Facebook Twitter

ბს-819-787(კ-08) 4 დეკემბერი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი – ქ. მაღრაძე

კასატორი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)

მოწინააღმდეგე მხარე – ი/მ ,,ი. ბ.-ი”

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 მაისის განჩინება

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 25 ივლისს ი. ბ.-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე თელავის საგადასახადო ინსპექციის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა თელავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 30 მაისის სამართალდარღვევის ¹1666 ოქმის, 2006 წლის 26 ივნისის ¹0530 ბრძანებისა და 2006 წლის 4 ივლისის ¹131 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.

თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით ი/მ ,,ი. ბ.-ის” სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი თელავის საგადასახადო ინსპექციის სამართალდარღვევათა ოქმი ¹1666, 2006 წლის 26 ივნისის ბრძანება ¹0530 და 2006 წლის 4 ივლისის ¹131 საგადასახადო მოთხოვნა.

საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ინსპექციის უფლებამოსილი პირი გადასახადის გადამხდელთან, სხვა ვალდებულ პირთან ამ კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისას (გარდა საგადასახადო შემოწმების დროს გამოვლენილი სამართალდარღვევისა) ადგენს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ოქმში აღინიშნება მოქმედების ჩატარებისას გამოვლენილი, საქმესთან დაკავშირებული არსებითი ფაქტები და გარემოებები. როგორც საქმეში წარმოდგენილი ოქმიდან ირკვევა, ოქმში არ არის მითითებული, თუ რა ფაქტობრივ გარემოებებს ემყარება გამოვლენილი სამართალდარღვევა.

სასამართლოს მოსაზრებით, სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას დარღვეულია ოქმის შედგენის წესი, კერძოდ, მასში არ არის მითითებული თუ რა მოქმედებით იქნა გამოვლენილი სამართალდარღვევა, რასაც ითვალისწინებს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტი. ასევე დარღვეულია ,,საგადასახადო ორგანოების მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების შესახებ” ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-5 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დარღვევაზე კონტროლის პროცედურის განხორციელების დროს, საკონტროლო-სალარო აპარატების გარეშე მუშაობის ან მათი გამოუყენებლობის ფაქტის დადგენის მიზნით, საკონტროლო-სალარო აპარატიდან უნდა ამოიბეჭდოს კონკრეტული პერიოდის მიხედვით აპარატის ფისკალურ მეხსიერებაში არსებული ინფორმაცია ამონაგები თანხის შესახებ.

სასამართლოს მითითებით, სალარო აპარატის გაუმართაობა, თავისთავად, არ ნიშნავს იმას, რომ მოსარჩელე მომხმარებელთა მომსახურებას აწარმოებდა სალარო აპარატის გარეშე, რადგან ზემოთ დასახელებული ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სალარო აპარატის გაუმართაობის პერიოდში შეიძლება გადასახადის გადამხდელმა მოახდინოს საქონლის გაყიდვა, მაგრამ მიღებული ფულადი ამონაგები უნდა აისახოს მოლარე-ოპერატორის ჟურნალში.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციამ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 მაისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის საგადასახადო ინსპექციის (რეგიონალური ცენტრის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის საგადასახადო ინსპექციამ (რეგიონალურმა ცენტრმა).

კასატორი საკასაციო საჩივრითY ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 მაისის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას სასამართლოს მხრიდან ფაქტობრივი გარემოებების არასრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების, ასევე მატერიალური ნორმების არასწორი შეფარდების თაობაზე და თვლის, რომ კასაცია ვერ დაკმაყოფილდება დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის მოტივით.

საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ ი/მ ,,ი. ბ.-ი” საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის გამო დაჯარიმებულია 500 ლარით.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივაციას საგადასაადო სამართალდარღვევათა შესახებ ¹1666 ოქმისა და საგადასახადო სამართალდარღვევათა შესახებ ¹0530 ბრძანების საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით გამოცემის თაობაზე და თვლის, რომ მითითებული აქტები მიღებულია კანონდარღვევით, რაც იძლევა მათი ბათილობის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს.

საკასაციო სასამართლო ადასტურებს საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცეტრის უფლებამოსილებას, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე განახორციელონ საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ფარგლებში საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლი და ამ მიზნით შევიდნენ ნებისმიერ შესაბამის ობიექტზე, მაგრამ იმავდროულად საკასაციო სასამართლო არსებითად მიიჩნევს შემოწმების პროცესში საგადასახადო ინსპექციის მხრიდან კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების განუხრელ დაცვას, მიღებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სამართლებრივი სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს რა ადმინისტრაციული სამართალწარმოების სპეციფიკას, ხაზს ისვამს იმ მოსაზრებას, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოებისათვის მახასიათებელი ინკვიზიციურობის ელემენტი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის დებულებებიდან გამომდინარე, არ გამორიცხავს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის სავალდებულობას. რის საფუძველზეც, თითოეული მხარე ვალდებულია, დაასაბუთოს თავისი მოთხოვნები, უარყოს ან გააქარწყლოს მეორე მხარის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

საგულისხმოა, რომ კასატორმა ვერცერთი ინსტანციის სასამართლოში ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ინდ/მეწარმის მხრიდან საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე ვაჭრობის ფაქტს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ¹145 ბრძანებით დამტკიცებული ,,საგადასახადო ორგანოების მიერ საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების შესახებ” ინსტრუქცია არ შეიცავს მითითებას საკონტროლო-სალარო აპარატის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში ობიექტის ფუნქციონირების შეწყვეტის თაობაზე.

ინსტრუქციის მოთხოვნიდან და მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის გადანაწილების პრინციპიდან გამომდინარე, საკასაციო სასამათლო საჭიროდ მიიჩნევს, საგადასახადო ორგანომ უზრუნველყოს სათანადო წესით გაფორმებული მტკიცებულებების წამოდგენა, რათა სასამართლოს მიეცეს შესაძლებლობა დაადგინოს და დაადასტუროს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი.

ზემოაღნიშნული ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-5 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონტროლო სალარო აპარატის გაუმართაობის შემთხვევაში საგადასახადო ინსპექციის თანამშრომელი ვალდებულია, მოითხოვოს ობიექტის ხელმძღვანელისაგან, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში მოლარე-ოპერატორის ფუნქციის შემსრულებელი პირისაგან, აპარატის დაზიანების თარიღის და დაზიანების აღმოფხვრის კუთხით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია. ამის შემდეგ შეამოწმოს აწარმოებს თუ არა აპარატის გაუმართაობის პერიოდში გადასახადის გადამხდელი ცალკეული საქონლის (მომსახურების) გაყიდვიდან მიღებული ფულადი ამონაგები თანხის ასახვას მოლარე-ოპერატორის ჟურნალში, რაც იმავე ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად უნდა აისახოს ოქმში.

განახილველ შემთხვევაში, თუ საკონტროლო-სალარო აპარატი დაზიანების მიუხედავად ობიექტიდან არ იყო გატანილი, საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლებს ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-5 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის საფუძველზე ჰქონდათ შესაძლებლობა, საკონტროლო-სალარო აპარატიდან ამოებეჭდა ფისკალურ მეხსიერებაში არსებული ინფორმაცია ამონაგები თანხების შესახებ, ამასთან სალაროში არსებული ნაღდი ფულადი სახსრების ოდენობა შეედარებინათ სალარო აპარატის მაჩვენებელთან ან მოლარე-ოპერატორის ჟურნალთან.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, იმის გათვალისწინებით, რომ არცერთი ზემოაღნიშნული მოქმედება საგადასახადო ორგანოს თანამშრომელთა მხრიდან განხორციელებული არ არის, საქმეზე არ არსებობენ მოწმეები, ამასთან ადგილი არა აქვს საკონტროლო შესყიდვას, რაც უდავოს გახდიდა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, სასამართლოები მოკლებული არიან შესაძლებლობას დაადასტურონ აღნიშნული ფაქტის არსებობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მხრიდან ადგილი არა აქვს კანონის არასწორ გამოყენებასა თუ მის მცდარ განმარტებას, ამასთან, საკასაციო საჩივარი არის დაუსაბუთებელი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცველად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.