Facebook Twitter
¹ბს-821-783(კ-07) 17 იანვარი, 2008 წელი
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:


თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე
ლალი ლაზარაშვილი


საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოსარჩელეები): დ. ფ-ი, მ. ბ-ი, ნ. მ-ი, მ. კ-ი, ნ. ბ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ქ. თბილისის მერია

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება

სარჩელის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 5 აპრილს დ. ფ-მა, მ. ბ-მა, ნ. მ-მა, მ. კ-მა და ნ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ქ. თბილისის მერიის მიმართ.
მოსარჩელეთა განმარტებით, ქ. თბილისის მერიის 1999 წლის 24 მარტის ¹15 ბრძანებით ქ. თბილისის მერიის სათბობ-ენერგეტიკის განყოფილებისა და ენერგოუზრუნველყოფის ბიუროს ბაზაზე შეიქმნა ქ. თბილისის მერიის ენერგეტიკის საქალაქო სამსახური, რომელიც წარმოადგენდა ქ. თბილისის მერიის სტრუქტურულ ერთეულს და იყო ქ. თბილისის მთავრობის კომპეტენციას მიკუთვნებული, ენერგეტიკის რეგულირების მიზნით შექმნილი საბიუჯეტო დაწესებულება. იგი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებდა დედაქალაქის სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის, როგორც უმნიშვნელოვანესი და ამავე დროს ურთულესი ენერგეტიკული დარგების შერწყმითა და სინთეზური ურთიერთობის გზით, მისი ჰარმონიული და მდგრადი განვითარების პრინციპების ხელშეწყობა-დამკვიდრებას. “ქ. თბილისის მერიის ენერგეტიკის საქალაქო სამსახურის გაუქმებისა და ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ" ქ. თბილისის მერიის 2004 წლის 2 ივნისის ¹6 ბრძანების საფუძველზე, გაუქმდა ქ. თბილისის მერიის ენერგეტიკის საქალაქო სამსახური და ამ სამსახურის უფლებამოსილებები და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა გადაეცა ქ. თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურს, რომლის სტრუქტურაშიც შეიქმნა ენერგეტიკისა დ ინფრასტრუქტურის განყოფილება. მოხდა სამსახურების რეორგანიზაცია-შერწყმის გზით შტატების შემცირება 12 საშტატო ერთეულიდან 6 საშტატო ერთეულამდე. არსებული წესით მუშაობა მიმდინარეობდა 6 თვის განმავლობაში. გაწეული სამუშაოებიდან და დაგროვებული შეუსრულებელი სამუშაოდან გამომდინარე, რაც შტატების სიმცირით, უფლებების შეკვეცითა და ხსენებული სამსახურის ლიკვიდაციით იყო გამოწვეული, “ქალაქ თბილისის მმართველობითი სისტემის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ” ქ. თბილისის მერიის 2004 წლის 20 დეკემბრის ¹17 ბრძანების საფუძველზე, ქ. თბილისის მმართველობის სისტემაში, სისტემის ნორმალური ფუნქციონირების აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, ხელმეორედ შეიქმნა ენერგეტიკის საქალაქო სამსახური, რომლის კომპეტენციას იმჟამად განეკუთვნებოდა ენერგეტიკის საკითხების მართვა. ქ. თბილისის პრემიერის 2005 წლის 25 იანვრის ¹49 განკარგულების საფუძველზე დამტკიცდა ქ. თბილისის მერიის ენერგეტიკის საქალაქო სამსახურის დებულება, რომლითაც განისაზღვრა ამ საქალაქო სამსახურის სტრუქტურა და საშტატო ერთეულების ნუსხა.
მოსარჩელეთა აღნიშვნით, “საქართველოს დედაქალაქის _ ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულებით დამტკიცდა საქართველოს დედაქალაქის _ ქ. თბილისის მერიის დებულება. ამ დებულებით განისაზღვრა ქ. თბილისის მერიის ახალი სტრუქტურა და აღნიშნული ბრძანებულების განსახორციელებლად და უზრუნველსაყოფად გამოიცა შემდეგი აქტები: ,,ქ. თბილისის მერიის მმართველობითი სისტემის რეორგანიზაციისა და ცალკეული სამსახურების ლიკვიდაციის ღონისძიებათა შესახებ" ქ. თბილისის მერიის 2005 წლის 4 მარტის ¹21 განკარგულება; ,,ქ. თბილისის მერიის მმართველობითი სისტემის რეორგანიზაციისა და ცალკეული სამსახურების ლიკვიდაციის ღონისძიებათა შესახებ" ქ. თბილისის მერიის 2005 წლის 4 მარტის ¹21 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” ქ. თბილისის მერიის 2005 წლის 7 მარტის ¹22 განკარგულება; ,,ქ. თბილისის მერიის მმართველობითი სისტემის რეორგანიზაციისა და ცალკეული სამსახურების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით განსახორციელებელ საკადრო ღონისძიებათა შესახებ" ქ. თბილისის პრემიერის 2005 წლის 10 მარტის ¹201 განკარგულება; ,,ქ. თბილისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და ცალკეული საქალაქო სამსახურების სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ" ქ. თბილისის მერიის 2005 წლის 29 მარტის ¹14 განკარგულება.
მოსარჩელეთა მტკიცებით, ზემოაღნიშნული განკარგულებები იყო დაუსაბუთებელი, ისინი ეწინააღმდეგებოდა კანონს და დარღვეული იყო მათი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, აგრეთვე, მათი შესრულება გამოიწვევდა კანონდარღვევას, ისინი არ იყო დაფუძნებული კანონმდებლობის პრინციპებზე და ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, ყველა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა ყოფილიყო სამართლებრივი დასაბუთება. მასში მითითებული უნდა ყოფილიყო ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს სამართლებრივი აქტი. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ იყო თავისი გადაწყვეტილება დაეფუძნებინა იმ გარემოებებზე, ფაქტ
ებზე, მტკიცებულებებზე და არგუმენტებზე, რომლებიც არ იყო გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. კანონმდებლობის მიხედვით, ადმინისტრაციული აქტი უნდა გამოცემულიყო წერილობითი დასაბუთებით, რაც იმას ნიშნავდა, რომ კონკრეტული განსახორციელებელი ღონისძიების, რომელიც ზემოხსენებულ აქტებში იყო მითითებული, წინმსწრები უნდა ყოფილიყო მათში ასახული მოქმედების სახელმწიფოსათვის საჭიროებაზე მითითება. აღნიშნული აქტების გამოცემისას, რომლებიც ითვალისწინებდა გარკვეული სამსახურების ლიკვიდაციას, რეორგანიზაციასა და გარდაქმნას, არ იყო შესწავლილი გარემოებები, რომლებიც დაასაბუთებდა ლიკვიდაციის აუცილებლობას. ენერგეტიკის სამსახური ახორციელებდა მნიშვნელოვან ფუნქციას ქ. თბილისში არსებული ენერგეტიკის რეგულირების სფეროში და იმჟამად ქ. თბილისის მერიას ქალაქის მმართველობით სისტემაში არ შეუქმნია არც ერთი შიდა სამსახური, რომელიც აღნიშნული სამსახურის ლიკვიდაციის შემდეგ უზრუნველყოფდა შესაბამისი დარგის ან სამსახურის ფუნქციაში შემავალი კომპეტენციის განხორციელების შესაძლებლობას. ქ. თბილისის მერიის ენერგეტიკის საქალაქო სამსახურის ლიკვიდაციის მიზანშეწონილობა სახელმწიფოს მიერ არანაირად დასაბუთებული არ იყო და არც შეიძლებოდა ყოფილიყო. უფრო მეტიც, დოკუმენტი, რომელიც ენერგეტიკის სამსახურის ლიკვიდაციას ითვალისწინებდა, დაფუძნებული არ იყო საქართველოს პრეზიდენტის ზემოხსენებულ ბრძანებულებაზე, რომელიც ენერგეტიკის სფეროს მიკუთვნებულ უამრავ შენარჩუნებულ ფუნქციაზე მიუთითებდა, რაც ცალსახად ადასტურებდა სახელმწიფოს მიერ ასეთი ფუნქციის განსახორციელებლად სამსახურის არსებობის აუცილებლობას.
მოსარჩელეთა განმარტებით, ქალაქ თბილისის მერიის ენერგეტიკის საქალაქო სამსახური წარმოადგენდა ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სტრუქტურაში შემავალ ერთადერთ დარგობრივ ერთეულს და იმავდროულად, ერთადერთ შუალედურ რგოლს მოსახლეობასა და სხვადასხვა ენერგოსამსახურსა თუ ენერგოკომპანიას შორის. ტრადიციულად, ქ. თბილისის ენერგეტიკის საქალაქო სამსახურს დავალებული ჰქონდა შემოდგომა-ზამთრის სეზონისათვის საქალაქო მეურნეობის სათანადოდ მომზადებისათვის გასატარებელი ღონისძიებების დადგენილების პროექტის შემუშავება. აღნიშნული პრობლემა მუდმივი იყო დედაქალაქისათვის, რადგანაც, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო დამთავრებული ზამთარი, უკვე იწყებოდა მომავალი ზამთრისათვის მზადება, ანუ იგი წარმოადგენდა მუდმივ, უწყვეტ ციკლს და მას პერმანენტული, გეგმაზომიერი და დროული მუშაობა ესაჭიროებოდა. ქ. თბილისის მერიის ენერგეტიკის საქალაქო სამსახურის მიერ, მთავრობის დავალებათა შესაბამისად, შემუშავებული იყო: ა) ქ. თბილისის ენერგოსექტორის ანტიკრიზისული პროგრამა და იგი მომზადებული იყო საპრეზენტაციოდ; ბ) გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების მეურნეობის ევროსტანდარტების დონეზე დამუშავებული სამშენებლო ნორმები და წესები; გ) გათბობისა და ვენტილაციის თანამედროვე სამშენებლო ნორმები და წესები. ,,გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების მეურნეობის ნორმებისა და წესების" შემუშავებით შესაძლებელი გახდა მოსახლეობისა და სხვა მომხმარებლებისათვის ამ აუცილებელი სფეროს საბოლოოდ მოწესრიგება მისი უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად. დასახელებული სამსახური დიდ სამუშაოს ეწეოდა ქ. თბილისის ენერგორეგულირების სფეროში.
მოსარჩელეთა მტკიცებით, ისინი მუშაობდნენ ქ. თბილისის მერიის ენერგეტიკის საქალაქო სამსახურში კომპეტენციისა და გამოცდილების გათვალისწინებით, შესაბამისი უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე დანიშნული იყვნენ კონკრეტულ თანამდებობებზე და ითვლებოდნენ საჯარო მოხელეებად. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 108-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ისინი, როგორც საჯარო მოხელეები, გაფრთხილებული უნდა ყოფილიყვნენ ადმინისტრაციის მიერ დაწესებულების ლიკვიდაციის, თანამდებობის შემცირების გამო, სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, რაც არ განხორციელებულა. ,,ქ. თბილისის მერიის მმართველობითი სისტემის რეორგანიზაციისა და ცალკეული სამსახურების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით განსახორციელებელ საკადრო ღონისძიებათა შესახებ" ქ. თბილისის პრემიერის 2005 წლის 10 მარტის ¹201 განკარგულებით გამოქვეყნდა გაურკვეველი შინაარსის აქტი დანართებითურთ, რომელშიც დაკონკრეტებული არ იყო, ქ. თბილისის მერიის რომელ სამსახურს შეეხო რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. ხსენებული განკარგულება ფორმის დაუცველად იყო გამოცემული, არ ითვალისწინებდა მის არსს _ მოხელეთა გაფრთხილებას, რის გამოც იგი ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულებით, რომლითაც დამტკიცდა საქართველოს დადაქალაქის _ ქ. თბილისის მერიის დებულება, ენერგეტიკის სამსახურის ფუნქცია და უფლებამოსილება შენარჩუნებული იყო, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ აღნიშნული შეიძლებოდა ყოფილიყო არა ლიკვიდაცია, არამედ _ ორგანიზაციის რეორგანიზაცია გარდაქმნა-შერწყმის გზით. ზემოაღნიშნული განკარგულებები იყო დაუსაბუთებელი და მათი შესრულება გამოიწვევდა ხსენებული სამსახურის პარალიზებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების _ ,,ქ. თბილისის მერიის მმართველობითი სისტემის რეორგანიზაციისა და ცალკეული სამსახურების ლიკვიდაციის ღონისძიებათა შესახებ" ქ. თბილისის მერიის 2005 წლის 4 მარტის ¹21 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” ქ. თბილისის მერიის 2005 წლის 7 მარტის ¹22 განკარგულების, ,,ქ. თბილისის მერიის მმართველობითი სისტემის რეორგანიზაციისა და ცალკეული სამსახურების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით განსახორციელებელ საკადრო ღონისძიებათა შესახებ" ქ. თბილისის პრემიერის 2005 წლის 10 მარტის ¹201 განკარგულების, ,,ქ. თბილისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და ცალკეული საქალაქო სამსახურების სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ" ქ. თბილისის მერიის 2005 წლის 29 მარტის ¹14 განკარგულების ბათილად ცნობა და მათი მოქმედების შეჩერება.
2005 წლის 27 მაისს დ. ფ-მა, მარინა ბ-მა, ნ. მ-მა, მ. კ-მა და ნ. ბ-ემ კიდევ ერთი სასარჩელო განცხადებით მიმართეს ამჯერად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების _ ქ. თბილისის მერისა და ქ. თბილისის პრემიერის მიმართ.
მოსარჩელეებმა მიუთითეს 2005 წლის 5 აპრილის სასარჩელო განცხადებაში მოყვანილ გარემოებებზე და დამატებით განმარტეს, რომ ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹23 ბრძანებით ლიკვიდირებულად ჩაითვალა ,,ქალაქ თბილისის მმართველობითი სისტემის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ" ქ. თბილისის მერის 2004 წლის 20 დეკემბრის ¹17 ბრძანების მე-5 პუნქტის საფუძველზე შექმნილი ენერგეტიკის საქალაქო სამსახური. აღნიშნული ბრძანება ძალაში შევიდა 2005 წლის 29 აპრილიდან. ქ. თბილისის მერის 2005 წლის 16 მაისის ¹149 განკარგულებით ქ. თბილისის მერიის ენერგეტიკის საქალაქო სამსახურის თანამშრომლები 2005 წლის 3 მაისიდან გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან. ქ. თბილისის პრემიერის 2005 წლის 5 მაისის ¹483 განკარგულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ქ. თბილისის პრემიერის 2005 წლის 25 იანვრის ¹49 განკარგულებით დამტკიცებული ქ. თბილისის ენერგეტიკის საქალაქო სამსახურის დებულება. აღნიშნული განკარგულება ძალაში შევიდა 2005 წლის 29 აპრილიდან. ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹40 ბრძანებით დამტკიცდა ქ. თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ახალი დებულება, სტრუქტურა და საშტატო ერთეულების ნუსხა. აღნიშნული აქტით ქ. თბილისის მერიის ენერგეტიკის საქალაქო სამსახურის ფუნქციები შეერწყა ქ. თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის ფუნქციებს. მოსარჩელეები მუშაობდნენ ქ. თბილისის მერიის ენერგეტიკის საქალაქო სამსახურში. ქ. თბილისის მერიის 2005 წლის 16 მაისის ¹149 განკარგულებით მოხდა მათი, როგორც მოხელეთა, გათავისუფლება დაკავებული თანამდებობებიდან. ქ. თბილისის პრემიერის 2005 წლის 5 მაისის ¹483 განკარგულების თანახმად კი, ძალადაკარგულად გამოცხადდა ,,ქ. თბილისის ენერგეტიკის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის პრემიერის 2005 წლის 25 იანვრის ¹49 განკარგულება. აღნიშნული აქტებით სამართლებრივად გაფორმდა ხსენებული სამსახურის გაუქმება და ამ საფუძვლით მოხელეთა გათავისუფლება, ფაქტობრივად კი, განხორციელდა არა ამ სამსახურის ლიკვიდაცია, არამედ თავისი სამართლებრივი შედეგებით, მისი რეორგანიზაცია-გარდაქმნა შერწყმის გზით, ხოლო ხსენებული სამსახურის მოხელეებზე გავრცელდა ლიკვიდაციის სამართლებრივი შედეგები. აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით პირადად, უშუალოდ მიადგათ ზიანი მოსარჩელეებს, მათ კანონიერ შრომით უფლებებსა და ინტერესს, აგრეთვე, უკანონოდ შეეზღუდათ და შეელახათ შრომის უფლება.
მოსარჩელეთა მტკიცებით, გასაჩივრებული აქტები იყო დაუსაბუთებელი, ეწინააღმდეგებოდა კანონს, დარღვეული იყო მათი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, აგრეთვე, მათი შესრულება გამოიწვევდა კანონდარღვევას, ისინი არ იყო დაფუძნებული კანონმდებლობის პრინციპებზე, გამოცემული იყო არაუფლებამოსილი ორგანოს, არაუფლებამოსილი პირების მიერ და ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი. აღნიშნული აქტების გამოცემისას შესწავლილი არ იქნა გარემოებები, რომლებიც დაასაბუთებდა ზემოხსენებული სამსახურის ლიკვიდაციის აუცილებლობას, მით უმეტეს, რომ ქ. თბილისის მერმა 2005 წლის 5 მაისის ¹40 ბრძანებით დამტკიცებული ახალი დებულებით შექმნა სამსახური, რომელსაც აბსოლუტურად იდენტური ფუნქციები გააჩნდა. ქ. თბილისის მერიის ენერგეტიკის საქალაქო სამსახურის ლიკვიდაციის მიზანშეწონილობა სახელმწიფოს მიერ არანაირად არ იყო და არც შეიძლებოდა ყოფილიყო დასაბუთებული. ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹40 ბრძანების გამოცემისას დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 213-ე მუხლი და მე-60 მუხლის მე-2 ნაწილი, რის გამოც იგი ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი.
მოსარჩელეთა განმარტებით, რაც შეეხებოდა მათი სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერებას, ქ. თბილისის მერიის 2005 წლის 16 მაისის ¹149 განკარგულებაში მათი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად მიეთითა ენერგეტიკის საქალაქო სამსახურის ლიკვიდაცია. ამდენად, თუ სასამართლო დასახელებული სამსახურის ლიკვიდაციას უკანონოდ მიიჩნევდა, მოისპობოდა გათავისუფლების საფუძველიც და სასამართლო ვალდებული იქნებოდა, მიეღო გადაწყვეტილება მათი სამსახურში აღდგენის შესახებ. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლი ითვალისწინებდა მოხელეთა სამსახურიდან გათავისუფლებას დაწესებულების ლიკვიდაციის გამო. იმავე კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ქ. თბილისის მერია წარმოადგენდა დაწესებულებას, რომლის ლიკვიდაციაც არ მომხდარა, რის გამოც არ არსებობდა მათი გათავისუფლების საფუძველი.
მოსარჩელეები აღნიშნავდნენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულებით დამტკიცებული ქ. თბილისის მერიის ახალი დებულებით განისაზღვრა ქ. თბილისის მერისა და ქ. თბილისის პრემიერის უფლებამოსილებანი. აღნიშნულ დებულებაში და არც “საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ” საქართველოს კანონში, რომელშიც დეტალურად იყო მითითებული ქ. თბილისის მერისა და ქ. თბილისის პრემიერის კომპეტენციები (22-ე და 24-ე მუხლები), საქალაქო სამსახურების შექმნა და გაუქმება არ წარმოადგენდა ქ. თბილისის მერისა და ქ. თბილისის პრემიერის კანონმდებლობით გათვალისწინებულ, უშუალო კომპეტენციას. ქ. თბილისის მერიის მანამდე მოქმედი დებულებით აღნიშნული ფუნქცია მინიჭებული ჰქონდა ქ. თბილისის მერს, რაც ქ. თბილისის მერიის ახალი დებულებით გაუქმდა. შესაბამისად, გამოსცა რა ქ. თბილისის მერიის ენერგეტიკის საქალაქო სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ ბრძანება, ქ. თბილისის მერი მოქმედებდა სამართლებრივი ნორმების უხეში დარღვევით. ასევე კანონშეუსაბამო იყო ქ. თბილისის პრემიერის შესაბამისი განკარგულებაც, ვინაიდან “საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, მას არ ჰქონდა შესაბამისი სპეციალური უფლებამოსილება (24-ე მუხლი). ხსენებული ახალი დებულების თანახმად, საქალაქო სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრებოდა ქ. თბილისის პრემიერის წარდგინებით ქ. თბილისის მერის მიერ დამტკიცებული სამსახურის დებულებით. აღნიშნული გარემოება კი წარმოადგენდა ქ. თბილისის მერიის 2005 წლის 5 მაისის ¹23 ბრძანებისა და ქ. თბილისის პრემიერის 2005 წლის 5 მაისის ¹483 განკარგულების ბათილად ცნობის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფუძველს.
მოსარჩელეთა განმარტებით, დაირღვა გასაჩივრებული აქტების მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹23 ბრძანების, ქ. თბილისის მერის 2005 წლის 16 მაისის ¹149 განკარგულების, ქ. თბილისის პრემიერის 2005 წლის 5 მაისის ¹483 განკარგულების, ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹40 ბრძანების ბათილად ცნობა, წინანდელ სამუშაო ადგილზე დაუყოვნებლივ აღდგენა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 1 ივნისის განჩინებით მოსარჩელეების _ დ. ფ-ის, მ. ბ-ის, ნ. მ-ის, მ. კ-სა და ნ. ბ-ის სარჩელი მოპასუხე ქ. თბილისის მერიის მიმართ იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეები ითხოვდნენ ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹23 ბრძანებისა და ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹40 ბრძანების ბათილად ცნობას, მიღებულ იქნა წარმოებაში; დ. ფ-ის, მ. ბ-ის, ნ. მ-ის, მ. კ-სა და ნ. ბ-ის სარჩელი იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეები ითხოვდნენ ქ. თბილისის მერის 2005 წლის 16 მაისის ¹149 და ქ. თბილისის პრემიერის 2005 წლის 5 მაისის ¹483 განკარგულებების ბათილად ცნობას, სამუშაოზე დაუყოვნებლივ აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას გათავისუფლებიდან სამსახურში აღდგენამდე, განსჯადობით განსახილველად გადაეცა უფლებამოსილ სასამართლოს _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 14 ივლისის განჩინებით (ზემოაღნიშნული, იმავე კოლეგიის მიერ წარმოებაში მიღებული) ადმინისტრაციული საქმე დ. ფ-ის, მ. ბ-ის, ნ. მ-ის, მ. კ-სა და ნ. ბ-ის სარჩელის გამო მოპასუხე ქ. თბილისის მერიის მიმართ, ამავე კოლეგიის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, გადაეცა განსჯად სასამართლოს _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 20 იანვრის განჩინებით ადმინისტრაციული საქმე დიმიტრი ფ-სა და სხვათა სარჩელის გამო მოპასუხე ქ. თბილისის მერისა და ქ. თბილისის პრემიერის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე ერთ წარმოებად გაერთიანდა ადმინისტრაციულ საქმესთან დიმიტრი ფ-სა და სხვათა სარჩელის გამო მოპასუხე ქ. თბილისის მერისა და ქ. თბილისის პრემიერის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით დ. ფ-ის, მ. ბ-ის, ნ. მ-ის, მ. კ-სა და ნ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ძალადაკარგულად გამოცხადდა “ქ. თბილისის მერიის ენერგეტიკის საქალაქო სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ” ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹23 ბრძანება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის 2005 წლის 16 მაისის ¹149 განკარგულება მოსარჩელეთა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში და მოპასუხე ქ. თბილისის მერიას დაევალა იმავე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, მოსარჩელეთა სამსახურიდან დათხოვნის საკითხისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მერიის 2005 წლის 5 მაისის ¹23 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში მოთხოვნა იყო საფუძვლიანი, ვინაიდან ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ლიკვიდირებულად ჩაითვალა ,,ქ. თბილისის მმართველობითი სისტემის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ" ქ. თბილისის მერის 2004 წლის 20 დეკემბრის ¹17 ბრძანების მე-5 პუნქტის საფუძველზე შექმნილი ენერგეტიკის საქალაქო სამსახური. აღნიშნული ბრძანება ძალაში შევიდა 2005 წლის 29 აპრილიდან. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ ჰქონდა, კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განეხორციელებინა რაიმე ქმედება, ხოლო ხსენებული სადავო აქტის გამოცემის დროისათვის მოქმედი იმავე კოდექსის მე-60 მუხლის ,,დ" ქვეპუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად უნდა გამოცხადებულიყო, თუ იგი ეწინააღმდეგებოდა კანონს ან არსებითად იყო დარღვეული მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. განსახილველ შემთხვევაში ქ. თბილისის მერმა 2005 წლის 5 მაისის ¹23 ბრძანების გამოცემას საფუძვლად დაუდო ,,საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ნ" ქვეპუნქტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელთა თანახმადაც, მერი თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემდა ბრძანებებს და განკარგულებებს და უფლებამოსილი იყო ძალადაკარგულად გამოეცხადებინა მის მიერვე გამოცემული ადმინისტრაციული აქტი. აღნიშნული ნორმების ხსენებული მითითება კი შეუსაბამობაში იყო იმ სპეციალურ კანონმდებლობასთან, რომელიც განსაზღვრავდა ქ. თბილისის მერის, როგორც საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის უმაღლესი თანამდებობის პირის უფლებამოსილებას, კერძოდ, ,,საქართველოს დედაქალაქის _ ქ. თბილისის შესახებ" საქართველოს კანონითა და საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის მერიის დებულებით მერს არ ჰქონდა მინიჭებული ზემოხსენებული ბრძანების გამოცემის უფლებამოსილება. საქალაქო სამსახურების გაუქმების უფლებამოსილება ქ. თბილისის მერს მინიჭებული ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 10 დეკემბრის ¹685 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის მერიის დებულების 25-ე მუხლის შესაბამისად, ხოლო იგი ძალადაკარგულად იქნა გამოცხადებული საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულებით, რომლითაც დამტკიცდა საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის მერიის დებულება, რომლის მე-2 პუნქტის თანახმად, ლიკვიდირებულ იქნა მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირები _ ქ. თბილისის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური და საბინაო მეურნეობის რეაბილიტაციისა და განვითარების ხელშემწყობი ცენტრი. ამდენად, ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹23 ბრძანება ეწინააღმდეგებოდა საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულებას და არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი, მაგრამ, ვინაიდან სამართლის თითოეული ნორმა კონკრეტულ სამართლებრივ შედეგებს უკავშირებდა განსაზღვრულ ფაქტობრივ გარემოებებს, ხოლო განსახილველი საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით ჩატარებულ იქნა კონკურსი და აღნიშნული წესით აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემით თანამდებობებზე დაინიშნენ კონკურსში გამარჯვებული პირები, მოცემულ შემთხვევაში ხსენებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა გამოიწვევდა ქ. თბილისის მერიის ხარჯების მნიშვნელოვან გაზრდას, იგი ძალადაკარგულად უნდა ყოფილიყო გამოცხადებული. აღნიშნულის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის თანახმადაც, თუ ნორმატიულ-ადმინისტრაციული აქტის ბათილად გამოცხადება მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნიდა სახელმწიფოს ან გამოიწვევდა ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ხარჯების მნიშვნელოვან გაზრდას, სასამართლო უფლებამოსილი იყო, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბათილად ცნობის ნაცვლად, გამოეცხადებინა ძალადაკარგულად, რასაც განამტკიცებდა, აგრეთვე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, აღნიშნული კოდექსის მიზანი იყო უზრუნველეყო არა მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, არამედ საჯარო ინტერესების დაცვაც.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი ქ. თბილისის მერის 2005 წლის 16 მაისის ¹149 განკარგულება მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების ნაწილში და მოპასუხე ქ. თბილისის მერს უნდა დავალებოდა, იმავე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში, მოსარჩელეთა სამსახურიდან დათხოვნის საკითხისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებათა სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელეები მუშაობდნენ ქ. თბილისის მერიის სტრუქტურულ ერთეულში _ ენერგეტიკის საქალაქო სამსახურში, რომელიც წარმოადგენდა ქ. თბილისის მთავრობისათვის ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებში კანონმდებლობით მიკუთვნებულ უფლებამოსილებათა განხორციელების მიზნით შექმნილ დარგობრივი მმართველობის ორგანოს. ქ. თბილისის მერიის 2005 წლის 5 მაისის ¹149 სადავოდ ქცეული განკარგულებით მოსარჩელეები გათავისუფლებულ იქნენ ქ. თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად _ დაწესებულების ლიკვიდაციის გამო, რაც განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდებოდა, რამდენადაც ხსენებული კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულებას წარმოადგენდა მხოლოდ ქ. თბილისის მერია და არა მისი სტრუქტურული ერთეულები, ქ. თბილისის მერიის ლიკვიდაციის შესახებ აქტი კი არ გამოცემულა. ქ. თბილისის მერმა 2005 წლის 5 მაისს გამოსცა ¹23 ბრძანება, რომლითაც ლიკვიდირებულად გამოცხადდა ქ. თბილისის მერიის ენერგეტიკის საქალაქო სამსახური, რაც, გარდა იმისა, რომ წარმოადგენდა კანონსაწინააღმდეგო ნორმატიულ აქტს, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დგინდებოდა, რომ ხსენებული სამსახურის ლიკვიდაცია არ განხორციელებულა, კერძოდ, ქ. თბილისის პრემიერის 2005 წლის 5 მაისის ¹482 განკარგულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ,,ქ. თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის დებულების, სტრუქტურისა და საშტატო ერთეულების ნუსხის დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის პრემიერის 2004 წლის 14 ივნისის ¹209 განკარგულება. ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹40 ბრძანებით კი დამტკიცდა ქ. თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ახალი დებულება, სტრუქტურა და საშტატო ერთეულების ნუსხა. ამ დებულების შესაბამისად, ხსენებული სამსახურის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენდა დედაქალაქის ენერგოუზრუნველყოფის ერთიანი პოლიტიკისა და ენერგეტიკული სექტორის შემდგომი განვითარების პროგრამების შემუშავება და მის განხორციელებაში მონაწილეობა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ფაქტობრივად, განხორციელდა ზემოაღნიშნული ენერგეტიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურების რეორგანიზაცია შტატების შემცირებით და არა ლიკვიდაცია.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნიდა საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად, ხოლო რეორგანიზაციის დროს მოხელის გათავისუფლება დასაშვები იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც რეორგანიზაციას თან სდევდა შტატების შემცირება ამავე კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე. ხსენებული მუხლის მე-2 პუნქტის იმპერატიული მოთხოვნის თანახმად, მოხელე არ შეიძლებოდა გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან, თუ იგი თანახმა იყო დანიშნულიყო სხვა თანამდებობაზე, შეთავაზებული კი შეიძლებოდა ყოფილიყო სხვა, იგივე ან უფრო დაბალი რანგის თანამდებობა, ან სამუშაო ადგილი, მაგრამ შეთავაზება აუცილებლად უნდა მომხდარიყო და მხოლოდ ამის შემდეგ იყო ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი, მიეღო გადაწყვეტილება მუშაკის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ამასთან, თავად ადმინისტრაცია იყო ვალდებული, შეეთავაზებინა მუშაკისთვის სხვა თანამდებობა და მუშაკის მხრიდან შესაბამისი განცხადებით მიმართვის არარსებობა ადმინისტრაციულ ორგანოს არ ათავისუფლებდა აღნიშნული მოვალეობისაგან.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლისა და 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჰქონდა უფლება, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განეხორციელებინა რაიმე ქმედება, მათ შორის, გამოეცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა-შეფასების გარეშე. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო განკარგულება მიღებული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონისა და საქართველოს შრომის კანონთა კოდექსით მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლებისათვის დადგენილი პროცედურული საკითხების უგულებელყოფით, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობა სცილდებოდა სასამართლოს კომპეტენციას და იგი ადმინისტრაციის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა, მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული უნდა ყოფილიყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი და სადავო საკითხის _ მოსარჩელეთა სამუშაოზე აღდგენის გადაუწყვეტლად, ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი ქ. თბილისის მერის 2005 წლის 16 მაისის ¹149 განკარგულება ქ. თბილისის მერიის ენერგეტიკის საქალაქო სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობებიდან გათავისუფლების ნაწილში და მოპასუხეს უნდა დავალებოდა იმავე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, მოსარჩელეთა სამსახურიდან დათხოვნის შესახებ საკითხისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სათანადო გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, მათთან მიმართებაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა. ამავე დროს მოსარჩელეებს უნდა ანაზღაურებოდათ სამსახურიდან გათავისუფლებიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემამდე პერიოდის იძულებითი განაცდური ხელფასის სახით, რადგან ხელფასის გაცემის შეწყვეტის საფუძველი შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლება, ხოლო მოსარჩელეთა გათავისუფლების ბრძანება იმ ეტაპზე ბათილად იყო ცნობილი და ხელფასის გაუცემლობის საფუძველი არ არსებობდა. ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღნიშნული კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე, მოსამსახურეს უფლება ჰქონდა, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიეღო შრომითი გასამრჯელო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ. ფ-მა, მ. ბ-მა, ნ. მ-მა, მ. კ-მა და ნ. ბ-ემ, რომელთაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამაც, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც დაკმაყოფილდა სარჩელი და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 მარტის საოქმო განჩინებით ქ. თბილისის პრემიერი შეიცვალა მისი უფლებამონაცვლე ქ. თბილისის მერიით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით დ. ფ-ის, მ. ბ-ის, ნ. მ-ის, მ. კ-სა და ნ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ქ. თბილისის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება გაუქმდა სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. ფ-ის, მ. ბ-ის, ნ. მ-ის, მ. კ-სა და ნ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიიჩნია, რომ ,,ქალაქ თბილისის მმართველობითი სისტემის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ" ქ. თბილისის მერის 2004 წლის 20 დეკემბრის ¹17 ბრძანების მე-5 პუნქტით ქალაქ თბილისის მერიის მმართველობის სისტემაში შეიქმნა ენერგეტიკის საქალაქო სამსახური და მისი მმართველობის სფეროში ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის მმართველობის სფეროდან გადავიდა ენერგეტიკის საკითხების მართვა. ,,ქალაქ თბილისის მერიის ენერგეტიკის საქალაქო სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ" ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹23 ბრძანებით, ,,საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ნ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ,,ქალაქ თბილისის მმართველობითი სისტემის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ" ქ. თბილისის მერის 2004 წლის 20 დეკემბრის ¹17 ბრძანების მე-5 პუნქტის საფუძველზე შექმნილი ენერგეტიკის საქალაქო სამსახური გამოცხადდა ლიკვიდირებულად. აღნიშნული ბრძანება ძალაში შევიდა 2005 წლის 29 აპრილიდან. ქალაქ თბილისის პრემიერის 2005 წლის 5 მაისის ¹483 განკარგულებით, ,,საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ" საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდა ,,ქ. თბილისის ენერგეტიკის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის პრემიერის 2005 წლის 25 იანვრის ¹49 განკარგულება. აღნიშნული განკარგულება ძალაში შევიდა 2005 წლის 29 აპრილიდან. ქალაქ თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹40 ბრძანებით ,,საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ნ" ქვეპუნქტის, ,,საქართველოს დედაქალაქის _ ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულების მე-3 მუხლის ,,ე" ქვეპუნქტისა და მე-12 მუხლის ,,ნ" ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდა ქალაქ თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის დებულება, სტრუქტურა და საშტატო ერთეულების ნუსხა ¹1 (დებულება) და ¹2 (სამსახურის სტრუქტურა და საშტატო ერთეულების ნუსხა) დანართების თანახმად. ქალაქ თბილისის მერის 2005 წლის 16 მაისის ¹149 განკარგულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელეები, რომლებიც მუშაობდნენ ქ. თბილისის მერიის ენერგეტიკის საქალაქო სამსახურში და წარმოადგენდნენ მოხელეებს, 2005 წლის 3 მაისიდან გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან. მოსარჩელეები ითხოვდნენ რა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას (მათი მიღების მომენტიდან), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ამოწმებდა მათ შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან. საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 10 დეკემბრის ¹685 ბრძანებულებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მერიის დებულების 25-ე მუხლის თანახმად, ქალაქ თბილისის მერს მინიჭებული ჰქონდა საქალაქო სამსახურის გაუქმებისა და შექმნის უფლება. აღნიშნული ნორმის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მერის 2004 წლის 20 დეკემბრის ¹17 ბრძანებით შეიქმნა ენერგეტიკის საქალაქო სამსახური.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების (მოსარჩელეები) მითითება იმის თაობაზე, რომ ქ. თბილისის მერიის 2005 წლის 5 მაისის ¹23 ბრძანება გამოცემული იყო არაუფლებამოსილი ორგანოს, არაუფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ და დარღვეული იყო მისი მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესი და დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცდა საქართველოს დედაქალაქის _ ქალაქ თბილისის მერიის დებულება, ხოლო მე-4 პუნქტით ძალადაკარგულად გამოცხადდა ,,საქართველოს დედაქალაქის _ ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 10 დეკემბრის ¹685 ბრძანებულება. იმავე დებულების მესამე მუხლით განისაზღვრა ქალაქ თბილისის მერიის სტრუქტურა და შეიქმნა ქალაქ თბილისის მერიის საქალაქო სამსახურები. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში, ძალადაკარგულად უნდა გამოცხადებულიყო მის საფუძველზე, ან მის შესასრულებლად მიღებული (გამოცემული) ყველა ნორმატიულ აქტი, ან ნორმატიული აქტის შესაბამისი ნაწილი. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულებით დამტკიცდა რა ქ. თბილისის მერიის ახალი დებულება და ქალაქ თბილისის მერიის სტრუქტურა, ლიკვიდირებულად გამოცხადდა საჯარო სამართლის იურიდიული პირები _ ქ. თბილისის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური და ქ. თბილისის საბინაო მეურნეობის რეაბილიტაციისა და განვითარების ხელშემწყობი ცენტრი, ძალადაკარგულად გამოცხადდა “საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ქალაქ თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 28 თებერვლის ¹63 და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ქ. თბილისის საბინაო მეურნეობის რეაბილიტაციისა და განვითარების ხელშემწყობი ცენტრის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 21 თებერვლის ¹54 ბრძანებულებები, რადგან ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, აღნიშნული სამსახურები საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებებით იყო შექმნილი. რაც შეეხებოდა ქ. თბილისის მერიის სტრუქტურაში შემავალ საქალაქო სამსახურებს, რომლებიც ქალაქ თბილისის მერის ბრძანებებით იყო შექმნილი საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 10 დეკემბრის ¹685 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს დედაქალაქის _ ქალაქ თბილისის მერიის დებულების 25-ე მუხლის საფუძველზე, ანალოგიურად უნდა მომხდარიყო მათი ლიკვიდაცია და ძალადაკარგულად გამოცხადებულიყო საქალაქო სამსახურების შექმნის შესახებ არსებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულებით განისაზღვრა რა საქალაქო სამსახურების რაოდენობა და დასახელება, საჭირო გახდა ქალაქ თბილისის მერის მხრიდან ზემოხსენებული ძალადაკარგული ბრძანებულების საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ძალადაკარგულად გამოცხადება და რიგი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა ქალაქ თბილისის მერიის სტრუქტურის საქართველოს პრეზიდენტის აღნიშნულ ახალ ბრძანებულებასთან შესაბამისობაში მოსაყვანად.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქალაქ თბილისის მერმა 2005 წლის 5 მაისის ¹23 სადავო ბრძანება გამოსცა “საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ნ" ქვეპუნქტის შესაბამისად, რომლის თანახმადაც, მერი თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებსა და განკარგულებებს. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება ჰქონდა აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ქალაქ თბილისის მერის ბრძანებით შექმნილი ენერგეტიკის საქალაქო სამსახური კი უკვე გათვალისწინებულიც აღარ იყო ქალაქ თბილისის მერიის სტრუქტურაში საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს დედაქალაქის _ ქალაქ თბილისის მერიის დებულების მიხედვით. ,,საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ნ" ქვეპუნქტის შესაბამისად. ხსენებული ბრძანება გამოცემული იყო ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იყო ბათილი, თუ იგი ეწინააღმდეგებოდა კანონს ან არსებითად იყო დარღვეული მისი მომზადების, ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლებოდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლებით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამ საქმის მასალების თანახმად, ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹23 ბრძანების მომზადებისა და გამოცემისას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა არ დასტურდებოდა და შესაბამისად, მისი ბათილად ცნობის საფუძველიც არ არსებობდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ქალაქ თბილისის პრემიერის 2005 წლის 5 მაისის ¹483 განკარგულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა რა ,,ქ. თბილისის ენერგეტიკის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის პრემიერის 2005 წლის 25 იანვრის ¹49 განკარგულება, აღნიშნული განკარგულების მიღებისას ქალაქ თბილისის პრემიერი ხელმძღვანელობდა ,,საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ" საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ქ. თბილისის პრემიერმა ძალადაკარგულად გამოაცხადა თავისივე განკარგულება, რისი უფლებამოსილებაც მას კანონის მიხედვით გააჩნდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ქალაქ თბილისის პრემიერის 2005 წლის 5 მაისის ¹483 განკარგულების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი. ,,საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ნ" ქვეპუნქტის, ,,საქართველოს დედაქალაქის _ ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულების მე-3 მუხლის ,,ე" ქვეპუნქტისა და მე-12 მუხლის ,,ნ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹40 ბრძანებით დამტკიცდა ქალაქ თბილისის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის დებულება, სტრუქტურა და საშტატო ერთეულების ნუსხა ¹1 (დებულება) და ¹2 (საშტატო ერთეულების ნუსხა) დანართების თანახმად.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა ქალაქ თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹40 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ, იყო უსაფუძვლო და არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების წინაპირობა, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს დედაქალაქის _ ქალაქ თბილისის მერიის დებულების მე-3 მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, ქალაქ თბილისის მერიის სტრუქტურაში განსაზღვრულ იქნა ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახური. იმავე დებულების მე-12 მუხლის ,,ნ" ქვეპუნქტის თანახმად კი, საქალაქო სამსახურების დებულებების, სტრუქტურებისა და საშტატო ერთეულების ნუსხის დამტკიცება განეკუთვნებოდა ქ. თბილისის მერის უფლებამოსილების სფეროს. ამდენად, აღნიშნული ბრძანება ქალაქ თბილისის მერის მიერ გამოცემულ იქნა შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე, მისივე უფლებამოსილების ფარგლებში, კანონით დადგენილი წესით. ქალაქ თბილისის მერიის ენერგეტიკის საქალაქო სამსახური, მისი დებულების თანახმად, წარმოადგენდა ქალაქ თბილისის კომპეტენციას მიკუთვნებულ, ენერგეტიკის სექტორის გეგმური განვითარების მიზნით შექმნილ საბიუჯეტო დაწესებულებას, რომელიც ,,საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ" საქართველოს კანონისა და საქართველოს დედაქალაქის _ ქალაქ თბილისის მერიის დებულების საფუძველზე დედაქალაქისათვის გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში კოორდინაციას უწევდა ქალაქის ენერგეტიკულ სექტორში შემავალი ადგილობრივი დანიშნულების საწარმოებისა და დარგობრივი სამსახურების საქმიანობას, მათ შორის: ელექტროენერგეტიკაში, გაზიფიცირებაში, თბომეურნეობაში, წყალმომარაგებაში ენერგოუზრუნველყოფის მიზნით. რაც შეეხებოდა ქ. თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურს, რომელიც მისი დებულების პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ქალაქ თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹25 ბრძანების საფუძველზე, ლიკვიდირებული ქალაქ თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის სამართალმემკვიდრეს წარმოადგენდა, ამავე დებულების მე-2 მუხლის (სამსახურის მიზნები, ამოცანები და ფუნქციები) მე-2 პუნქტის ,,ი" ქვეპუნქტის თანახმად, მისი ერთ-ერთი მიზანი იყო დედაქალაქის ენერგოუზრუნველყოფის ერთიანი პოლიტიკისა და ენერგეტიკული სექტორის შემდგომი განვითარების პროგრამების შემუშავება და მის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, ამასთან, ქალაქ თბილისის მერია წარმოადგენდა დედაქალაქის თვითმმართველობის ორგანოთა სისტემას, აღნიშნული კი არანაირად არ ადასტურებდა მოსარჩელეების მითითების საფუძვლიანობას ენერგეტიკის სამსახურის რეორგანიზაციის და არა ლიკვიდაციის თაობაზე. მითითებული გარემოებებით დასტურდებოდა ენერგეტიკის საქალაქო სამსახურის ლიკვიდაციის ფაქტი, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, აღნიშნული გარემოება მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების კანონით გათვალისწინებულ საფუძველს წარმოადგენდა და ქალაქ თბილისის მერის 2005 წლის 16 მაისის ¹149 განკარგულების მართებულობას ადასტურებდა.
საქმის მასალების ერთიანი ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემული იყო უფლებამოსილ თანამდებობის პირთა მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში, კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც სარჩელი მათი ბათილად ცნობის თაობაზე, იყო უსაფუძვლო. აღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლო იყო მოსარჩელეთა დანარჩენი მოთხოვნებიც პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის, სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს დ. ფ-მა, მ. ბ-მა, ნ. მ-მა, მ. კ-მა და ნ. ბ-ემ, რომელთაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორები მიუთითებენ სარჩელში მოყვანილ გარემოებებზე და დამატებით განმარტავენ, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე ამავე პალატის მიერ გამოტანილი კონკრეტული გადაწყვეტილებისაგან და ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ამ კატეგორიის საქმეებზე დადგენილი პრაქტიკისაგან, კერძოდ, ¹ბს-108-102(კ-07) საქმეზე მიღებული განჩინებისაგან. ხსენებულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დასაბუთებულად, დადგენილად და უდავოდ მიიჩნია საქალაქო სასამართლოს მიერ ამავე საქმეზე დადგენილი გარემოება იმის შესახებ, რომ საქალაქო სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ გასაჩივრებული ბრძანება იყო ბათილი და არსებობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი. სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული აქტი ეწინააღმდეგებოდა კანონს და დარღვეული იყო მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, იგი არაკანონიერი იყო _ მისი გამოცემის მომენტში ქ. თბილისის მერს არ ჰქონდა იმავე ბრძანების გამოცემის უფლებამოსილება. ქ. თბილისის მერის უფლებამოსილების განმსაზღვრელი სპეციალური კანონმდებლობით _ „საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს დედაქალაქის _ ქ. თბილისის მერიის დებულების მიხედვით, ქ. თბილისის მერს არ ჰქონდა ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების ლიკვიდაციის ბრძანებების გამოცემის უფლებამოსილება. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და გადაწყვიტა, რომ ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹25 ბრძანება, როგორც ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მისი ბათილად ცნობის ნაცვლად, ძალადაკარგულად უნდა გამოცხადებულიყო, რადგან მისი ბათილად ცნობა მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნიდა სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ან გამოიწვევდა ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს ხარჯების მნიშვნელოვნად გაზრდას. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ „ქ. თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ“ ქ. თბილისის მერიის 2005 წლის 5 მაისის ¹25 ბრძანების ბათილობა მხარის გადაუდებელ კანონიერ ინტერესს წარმოადგენდა.
კასატორები აღნიშნავენ, რომ ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹23 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნაზე უარის თქმის მოტივად სააპელაციო სასამართლომ ამჯერად მიუთითა საქართველოს დედაქალაქის _ ქ. თბილისის მერიის დებულებაზე და “საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის ნაცვლად, გამოიყენა “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის თანახმად, ნორმატიული აქტის _ „საქართველოს დედაქალაქის _ ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 10 დეკემბრის ¹685 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში, ძალადაკარგულად უნდა გამოცხადებულიყო მის საფუძველზე ან მის შესასრულებლად გამოცემული ყველა აქტი. აღნიშნული მუხლი მიუთითებს შესაბამისი ბრძანებულების საფუძველზე გამოცემული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების პრინციპზე, რაც არ ნიშნავს სამსახურის ფუნქციონირების სრულ შეწყვეტას _ მის ლიკვიდაციას, კონკრეტულ შემთხვევაში კი სახეზეა საქალაქო სამსახურის ლიკვიდაციის ბრძანებები, რაც საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულების ძალაში შესვლის შემდეგ ქ. თბილისის მერის უფლებამოსილებას აღარ წარმოადგენდა. გაუმართლებელია სასამართლოს მითითება “საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტზე, რადგან აღნიშნული მუხლი ზოგადად ეხება ქ. თბილისის მერის მიერ ბრძანებების გამოცემის წესს, ხოლო სპეციალური მუხლი, რომელიც ქ. თბილისის მერს ანიჭებდა უფლებამოსილებას, შეექმნა და გაეუქმებინა საქალაქო სამსახურები, შესაბამისი ბრძანების გამოცემის მომენტისათვის უკვე ამოღებული იყო, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმ გარემოებაზე, რომ ქ. თბილისის მერი 2005 წლის 5 მაისის ¹23 ბრძანების გამოცემისას არ მოქმედებდა უფლებამოსილების ფარგლებში. “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-4 პუნქტის, “საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნაცვლად, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს დედაქალაქის _ ქ. თბილისის მერიის ახალი დებულება, რომლითაც განსაზღვრულია ქ. თბილისის მერის ფუნქცია და უფლებამოსილება.
კასატორების განმარტებით, რაც შეეხება აქტის მომზადებისა და გამოცემის წესების არსებით დარღვევას, ქ. თბილისის მერიის მიერ გაცემულ მიწერილობაში მოპასუხე მხარემ არაერთხელ დაადასტურა, რომ სადავო აქტების გამოცემისას ადმინისტრაციული წარმოებისათვის არ მიუმართავს. ქ. თბილისის მერიას დღევანდელი მდგომარეობითაც არა აქვს იმავე მერიის ენერგეტიკის საქალაქო სამსახურის ლიკვიდაციის აქტები, მისი ფუნქცია ნაწილობრივ შერწყმული აქვს ქ. თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურს. მოსარჩელეთა მოთხოვნას საქმის განხილვის ყველა სტადიაზე შეადგენდა და შეადგენს იმის გარკვევა, თუ რამდენად იყო მიზანშეწონილი ენერგეტიკის საქალაქო სამსახურის გაუქმება ქ. თბილისის მერიის სტრუქტურაში, აღნიშნულზე კი არც ერთ სასამართლოს არ უმსჯელია. სტრუქტურული ერთეულების გაუქმება არ ნიშნავს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების გაუქმებას, რაც თავისთავად იწვევს მოხელეთა სამსახურიდან დათხოვნას. ამასთან, მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება ქ. თბილისის მერიის, როგორც დაწესებულების, ლიკვიდაციის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლი, რამაც არასწორი გადაწყვეტილების გამოტანას შეუწყო ხელი და ამავე დროს უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნაც. საჯარო დაწესებულების _ ქ. თბილისის მერიის ლიკვიდაცია არ მომხდარა, ხოლო დაწესებულებაში მომუშავე მუშაკების გათავისუფლება დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის ლიკვიდაციის მოტივით დაუშვებელია, რაც ამ ნაწილში კასატორთა _ დაწესებულებაში (ქ. თბილისის მერია) მომუშავე საჯარო მოხელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს. როგორც ქ. თბილისის მერიის 2006 წლის 2 თებერვლის ¹11/955 პასუხიდან ჩანს, განხორციელდა არა ქ. თბილისის მერიის, არამედ მხოლოდ მისი სტრუქტურული ერთეულების _ საქალაქო სამსახურების ლიკვიდაცია.
კასატორთა მტკიცებით, ქ. თბილისის პრემიერის 2005 წლის 5 მაისის ¹483 განკარგულების მომზადებისას დაირღვა მისი მომზადებისა და გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესი, რადგან მის მიმართ გამოყენებული უნდა ყოფილიყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-58-ე მუხლების მოთხოვნები და მისი მიღება უნდა მომხდარიყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების წესით, რაც ქ. თბილისის მერიის მიერ არ იქნა დაცული. იმავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.
კასატორთა განმარტებით, ქ. თბილისის მერიის 2005 წლის 5 მაისის ¹40 ბრძანებით დამტკიცდა ქ. თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის დებულება, რომლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის მიზანია დედაქალაქის ენერგოუზრუნველყოფის ერთიანი პოლიტიკისა და ენერგეტიკული სექტორის შემდგომი განვითარების პროგრამების შემუშავება და მის განხორციელებაში მონაწილეობა. დაკისრებული ამოცანების განხორციელების მიზნით, სამსახური ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს: დედაქალაქის ენერგეტიკული სექტორის ცალკეული დარგების განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში; დედაქალაქის ინფრასტრუქტურის, მათ შორის, ენერგეტიკული სექტორის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვება, ანალიზი და ქ. თბილისის მთავრობისათვის მათი მიწოდება ინფორმაციის, დასკვნებისა და რეკომენდაციების სახით; ენერგეტიკულ სექტორში ენერგეტიკის არატრადიციული წყაროების დედაქალაქის ენერგოსისტემაში დანერგვისთვის წინადადებების მომზადება. კასატორის მტკიცებით, აღნიშნულით განხორციელდა ენერგეტიკის სფეროს მიკუთვნებული საკითხების ინტეგრირება ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის დებულებაში.
კასატორები აღნიშნავენ, რომ “ქ. თბილისის მერიის ენერგეტიკის საქალაქო სამსახურის გაუქმებისა და ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ ქ. თბილისის მერიის 2004 წლის 2 ივნისის ¹6 ბრძანების საფუძველზე გაუქმდა ქ. თბილისის მერიის ენერგეტიკის საქალაქო სამსახური, მას შეეკვეცა უფლებები და სამსახურის უფლებამოსილებები და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა გადაეცა ქ. თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურს, რომლის სტრუქტურაშიც შეიქმნა ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის განყოფილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ფაქტობრივად, მოხდა სამსახურის რეორგანიზაცია შერწყმის გზით და შტატების შემცირება 12 საშტატო ერთეულიდან 6 საშტატო ერთეულამდე. არსებული წესით მუშაობა მიმდინარეობდა 6 თვის განმავლობაში. გაწეული სამუშაოებისა და დაგროვებული შეუსრულებელი სამუშაოდან გამომდინარე, რაც შტატების სიმცირით, უფლებების შეკვეცითა და სამსახურის ლიკვიდაციით იყო გამოწვეული, ქ. თბილისის მერიამ “ქალაქ თბილისის მმართველობითი სისტემის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ” ქ. თბილისის მერიის 2004 წლის 20 დეკემბრის ¹17 ბრძანების საფუძველზე, ქ. თბილისის მმართველობის სისტემაში, სისტემის ნორმალური ფუნქციონირების აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, ხელმეორედ შეიქმნა ენერგეტიკის საქალაქო სამსახური, რომლის კომპეტენციასაც ბოლო დრომდე განეკუთვნებოდა ენერგეტიკის საკითხების მართვა.
კასატორთა განმარტებით, ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹40 ბრძანება, როგორც ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რეგისტრირებულია ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში და შესაბამისი სამართლებრივი ექსპერტიზა აქვს გავლილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში. მოპასუხე მხარე შეეცადა სასამართლო პროცესზე წარმოედგინა სამსახურის ლიკვიდაციის მასალა და მათ შორის, მიღება-ჩაბარების ხელმოუწერელი აქტი, რომელიც ვერ ადასტურებდა, რომ ქ. თბილისის მერიის ენერგეტიკის საქალაქო სამსახურის ქონება ვინმეს გადაეცა. ამასთან, წარმოდგენილი აქტები ასახავს 2005 წლის 31 მაისი-1 ივნისის მდგომარეობას. მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ხსენებული სამსახურის სალიკვიდაციო მასალები, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ამ სამსახურის ლიკვიდაციის დასრულებული აქტი მოპასუხე მხარეს არ მოეპოვება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ. ფ-ის, მ. ბ-ის, ნ. მ-ის, მ. კ-სა და ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 17 სექტემბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 21 ნოემბრამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 21 ნოემბრის განჩინებით დ. ფ-ის, მ. ბ-ის, ნ. მ-ის, მ. კ-სა და ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა 2008 წლის 17 იანვარს, მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ქ. თბილისის მერის 2004 წლის 2 ივნისის ¹6 ბრძანებით გაუქმდა ქ. თბილისის მერიის ენერგეტიკის საქალაქო სამსახური (ტ. 2, ს.ფ. 129-130). ,,ქალაქ თბილისის მმართველობითი სისტემის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ" ქ. თბილისის მერის 2004 წლის 20 დეკემბრის ¹17 ბრძანების მე-5 პუნქტით ქალაქ თბილისის მერიის მმართველობის სისტემაში შეიქმნა ენერგეტიკის საქალაქო სამსახური და მისი მმართველობის სფეროში ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის მმართველობის სფეროდან გადავიდა ენერგეტიკის საკითხების მართვა (ტ. 2, ს.ფ. 131-132). ,,ქ. თბილისის მერიის ენერგეტიკის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის პრემიერის 2005 წლის 25 იანვრის ¹49 განკარგულებით დამტკიცდა ქ. თბილისის მერიის ენერგეტიკის საქალაქო სამსახურის დებულება, საშტატო ერთეულთა ნუსხა 12 საშტატო ერთეულით და სტრუქტურა. აღნიშნული დებულების მიხედვით, ქ. თბილისის მერიის ენერგეტიკის საქალაქო სამსახური დედაქალაქისათვის გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში კოორდინაციას უწევდა ქალაქის ენერგეტიკულ სექტორში შემავალი ადგილობრივი დანიშნულების საწარმოებისა და დარგობრივი სამსახურების საქმიანობას, მათ შორის: ელექტროენერგეტიკაში, გაზიფიცირებაში, თბომეურნეობაში, წყალმომარაგებაში ენერგოუზრუნველყოფის მიზნით (ტ. 2, ს.ფ. 133-141). ,,ქ. თბილისის მერიის მმართველობითი სისტემის რეორგანიზაციისა და ცალკეული სამსახურების ლიკვიდაციის ღონისძიებათა შესახებ" ქ. თბილისის მერიის 2005 წლის 4 მარტის ¹21 განკარგულებით ქ. თბილისის პრემიერს ერთი კვირის ვადაში უნდა უზრუნველეყო ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების მოსამსახურეთა გაფრთხილება დაწესებულების რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო, სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, ხოლო ერთი თვის ვადაში _ უზრუნველეყო ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების საშტატო ერთეულების ნუსხის შემუშავება და დასამტკიცებლად წარმოდგენა (ტ. 2, ს.ფ. 142-143). ,,ქ. თბილისის მერიის მმართველობითი სისტემის რეორგანიზაციისა და ცალკეული სამსახურების ლიკვიდაციის ღონისძიებათა შესახებ" ქ. თბილისის მერიის 2005 წლის 4 მარტის ¹21 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” ქ. თბილისის მერიის 2005 წლის 7 მარტის ¹22 განკარგულებით ქ. თბილისის პრემიერს ერთი კვირის ვადაში უნდა უზრუნველეყო ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების მოსამსახურეთა გაფრთხილება სამსახურების ლიკვიდაციის გამო, სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ (ტ. 2, ს.ფ. 144).
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქმის მასალებში მოყვანილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ,,ქ. თბილისის მერიის მმართველობითი სისტემის რეორგანიზაციისა და ცალკეული სამსახურების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით განსახორციელებელ საკადრო ღონისძიებათა შესახებ" ქ. თბილისის პრემიერის 2005 წლის 10 მარტის ¹201 განკარგულებით ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების უფროსები და მოსამსახურეები გაფრთხილებული უნდა ყოფილიყვნენ სამსახურის ლიკვიდაციის გამო, მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, თანდართული ფორმის შესაბამისად (ტ. 2, ს.ფ. 145, 147). ქ. თბილისის მერიის ენერგეტიკის საქალაქო სამსახურის უფროსის ბრძანებებით მოსარჩელეები დანიშნულები იყვნენ და სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდნენ ქ. თბილისის მერიის სტრუქტურულ ერთეულში _ ენერგეტიკის საქალაქო სამსახურში (ტ. 2, ს.ფ. 150-154). “საქართველოს დედაქალაქის _ ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულებით დამტკიცდა საქართველოს დედაქალაქის _ ქ. თბილისის მერიის დებულება, ლიკვიდირებულ იქნა საჯარო სამართლის იურიდიული პირები _ ქ. თბილისის კეთილმოწყობის სამსახური და საბინაო მეურნეობის რეაბილიტაციისა და განვითარების ხელშემწყობი ცენტრი. ამ დებულებით განისაზღვრა ქ. თბილისის მერიის ახალი სტრუქტურა, ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 10 დეკემბრის ¹685 ბრძანებულება “საქართველოს დედაქალაქის _ ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” (ტ. 2, ს.ფ. 161). საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს დედაქალაქის _ ქ. თბილისის მერიის დებულების მიხედვით, ქ. თბილისის მერიის სტრუქტურაში არ არის შეტანილი ენერგეტიკის საქალაქო სამსახური და მითითებულია ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურზე (ტ. 2, ს.ფ. 162-180). ქალაქ თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹25 ბრძანებით ლიკვიდირებულად ჩაითვალა “ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების შექმნის შესახებ” ქ. თბილისის მერიის 1999 წლის 24 მარტის ¹15 ბრძანების თანდართული, ქ. თბილისის მთავრობის კომპეტენციებს მიკუთვნებული სოციალურ-ეკონომიკური დარგების მართვის საქალაქო სამსახურების ნუსხით გათვალისწინებული ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახური (ტ. 3, ს.ფ. 22). ქ. თბილისის მერიის ენერგეტიკის საქალაქო სამსახურის 2005 წლის 16 მარტის ¹94 წერილის თანახმად, ამ სამსახურის უფროსმა გააფრთხილა ხსენებული სამსახურის თანამშრომლები ,,ქ. თბილისის მერიის მმართველობითი სისტემის რეორგანიზაციისა და ცალკეული სამსახურების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით განსახორციელებელ საკადრო ღონისძიებათა შესახებ" ქ. თბილისის პრემიერის 2005 წლის 10 მარტის ¹201 განკარგულების შესაბამისი დოკუმენტის პირობებზე ხელის მოწერაზე (ტ. 3, ს.ფ. 141).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, აგრეთვე, საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹40 ბრძანებით დამტკიცდა ქ. თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ახალი დებულება, სტრუქტურა და საშტატო ერთეულების ნუსხა. ამ დებულების შესაბამისად, ხსენებული სამსახურის ერთ-ერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენდა დედაქალაქის ენერგოუზრუნველყოფის ერთიანი პოლიტიკისა და ენერგეტიკული სექტორის შემდგომი განვითარების პროგრამების შემუშავება და მის განხორციელებაში მონაწილეობა, ხოლო მისი ერთ-ერთი ფუნქცია იყო დედაქალაქის ენერგეტიკული სექტორის ცალკეული დარგების განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა, ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახური კი წარმოადგენს ქალაქ თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹25 ბრძანებით ლიკვიდირებული ქ. თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის სამართალმემკვიდრეს (ტ. 4, ს.ფ. 6-12). ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹23 ბრძანებით ლიკვიდირებულად ჩაითვალა ,,ქ. თბილისის მმართველობითი სისტემის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ" ქ. თბილისის მერის 2004 წლის 20 დეკემბრის ¹17 ბრძანების მე-5 პუნქტის საფუძველზე შექმნილი ენერგეტიკის საქალაქო სამსახური (ტ. 4, ს.ფ. 18). ქალაქ თბილისის პრემიერის 2005 წლის 5 მაისის ¹483 განკარგულებით, ,,საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ" საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდა ,,ქ. თბილისის ენერგეტიკის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის პრემიერის 2005 წლის 25 იანვრის ¹49 განკარგულება (ტ. 4, ს.ფ. 19). ქალაქ თბილისის მერის 2005 წლის 16 მაისის ¹149 განკარგულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელეები, რომლებიც მუშაობდნენ ქ. თბილისის მერიის ენერგეტიკის საქალაქო სამსახურში და წარმოადგენდნენ მოხელეებს, 2005 წლის 3 მაისიდან გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან და მათი გათავისუფლების საფუძვლად მიეთითა “ქ. თბილისის მერიის ენერგეტიკის საქალაქო სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ” ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹23 ბრძანებაზე (ტ. 4, ს.ფ. 20-21). ქ. თბილისის საკრებულოსა და მთავრობის აპარატის უფროსის 2005 წლის 6 ივლისის ¹11/12997 წერილის მიხედვით, ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹23, ¹25 და ¹40 ბრძანებების საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესის შესაბამისად მიღების შესახებ იმავე აპარატის მონაცემთა ბაზაში მასალები არ მოიპოვებოდა (ტ. 5, ს.ფ. 58). საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2005 წლის 14 ივნისის წერილის მიხედვით, ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹23, ¹25 და ¹40 ბრძანებები რეგისტრირებულია ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში (ტ. 5, ს.ფ. 59). “ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების შექმნის შესახებ” ქ. თბილისის მერიის 1999 წლის 24 მარტის ¹15 ბრძანებით რეორგანიზებულ იქნა ენერგოუზრუნველყოფის ბიურო და ენერგეტიკის განყოფილება და მათ ბაზაზე შეიქმნა ენერგეტიკის საკითხების მარეგულირებელი საქალაქო სამსახური. იმავე ბრძანების მიხედვით, ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურები წარმოადგენდნენ საბიუჯეტო დაწესებულებებს (ტ. 5, ს.ფ. 69-71). ქ. თბილისის პრემიერის 1999 წლის 21 აპრილის ¹200 განკარგულებით დამტკიცდა ქ. თბილისის მერიის ენერგეტიკის საკითხების მარეგულირებელი საქალაქო სამსახურის დებულება, სტრუქტურა და საშტატო ერთეულების ნუსხა (ტ. 5, ს.ფ. 72). ქ. თბილისის მერის 2006 წლის 27 დეკემბრის ¹84 განკარგულებით დამტკიცდა ქ. თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის საშტატო ნუსხა 20 საშტატო ერთეულით (ტ. 5, ს.ფ. 72).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ “საქართველოს დედაქალაქის _ ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 10 დეკემბრის ¹685 ბრძანებულებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მერიის დებულების 25-ე მუხლის თანახმად, საქალაქო სამსახურებს პრემიერის წარდგინებით ქმნიდა და აუქმებდა ქალაქ თბილისის მერი. ამდენად, ხსენებული დებულებით ქალაქ თბილისის მერს მინიჭებული ჰქონდა საქალაქო სამსახურის შექმნისა და გაუქმების უფლება, რასაც იგი ახორციელებდა ქალაქ თბილისის პრემიერის წარდგინების საფუძველზე. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულებით, რომლითაც დამტკიცდა საქართველოს დედაქალაქის _ ქალაქ თბილისის მერიის დებულება, ძალადაკარგულად იქნა გამოცხადებული საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 10 დეკემბრის ¹685 ბრძანებულება, ასევე ლიკვიდირებულ იქნა საჯარო სამართლის იურიდიული პირები _ ქალაქ თბილისის კეთილმოწყობის სამსახური და საბინაო მეურნეობის რეაბილიტაციისა და განვითარების ხელშემწყობი ცენტრი. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს დედაქალაქის _ ქალაქ თბილისის მერიის დებულების მე-3 მუხლში (ქალაქ თბილისის მერიის სტრუქტურა) ჩამოთვლილ ქ. თბილისის მერიის სტრუქტურულ ერთეულებს შორის არ იყო მითითებული ენერგეტიკის საქალაქო სამსახური, მაგრამ მასში შეტანილი იყო ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახური.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ქ. თბილისის მერიის ენერგეტიკის საქალაქო სამსახური, მისი დებულების თანახმად, წარმოადგენდა ქალაქ თბილისის კომპეტენციას მიკუთვნებულ, ენერგეტიკის სექტორის გეგმური განვითარების მიზნით შექმნილ საბიუჯეტო დაწესებულებას, რომელიც ,,საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ" საქართველოს კანონისა და საქართველოს დედაქალაქის _ ქალაქ თბილისის მერიის დებულების საფუძველზე დედაქალაქისათვის გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში კოორდინაციას უწევდა ქალაქის ენერგეტიკულ სექტორში შემავალი ადგილობრივი დანიშნულების საწარმოებისა და დარგობრივი სამსახურების საქმიანობას, მათ შორის: ელექტროენერგეტიკაში, გაზიფიცირებაში, თბომეურნეობაში, წყალმომარაგებაში ენერგოუზრუნველყოფის მიზნით, ხოლო, რაც შეეხებოდა ქ. თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურს, მისი დებულების მე-2 მუხლის (სამსახურის მიზნები, ამოცანები და ფუნქციები) მე-2 პუნქტის ,,ი" ქვეპუნქტის თანახმად, მისი ერთ-ერთი მიზანი იყო დედაქალაქის ენერგოუზრუნველყოფის ერთიანი პოლიტიკისა და ენერგეტიკული სექტორის შემდგომი განვითარების პროგრამების შემუშავება და მის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება. მიუხედავად აღნიშნულზე მითითებისა, სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია, ხომ არ მოიცავდა ქ. თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ფუნქციები ქ. თბილისის მერიის ენერგეტიკის საქალაქო სამსახურის ფუნქციებს, ხომ არ მოხდა ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ფუნქციების განვრცობით ენერგეტიკის საქალაქო სამსახურის ფუნქციების მთლიანად ან ნაწილობრივ გადაფარვა, ანუ რეალურად, ენერგეტიკის საქალაქო სამსახურის ლიკვიდაცია იყო სახეზე თუ დასახელებული სამსახურების რეორგანიზაცია-შერწყმა ფუნქციური უფლებამონაცვლეობით _ ახლად შექმნილი სამსახურისათვის შესაბამისი ფუნქციების გადაცემით. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული გარემოების გამორკვევას არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოცემულ საქმეზე მართებული გადაწყვეტილების მისაღებად, რადგან მას ორგანულად უკავშირდება შესაბამისი სამართლებრივი შედეგები მოსარჩელეთა შრომითი უფლებების დაცვის თვალსაზრისით, მით უმეტეს, კასატორები მიუთითებენ, რომ ენერგეტიკის საქალაქო სამსახურის ფუნქცია ნაწილობრივ შერწყმული აქვს ქ. თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურს და განხორციელდა ენერგეტიკის სფეროს მიკუთვნებული საკითხების ინტეგრირება ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის დებულებაში. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში უმთავრესია იმ საკითხის გარკვევა, ენერგეტიკის საქალაქო სამსახურის რეორგანიზაცია მოხდა თუ მისი ლიკვიდაცია, შესაბამისად, რამდენად საფუძვლიანია კასატორების აღნიშნული მოსაზრება და ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹23 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნა, რაზედაც უშუალოდ არის დამოკიდებული იმის განსაზღვრა, ეკისრებოდა თუ არა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მოსარჩელეებისათვის სხვა თანამდებობების შეთავაზების ვალდებულება ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის (იმჟამად მოქმედი რედაქცია) მიხედვით.
კასატორები აღნიშნავენ, რომ ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹23 ბრძანება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, რადგან „საქართველოს დედაქალაქის _ ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 10 დეკემბრის ¹685 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულების ძალაში შესვლის შემდეგ საქალაქო სამსახურების შექმნა და ლიკვიდაცია ქ. თბილისის მერის უფლებამოსილებას აღარ წარმოადგენდა, რაც მიანიშნებს იმ გარემოებაზე, რომ ქ. თბილისის მერი 2005 წლის 5 მაისის ¹23 ბრძანების გამოცემისას არ მოქმედებდა უფლებამოსილების ფარგლებში, ქ. თბილისის მერის უფლებამოსილების განმსაზღვრელი სპეციალური კანონმდებლობით _ „საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს დედაქალაქის _ ქ. თბილისის მერიის დებულების მიხედვით, ქ. თბილისის მერს არ ჰქონდა ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების ლიკვიდაციის ბრძანებების გამოცემის უფლებამოსილება. ამდენად, კასატორები, ერთი მხრივ, მოითხოვენ ქ. თბილისის მერიის ენერგეტიკის საქალაქო სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹23 ბრძანების ბათილად ცნობას, ხოლო, მეორე მხრივ, ამტკიცებენ, რომ ქ. თბილისის მერი არ მოქმედებდა უფლებამოსილების ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ საკითხზეც უნდა იმსჯელოს, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს დედაქალაქის _ ქალაქ თბილისის მერიის დებულებაში, საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 10 დეკემბრის ¹685 ბრძანებულებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მერიის დებულებისაგან განსხვავებით, არ იყო მითითებული ქ. თბილისის მერის უფლებამოსილებაზე, შეექმნა ან გაეუქმებინა საქალაქო სამსახურები. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო სასამართლო დაადგენს, რომ რეალურად სახეზე იყო ენერგეტიკის საქალაქო სამსახურის რეორგანიზაცია და არა ლიკვიდაცია, მაშინ კასატორების მოსაზრებას ქ. თბილისის მერის მიერ სადავო აქტის უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემის თაობაზე საფუძველი გამოეცლება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. იმავე კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე" ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რის გამოც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების იმავე კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი _ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დ. ფ-ის, მ. ბ-ის, ნ. მ-ის, მ. კ-სა და ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდეს. საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არსებობს ხსენებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, რის გამოც მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. ფ-ის, მ. ბ-ის, ნ. მ-ის, მ. კ-სა და ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.