ბს-826-794(კ-08) 30 სექტემბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს ფინასნთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებაზე /გ. მ.-ის სარჩელისა გამო, მოპასუხის – ისანი-სამგორი-მთაწმინდა-კრწანისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ, საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის შესახებ/.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2005 წლის 23 ივნისს გ. მ.-მ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მოპასუხის – ისანი-სამგორი-მთაწმინდა-კრწანისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ, რომლითაც მოითხოვა საგადსახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა /იხ. ს.ფ. 1/.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. მ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა /იხ. ს.ფ. 94-99/.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. მ.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება /იხ. ს.ფ. 104-105/.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მარტის საოქმო განჩინებით სსსკ-ის 92-ე მუხლის შესაბამისად, თბილისის საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლედ დადგინდა თბილისის რეგიონალური ცენტრი (იხ. ს.ფ. 129-130).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა გ. მ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ი/მ “გ. მ.-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 14 თებერვლის საგადასახადო შეტყობინება ¹04-03/629 მოსარჩელისათვის 3700 ლარის ოდენობით დავალიანების უზრუნველსაყოფად საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის გამოყენების შესახებ და უკანონოდ იქნა ცნობილი ი/მ “გ. მ.-სთვის” 3700 ლარის დარიცხვა /იხ. ს.ფ. 142-148/.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ. ს.ფ. 153-164/.
საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 28 ივლისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთაAსამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად, მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით, საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარსადგენად /იხ. ს.ფ. 167-168/.
საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში კასატორმა - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა წარმოადგინა მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით და მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი მოტივით:
საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, კერძოდ, საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, ასევე ამ ტიპის დავების მიმართ არ არსებობს უზენაესი სასამართლოს მვეთრად ჩამოყალიბებული პრაქტიკა.
კასატორის მითითებით, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათი წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს და მის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. მით უფრო, რომ გადასახადის გადამხდელი სასამართლოში სათანადო მტკიცებულებებით ვერ ასაბუთებს პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული თანხის კანონიერების გადასინჯვის საფუძველს.
კასატორს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათებზე როგორც ძირითადი თანხა, ისე ამ თანხაზე დარიცხული საურავები არის ვალი სახელმწიფოს წინაშე, რომელიც ბიუჯეტში უნდა იქნეს გადახდილი. კასატორმა არ გაიზიარა დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2 მუხლის არასწორად და ცალმხრივად განმარტების შესახებ (იხ. ს.ფ. 176-178).
საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრება წარმოადგინა ასევე მოწინააღმდეგე მხარემ _ გ. მ.-მ და მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა /იხ. ს.ფ. 175/.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
კასატორის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მოსაზრება არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.