Facebook Twitter

ბს-820-782(კ-07) 9 ოქტომბერი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ივნისის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2005 წლის 17 ოქტომბერს ლ. ფ-ემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის დავალდებულება 1998, 1999, 2000 წლების სახელფასო დავალიანებისა და დაწესებულების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით გათავისუფლების გამო კომპენსაციის ანაზღაურების შესახებ (იხ. ს.ფ. 2-3).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 14 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქმეში მოპასუხედ ჩართული საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტი შეიცვალა სათანადო მოპასუხით _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი (იხ. ს.ფ. 22-23).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით ლ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაეკისრა 1997, 1998, 1999, 2000 წლების სახელფასო დავალიანების _ 364,84 ლარისა და სამსახურიდან გათავისუფლების გამო 2 თვის კომპენსაციის _ 76,4 ლარის, სულ 441,24 ლარის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 35).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 39-40).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას (იხ. ს.ფ. 118-122).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის საოქმო განჩინებით მოსარჩელე ლ. ფ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმეში მოპასუხედ ჩაერთო საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და სსიპ სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო (იხ. ს.ფ. 140).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით ლ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაეკისრა 1998, 1999, 2000 წლების სახელფასო დავალიანების _ 364,84 ლარისა და სამსახურიდან გათავისუფლების გამო 2 თვის კომპენსაციის _ 76,4 ლარის, სულ 441,24 ლარის ანაზღაურება, ხოლო მოპასუხე სსიპ სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიმართ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი (იხ. ს.ფ. 190-196).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 1 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 204-205).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ივნისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 226-230).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ივნისის განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 234-237).

საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 12 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 241-242).

საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრებები წარმოადგინეს ლ. ფ-ემ, სსიპ «საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნულმა სააგენტომ» და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

მოწინააღმდეგე მხარის _ ლ. ფ-ის მითითებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია.

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 ნოემბრის ¹483 ბრძანების პირველი პუნქტის საფუძველზე საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის ბაზაზე შეიქმნა სსიპ საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნული სააგენტო, ხოლო ამავე ბრძანების მე-3 პუნქტის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ქონება გადაეცა საქსტანდარტს.

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 4 აგვისტოს ¹123 დადგენილებით განხორციელდა სსიპ საქსტანდარტის ლიკვიდაცია. მითითებული დადგენილების უზრუნველყოფა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ დაევალა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს. დადგენილების მე-4 პუნქტის მიხედვით, ამავე დადგენილების პირველი პუნქტი ამოქმედდა საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს დებულების ამოქმედებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 7 ოქტომბრის ¹1-1/1057 ბრძანებით დამტკიცდა სსიპ სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს დებულება. აღნიშნული ბრძანება ძალაში შევიდა 2005 წლის 19 ოქტომბრიდან. სააგენტო შეიქმნა «სტანდარტიზაციის შესახებ» კანონის საფუძველზე და თავის საქმიანობას ახორციელებს კანონის საფუძვლზე დებულებით განსაზღვრული უფლებებისა და მოვალეობების ფარგლებში. სააგენტო წარმოადგენს სახელმწიფო ქონების ბაზაზე შექმნილ დაწესებულებას. ასევე არ არსებობს რაიმე კონკრეტული ნორმატიული აქტი, რომლითაც სააგენტო შეიძლება განიხილებოდეს ლიკვიდირებული სსიპ საქსტანდარტის უფლება-მოვალეობათა მატარებლად და სამართალმემკვიდრედ. არ არსებობს ასეთი უფლებამონაცვლე და სამართალმემკვიდრე.

«ბიუჯეტის შესახებ» კანონის თანახმად, ბიუჯეტში თავს იყრის ფულადი სახსრები, რომელიც ხმარდება ქვეყნის ვალდებულებათა შესრულებას. «ბიუჯეტის შესახებ» კანონის თანახმად, ფინანსთა სამინისტრო ახდენს კანონით გათვალისწინებული თანხების გამოყოფას და საბიუჯეტო ორგანიზაციების სახელფასო დავალიანების გასტუმრებას. საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენდა საბიუჯეტო ორგანიზაციას, რომლის შენახვა ფინანსდებოდა ცენტრალური ბიუჯეტიდან. სახელფასო დავალიანება წარმოიშვა 1998-2000 წლებში საქსტანდარტის ფინანსთა სამინისტროს მიერ დაუფინანსებლობის გამო.

საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, საბიუჯეტო ორგანიზაციაში წინა წლების წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანების დაფარვისათვის შესრულებაზე პასუხისმგებელია ფინანსთა სამინისტრო.

მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებით, ასევე უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნა კომპენსაციის ანაზღაურების შესახებ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 109-ე მუხლის შესაბამისად (იხ. ს.ფ. 245-247).

სსიპ საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივით:

შესაგებლის ავტორის მითითებით, სსიპ საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო არ წარმოადგენს ლიკვიდირებული საქსტანდარტის სამართალმემკვიდრეს. 2005 წლის 11 აგვისტოს გამოიცა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანება, სსიპ საქართველოს სტანდარტების, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნული სააგენტოს «საქსტანდარტის» ლიკვიდაციის ღონისძიების შესახებ, რის საფუძველზეც შეიქმნა სალიკვიდაციო კომისია. სალიკვიდაციო კომისიის 2005 წლის 8 ნოემბრის დასკვნით და ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 7 ოქტომბრის ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული დებულების შესაბამისად, საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა ქონება თანდართული აქტებით, ხოლო აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრს _ 26992 ლარის ქონება. მითითებულ დასკვნაში არ არის მითითებული სახელფასო დავალიანებაზე, რომელიც ერიცხება საქსტანდარტს.

შესაგებლის ავტორის მითითებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2006 წლის 25 სექტემბრის ¹9838 და 2006 წლის 1 ნოემბრის ¹04-02/11171 წერილებით მათი მხრიდან ფაქტობრივად აღიარებულია აღნიშნული სახელფასო დავალიანებები (იხ. ს.ფ. 248-249).

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.

მოსაზრების ავტორის მითითებით, საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

მოსაზრების ავტორის მითითებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს, რადგან მოსარჩელე მუშაობდა საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნულ სააგენტოში, რომლის ლიკვიდაციაც განხორციელდა საქართველოს მთავრობის 2005 წლის 4 აგვისტოს ¹123 დადგენილების შესაბამისად. აღნიშნული დადგენილების მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაევალა «საქსტანდარტის» ლიკვიდაციასთან დაკავშირებული, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება, ხოლო მე-4 პუნქტის მიხედვით, მთავრობის დადგენილების პირველი და მე-3 პუნქტები უნდა ამოქმედებულიყო სსიპ საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს დებულების ამოქმედებისთანავე. ამდენად, მოსაზრების ავტორის მითითებით, ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს და იგი უნდა შეცვლილიყო სათანადოთი, რითაც სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლი.

მოსაზრების ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 37-ე მუხლი, რადგან მითითებული ნორმა არ არეგულირებს სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე სახელფასო დავალიანების გაცემის წესს. აღნიშნული საკითხი რეგულირებულია საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით. სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად გამოიყენა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 109-ე მუხლი და არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» 2004 წლის 29 დეკემბრის კანონის მე-2 პუნქტის შესაბამისად, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 109-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების მოქმედება შეჩერდა 2006 წლის 1 იანვრამდე.

მოსაზრების ავტორმა მიიჩნია, რომ მსგავს საქმეებზე არ არსებობს სასამართლო პრაქტიკა და აღნიშნული ნორმების სწორად შეფასება მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და სწორი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის (იხ. ს.ფ. 251-252).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლოს 2005 წლის 12 სექტემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 241-242).

კასატორის _ ფინანსთა სამინისტროს მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მოსაზრებები არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ფინანსთა სამინისტროს მიერ არ იქნა სრულყოფილად რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.