ბს-823-785(კ-07) 16 იანვარი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მიხეილ ჩინჩალაძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სოციალური სუბსიდიების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ვ. ი-ომ 04.08.05წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ და მისთვის წელთა ნამსახურობის პენსიის დანიშვნა, წელთა ნამსახურობის შეღავათიანი გაანგარიშებით, ასევე მოპასუხისათვის 12 თვის მიუღებელი პენსიის დაკისრება მოითხოვა.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1970 წლის 1 აგვისტოდან 1988 წლის 5 მარტამდე მსახურობდა სამხედრო ძალების რიგებში; მათ შორის, 1976 წლის 4 მაისიდან 1977 წლის 11 მაისამდე, 1977 წლის 19 მაისიდან 1981 წლის 11 მაისამდე და 1981 წლის 12 ივნისიდან 1988 წლის 5 მარტამდე სამხედრო სამსახურს გადიოდა განსაკუთრებულ პირობებში. ვ. ი-ომ 05.04.2005 წ. განცხადებით მიმართა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს და მოითხოვა წელთა ნამსახურობის საფუძველზე პენსიის დანიშვნა. მოპასუხემ 28.06.05წ. ¹05.05.1173 წერილით უარი განუცხადა ვ. ი-ოს წელთა ნამსახურობის პენსიის დანიშვნაზე, იმ მოტივით, რომ მისი ნამსახურობის სტაჟი შეადგენდა 17 წელს, ხოლო კანონის თანახმად, ასეთი სახის პენსიის დასანიშნად საჭირო იყო ნამსახურობის 20 და მეტი კალენდარული წელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.09.05წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი _ 28.06.05წ. ¹05105-1173 წერილი ვ. ი-ვის წელთა ნამსახურობის პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ; მოპასუხეს დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელისათვის წელთა ნამსახურობის პენსიის დანიშვნისა და ასევე, გასული 12 თვის წელთა ნამსახურობის პენსიის გადახდის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ განსაკუთრებულ პირობებში მუშაობისას წელთა დათვლა ხდება შეღავათიანი პირობებით. ერთი წელი უდრის ერთ წელსა და ექვს თვეს. საქმის მასალებით დადგინდა, რომ ვ. ი-ო განსაკუთრებულ პირობებში სამხედრო სამსახურს გადიოდა 11 წლის განმავლობაში, შესაბამისად, მოსარჩელის წელთა ნამსახურობა შეადგენდა არა 17, არამედ 20 წელსა და ექვს თვეს. „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლი ადგენს, რომ პენსიის დასანიშნად დაგვიანებით მიმართვის შემთხვევაში, პენსია დაინიშნება მასზე უფლების წარმოქმნის დღიდან და გაიცემა არა უმეტეს გასული 12 თვისა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 28.09.05წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ვ. ი-ვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.02.06წ. გადაწყვეტილებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.09.08 წ. გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ვ. ი-ოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა აპელანტს და მიიჩნია, რომ 1984 წლიდან 1986 წლამდე მოსარჩელე ვ. ი-ო არ მსახურობდა და ჰქონდა წყვეტილი სტაჟი. შესაბამისად, მისი რეალური სამსახურის პერიოდი (განსაკუთრებული ვადის გათვალისწინებით) შეადგენს 17 წელს. ამდენად, კანონიერად იქნა მიჩნეული სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის 28.06.05 წ. ¹05/05-1173 წერილი. რამდენადაც მოსარჩელეს არ ჰქონდა სამხედრო სამსახურში წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი მის მიმართ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათები ვერ გავრცელდებოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.02.06 წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვლადიმერ ი-ომ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.09.05წ. გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 04.10.06.წ. განჩინებით ვ. ი-ოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.02.06წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებები, რომელთა შესწავლა-გამოკვლევასაც არსებითი მნიშვნელობა ენიჭებოდა საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების მისაღებად. სააპელაციო სასამართლოს მიეთითა, გამოეთხოვა ნამსახურობის ნუსხის დედნები, რომელთა შედარება-შეჯერების საფუძველზე სასამართლოს ექნებოდა შესაძლებლობა, მიეღო არსებითად სწორი გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.07.07წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.09.05წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390.3. მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის დებულებიდან გამომდინარე, გაიზიარა და დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და დამატებით აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 04.10.06წ. განჩინების მითითების თანახმად, სააპელაციო პალატის მიერ საქართველოს თავდაცვის ეროვნული გვარდიის თბილისის ვაკე-საბურთალოს სამობილიზაციო შტაბიდან გამოთხოვილ და სასამართლოს სხდომაზე დათვალიერებულ იქნა ვ. ი-ოს _ ოფიცრის პირადი საქმე (I ეგზემპლარი). ოფიცრის პირად საქმეში (I ეგზემპლარი) არსებული ნამსახურობის ნუსხის თანახმად, ვ. ი-ო დაბადებულია 07.11.1951წ. 1970-1974 წლებში სწავლობდა და დაამთავრა თბილისის უმაღლესი საარტილერიო სასწავლებელი. მსახურობდა შეიარაღებული ძალების რიგებში, მათ შორის, 1974 წლის 25 ივლისიდან 1976 წლის 24 აპრილამდე _ ¹52 საარტილერიო პოლკში, 1976 წლის 4 მაისიდან 1977 წლის 11 მაისამდე _ მურმანსკის ოლქში, 1977 წლის 19 მაისიდან 1981 წლის 11 მაისამდე _ ლენინგრადის ოლქში. 1981 წლის 12 ივნისიდან 1988 წლის 5 მარტამდე ამიერკავკასის ოლქში და თადარიგში დათხოვნილ იქნა “საბჭოთა ოფიცრისთვის უღირსი საქციელის გამო”. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტი მხარე სადავოდ მიიჩნევდა მხოლოდ 1984 წლის დეკემბერიდან 1986 წლის სექტემბრამდე პერიოდს, იმ საფუძვლით, რომ მათთან არსებული ოფიცრის პირადი საქმის მიხედვით, ამ პერიოდში მოსარჩელე ვ. ი-ო არსად არ მუშაობდა და ჰქონდა წყვეტილი სტაჟი. აღნიშნული მოსაზრება სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა უსაფუძვლობის გამო და საქართველოს თავდაცვის ეროვნული გვარდიის თბილისის ვაკე-საბურთალოს სამობილიზაციო შტაბიდან გამოთხოვილი ვ. ი-ოს _ ოფიცრის პირადი საქმის (I ეგზემპლარი) შესწავლის შედეგად დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ი-ო 01.07.1981 წლიდან 05.03.1988 წლამდე მსახურობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში, კერძოდ, იგი 01.07.1981წ. გადაყვანილ იქნა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ძალების განკარგულებაში. 01.07.81წ. დაინიშნა მოტომსროლელთა დივიზიის ¹147 პოლკში ოცეულის მეთაურად. 19.12.84წელს _ მოტომსროლელთა დივიზიის ¹412 პოლკში მეთაურის დამხმარედ, აღნიშნული ბრძანება გაუქმებულ იქნა 02.01.85წ., როგორც არარეალიზებული (შესაბამისად, ძალაში გახლდათ 01.07.1981წ. ბრძანება მისი მოტომსროლელთა დივიზიის ¹147 პოლკში ოცეულის მეთაურად დაინიშვნის შესახებ). 12.09.86წ. დაინიშნა მოტომსროლელთა დივიზიის ¹405 პოლკში ბატარეის უფროს ოფიცრად, 27.09.86წ. _ მოტომსროლელთა დივიზიის ¹405 პოლკში მეთაურად. 05.03.86წ. თადარიგში იქნა დათხოვნილი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ საქმე არსებითად სწორად გადაწყვიტა და არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.07.07წ. განჩინება 16.08.07წ. საკასაციო წესით გაასაჩივრა სოციალური სუბსიდიების სააგენტომ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და ვ. ი-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო უარის თქმა მოითხოვა.
კასატორმა მიუთითა, რომ საკასაციო სასამართლომ საჭიროდ ჩათვალა სააპელაციო სასამართლოს მიერ ნამსახურობის ნუსხის დედნების გამოთხოვა, რომელთა შედარება – შეჯერების საფუძველზეც სასამართლოს ექნებოდა შესაძლებლობა, მიეღო არსებითად სწორი გადაწყვეტილება. ამის ნაცვლად, სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო მხარის მიერ წარმოდგენილ ნოტარიალურად დამოწმებულ მტკიცებულებებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მიიჩნია, რომ, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მიერ არ შესრულდა უზენაესი სასამართლოს მითითება დედნების გამოთხოვის თაობაზე, ამიტომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება, კასატორის მოსაზრებით, კანონსაწინააღმდეგოა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სოციალური სუბსიდიების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სოციალური სუბსიდიების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.