Facebook Twitter

¹ბს-825-787(კ-07) 22 იანვარი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

გ. ილინას მდივნობით

კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, წარმომადგენელი _ არ გამოცხადდა

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ რ. კ-ი, წარმომადგენელი _ მ. პ-ა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 28 მაისის განჩინება

დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და სტაჟიორად აღდგენა

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

რ. კ-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და სტაჟიორად აღდგენა /იხ.ს.ფ. 2-5/.

საქმის გარემოებები:

2006 წლის ივლისში მოსარჩელე რ. კ-მა მონაწილეობა მიიღო ეკონომიკური განვითარების სამინისტროში ჩატარებულ სტაჟიორთა კონკურსში და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2006 წლის 31 ივლისის ¹კ-1/278 ბრძანებით, 6 თვის ვადით დაინიშნა სტაჟიორად კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლიგიების დეპარტამენტში. 2006 წლის 8 ნოემბერს მოსარჩელეს უკანონოდ და დაუსაბუთებლად შეუწყდა სტაჟირება, რასაც საფუძვლად დაედო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის - ი. გ-ის მოხსენებითი ბარათი.

მოსარჩელეს, სამსახურებრივი დავალების შესრულებისას, დეპარტამენტის უფროს სპეციალისტთან – პ. ო-ან მოუვიდა სიტყვიერი შეკამათება, ვინაიდან ეს უკანასკნელი არ აბრუნებდა დისკეტას (ფლეშს), რომელზეც მოსარჩელის რამდენიმე თვის მუშაობის შედეგები იყო მოთავსებული. მოსარჩელეს პავლე ოკუჯავამ ცილი დასწამა, თითქოს მას უნებართვოდ ჰქონდა გადაწერილი მისი მეგობრის ბიოგრაფიული მონაცემები. აღნიშნულის შემდეგ მოსარჩელეს შეუწყდა სტაჟირება იმ მოტივით, რომ იგი წარმოადგენდა კონფლიქტურ პიროვნებას და მისი სამსახურში დატოვება შეუძლებელი იყო.

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

2006 წლის 11 დეკემბერს მოსარჩელემ მიიღო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ბრძანება, რომლის თანახმად, მინისტრის 2006 წლის 2 ივნისის ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის” მე-18 მუხლის შესაბამისად, შეუწყდა სტაჟირება 2006 წლის 8 ნოემბრიდან.

სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:

მოსარჩელის განმარტებით, “საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის” მე-18 მუხლის თანახმად, სტაჟირების ვადა იყო 6 თვე, ხოლო ამავე მუხლით გათვალისწინებული იყო სტაჟირების შეწყვეტის საფუძვლები. სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებდა მინისტრი, შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის (დაწესებულების) ხელმძღვანელის წინადადებით. რ. კ-ვის სტაჟირების შეწყვეტის შესახებ ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებული იყო ზემოაღნიშნული დებულების მე-18 მუხლი, თუმცა არ იყო დაკონკრეტებული, თუ რომელი პუნქტის საფუძველზე შეუწყდა სტაჟირება. ამდენად, გაუგებარია მოსარჩელის გათავისუფლების საფუძველი.

მოსარჩელის აზრით, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, ექვემდებარებოდა ბათილად ცნობას, ვინაიდან მოპასუხემ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, დაარღვია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის წესი. ამავე კოდექსის 95-ე მუხლით დადგენილი წესით არ ჩააბა იგი მხარედ ადმინისტრაციულ წარმოებაში, როგორც დაინტერესებული პირი. ამასთან, გაუგებარი იყო, მოსარჩელეს “საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის” მე-18 მუხლის რომელი პუნქტის საფუძველზე შეუწყდა უფლებამოსილება.

საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა არ ცნო რ. კ-ის სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ.ს.ფ. 82, სხდომის ოქმი/.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით რ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2006 წლის 8 ნოემბრის ¹კ1-335 ბრძანება და მოსარჩელე აღდგენილ იქნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის სტაჟიორად, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 31 ივლისის ბრძანების თანახმად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით რ. კ-ი მიიღეს სტაჟიორად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტში 6 თვის ვადით, 2006 წლის 1 აგვისტოდან. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის I მოადგილის ნ. თურნავას 2006 წლის 10 ნოემბრის ¹კ-1/335 ბრძანების თანახმად, მოსარჩელე რ. კ-ს შეუწყდა სტაჟირება 2006 წლის 8 ნოემბრიდან, რის სამართლებრივ საფუძველსაც წარმოადგენდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 2 ივნისის ¹კ-1/243 ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის” მე-18 მუხლი და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის _ ივ. გოჩიტაშვილის მოხსენებითი ბარათი.

საქალაქო სასამართლომ გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი და განმარტა, რომ მითითებული ნორმის I ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის II ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, “საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის” შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 2 ივნისის ¹კ-1/243 ბრძანების მე-18 მუხლის თანახმად, სტაჟირების შეწყვეტის საფუძველი იყო: ა) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში შესაბამის დანაყოფში გამოუცხადებლობა; ბ) დავალების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; გ) პირადი განცხადება; დ) ამ წესის მე-19 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.3. მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მითითებულიყო ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზეც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არ იყო მითითებული ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზეც მოხდა მოსარჩელისთვის სტაჟირების შეწყვეტა, მით უფრო, რომ წარმოდგენილი მოხსენებითი ბარათი, რომელიც საფუძვლად დაედო სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, მიუთითებდა, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა არაკომუნიკაბელურ და კონფლიქტურ პიროვნებას, რომელიც არ ითვალისწინებდა უფროსი კოლეგების რჩევა-დარიგებებს, რითაც დეპარტამენტს ხელს უშლიდა მუშაობაში. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოხსენებით ბარათში მითითებული გარემოებები არ შეესაბამებოდა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების სამართლებრივ საფუძველს.

საქალაქო სასამართლომ ასევე გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 72-ე და 95-ე მუხლები, რომელთა განმარტების საფუძველზეც მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა /იხ. ს.ფ. 88-91/.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:

აპელანტის აზრით, საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ექვემდებარებოდა გაუქმებას, როგორც უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს წარედგინა მოსარჩელის ქცევის ამსახველი მოხსენებითი ბარათი და დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ხელმოწერილი აქტი, რომელიც ადასტურებდა რ. კ-ს მიერ დეპარტამენტის უფროსის გაფრთხილებისა და დავალების მიუხედავად, იმავე ქმედებების განხორციელებასა და დაუმორჩილებლობის ფაქტებს, სასამართლომ აღნიშნული არ გაიზიარა და თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ მოსარჩელე ჯეროვნად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს. ამასთან, აღნიშნა, რომ სადავო ბრძანებაში არ იყო მითითებული შესაბამისი ნორმა და არ განხორციელებულა ამ საკითხზე ადმინისტრაციული წარმოება.

აპელანტის განმარტებით, სადავო ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად მითითებული იყო “საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის” მე-18 მუხლი, რომლის I პუნქტის “ბ” ქვეპუნქტი ითვალისწინებდა დავალების შეუსრულებლობის შემთხვევაში სტაჟირების შეწყვეტას. ამასთან, ამავე მუხლის II პუნქტის შესაბამისად, სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებდა მინისტრი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის წინადადებით, რაც განხორციელდა სადავო ბრძანების გამოცემისას. შესაბამისად, ეს არ იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, ვინაიდან სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოხდა “საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის” 18.1.”ბ” მუხლის საფუძველზე. ამდენად, დარღვეული არ ყოფილა სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ზემოაღნიშნული წესით გათვალისწინებული მოთხოვნები /იხ. ს.ფ. 106-108/.

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარემ _ რ. კ-მა არ ცნო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი, მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება /იხ.ს.ფ. 128-129, სხდომის ოქმი/.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 28 მაისის განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასება. ამასთან, განმარტა, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის I მოადგილის 2006 წლის 10 ნოემბრის ¹კ-1/335 ბრძანებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 2 ივნისის ¹კ-1/243 ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის” მე-18 მუხლის შესაბამისად, რ. კ-ს - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის სტაჟიორს შეუწყდა სტაჟირება 2006 წლის 8 ნოემბრიდან, რის საფუძველსაც წარმოადგენდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის - ი. გ-ის მოხსენებითი ბარათი. მითითებული ბარათის მიხედვით, სტაჟირების გავლის პერიოდში სტაჟიორმა გამოავლინა უარყოფითი თვისებები, აღმოჩნდა არაკომუნიკაბელური და კონფლიქტური პიროვნება, არ ითვალისწინებდა უფროსი კოლეგების რჩევა-დარიგებას, რითაც დეპარტამენტს ხელს უშლიდა მუშაობაში.

სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა “საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის” 18.1”ბ” მუხლი და განმარტა, რომ მითითებული ნორმის თანახმად, სტაჟირების შეწყვეტის საფუძველია დავალების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის წინადადებით.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი არ შეიცავდა მითითებას ფაქტობრივ გარემოებებზე, კონკრეტულად, რა დავალება არ შეასრულა ან რა დავალება შეასრულა არაჯეროვნად რ. კ-მა. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მართვისა და ავტომატიზაციის კათედრის გამგის და სამაგისტრო დისერტაციის ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი და გაცემული დახასიათება-რეკომენდაცია, რითაც მოსარჩელე დადებითად ხასიათდებოდა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა არსებითად სწორი გადაწყვეტილება /იხ. ს.ფ. 131-136/.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლით:

კასაციის მიზეზი:

კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და შესაბამისად, არასწორი სამართლებრივი დასკვნა ჩამოაყალიბა, როცა მიიჩნია, რომ მოსარჩელე ჯეროვნად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ სადავო ბრძანებაში არ იყო მითითებული შესაბამისი ნორმა და არ ჩატარებულა ადმინისტრაციული წარმოება, რამდენადაც ბრძანების საფუძველში მითითებულია “საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის” მე-18 მუხლი. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს წარედგინა მოსარჩელის ქცევის ამსახველი მოხსენებითი ბარათი და დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ხელმოწერილი აქტი, რომლებიც ადასტურებს რ. კ-ის მიერ დეპარტამენტის უფროსის გაფრთხილებისა და დავალების მიუხედავად, იმავე ქმედებების განხორციელებასა და დაუმორჩილებლობის ფაქტებს, სასამართლომ აღნიშნული არ გაიზიარა და თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ მოსარჩელე ჯეროვნად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს. ამასთან, აღნიშნა, რომ სადავო ბრძანებაში არ იყო მითითებული შესაბამისი ნორმა და არ განხორციელებულა ამ საკითხზე ადმინისტრაციული წარმოება.

კასატორის განმარტებით, სადავო ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად მითითებული იყო “საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის” მე-18 მუხლი, რომლის I პუნქტის “ბ” ქვეპუნქტი ითვალისწინებდა დავალების შეუსრულებლობის შემთხვევაში სტაჟირების შეწყვეტას. ამასთან, ამავე მუხლის II პუნქტის შესაბამისად, სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებდა მინისტრი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის წინადადებით, რაც განხორციელდა სადავო ბრძანების გამოცემისას. შესაბამისად, ეს არ იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, ვინაიდან სადავო ინდივიდუალური ადმინისტარაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოხდა “საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის” 18.1.”ბ” მუხლის საფუძველზე. ამდენად, დარღვეული არ ყოფილა სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ზემოაღნიშნული წესით გათვალისწინებული მოთხოვნები /იხ. ს.ფ. 147-148/.

საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 18 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. “გ” პუნქტის საფუძველზე /პროცესუალური კასაცია/.

საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის _ რ. კ-ის წარმომადგენელმა არ ცნო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვება /იხ.ს.ფ. ტ.I, სხდომის ოქმი/.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 28 მაისის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც რ. კ-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2006 წლის 10 ნოემბრის ¹კ-1/335 ბრძანება და მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს უნდა დაევალოს საქმის გარემოებათა გამოკვლევის შედეგად გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების /კერძოდ, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების, მოსარჩელის სტაჟიორად აღდგენის ნაწილში/ გამოტანისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი, გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად შეაფასა სადავო აქტის შეუსაბამობა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 2 ივნისის ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის” მე-18 მუხლთან და როგორც უკანონო ბათილად ცნო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60I.1 მუხლის საფუძველზე, თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ სადავო აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც გაურკვეველია მისი გამოცემის ფაქტობრივი საფუძველი და წინაპირობები, სასამართლოს მხრიდან არ არსებობს სადავო საკითხის არსებითად გადასაწყვეტად შესაბამისი წინამძღვრები. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ საჯარო-სამართლებრივ ვალდებულებას _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქმის გარემოებების გამოკვლევის, დასაბუთებისა და კანონმდებლობის შესაბამისად მომზადების, მიღების, გამოცემის თაობაზე, ალტერნატივა არ გააჩნია და სწორედ ამგვარი აქტი ექვემდებარება გასაჩივრების პირობებში სასამართლო ორგანოების მხრიდან სრული სასამართლო კონტროლის განხორციელებას. სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტა სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული მართლმსაჯულების პირობებში გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების შემოწმებას კანონიერებისა და დასაბუთებულობის თვალსაზრისით. მოცემულ შემთხვევაში, სადავო აქტის მართლზომიერება ცალსახად ექვემდებარება სამართლებრივ შეფასებას, როგორც კანონსაწინააღმდეგო. ამავდროულად, არ არსებობს სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის წინაპირობა, რამდენადაც გაურკვეველია ფაქტობრივი მხარე, რ. კ-ის სტაჟირების შეწყვეტის ფაქტობრივი მიზეზი, შესაბამისად ობიექტურად შეუძლებელია ამ თვალსაზრისით სასამართლო კონტროლის განხორციელება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ბრძანება რ. კ-ვის სტაჟირების შეწყვეტის შესახებ, ფორმალური და მატერიალური თვალსაზრისით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, კერძოდ, აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მოსარჩელე რ. კ-ს შეუწყდა სტაჟირება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ვადამდე ადრე, 2006 წლის 8 ნოემბრიდან. სადავო ბრძანება გამოიცა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 2 ივნისის ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის” მე-18 მუხლის საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია, შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სტაჟირების შეწყვეტის დროს ადმინისტრაციის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პირობებში, აქტის გამოცემის შემთხვევაშიც, ეს უკანასკნელი შეზღუდულია კანონის მოთხოვნის ფარგლებით, რამდენადაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია, ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ამასთან, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობიდან გამომდინარე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 7.2. მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 2 ივნისის ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის” მე-18 მუხლი განსაზღვრავს სტაჟირების შეწყვეტის საფუძვლებს, კერძოდ: ა) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში შესაბამის დანაყოფში გამოუცხადებლობა; ბ) დავალების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; გ) პირადი განცხადება; დ) ამ წესის მე-19 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა (სამსახურში დანიშვნა).

მოცემულ შემთხვევაში სადავო ბრძანება გამოიცა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 2 ივნისის ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის” მე-18 მუხლის საფუძველზე, თუმცა ბრძანებაში არ არის მითითებული, თუ რომელი პუნქტის საფუძველზე იქნა კონკრეტულად შეწყვეტილი ვადამდე ადრე სტაჟირება რ. კ-ან.

საქმის მასალების თანახმად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 31 ივლისის ბრძანების თანახმად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით რ. კ-ი მიიღეს სტაჟიორად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტში 6 თვის ვადით, 2006 წლის 1 აგვისტოდან. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის I მოადგილის ნ. თ-ას 2006 წლის 10 ნოემბრის ¹კ-1/335 ბრძანების თანახმად, მოსარჩელე რ. კ-ს შეუწყდა სტაჟირება 2006 წლის 8 ნოემბრიდან, რის სამართლებრივ საფუძველსაც წარმოადგენდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 2 ივნისის ¹კ-1/243 ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის” მე-18 მუხლი და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის _ ი. გ-ის მოხსენებითი ბარათი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ბრძანება გამოცემულია საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების დროს საქმის ფაქტობრივი გარემოებები არ იქნა მოკვლეული ჯეროვნად, შესაბამისად სამსახურებრივი მოკვლევა ჩატარდა არასრულყოფილად, რამდენადაც საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება რ. კ-ის საქმიანობასთან დაკავშირებით. გაურკვეველია, იქნა თუ არა მოკვლეული საქმის მასალები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები რ. კ-ის საქმიანობასთან დაკავშირებით, ასრულებდა თუ არა ეს უკანასკნელი სამსახურებრივ მოვალეობას კეთილსინდისიერად, ჩატარდა თუ არა სამსახურებრივი მოკვლევა, საქმეში წარმოდგენილი არ არის თანამშრომელთა ახსნა-განმარტებები რ. კ-ის დახასიათებასთან დაკავშირებით.

საკასაციო სასამართლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60I.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, ხოლო ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ბრძანებაში არ არის მითითებული მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების კონკრეტული გარემოებები, ფაქტები, რომელთა შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზეც მოხდა ბრძანების გამოცემა, რაც წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60I მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ არსებით დარღვევას, რაც გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველია, კერძოდ, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. აქტში არ არის ასახული, თუ კონკრეტულად, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის რომელი პუნქტის საფუძველზე შეუწყდა სტაჟირება რ. კ-ს ვადამდე ადრე, ამასთან ბრძანება გამოცემულია 2006 წლის 10 ნოემბერს, თუმცა რ. კ-ს სტაჟირება შეუწყდა უკანა რიცხვით, 2006 წლის 8 ნოემბრიდან; სრულყოფილად არ არის დადგენილი ფაქტები ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რის გამოც არსებითად არის დარღვეული ადმინისტრაციული აქტის მიღების, მომზადებისა და გამოცემის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1. მუხლის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული. კონკრეტულ შემთხვევაში, კანონმდებლობის აღნიშნული მოთხოვნები უგულებელყოფილ იქნა სადავო ბრძანების გამოცემისას, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო შეეფასებინა და ემსჯელა, არსებობდა თუ არა რეალურად მოსარჩელისათვის ვადამდე ადრე სტაჟირების შეწყვეტის საფუძველი და კონკრეტულად, რომელი ნორმის საფუძველზე შეუწყდა მას სტაჟირება ადმინისტრაციულ ორგანოსთან.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სახეზეა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, კერძოდ, მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რამდენადაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, მათ შორის, გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი ისე, რომ არ შეაჯეროს და არ შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებანი, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება, გამოკვლეულ იქნა თუ არა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ საქმის მასალები სრულყოფილად, ამასთან საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლის გამოყენების წინაპირობა, რამდენადაც სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 100.2 პუნქტის შესაბამისად, 15 დღის ვადაში.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს კანონით დაკისრებული ვალდებულება _ დაადგინოს კონკრეტული ფაქტი და მხოლოდ შემდეგ მოახდინოს ნორმათშეფარდება, სწორედ ამგვარ პირობებში მოხდენილი იურიდიული კვალიფიკაციის შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან ექვემდებარება გადამოწმებას სასამართლოს მხრიდან.

ამდენად, საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას და დასკვნას საქალაქო სასამართლოს მიერ დავის არსებითად გადაწყვეტის მართებულად მიჩნევის გამო.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება ექვემდებარება გაუქმებას. ამავე დროს, რადგანაც სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე უფლებამოსილია, მიიღოს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც რ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე მიაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სასამართლო ხარჯების სახით უნდა დაეკისროს 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; 32.4, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 257-ე, 372-ე, 399-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 28 მაისის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. რ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2006 წლის 8 ნოემბრის ¹კ-1/335 ბრძანება და მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაევალოს საქმის გარემოებათა გამოკვლევის შედეგად ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 15 დღის ვადაში;

4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაეკისროს სასამართლო ხარჯების სახით 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.