაქტის, როგორც გამგეობის მიერ გაწეული დახმარების შეფასება.
ასევე დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი გამოწვეულია სტიქიური უბედურების შედეგად. ამასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია აღნიშნულ საკითხზე საქმის რიგ გარემოებებს, კერძოდ:
ჭიათურის რაიონის გამგეობის 2005 წლის 21 თებერვლის ¹107 წერილში აღნიშნულია, რომ ...-ს კლდის თავზე მაღაროთა სამმართველოს მისასვლელი გზის მიმდებარე ტერიტორია გადათხრილია მანგანუმის მადნის მომპოვებელი ფირმებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, სადაც რამდენიმე ადგილზე გაჩენილია ღრმულები და ორმოები, რომელშიც ჩამდგარია წყალი და საფრთხე ემუქრება ...-ს კლდეს. ამავე წერილში გამგეობა აღნიშნავს, რომ ეს ადგილი არის წერეთლის მაღაროთა სამმართველოში მისასვლელი გზა და ტერიტორიის აღდგენა-რეკულტივაცია ევალება სს “ჭ.-ს” (ს.ფ. 51);
საქმეში წარმოდგენილია ქ. ჭიათურის ქალაქკომის აღმასკომის დაკვეთით შესრულებული სსრკ სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს საავტომობილო გზების თბილისის სახელმწიფო საპროექტო-საძიებო ინსტიტუტ “...-ის” მიერ 1990 წელს შედგენილი ქ. ჭიათურაში “...-ს” კლდის უბანზე ჩამოქცევის საწინააღმდეგო დაცვის მუშა პროექტი (ს.ფ. 22-28), რაც ცხადყოფს, რომ ქ. ჭიათურაში “...-ს” კლდის ტერიტორია დიდი ხანია წარმოადგენს ქვების ცვენის თვალსაზრისით საშიშ ტერიტორიას, რის თაობაზეც უნდა სცოდნოდათ შესაბამის ორგანოებს. იმავდროულად, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია პ. ნ.-ის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოება, რომ პ. ნ.-ის სახლის საერთოდ მოშორებულია იმ უბანს, სადაც 1990 წლის პროექტით უნდა განხორციელებულიყო “...-ს” კლდის გამაგრებითი სამუშაოები და რომ 1990 წელს “...-ოს” კლდის იმ მონაკვეთზე, სადაც მოსარჩელის სახლი მდებარეობს, რისკის ფაქტორი ან სულ არ იყო, ან იყო მინიმალური. საშიში ზონის ფარგლების გაიზარდა წლების მანძილზე კანონდარღვევით განხორციელებული მადნის მოპოვებითი სამუშაოების შედეგად, რომელიც არ აღიკვეთებოდა (ს.ფ.47, 83).
საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლით გარანტირებულია ადამიანის უფლება, ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, რეგლამენტირებულია, რომ ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად სახელმწიფო უზრუნველყოფს გარემოს დაცვასა და რაციონალურ ბუნებათსარგებლობას. აღნიშნული ნორმა შესაბამისად კონკრეტიზირებულია მიმდინარე კანონმდებლობის ნორმებში.
“ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” ორგანული კანონის მე-8 მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, ადგილობრივი მმართველობის ორგანოების კომპეტენციაა გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებათა გატარების ორგანიზება.
“გარემოს დაცვის შესახებ” კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის “ა” და “გ” ქვეპუნქტების თანახმად, ამ კანონის მიზანი და ძირითადი ამოცანაა, უზრუნველყოს სახელმწიფოს მიერ გარემოს დაცვა და რაციონალური ბუნებათსარგებლობა, დაიცვას და შეინარჩუნოს ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი (უსაფრთხო) გარემო და უზრუნველყოს გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება. ამავე კანონის მე-13 მუხლით განსაზღვრულია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს კომპეტენცია გარემოს დაცვის სფეროში, მათ შორის, სახელმწიფო კონტროლი.
“გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის შესახებ” 2005 წლის 23 ივნისის კანონით შეიქმნა გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო _ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომლის მეშვეობითაც სამინისტრო ახორციელებს გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლს. ამავე კანონის მე-6 მუხლის, მე-8 მუხლის “ბ” ქვეპუნქტისა და მე-9 მუხლის თანახმად, აღნიშნული ინსპექციის ფუნქციაა გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება და გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება. ამ მიზნით მას უფლება აქვს, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილი წესით შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები და სამართალდამრღვევის მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები.
საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოარკვიოს, განაპირობებულია თუ არა “...-ს” კლდიდან 16-ტონიანი ლოდის მოწყვეტა და მოსარჩელის სახლის დაზიანება არარაციონალური ბუნებათსარგებლობით, თუ აღნიშნული წარმოადგენს კლდის ქანების დაშლის ბუნებრივ პროცესს, რაც არ არის განპირობებული ადამიანის ზემოქმედებით. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოარკვიოს, ჭიათურის რაიონის გამგეობამ მიიღო თუ არა ზომები “...-ს” კლდეზე მადნის უკანონოდ მოპოვებისა და კლდის არარაციონალური სარგებლობის აღკვეთის, კლდის ქანების დაშლისა და კლდიდან ლოდების ცვენის თავიდან აცილების უზრუნველყოფის ღონისძიებათა გატარების ორგანიზებისათვის, რასაც ითვალისწინებს “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” ორგანული კანონის მე-8 მუხლის “დ” ქვეპუნქტი; საქმის ხელახლი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ ასევე უნდა დაადგინოს, თუ ვის სარგებლობაშია “...-ს” კლდე, არის თუ არა მასზე გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზია ან გარემოსდაცვითი ნებართვა. ადგილი აქვს თუ არა წიაღით უკანონოდ ან არარაციონალურ სარგებლობას და ასეთი სარგებლობის აღსაკვეთად განხორციელებულია თუ არა სათანადო ღონისძიებები საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და მისი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის ინსპექციის მიერ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, წარმოადგენს თუ არა საქმეზე სათანადო მოპასუხეს ჭიათურის რაიონის გამგეობა ან ხომ არ არის საჭირო საქმეში სხვა თანამოპასუხეების ჩაბმა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტის, 412-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს სააპელაციო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჭიათურის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.