Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

¹ ბს-826-788(კ-07) 14 სექტემბერი, 2007 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა კასატორ ი. ღ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 27 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

საკასაციო პალატა გაეცნო ი. ღ.-ის საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული დაუშვებლობის მოტივით, ვინაიდან არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის მოთხოვნებს. საქმის მასალებიდან, კერძოდ, საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებიდან ირკვევა, რომ ი. ღ.-ს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 27 ივლისის განჩინება ჩაჰბარდა 2006 წლის 3 თებერვალს (ს. ფ. 74), მან კი აღნიშნულ განჩინებაზე საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივარი ფოსტის მეშვეობით შეიტანა 2007 წლის 8 აგვისტოს, ესე იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ერთთვიანი ვადის დარღვევით, რადგან ხსენებული განჩინების გასაჩივრების ვადა მისთვის ამოიწურა 2006 წლის 6 მარტს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ი. ღ.-მ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა, აღნიშნული ნორმის თანახმად კი, იგი იწყება მხარისთვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან და ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ი. ღ.-ის საკასაციო საჩივარი არ არის წარდგენილი კანონით დადგენილ ვადაში და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 397-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს ი. ღ.-ის საკასაციო საჩივარი;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.