Facebook Twitter

ბს-824-790(კ-06) 19 მარტი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეამოწმა ბათუმის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 5 ივნისის განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2006 წლის 21 თებერვალს ე. მ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ბათუმის მთავრობის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის მიერ მისი სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე განკარგულების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება, შემდეგი საფუძვლით:

2005 წელს მოსარჩელემ გაიმარჯვა ქ. ბათუმის ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატის მოხელეთა ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში უმაღლესი ქულებით და დაინიშნა აპარატის იურიდიული სამსახურის ...ად. მასზე დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა კეთილსინდისიერად, აქვს მაღალი პროფესიული გამოცდილება, მუშაობის საკმაო სტაჟი და ჰყავს სამ წლამდე ასაკის ბავშვი. 2006 წლის 31 იანვრიდან შტატების შემცირების გამო “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, რითაც დაირღვა ამავე კანონის 111-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები, რომლის თანახმად, მოხელე არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის ან ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში სტატების შემცირების, ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის, აგრეთვე ატესტაციის შედეგების გამო (ს.ფ. 1).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით ე. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მერის 2006 წლის 31 იანვრის ¹2-12-11 განკარგულება მისი გამოცემის დღიდან და ე. მ-ე აღდგენილ იქნა ქ. ბათუმის თვითმმართველობის აპარატში იურიდიული სამსახურის ...ის თანამდებობაზე, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 2006 წლის 1 თებერვლიდან არყოფნის მთელი პერიოდისათვის იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება (ს.ფ. 40-41).

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის მთავრობამ, მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ს.ფ. 44-47).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 5 ივნისის განჩინებით ქ. ბათუმის მთავრობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. მ-ე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 18 თებერვლის ¹2-10-122 ბრძანებით დაინიშნა ბათუმის ადგილობრივი თვითმმართველობის იურიდიული სამსახურის ...ის თანამდებობაზე.

ბათუმის მერის 2005 წლის 26 დეკემბრის ¹154 განკარგულების თანახმად, ბათუმის ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატის თანამშრომლები, მათ შორის, მოსარჩელე, გაფრთხილებულ იქნენ მოსალოდნელი რეორგანიზაციისა და თანამშრომელთა (საშტატო ერთეულების) შემცირების თაობაზე. ქ. ბათუმის მერის 2006 წლის 31 იანვრის ¹02-12-11 ბრძანებით ე. მ-ე “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის შესაბამისად გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. მოქალაქეობრივი მდგომარეობის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული დაბადების მოწმობით დასტურდება, რომ ე. მ-ს ჰყავს შვილი, ნ. კ-ე, დაბადებული ... წლის ... აპრილს.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 111-ე მუხლი აწესრიგებს სამსახურიდან გათავისუფლების შესაძლებლობის შეზღუდვებს გარკვეული გარემოებების არსებობისას. კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოხელე (ქალი) არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის ან ბავშვის სამი წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში შტატების შემცირების, ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის, აგრეთვე ატესტაციის შედეგების გამო.

სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ადმინისტრაციის მიერ დაირღვა ზემოაღნიშნული კანონის მოთხოვნა, რომელიც სამსახურიდან გათავისუფლებას ზღუდავს გარკვეული გარემოებების არსებობისას. კონკრეტულ შემთხვევაში ასეთ გარემოებას წარმოადგენდა სამ წლამდე ასაკის ბავშვის აღზრდა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა, ბათუმის მთავრობის მტკიცება იმის თაობაზე, რომ მისთვის ცნობილი არ იყო ე. მ-ის სამ წლამდე ასაკის ბავშვის ყოლის შესახებ, რაც მხოლოდ მისი გათავისუფლების შემდეგ გახდა ცნობილი. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემოდა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების გზით, რაც ითვალისწინებდა წარმოების პერიოდში დაინტერესებული მხარის მიერ საკუთარი აზრის გამოთქმის უფლებას. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეს, როგორც დაინტერესებულ პირს, მონაწილეობა რომ მიეღო მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემამდე მარტივი ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, წარადგენდა მისი შვილის დაბადების მოწმობას, რაც გამორიცხავდა გასაჩივრებული აქტის მიღებას.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დაირღვა მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არსებით დარღვევად ჩაითვლება კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხებზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში _ ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციას (ქ. ბათუმის მერიას) მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ ე. მ-ე სამსახურიდან გათავისუფლებული იყო კანონის მოთხოვნათა დარღვევით, შეეძლო უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თვითონვე ეცნო ბათილად და აღედგინა მოსარჩელე სამსახურში. ბათუმის მერია კი უსაფუძვლოდ ცდილობდა ემტკიცებინა მისი ქმედების კანონიერება (ს.ფ. 98-102).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 5 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მერიამ და შემდეგი საფუძვლით მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა:

კასატორმა აღნიშნა, რომ ე. მ-ის მიმართ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემისას ბათუმის მთავრობის მიერ არ დარღვეულა ადმინისტრაციული წარმოების წესები.

კასატორმა ყურადღება გაამახვილა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 72-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული წარმოების სახეები არ არის ამომწურავად ჩამოთვლილი. შესაბამისად, არც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახეებია ამომწურავი და იმპერატიულად გამოსაყენებელი. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “კ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემის და ა.შ. მიზნით. აქედან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ დაუშვებელია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 72-ე მუხლის ვიწროდ, მხოლოდ იმ თვალსაზრისით გაგება, რომ თუ კანონით გათვალისწინებული არ არის მხოლოდ ფორმალური ან საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, მაშინ გამოყენებული უნდა იქნეს მარტივი ადმინისტრაციული წარმოება. რეალურად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 72-ე მუხლი ნიშნავს, რომ თუ სხვა კანონით არ არის მოწესრიგებული ადმინისტრაციული აქტის მისაღებად საჭირო პროცედურები, მაშინ გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოება. საჯარო მოხელის შტატების შემცირების გამო თანამდებობიდან გათავისუფლების დროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება, რომელიც შესაძლოა არ იყოს მარტივი, ვინაიდან მოცემული საქმიანობა მოწესრიგებულია “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონით.

კასატორის მითითებით, ვინაიდან ბათუმის მერიამ გააფრთხილა ე. მ-ე შტატების შემცირების გამო შესაძლო გათავისუფლების შესახებ ერთი თვით ადრე, მას ადმინისტრაციული წარმოება დაწყებული ჰქონდა. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ ე. მ-ს არ მიეცა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო ადმინისტრაციულ წარმოებაში და ადმინისტრაციისათვის წარედგინა ბავშვის დაბადების მოწმობა, ვინაიდან ბათუმის მერიის მიერ ე. მ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განკარგულების გამოცემისას დაცული იყო კანონის მოთხოვნები და ადმინისტრაციული წარმოების წესები. ბათუმის ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატის იურიდიულ სამსახურში უპირატესი უფლების მქონე პირთა წრის განსაზღვრისას აღმოჩნდა, რომ ე. მ-ს თანამდებობაზე დარჩენის არანაირი უპირატესი უფლება, ბათუმის მერიის ხელთ არსებული ოფიციალური ინფორმაციით, არ ჰქონდა, კერძოდ, მას არსად ჰქონდა მითითებული, რომ ჰყავდა სამ წლამდე ასაკის ბავშვი, რაც “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 111-ე მუხლის შესაბამისად მას აძლევდა თანამდებობაზე დარჩენის უპირატეს უფლებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ არის დასაშვები შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 5 ივნისის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.