Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

¹ბს-822-784(კ-07) 23 იანვარი, 2008წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ინდმეწარმე “....” საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ინდმეწარმე “....” 2004 წლის 18 ნოემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა 2002 წლის აგვისტოს აა-36 სერიის ¹009840, 2002 წლის ივლისის აა-36 სერიის ¹009837, 2002 წლის ოქტომბრის აა-04 სერიის ¹084063 და 2003 წლის ივლისის აა-04 სერიის ¹123270 ანგარიშფაქტურებით განხორციელებული ჩათვლების გაუქმების უკანონოდ ცნობა და საგადასახადო ბარათზე მათი აღდგენა (ს.ფ. 1-2).

გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით ინდმეწარმე “....” სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა (ს.ფ. 32).

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა გორის საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა (ს.ფ. 34).

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 18 თებერვლის განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ შპს “....” და შპს “....” (ს.ფ. 40-41).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ინდმეწარმე “....” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 139-143).

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ინდმეწარმე “....,” რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა (ს.ფ. 151-154).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 სექტემბრის განჩინებით ინდმეწარმე “...” დაევალა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ, განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში 622,6 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა (ს.ფ. 157-158).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ინდმეწარმე “....” საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნას განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 სექტემბრის განჩინების ასლი ინდმეწარმე “....” 2007 წლის 24 სექტემბერს გაეგზავნა (ს.ფ. 159). უზენაეს სასამართლოში დაბრუნებული შეტყობინების ბარათიდან ცალსახად არ ირკვეოდა, ჩაბარდა თუ არა გზავნილი ადრესატს (ს.ფ. 160), რის გამოც 2007 წლის 3 დეკემბერს ადრესატს ხელმეორედ გაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 სექტემბრის განჩინების ასლი (ს.ფ. 161). აღნიშნული გზავნილი შპს “....” (გ. დ-ე) ჩაბარდა 2007 წლის 5 დეკემბერს (ს.ფ. 165; 168). შესაბამისად, კასატორს სასამართლოს მიერ მითითებული ხარვეზი უნდა შეევსო არაუგვიანეს 2007 წლის 17 დეკემბრისა. მიუხედავად ამისა, ინდმეწარმე “...” ამ ვადაში არ შეუვსია საკასაციო საჩივრის ხარვეზი და არც შუამდგომლობით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსთვის ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლი ითვალისწინებს საპროცესო ვადის გასვლის შედეგებს, კერძოდ, ადგენს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში საკასაციო საჩივრის ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდმეწარმე “....” საკასაციო საჩივარი, საკასაციო სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო დაუშვებელია და განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

Dდ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ინდმეწარმე “....” საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.