Facebook Twitter

¹ბს-821-787(კ-06) 17 იანვარი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სამტრედიის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 25 ივლისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 10 ივნისს ზ. თ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე _ სამტრედიის რაიონის გამგეობის მიმართ 1992-1993 წლების საომარი მოქმედების დროს დაზარალებულთა დახმარების სიაში შეყვანის თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 1993 წელს, სამტრედიის რაიონში საომარი მოქმედებების დროს, დაზიანდა მისი საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. სამტრედიაში, .... ქ. ¹34-ში. სამტრედიის რაიონის გამგეობის ¹105/გ-02.09.97წ. განკარგულებით შექმნილმა კომისიამ ვიზუალური დათვალიერებით შეამოწმა დაზიანებული საცხოვრებელი სახლი და განსაზღვრა სახლის აღსადგენად სამშენებლო მასალების რაოდენობა.

მოსარჩელის განმარტებით, სამტრედიის რაიონის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა განყოფილების საპროექტო ორგანიზაციის მიერ შედგა ხარჯთაღრიცხვა, რომლითაც განისაზღვრა მიყენებული ზიანი და გამოიყო სახლის აღსადგენად საჭირო თანხა – 2573 ლარი.

მოსარჩელის მითითებით, მან ყველა დოკუმენტაცია წარადგინა სამტრედიის რაიონის გამგეობაში, მაგრამ დღემდე ვერ მიიღო აღნიშნული თანხა, იმ მოტივით, რომ ყოველივე ამისათვის საჭირო იყო სასამართლო გადაწყვეტილება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა სამტრედიის რაიონის გამგეობას დაკისრებოდა 1993 წლის საომარი მოქმედებების დროს მიყენებული ზიანის – 2573 ლარის გადახდა.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 იანვრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა სამტრედიის რაიონის გამგეობისაგან შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის გამოცემით კომისიის შექმნა და 1992-1993 წლების საომარი მოქმედების შედეგად დაზარალებულთა სიაში შეყვანა.

მოპასუხე _ სამტრედიის რაიონის გამგეობამ სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით ზ. თ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; სამტრედიის რაიონის გამგეობას დაევალა შესაბამისი აქტის გამოცემის საფუძველზე უზრუნველეყო ზ. თ-ის 1992-1993 წლების საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულთა დამატებით სიაში დაზარალებულის სახით შეყვანა, შემდეგში საკომპენსაციო თანხის მიღების მიზნით.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონის გამგეობამ.

აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, სამტრედიის რაიონში ამჟამად არ არსებობს სამოქალაქო ომით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის შემსწავლელი კომისია, ფუნქციონირებს მხოლოდ დაზარალებულთა თანხების გამანაწილებელი კომისია, რომლის კომპეტენციაშიც შედის, წინა კომისიებისგან გადმოცემული სიის შესაბამისად, თანხების განაწილება და დარიგება.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 25 ივლისის განჩინებით სამტრედიის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. სარჩელი დასაშვებია თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას და ინტერესს.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება დავის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, იმ მოტივით, რომ მართალია, საომარი მოქმედებები იყო 1992-93 წლებში, მაგრამ სარჩელის საგანს წარმოადგენს არა ზიანის ანაზღაურება, არამედ აქტის გამოცემის დავალდებულება.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონის გამგეობამ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 25 ივლისის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

კასატორი საკასაციო საჩივარს ძირითადად აფუძნებდა იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სამტრედიის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2006 წლის 20 ოქტომბრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად სამტრედიის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.

მხარეებს მითითებულ ვადაში საკასაციო სასამართლოში თავიანთი მოსაზრებები არ წარმოუდგენიათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, სამტრედიის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ სამტრედიის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სამტრედიის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. უარი ეთქვას სამტრედიის რაიონის გამგეობას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.