ბს-823-789(კ-06) 21 მარტი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე: მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ქ-ე (მოსარჩელე)
მესამე პირი _ ი. ა-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება
სარჩელის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; სამუშაოზე აღდგენა; იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 13 იანვარს ნ. ქ-მ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართ და სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება მოითხოვა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1971 წლიდან მუშაობდა აჭარის ა/რ განათლების სამინისტროში ...ად დაწყებითი კლასების ხაზით, კადრების ინსპექტორ-...ად, კადრებისა და საერთო განყოფილების ...ად. 2004 წლის 1 სექტემბრიდან ასრულებდა დასახელებულ სამინისტროში აპარატის უფროსის მოვალეობას, 2005 წლის 1 ივლისიდან კი კონკურსის გავლის შემდეგ, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნის საფუძველზე, დაინიშნა იმავე თანამდებობაზე. აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 15 დეკემბრის ¹313 ბრძანებით ნ. ქ-ე გათავისუფლდა ხსენებული სამინისტროს აპარატის უფროსის თანამდებობიდან ამ თანამდებობის შესაბამისი შტატის გაუქმების მოტივით, რაც მოსარჩელემ უკანონოდ მიიჩნია.
მოსარჩელის განმარტებით, 2005 წლის 27 ოქტომბერს აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გამოსცა ბრძანება სამინისტროს მოხელეთა მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ გაფრთხილების თაობაზე, მაშინ, როცა აჭარის ა/რ მთავრობამ 2005 წლის 29 ნოემბრის ¹109 დადგენილებით დაამტკიცა აჭარის ა/რ განთლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულება, რომლითაც ამ სამინისტროს თანამშრომელთა რაოდენობა 75 საშტატო ერთეულიდან 49-მდე შემცირდა. 2005 წლის 15 დეკემბრის ¹476 ბრძანებით აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დამტკიცდა იმავე სამინისტროს საშტატო ნუსხა. ადრე არსებული სამინისტროს სტრუქტურული ერთეული _ სამინისტროს აპარატი ახალ საშტატო ნუსხაში შევიდა ადამიანური რესურსების განყოფილების სახელწოდებით. მოსარჩელის მტკიცებით, აღნიშნულ სამსახურს შეეცვალა მხოლოდ სახელი, ფუნქციები კი იგივე დარჩა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ დაირღვა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლი და “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 97-ე მუხლის მოთხოვნები, რის შედეგადაც იგი უკანონოდ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან _ მოსარჩელე ისე გაათავისუფლეს სამსახურიდან, რომ მისთვის სხვა თანამდებობა არ შეუთავაზებიათ. ამასთან, მოპასუხემ გათავისუფლების შესახებ ბრძანება ისე გამოსცა, რომ არ იმსჯელა მოსარჩელის სამუშაოზე დარჩენის უპირატეს უფლებაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 15 დეკემბრის ¹313 ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება მოითხოვა.
მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ აჭარის ა/რ მთავრობის 2005 წლის 29 ნოემბრის დადგენილებით გაუქმდა ის საშტატო ერთეული, სადაც მოსარჩელე მუშაობდა, ანუ აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განხორციელდა რეორგანიზაცია საშტატო რიცხოვნობის შემცირებით. ამასთან, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 108-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნ. ქ-ე გაფრთხილებული იყო შტატების შემცირების გამო სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ¹313 ბრძანება და მოსარჩელე აღდგენილ იქნა აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ადამიანური რესურსების განყოფილების ... თანამდებობაზე; მოპასუხეს დაევალა მოსარჩელისათვის ორი თვის იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის _ 750 ლარის ანაზღაურება.
აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 19 აპრილის განჩინებით მოცემულ საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით მესამე პირად ი. ა-ე ჩაება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ¹313 ბრძანება და მოსარჩელე აღდგენილ იქნა აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ადამიანური რესურსებისა და სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების ... თანამდებობაზე; მოსარჩელეს აუნაზღაურდა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის დღიდან თანამდებობაზე ფაქტობრივად აღდგენამდე _ თვეში 350 ლარის გაანგარიშებით.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აჭარის ა/რ მთავრობის 2005 წლის 29 ნოემბრის ¹109 დადგენილებით განხორციელდა აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული და ფუნქც. რეორგანიზაცია საშტატო რიცხოვნობის შემცირებით. აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 15 დეკემბრის ¹476 ბრძანებით დამტკიცდა ახალი საშტატო ნუსხა, რომლის თანახმად, სხვა საშტატო ერთეულებთან ერთად გაუქმდა აპარატის უფროსის თანამდებობა. ამ საფუძვლით ნ. ქ-ე იმავე დღეს ¹313 ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, რის თაობაზეც წინასწარ იყო გაფრთხილებული.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 15 დეკემბრის ¹476 ბრძანებით დამტკიცებული ახალი საშტატო ნუსხის თანახმად, სამინისტროს აპარატის ნაცვლად, შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეული _ ადამიანური რესურსების განყოფილება, სადაც შეიქმნა ახალი ვაკანტური თანამდებობა _ ადამიანური რესურსების განყოფილების უფროსის თანამდებობა, რომელიც მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაბმულ ი. ა-ს ეკავა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ახალი საშტატო ნუსხით შექმნილი ადამიანური რესურსების განყოფილება თავისი ფუნქც. დატვირთვითა და შინაარსით წარმოადგენდა იმავე სამუშაო ადგილს. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ ადამიანური რესურსების განყოფილებას შეეცვალა სახელწოდება და ადამიანური რესურსებისა და სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება ეწოდა.
ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ნ. ქ-ის სამსახურიდან გათავისუფლებისას დაირღვა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე და 97-ე მუხლების მე-2 პუნქტები, ვინაიდან მოპასუხეს მოსარჩელისათვის სამსახურიდან დათხოვნამდე სხვა თანამდებობა არ შეუთავაზებია.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორმა უსაფუძვლოდ მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა რეორგანიზაციამდე არსებული სამინისტროს აპარატისა და რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი ადამიანური რესურსების განყოფილების იდენტურობის შესახებ. კასატორის განმარტებით, აჭარის ა/რ მთავრობის 2004 წლის 17 აგვისტოს ¹13 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების თანახმად, სამინისტროს აპარატი წარმოადგენდა სამინისტროს სისტემაში შემავალ დამოუკიდებელ სტრუქტურულ ქვედანაყოფს, ხოლო რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი ადამიანური რესურსებისა და სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება _ სამინისტროს რესურსების მართვის დეპარტამენტში შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ურთიერთგამომრიცხავ გარემოებებს შეიცავს, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო ერთ შემთხვევაში მიუთითებს სამინისტროს აპარატისათვის მხოლოდ სახელწოდების შეცვლაზე, მეორე შემთხვევაში კი დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სამინისტროში განხორციელდა სტრუქტურული რეორგანიზაცია, რასაც მოჰყვა შტატების შემცირება და სამინისტროს აპარატის ნაცვლად, შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეული _ ადამიანური რესურსებისა და სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება.
კასატორი აღნიშნავს, რომ უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნის დარღვევის თაობაზე. აღნიშნული ნორმის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუ იარსებებდა სხვა ტოლფასოვანი თანამდებობის შეთავაზების შესაძლებლობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2006 წლის 18 ოქტომბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 24 იანვრამდე.
2006 წლის 9 ნოემბერს ნ. ქ-მ უზენაეს სასამართლოში ფოსტით გაგზავნა მოსაზრება დასაშვებობის თაობაზე და აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივარი არის დაუშვებელი.
2006 წლის 13 ნოემბერს კი აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ფოსტით გაგზავნა უზენაეს სასამართლოში მოსაზრება დასაშვებობის თაობაზე და მიუთითა, რომ საქმე მნიშვნელოვანი იყო სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 იანვრის განჩინებით აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა 2007 წლის 21 მარტს მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ნ. ქ-ე აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მუშაობდა ...ის თანამდებობაზე. აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 15 დეკემბრის ¹313 ბრძანებით ნ. ქ-ე გათავისუფლდა ხსენებული სამინისტროს აპარატის უფროსის თანამდებობიდან ამ თანამდებობის შესაბამისი შტატის გაუქმების გამო.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ, ვინაიდან აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ახალი საშტატო ნუსხით შექმნილი ადამიანური რესურსებისა და სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების უფროსის თანამდებობა თავისი ფუნქც. დატვირთვითა და შინაარსით წარმოადგენს იმავე სამუშაო ადგილს, რაც მანამდე ჰქონდა დაკავებული ნ. ქ-ს, იგი აღდგენილ უნდა იქნეს დასახელებული განყოფილების ...ის თანამდებობაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაწესებულების რეორგანიზაციის შედეგად, რასაც ითვალისწინებს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტი, ახალი საშტატო განრიგით მანამდე არსებული თანამდებობის გაუთვალისწინებლობა და აღნიშნული თანამდებობის მსგავსი ფუნქციების მქონე სხვა თანამდებობის გათვალისწინება ნიშნავს შესაბამისი ფუნქციების მქონე ახალი თანამდებობის შემოღებას, ანუ ძველი და ახალი თანამდებობების ფუნქციების იგივეობა არ აფუძნებს ხსენებული თანამდებობების იდენტურობას და, ამდენად, მოსარჩელის ფუნქციონალურად შესაბამის ახალ თანამდებობაზე აღდგენა ვერ ჩაითვლება მის მიერ მანამდე დაკავებულ, იმავე თანამდებობაზე აღდგენად. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ნ. ქ-ე, ფაქტობრივად, მის მიერ აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე აღადგინა, ხოლო ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას შრომით-სამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელი მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ნ. ქ-ის სამუშაოდან დათხოვნის დროს ადმინისტრაციის მიერ დაცული არ ყოფილა სადავო ბრძანების გამოცემის დროს მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის იმპერატიული მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, მოხელე არ შეიძლებოდა გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან, თუ იგი თანახმა იყო, დანიშნულიყო სხვა თანამდებობაზე. მოცემული საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელისათვის სამსახურიდან გათავისუფლებამდე არ შეუთავაზებიათ სხვა თანამდებობა. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. იმ შემთხვევაში, როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად (ძველი რედაქცია), რომელიც იმპერატიულ დანაწესს წარმოადგენდა, არ დაიშვებოდა მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება, თუ იგი სხვა თანამდებობაზე დანიშვნაზე თანხმობას განაცხადებდა და ამდენად, ის ფაქტობრივი გარემოება, რომ კონკრეტულ შემთხვევაში რეორგანიზაციას თან შტატების შემცირება ახლდა, ადმინისტრაციას მაინც ავალდებულებდა, მოხელისათვის ხსენებული კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტით (ძველი რედაქცია) გათვალისწინებული სხვა თანამდებობა შეეთავაზებინა.
საკასაციო სასამართლო, ამასთან, განმარტავს, რომ, მართალია, 2005 წლის 23 დეკემბრის კანონით ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტი (სხვა თანამდებობის შეთავაზების ვალდებულება) გაუქმდა, მაგრამ აღნიშნული მოცემულ სამართალურთიერთობაზე ვერ გავრცელდება, ვინაიდან სადავო ურთიერთობები წარმოიშვა ამ კანონის ძალაში შესვლამდე, 2006 წლის 1 იანვრამდე. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუქცევითი ძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. ასეთ მითითებას 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი არ შეიცავს. ამასთან, არ დაიშვება კანონისთვის უკუქცევითი ძალის მინიჭება, თუ იგი ზიანის მომტანია ან აუარესებს პირის მდგომარეობას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სადავო განკარგულების კანონიერება მისი გამოცემის დროს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე უნდა დადგინდეს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ნ. ქ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ნაწილში სააპელაციო სასამართლომ მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება აღნიშნულ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
რაც შეეხება იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ნ. ქ-ისათვის ანაზღაურებას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ ნ. ქ-ს იძულებითი განაცდური აუნაზღაურა სამუშაოდან დათხოვნის დღიდან თანამდებობაზე ფაქტობრივად აღდგენამდე, თვეში 350 ლარის გაანგარიშებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ ნაწილშიც უნდა გაუქმდეს და ნ. ქ-ს იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი აუნაზღაურდეს სამუშაოდან დათხოვნის დღიდან მისი შრომითი მოწყობის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ქ-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და წინანდელი თანამდებობის არარსებობის გამო, მოსარჩელის შრომითი მოწყობის საკითხი თვით აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უნდა გადაწყვიტოს, რადგან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. შესაბამისად, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უნდა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნ. ქ-ის შრომითი მოწყობის თაობაზე, რომლის დროსაც მან უნდა გამოარკვიოს, რა საშტატო ერთეულებია გათვალისწინებული აღნიშნულ სამინისტროში რეორგანიზაციის შედეგად და ხომ არ არის სხვა სამსახური, რომელზეც თანხმობას განაცხადებს მოსარჩელე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდეს ნაწილობრივ, კერძოდ, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ადამიანური რესურსებისა და სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე ნ. ქ-ის აღდგენისა და მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაევალება მოცემული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ნ. ქ-ის შრომითი მოწყობის თაობაზე, აგრეთვე, ნ. ქ-ს აუნაზღაურდება იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი სამუშაოდან დათხოვნის დღიდან მისი შრომითი მოწყობის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩეს ნ. ქ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ნაწილში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება გაუქმდეს აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ადამიანური რესურსებისა და სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე ნ. ქ-ის აღდგენისა და მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ნ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაევალოს მოცემული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნ. ქ-ის შრომითი მოწყობის თაობაზე და ნ. ქ-ს აუნაზღაურდეს იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი სამუშაოდან დათხოვნის დღიდან მისი შრომითი მოწყობის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე;
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩეს ნ. ქ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ნაწილში;
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.