Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-821-789(კ-08) 15 სექტემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

მიღების ადგილი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე, მომხსენებელი _ ნათია წკეპლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა შპს “ს.-ის” დირექტორის რ. მ.-ის საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 6 თებერვლის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლოში 2008 წლის 17 ივლისს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-821-789(კ-08) შპს “ს.-ის” დირექტორის რ. მ.-ის საკასაციო საჩივრით განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 6 თებერვლის განჩინებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ივლისის განჩინებით შპს “ს.-ის” დირექტორის რ. მ.-ის საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391.1 მუხლის მოთხოვნას, რადგან საჩივრის ავტორს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 6 თებერვლის განჩინების გასაჩივრების მიზნით წარმოდგენილი ჰქონდა საჩივარი და არა მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივარი. ამასთან, წარმოდგენილი საჩივარი არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 396.1 მუხლის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნას, რადგან საჩივარში არ იყო მითითებული სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების სამართლებრივი საფუძველი (კასაციის მიზეზი), ასევე საჩივარი არ პასუხობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს. გარდა აღნიშნულისა, საჩივრის ავტორს არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. შესაბამისად, საჩივრის ავტორს მიეცა ვადა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღე მითითებული ხარვეზის შესავსებად (იხ. ს.ფ. 97-99).

კასატორს საკასაციო სასამართლოში განჩინებით მითითებული ხარვეზის გამოსასწორებლად დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ შპს “ს.-ის” დირექტორის რ. მ.-ის საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 28 ივლისის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად კასატორს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, განესაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.

კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 28 ივლისის განჩინება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2 და სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, საჩივრის ავტორს შპს “ს.-ის” დირექტორის რ. მ.-სა და მის წარმომადგენელს ო. მ.-ს ჩაჰბარდათ 2008 წლის 19 აგვისტოს (იხ. ს.ფ. 102-104), მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის საჩივრის ავტორმა ხარვეზი არ შეავსო.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. ერთ-ერთი ძირითადი უფლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, შეიცავს საპროცესო ვალდებულებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საჩივრის წარდგენისა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს “ს.-ის” დირექტორის რ. მ.-ის საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3. მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საჩივრის წარმოებაში მიღების პროცესუალური წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს “ს.-ის” დირექტორის რ. მ.-ის საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.