Facebook Twitter

ბს-822-788(კ-06) 6 თებერვალი, 2007 წ.

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლალი ლაზარაშვილი, ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი – ლ. ჭანტურია

კასატორი (მოპასუხე) _ ხარაგაულის რაიონის სოფელ ......... გამგეობა

წარმომადგენელი – ე. ტ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ი. ჩ-ე

მესამე პირები – 1. ა. ჭ-ა

2. მ. ს-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განკარგულება ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

i. ჩ-ემ სარჩელი აღძრა ხარაგაულის რაიონულ სასამართლოში მოპასუხის _ ხარაგაულის რაიონის სოფ. ........ თემის საკრებულოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განკარგულების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, ორი თვის თანამდებობრივი სარგოსა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 2-3).

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

ი. ჩ-ე 2005 წლის 20 მარტიდან მუშაობდა სოფ. .......... თემის საკრებულოში ეკონომისტის თანამდებობაზე. 2005 წლის 30 დეკემბრის ¹11 განკარგულებით იგი გათავისუფლდა თანამდებობიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის I ნაწილის საფუძველზე. აღნიშნული მოსარჩელეს ეცნობა 2006 წლის 23 იანვარს, რაზეც მას ხელი მოაწერინეს 17 იანვრის თარიღით. მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ იგი არ იყო გაფრთხილებული კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სოფ. ........... თემის საკრებულოს მიერ დარღვეულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 108-ე მუხლის მოთხოვნა, ვინაიდან იგი ერთი თვით ადრე არ გაუფრთხილებიათ თანამდებობიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, არ განემარტა გასაჩივრების წესი და არ მიუღია შესაბამისი კომპენსაცია. მოპასუხის მიერ ასევე დაირღვა ამავე კანონის 110-ე მუხლი, რადგან შრომის წიგნაკში შესაბამისი ჩანაწერი არ იყო შეტანილი. ამასთან, გათავისუფლებისას ადმინისტრაციას მისთვის არ შეუთავაზებია სხვა თანამდებობა, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა სპეციალისტის შტატი, რომელზეც მოსარჩელის გათავისუფლების შემდგომ დაინიშნენ ისეთი პირები, რომლებსაც საკრებულოში არ უმუშავიათ და მათთან შედარებით მოსარჩელეს გააჩნდა დარჩენის უპირატესი უფლება. შესაბამისად, მოსარჩელემ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლით მოითხოვა გათავისუფლების შესახებ განკარგულების გაუქმება, წინანდელ ან სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენა, ასევე, ამავე კანონის 108-ე და 109-ე მუხლების საფუძველზე მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურისა და ორი თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება. მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა.

ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 მარტის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ მ. ს-ე და ა. ჭ-ა (იხ. ს.ფ. 27).

ხარაგაულის რაიონის სასამართლოში მოპასუხემ – სოფ. ....... თემის საკრებულოს გამგებელმა წარადგინა შესაგებელი, რომლითაც არ ცნო სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო. მოპასუხემ განმარტა, რომ 2005 წლის 10 ოქტომბერს მოხელეები ზეპირად იქნენ გაფრთხილებულნი 2006 წლის 1 იანვრიდან შტატების შემცირების შესახებ, რაც ეცნობა ყველა თანამშრომელს და მათ შორის _ ი. ჩ-აც, ხოლო თანამდებობაზე დარჩენის უპირატესი უფლება ადმინისტრაციამ მიანიჭა სხვა თანამშრომლებს კვალიფიკაციისა და სპეციალობის გათვალისწინებით (იხ. ს.ფ. 13-14). მოპასუხემ საქმის სასამართლო სხდომაზე ცნო სარჩელი ორი თვის თანამდებობრივი სარგოს გაცემის ნაწილში (იხ. ს.ფ. 44).

მესამე პირებმა _ მ. ს-ემ და ა. ჭ-ამ არ ცნეს სარჩელი და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო (იხ. ს.ფ. 35-36).

ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით ი. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; უკანონოდ იქნა ცნობილი ხარაგაულის რაიონის ....... თემის საკრებულოს თავმჯდომარის 2005 წლის 30 დეკემბრის ¹11 განკარგულება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და აღდგენილ იქნა შესაბამის თანამდებობაზე; მოპასუხეს დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

,,ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს ¹726 ბრძანებულების საფუძველზე სოფ. ....... საკრებულოში არსებული 6 საშტატო ერთეული შემცირდა 4 ერთეულამდე; ....... თემის საკრებულოს თავმჯდომარის 2005 წლის 29 ნოემბრის განკარგულება შტატების შემცირების გამო მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ მოსარჩელეს ჩაჰბარდა 2006 წლის 23 იანვარს.

რაიონულმა სასამართლოს შეფასებით, მოპასუხემ დაარღვია ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნა, ვინაიდან ადმინისტრაციამ ი. ჩ-ეს გათავისუფლების დროს არ შესთავაზა სხვა თანამდებობა, ასევე სოფ. ........ საკრებულოს მიერ დაირღვა შრომის კანონთა კოდექსის 422-ე მუხლის მოთხოვნა _ მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ მუშაკის პერსონალურად ერთი თვით ადრე გაფრთხილების შესახებ. სასამართლოს დასკვნით, ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს ზეპირად გამოეცხადა მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, არ იყო საკმარისი, მით უფრო, რომ კანონით დადგენილი წესით მოსარჩელეს არ ჩაჰბარებია განკარგულება.

სასამართლოს დასკვნით, მოპასუხემ დაარღვია შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნები მოხელის სამსახურში დარჩენის უპირატესი უფლების შესახებ, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ ი. ჩ-ეს სხვა თანამშრომლებთან შედარებით სამსახურში დარჩენის უპირატესი უფლება ჰქონდა.

რაიონული სასამართლოს განმარტებით, ის გარემოება, რომ არ არსებობდა თანამდებობა, რომელზეც მუშაობდა ი. ჩ-ე, არ წარმოადგენდა სამსახურში აღდგენის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს, რამდენადაც მოპასუხეს არ დაუსაბუთებია, რომ ი. ჩ-ე ვერ შეძლებდა შტატებით გათვალისწინებულ სხვა თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელებას. სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან ვერ ხერხდებოდა იმის დადგენა, თუ რა ფუნქციები განესაზღვრა არსებულ შტატს, ამიტომ მოპასუხის მიერ ი. ჩ-ე აღდგენილი უნდა ყოფილიყო შესაბამის თანამდებობაზე.

სასამართლოს განმარტებით, მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა ასევე ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 108-ე და 112-ე მუხლების მოთხოვნები, რის გამოც მოპასუხეს დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოსარჩელისათვის სამსახურში არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში (იხ. ს.ფ. 46-49).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სოფ. ........ საკრებულოს გამგებელმა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:

რაიონული სასამართლოს მიერ დარღვეულ იქნა სსსკ-ის 248-ე მუხლის მოთხოვნა, კერძოდ, სასამართლოს არ აქვს უფლება, მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ მოუთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე იგი ითხოვდა. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ი. ჩ-ე დაკმაყოფილდა შესაბამისი თანამდებობით, ნაცვლად აღდგენისა. ასევე, სასამართლომ არასწორად გამოიყენა შრომის კანონთა კოდექსის 421-ე და 422-ე მუხლები, რადგან სადავო სამართალურთიერთობას აწესრიგებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი (იხ. ს.ფ. 53-54). აპელანტმა სასამართლოს მთავარ სხდომაზე განმარტა, რომ ი. ჩ-ის სასარჩელო მოთხოვნა იყო ხანდაზმული, ვინაიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 127-ე მუხლის თანახმად, პირის სამუშაოდან გათავისუფლების შემთხვევაში, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა შეადგენს განკარგულების გამოცემის ან ხელმძღვანელი პირის მიერ რაიმე ქმედების განხორციელებიდან ერთ თვეს. საქმის მასალებით კი დადგენილია, რომ მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა 2005 წლის 30 დეკემბერს, ხოლო სარჩელი რაიონულ სასამართლოში შეტანილია 2006 წლის 17 თებერვალს, შესაბამისად, გაშვებულია გასაჩივრების ერთთვიანი ვადა (იხ. ს.ფ. 86)

მოწინააღმდეგე მხარემ – ი. ჩ-ემ არ ცნო სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 22 მარტის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სოფ. ......... გამგებლის სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ი. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ხარაგაულის რაიონის ....... თემის საკრებულოს თავმჯდომარის 2005 წლის 30 დეკემბრის ¹11 განკარგულება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და იგი აღდგენილ იქნა იმავე საკრებულოში სპეციალისტის თანამდებობაზე, მოპასუხეს დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

,,ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს ¹726 ბრძანებულების საფუძველზე სოფ. ....... საკრებულოში საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრა 5 საშტატო ერთეულით. ....... თემის საკრებულოს თავმჯდომარის 2005 წლის 29 ნოემბრის განკარგულებას შტატების შემცირების გამო მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ გაეცნო არა მოსარჩელე, არამედ მისი მეუღლე 2006 წლის 17 იანვარს. ი. ჩ-ე ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გათავისუფლდა 2005 წლის 30 დეკემბრის ¹11 განკარგულებით.

სასამართლომ მიიჩნია, რომ სოფ. ........... საკრებულოს მიერ დარღვეულ იქნა ,,საჯარო სამსახურის შესახებ კანონის” 108-ე მუხლის მოთხოვნა, მოსალოდნელი გათავისუფლების გამო მოხელის ერთი თვით ადრე გაფრთხილების შესახებ. ასევე, საკრებულოს მიერ დაირღვა ამავე კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, რადგან ი. ჩ-თვის სხვა თანამდებობა არ შეუთავაზებიათ, რისი ვალდებულებაც ადმინისტრაციას გააჩნდა. ასევე, სასამართლომ განმარტა, რომ სოფ. ...... საკრებულომ არ დაიცვა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა უპირატესი დარჩენის უფლების შესახებ, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ ი. ჩ-ეს გააჩნდა თანამდებობაზე დარჩენის უპირატესი უფლება საქმეში მესამე პირად ჩაბმულ პირებთან შედარებით.

სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება და განმარტა, რომ რაიონულმა სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მიაკუთვნა იმაზე მეტი, ვიდრე იგი ითხოვდა, შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებით ი. ჩ-ე მისი მოთხოვნის თანახმად აღდგენილ იქნა სპეციალისტის თანამდებობაზე (იხ. ს.ფ. 100-105).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სოფ. ......... გამგეობის წარმომადგენლმა – ე. ტ-ემ, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასაციის მოტივები:

კასატორის განმარტებით, სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაარღვია სსსკ-ის მოთხოვნები, ვინაიდან არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 93-ე, 108-ე და 110-ე მუხლები, ასევე, ამავე კანონის მე-14 და შრომის კანონთა კოდექსის 50-ე მუხლი და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, შრომის კანონთა კოდექსის 421-ე და 422-ე მუხლები, რამდენადაც სადავო სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები მოცემულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში.

ამასთან ერთად, სააპელაციო სასამართლომ ახალი გადაწყვეტილების მიღებით ი. ჩ-ე არასწორად აღადგინა სპეციალისტის თანამდებობაზე, ვინაიდან მოსარჩელე გათავისუფლებული იყო ეკონომისტის თანამდებობიდან. სასამართლოს გადაწყვეტილებით კი ი. ჩ-ე აღდგენილ იქნა იმ თანამდებობაზე, საიდანაც იგი არ გათავისუფლებულა და არც არსებობდა მისი გათავისუფლების დროს (იხ. ს.ფ. 113-114; 122-124).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 12 იანვრის განჩინებით სოფ. ....... გამგეობის წარმომადგენლის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 “გ” პუნქტის შესაბამისად /პროცესუალური კასაცია/(იხ. ს.ფ. 135-138).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ხარაგაულის რაიონის სოფელ ......... გამგეობის წარმომადგენლის _ ე. ტ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შესაბამისად, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, ი. ჩ-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი სოფ. ....... თემის საკრებულოს თავმჯდომარის 2005 წლის 30 დეკემბრის ¹11 განკარგულება ი. ჩ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, ი. ჩ-ეს აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მომენტამდე, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმების, კერძოდ, სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება არ მიეცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია არასრულად, სწორად არ იქნა საქმის მასალები გამოკვლეული და დადგენილი ფაქტები.

სსსკ-ის 407.2. მუხლის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო პრეტენზია ნაწილობრივ დასაბუთებულია, რადგან სააპელაციო სასამართლომ ბათილად სცნო რა განკარგულება ი. ჩ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად აღადგინა იგი არა წინანდელ არამედ, სრულიად სხვა თანამდებობაზე, რომელიც მისი გათავისუფლების დროს არც არსებობდა. ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი. ჩ-ე 2005 წლის 30 დეკემბრის განკარგულებით გათავისუფლებულდა ეკონომისტის თანამდებობიდან, მაშინ, როცა სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით აღადგინა ........ თემის საკრებულოში სპეციალისტის თანამდებობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “აღდგენა” თავისთავში გულისხმობს ზოგადად პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ანუ პირის იმ თანამდებობაზე დაბრუნებას, საიდანაც ის გათავისუფლებულ იქნა, და არა მისთვის ამ პირობების შეცვლას, როგორც ეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოხდა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს არ უმსჯელია “თანამდებობაზე აღდგენის” კონტექსტში რამდენად ადეკვატურ თანამდებობას წარმოადგენდა სპეციალისტის თანამდებობა ეკონომისტის თანამდებობასთან მიმართებაში განსახორციელებელ უფლებამოსილებათა შინაარსით. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივაცია ი. ჩ-ის ზემოაღნიშნულ თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე სრულიად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, რის გამოც ამ ნაწილში გადაწყვეტილება გაზიარებულ ვერ იქნება.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეული იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1. მუხლის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული. კონკრეტულ შემთხვევაში, კანონმდებლობის აღნიშნული მოთხოვნები უგულვებელყოფილ იქნა ......... თემის საკრებულოს თავჯდომარის მიერ სადავო განკარგულების გამოცემისას, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო შეეფასებინა და ემსჯელა იმ გარემოებაზე, რეალურად არსებობდა თუ არა მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი. ი. ჩ-ის სამსახურიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო შტატების შემცირება, რაც “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97.1 მუხლის შესაბამისად მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების ერთ-ერთი საფუძველია. თუმცა, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დადგენილია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ასეთ პირობებში პირის გათავისუფლება არ შეიძლება, თუ იგი თანახმაა დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო განკარგულების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა კანონის ზემოაღნიშნული იმპერატიული დანაწესი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გასათავისუფლებელი პირისთვის სხვა თანამდებობის შეთავაზების თაობაზე, რაც თავის მხრივ მუშაკის უფლებათა დაცვის გარანტიაა და უზრუნველყოფს მოსამსახურეთა ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი დაცვის, მოსამსახურეთა კადრების სტაბილურობის და ა.შ, როგორც საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპების შესრულებას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 108-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაცია ვალდებულია გააფრთხილოს მოხელე მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ ერთი თვით ადრე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ....... თემის საკრებულოს თავმჯდომარის 2005 წლის 29 ნოემბრის განკარგულებას შტატების შემცირების გამო მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ გაეცნო მოსარჩელის მეუღლე ნ. დ-ი 2006 წლის 17 იანვარს (იხ. ს.ფ. 40), ხოლო ი. ჩ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განკარგულება მიღებულ იქნა 2005 წლის 30 დეკემბერს (იხ. ს.ფ. 5). შესაბამისად, სოფ. ........ გამგეობამ დარღვია თანამდებობიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ მოხელის ერთი თვით ადრე გაფრთხილების ვალდებულება.

საკასაციო სასამართლო ევროპის სოციალური ქარტიის (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 1 ივლისის ¹1876-რს დადგენილებით,) 4.4. მუხლის საფუძველზე (საქართველო სავალდებულო შესასრულებლად აღიარებს მითითებულ პუნქტში ევროპის სოციალური ქარტიით დადგენილ მოთხოვნებს) განმარტავს, რომ დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში თითოეული მუშაკისათვის აღიარებულია შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე წინასწარი შეტყობინების /გაფრთხილების/ ვალდებულება ადმინისტრაციის მხრიდან, წარმოადგენს მუშაკის კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ გარანტიას, მომზადებული შეხვდეს სამუშაოდან გათავისუფლების ფაქტს, რომ ეს არ იყოს მისთვის მოულოდნელი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. ჩ-ე თანამდებობიდან გათავისულდა სრულიად უკანონოდ, კერძოდ, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის შესაბამისი ნორმების დარღვევით, რის გამოც ის ექვემდებარება სამსახურში უპირობო აღდგენას. ამასთან, კონკრეტული თანამდებობის შერჩევა, რომელზეც ის უნდა აღდგეს, წარმოადგენს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციას ყოველი კონკრეტული გარემოების ერთობლიობაში გათვალისწინებით, რაზეც სასამართლო ვერ იქონიებს მსჯელობას. ამასთან, ასეთივე მსჯელობის საგანს წარმოადგენს უპირატესი დარჩენის უფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაც, რამდენადაც შტატების შემცირებისას შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლი ადგენს, რომ სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება ენიჭებათ იმ მუშაკებს, რომლებიც უფრო მაღალი კვალიფიკაციითა და შრომის ნაყოფიერებით გამოირჩევიან. კონკრეტულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი. ჩ-ეს აქვს უმაღლესი განათლება, მაშინ, როცა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში დასაქმებული მუშაკებიდან ნაწილს აქვს საშუალო ან სპეციალური განათლება. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მითითებულ გარემოებაზე მსჯელობას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც სადავო აქტი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, ხოლო ახლის გამოცემისას ორგანო ვალდებულია ზემოაღნიშნული გარემოებებთან ერთობლიობაში იმსჯელოს შრომის კანონთა კოდექსის მითითებულ დანაწესზეც, რამდენადაც ამ საკითხის გადაწყვეტა სასამართლოს კომპეტენციას არ წარმოადგენს.

ი. ჩ-ის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილშიც შრომის კანონთა კოდექსის 207.1. მუხლის საფუძველზე, ვინაიდან მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება საკასაციო სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნა კანონსაწინააღმდეგოდ და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა მისი უპირობო აღდგენის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელის დარღვეული შრომითი უფლება ექვემდებარება აღდგენას იძულებითი განაცდურის ანაზღაურების გათვალისწინებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მომენტამდე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სახეზეა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, კერძოდ, მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რამდენადაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 და 96.2. მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, მათ შორის, გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ისე, რომ არ შეაჯეროს და არ შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებანი, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, ვინაიდან მოსარჩელე, გათავისუფლებულ იქნა რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირების გამო, ისე, რომ ადგილი არ ჰქონია მოხელის ერთი თვით ადრე გაფრთხილებას, სხვა თანამდებობის შეთავაზებას და ადმინისტრაციის მხრიდან მსჯელობას თანამშრომლებიდან თუ ვის გააჩნდა დარჩენის უპირატესი უფლება.

ამასთან ერთად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 127.1 მუხლის თანახმად გათავისუფლების შესახებ განკარგულების გასაჩივრების ვადაა ერთი თვე და ეს ვადა ამავე მუხლის მე-21 ნაწილის თანახმად აითვლება კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან. შესაბამისად, სოფ. ....... გამგეობის აპელირება იმაზე, რომ ი. ჩ-ის სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა 2005 წლის 30 დეკემბერს, ხოლო სარჩელი რაიონულ სასამართლოში შეტანილია 2006 წლის 17 თებერვალს, რითაც მან გაუშვა გასაჩივრების ერთთვიანი ვადა, უსაფუძვლოა, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს სადავო აქტი გადაეცა 2006 წლის 17 იანვარს, რაც დასტურდება მისივე ხელმოწერით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ იყო ხანდაზმული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60.1. მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, სადავო ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრებული ნაწილები ბათილად უნდა გამოცხადდეს, რამდენადაც იგი ეწინააღმდეგება კანონს და არსებითად არის დარღვეული მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ, სადავო ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც გამოყენებული უნდა იქნას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით სასამართლოსთვის მინიჭებული უფლებამოსილება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად სცნოს ადმინისტრაციული აქტი მისი გამოცემის მომენტიდან და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ზემოთმითითებული გარემოების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონით დადგენილ ვადაში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 26.3, 32.4, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 393-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სოფელ ........ გამგეობის წარმომადგენლის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2006 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. ი. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ......... თემის თავმჯდომარის ¹11 განკარგულება ი. ჩ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და დაევალოს მოპასუხეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.

5. ი. ჩ-ეს აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მომენტამდე.

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.