¹ბს-820-788 (კ-08) 23 ოქტომბერი, 2008წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ. ხ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიურო (მოპასუხე)
დავის საგანი –იძულებითი აუქციონის ჩატარების დავალდებულება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება-
კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მ. ხ-მა 2006 წლის 29 ნოემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ და მოითხოვა განმეორებითი იძულებითი საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2006 წლის 17 ნოემბრის ოქმის ბათილად ცნობა და ქ. თბილისში, .... ქ. ¹11-ში მდებარე იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე იძულებითი აუქციონის ჩატარების დავალება.
მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის 2006 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით მ. მ-ეს დაეკისრა 10 050 აშშ დოლარის გადახდა; მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი წესით უნდა დაკმაყოფილებულიყო ქ. თბილისში, .... ქ. ¹11-ში მდებარე, მ. მ-ის კუთვნილი და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების ხარჯზე. მ. მ-ემ ნებაყოფლობით არ გადაიხადა მასზე დაკისრებული თანხა, რის შემდეგაც დაიწყო იძულებითი აღსრულება. აღსრულების პროცესში მ. მ-ის უძრავი ქონება შეფასდა 380 000 აშშ დოლარის ექვივალენტად ლარებში, რის შედეგადაც დაინიშნა აუქციონი, რომელზეც გამარჯვებული არ გამოვლინდა.
თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2006 წლის 17 ნოემბერს, 11 საათზე დაინიშნა განმეორებითი იძულებითი აუქციონი, რომელზედაც გამოცხადდა მ. ხ-ი, მისი და-ც. ხ-ი და რწმუნებული-ნ. ა-ი, რაც დასტურდება სააღსრულებო ბიუროს მიერ გაცემული საშვებით; მაგრამ მათი იქ მისვლის დროს განუცხადეს, რომ განმეორებითი აუქციონი უკვე დაიხურა.
მოსარჩელის აზრით, სააღსრულებო ბიურომ უხეშად დაარღვია მისი, როგორც კრედიტორის, ასევე აუქციონზე გამოტანილი ქონების შეძენის მსურველთა უფლებები, რადგან სააღსრულებო ბიურომ მათ წაართვა შესაძლებლობა ყველაზე დაბალ ფასად შეეძინათ აუქციონზე გამოტანილი ქონება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანო_თბილისის საარსრულებო ბიუროს 2006 წლის 17 ნოემბრის ოქმი განმეორებითი იძულებითი საჯარო აუქციონის შესახებ”; მოპასუხეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოს_თბილისის სააღსრულებო ბიუროს დაევალა განმეორებითი იძულებითი აუქციონის ჩატარება მ. მ-ის სახელზე რიცხულ ქ. თბილისში, .... ქ. ¹11-ში მდებარე იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე კანონით დადგენილი წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით მ. მ-ის წარმომადგენლის გ. მ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2006 წლის 17 ნოემბერს 11 საათზე დაინიშნა განმეორებითი აუქციონი; სადაც არ მოხდა ბინის რეალიზაცია, რის შედეგადაც იგი გამოცხადდა დახურულად.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება და ჩათვალა, რომ მხოლოდ იმ გარემოებების დადასტურება, რომ მოსარჩელე და მისი წარმომადგენელი განმეორებითი აუქციონის ჩატარების დღეს დანიშნულ დროს 11 საათზე გამოცხადდნენ აუქციონის ჩატარებისათვის განკუთვნილ შენობაში, არ წარმოადგენს აღმასრულებლის ქმედების უკანონოდ მიჩნევის და განმეორებითი იძულებითი აუქციონის დავალდებულების კანონით განსაზღვრულ საფუძველს, ვინაიდან შენობაში გამოცხადება არ გულისხმობს იმას, რომ კრედიტორი და მისი წარმომადგენელი დათქმულ დროს გამოცხადდნენ აუქციონის ჩატარების ადგილას.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მ. ხ-მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. მისი საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია იმით, რომ კასატორი აუქციონზე დასთან და რწმუნებულთან ერთად გამოცხადდა 11 საათზე, რასაც ადასტურებს სააღსრულებო დეპარტამენტის მიერ 11 საათზე გაცემული საშვი, მაგრამ მათი იქ მისვლის დროს განუცხადეს, რომ განმეორებითი აუქციონი უკვე დაიხურა.
კასატორი მიუთითებს, რომ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი განსაზღვრავს იძულებითი აუქციონის ჩატარების წესსა და პროცედურას, ასევე აღმასრულებლის უფლება-მოვალეობას. მ. ხ-ი საკასაციო საჩივარში ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღმასრულებელმა 11 საათზე დანიშნული აუქციონი 11 საათსა და 10 წუთზე დახურულად გამოაცხადა და შეადგინა შესაბამისი ოქმი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ აღმასრულებლის მიერ 10 წუთის განმავლობაში აუქციონთან დაკავშირებული ყველა პროცედურების ჩატარება შეუძლებელია. კასატორი თვლის, რომ აღმასრულებლის უკანონო ქმედებებმა დაარღვია მისი, როგორც კრედიტორის, ასევე აუქციონზე გამოტანილი ქონების შეძენის მსურველთა უფლებები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ არის დასაშვები, შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.
ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მ. ხ-ს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი _ 704,55 (შვიდას ოთხი ლარი და ორმოცდათხუთმეტი თეთრი) ლარი (ს.ფ. 123), საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხის 70% _ 493 (ოთხას ოთხმოცდაცამეტი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული მ. ხ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებაზე;
2. მ. ხ-ს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 493 (ოთხას ოთხმოცდაცამეტი) ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.