ბს-82-77(კ-07) 21 ივნისი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა მ. ო.-ის კანონიერი წარმომადგენლის ნ. ფ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
16.02.04წ. მ. ო.-ის კანონიერმა წარმომადგენელმა ნ. ფ.-მ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ... საავადმყოფოს ... დეპარტამენტის, ექიმების კ. კ.-ისა და ლ. კ.-ს მიმართ არასწორი სამედიცინო მკურნალობისას მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებისა და ექიმთა პროფესიული პასუხისმგებლობის შესახებ სარჩელით მიმართა ვაკე-საბუკრთალოს რაიონულ სასამართლოს. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 26.04.02წ. ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ... საავადმყოფოს ... განყოფილებას შვილის, 4 წლის მ. ო.-ის სამედიცინო გამოკვლევისათვის მიმართა, რომელსაც ორწლინახევრიდან ზურგზე მომეტებული თმიანობა აღენიშნებოდა. გასინჯვის შემდეგ ანალიზები გამოკვლეული იქნა ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის ს/კ ინსტიტუტში. პაციენტის გასინჯვის და ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაისვა დიაგნოზი _ თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის თანდაყოლილი ჰიპერპლაზია. 2002 წლის აპრილიდან დაიწყეს მ. ო.-ის მკურნალობა დექსამეტაზონითა და პრედნიზოლონით. პაციენტს დაენიშნა პრედნიზოლონი ერთი აბი დღეში ერთი წლის განმავლობაში. მშობლის მოთხოვნით მკუნალობის ბოლო ორთვენახევარში პრედნიზოლონის დოზა შემცირდა ნახევარი აბით დღეში. ჩატარდა გამოკვლევა ტესტესტორონზე, რაც მ. ო.-ს უმნიშვნელოდ ჰქონდა მომატებული. ამის გამო წელიწადში 8-ჯერ განხორციელდა ანალიზების ჩაბარება ჩაჩავასა და ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის ს/კ ინსტიტუტში. ცდა ჩატარდა აგრეთვე კორტიზოლზე დექსამეტაზონით. განისაზღვრა არა დასმული დიაგნოზის მიხედვით არსებულ დაავადებათა ძირითადი პარამეტრები, არამედ ის, რაც ტარდება კუშინ-კოიდური დაავადებების გამოსაკვლევად. არ ჩატარებულა თირკმელზედა ჯირკვლის ტიპიური დიაგნოსტიკა-გამოკვლევა. მოსარჩელის განცხადებით, დანიშნულმა პრეპარატებმა და მკურნალობის მეთოდმა მ. ო.-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა გააუარესა, ხოლო მას შემდეგ, რაც ბავშვს შეუწყდა მკურნალობა პრედნიზოლონით, თმიანობა შეუმცირდა და 7 სმ-ით მოიმატა. სასქესო ორგანოების ექსკოპიური გამოკვლევებით პაციენტს არანაირი დარღვევა არ აღმოაჩნდა. ვინაიდან ნ. ფ.-ს ეჭვი ჰქონდა დასმული დიაგნოზის სისწორეზე, მოითხოვა ფორმა ¹27, რომელიც არ გადასცეს. 21.05.03წ. პაციენტის მშობელმა ბავშვთა რესპუბლიკურ ენდოკრინოლოგიურ ცენტრში მ. ო.-ს ჩაუტარა გამოკვლევა და გადააღებინა ხელის მტევნის რენტგენი. გამოკვლევამ სხვა მონაცემებთან ერთად აჩვენა, რომ ანთროპომეტრული მონაცემები ჩამორჩებოდა ასაკობრივს და შეესაბამებოდა 4 წლის ასაკს, როდესაც ჰიპერპლაზიის დიაგნოზით პაციენტი ასაკთან შედარებით არაორგანულად უნდა გაზრდილიყო. 27.05.03წ. ნ. ფ.-ის მიერ გამოთხოვილი იქნა ფორმა ¹27. მისივე ინიციატივით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სხივური და ინტერვენციული დიაგნოსტიკის ინსტტუტში პაციენტს ჩაუტარდა სრულყოფილი გამოკვლევა - კომპიუტერული ტომოგრაფია, როგორც შინაგან ორგანოებზე, ასევე თირკმელზე და თირკმელზედა ჯირკვალზე. ანალიზების პასუხი დადებითი იყო. ნ. ფ.-ის ინიციატივით ჩატარდა ცალკეული ორგანოების ექოსკოპიური გამოკვლევა. პასუხი დადებითი იყო. ლიმბახის ლაბორატორიაში ჩატარდა სისხლის ანალიზი ტესტესტორონზე და პროგესტერონზე, პასუხი დადებითი აღმოჩნდა. მშობლის მიმართვის საფუძველზე საქართველოს შრომის, ჯანმრთეოლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ჩატარდა გამოკვლევა და სამინისტროს ენდოკრინოლოგის მიერ დაისვა დიაგნოზი ბანალური ჰიპერტრიხოზი. სამინისტროსადმი მეორედ მიმართვის საფუძველზე დაისვა იგივე დიაგნოზი. ამასთანავე, სამინისტრომ მიმართა თსსუ პედიატრიული კლინიკის ენდოკრინოლოგიური განყოფილების გამგეს, რომლის დიაგნოზიც წინამორბედი დიაგნოზის ინდენტური იყო. სამედიცინო დახმარების, ფარმეცევტული საქმიანობისა და ნარკოტიკების ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლის ინსპექციამ კომისიური წესით შეისწავლა აღნიშნული საქმე და ჩაატარა გამოკვლევა. პაციენტის მშობლის განცხადების საფუძველზე ჩატარდა კონსილიუმი. მოსარჩელის განცხადებით, პაციენტთა უფლების დაცვის სამსახურის წარმომადგენელს კონსილიუმის ოქმზე ხელი არ მოაწერინეს. კონსილიუმმა არსებული მასალების საფუძველზე გამოიტანა დიაგნოზი - ზოგადი ჰიპერტრიხოზი. მ. ო.-ის მშობელმა მესამედ მიმართა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ბავშვის ფიზიკური წამებისთვის, მიყენებულ მორალურ და მატერიალურ ზიანთან ერთად ექიმთა პასუხისმგებლობის საკითხი დასვა. შედგა ბიოეთიკის სხდომა, რომელიც გადაწყვეტილების მიღების გარეშე დასრულდა. 25.12.03წ. ჩატარდა II კონსილიუმი, რომლის დასკვნის თანახმად, მ. ო.-ს აღენიშნებოდა ჰიპერანდროგენემის სუსტი ფორმა, რომელიც სტრესული მდგომარეობის დროს იჩენდა თავს. შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სისტემატიურ გაურკვევლობაში ყოფნის გამო მშობელს მნიშვნელოვნად გაუუარესდა ჯანმრთელობის მდგომარეობა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ,,ადამიანის უფლებეისა და ბიომედიცინის შესახებ" საერთაშორისო კონვენციის მე-4 მუხლის თანახმად, ნებისმიერი ჩარევა ჯანმრთელობის სფეროში, სამედიცინო კვლევის ჩათვლით უნდა განხორციელდეს სათანადო პროფესიული ვალდებულებების და სტანდარტების შესაბამისად. აღნიშნული მუხლის განმარტებითი მემორანდუმის თანახმად, ექიმის ძირითადი მოვალეობაა არა მარტო პაციენტის განკურნება, არამედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და ტკივილის შემსუბუქება, პაციენტის ფსიქოლოგიური კეთილდღეობის უზრუნველყოფა. ამავე კონვენციის 24-ე მუხლის თანახმად, პირს უფლება აქვს ჩარევის შედეგად მიყენებული ზარალისათვის მიიღოს სამართლიანი კომპენსაცია კანონით გათვალისწინებული პირობებისა და პროცედურის დაცვით. აღნიშნული მუხლის განმარტებითი მემორანდუმის თანახმად, ზარალის კომპენსაციის საკითხი უნდა განისაზღვროს ცალკეული შემთხვევის თანმხლები გარემოებების გათვალისწინებით. დაზარალების მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს ჩარევა ფართო გაგებით. კომპენსაციის უფლების დადგომის აუცილებელი პირობაა უშუალო კავშირი ჩარევასა და ზარალს შორის. ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონის მე-3 მუხლის ,,ო" ქვეპუნქტის თანახმად, საექიმო შეცდომად ითვლება ექიმის მიერ უნებლიედ პაციენტის მდგომარეობისათვის შეუსაბამო სადიაგნოზო და/ან სამკურნალო ღონისძიებების ჩატარება, რაც მიყენებული ზიანის უშუალო მიზეზი გახდა. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული შემთხვევა საექიმო შეცდომას წარმოადგენდა, რომელმაც პაციენტის მდგომარეობისათვის შეუსაბამო სადიაგნოზო და/ან სამკურნალო ღონისძიებების ჩატარება განაპირობა, რაც თავის მხრივ პაციენტისათვის ზიანის მიყენების უშუალო მიზეზი გახდა. სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა ასევე სამოქალაქო კოდექსის 308-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები, 413-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 992-ე და 1007-ე მუხლები, ,,პაციენტის უფლების შესახებ" კანონის მე-10 ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტები. მოსარჩელემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ... საავადმყოფოს ... განყოფილებისათვის 2000 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანის ანაზღაურების, 100 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება და დოცენტ კ. კ.-ის და ექიმ ლ. კ.-სთვის საექიმო ლიცენზიის ჩამორთმევა მოითხოვა.
მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 17.05.04წ. განჩინებით საქმეზე დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრის მიერ ექსპერტიზის ჩაუტარებლად მასალები დაუბრუნდა სასამართლოს იმ მოტივით, რომ ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის მომართვის საფუძველზე არასრულწლოვან მ. ო.-ის მიმართ გაწეული სამედიცინო დახმარების სისწორის გარკვევის მიზნით აწარმოებდნენ ექსპერტიზას (ტ. I ს.ფ. 169). კომისიური სასამართლო-სამედიცინო შემოწმების დასკვნაში აღინიშნა, რომ მ. ო.-ს გამოკვლევები ჩაუტარდა ადექვატურად, სრული მოცულობით და დიაგნოზი სწორად დაუდგინდა (ტ.I. ს.ფ. 170-176).
მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 18.10.04წ. განჩინებით საქმეზე კვლავ დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. ექსპერტიზაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162.2 მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ დასახელებული იქნა ექიმი-პედიატრი მ. ქ.-ი, რომელიც არ დაეთანხმა ექსპერტიზის დასკვნას და ჩამოაყალიბა განსხვავებული აზრი. სსიპ ,,სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურის" 18.10.04წ. ¹კ/482 დასკვნაში მითითებული იქნა, რომ პაციენტის დაავადების დიაგნოსტიკაში შეცდომას ადგილი არ ჰქონია (ტ.I. ს.ფ. 194-202).
01.12.05წ. მ. ო.-ის კანონიერმა წარმომადგენელმა დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. მოსარჩელემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ... საავადმყოფოს ... განყოფილებისა და ექიმ კ. კ.-სათვის 1000 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანის და 50 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის, ხოლო ექიმ ლ. კ.-სათვის 1000 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა თბილისის ... საავადმყოფოს ... განყოფილების ექიმებისათვის კ. კ.-სა და ლ. კ.-სათვის საექიმო ლიცენზიის ჩამორთმევა და ბავშვის ანკეტურ მონაცემებში დასმული დიაგნოზის უგულებელყოფა (ტ.I ს.ფ. 231-232).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.12.05წ.. განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის საფუძველზე ექიმთა ლიცენზიის ჩამორთმევის ნაწილში საქმეში სათანადო მოპასუხედ ჩაერთო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ამავე სასამართლოს 15.03.06წ. განჩინებით არასათანადო მოპასუხე ... დეპარტამენტი შეიცვალა სათანადო მოპასუხით - ... საავადმყოფოთი.
მოპასუხე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ... საავადმყოფოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განაცხადა, რომ დიაგნოზი სწორად იყო დასმული. მოპასუხე კ. კ.-ის წარმომადგენელმა მოითხოვა სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა და მიუთითა, რომ საქმეში დაცული მასალები ადასტურებდნენ დასმული დიაგნოზის მართებულობას. მოპასუხე ლ. კ.-მ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ დასმული დიაგნოზი სწორი იყო. მოპასუხე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ,,საექიმო საქმიანობის შესახებ" კანონის შესაბამისად ხორციელდებოდა ექიმთა სერთიფიცირება. ლიცენზია სხვა რამ იყო და იგი სამედიცინო დაწესებულებას ეძლეოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე საფუძველსმოკლებულია ნ. ფ.-ის მოთხოვნა ექიმთა ლიცენზიის ჩამორთმევის შესახებ, ვინაიდან მათ ლიცენზია ისედაც არ გააჩნდათ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.05.06წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მ. ო.-ის კანონიერ წარმოადგენელს ნ. ფ.-ს უარი ეთქვა მ. ო.-სათვის თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰიპერპლაზიის დიაგნოზის მოხსნის, ექიმთათვის ლიცენზიის ჩამორთმევისა და ზიანის სოლიდარული ანაზღაურების მოთხოვნაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ო.-ის კანონიერმა წარმომადგენელმა ნ. ფ.-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.12.06წ. განჩინებით მ. ო.-ის კანონიერი წარმომადგენლის ნ. ფ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.05.06წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:
2003წ. მ. ო.-ი მშობელმა მიიყვანა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ... საავადმყოფოს ... დეპარტამენტში ექიმებთან ლ. კ.-სა და კ. კ.-ს ზურგზე მომეტებული თმიანობის ჩივილით. პაციენტის გასინჯვისა და მისი ლაბორატორიულ გამოკვლევის შედეგად დაისვა დიაგნოზი თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზია და პაციენტს დაენიშნა მკურნალობა დექსამეტაზონით და პრედნიზოლონით ერთი აბი დღეში ერთი წლის განმავლობაში. დედის დაჟინებული მოთხოვნით პაციენტს პრედნიზოლონის დოზა ორთვენახევარში შეუმცირდა ნახევარი აბით დღეში. აღნიშნული პრეპარატის დანიშვნის საფუძველი გახდა ჰორმონალური კვლევის შედეგად პაციენტის სისხლში ჰორმონების მაჩვენებლების ცვლილება.
მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი თავისი პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებები. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოცემული დავა უნდა განხილულიყო შესაბამისი სამედიცინო ლიტერატურის საფუძველზე და არა საქმეში დაცული საექიმო დასკვნების გათვალისწინებით. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სპეციალისტთა არც ერთ დასკვნაში არც ერთ ექიმს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ პაციენტს გამოხატული ჰქონდა ჭარბთმიანობა, სისხლში და შარდში შეცვლილი ჰქონდა ჰორმონების მაჩვენებლები. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მკურნალობის ჩატარებას შეეძლო წაეშალა მანამდე არსებული სურათი. 16.01.04წ. ექიმმა სეხნიაშვილმა დაადასტურა, რომ მათთან ვიზიტამდე ბავშვისთვის ჩატარებული მკურნალობის შესახებ მან არაფერი იცოდა. საქმეში დაცული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, არაერთი კომისიისა და კონსილიუმის დასკვნით გაზიარებული იქნა ექიმთა მიერ დასმული დიაგნოზი და ადეკვატურად იქნა მიჩნეული დანიშნული მკურნალობა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დიაგნოზის სისწორე დასტურდება 25.12.03წ. ჩატარებული კონსილიუმის დასკვნით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის შედეგების განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომის ოქმით, ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის ს/კ ინსტიტუტის სპეციალისტთა დასკვნით, კომისიური სასამართლო-სამედიცინო შემოწმების აქტით.
სააპელაციო პალატა დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას და არ გაიზიარა ექსპერტად მოწვეული პირის მ. ქ.-ის განსაკუთრებული აზრი, იმ მოტივით, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის თანახმად ექსპერტთა მოწვევის აუცილებლობას წარმოადგენდა სადავო საკითხზე სპეციალური ცოდნის საჭიროება. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩასატარებლად მოწვეულნი უნდა ყოფილიყვნენ სათანადო კვალიფიკაციის მქონე სპეციალობის ექიმები. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან მიღებული ცნობით დასტურდებოდა, რომ მ. ქ.-ი არ იყო სერთიფიცირებული არც ერთ საექიმო სპეციალობაში. “საექიმო საქმიანობის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, ექიმი-სპეციალისტი არის პირი, რომელმაც გაიარა რეზიდენტურის კურსი ერთ-ერთ საექიმო სპეციალობაში და მიიღო ამ დარგში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სერთიფიკატი, აღნიშნული დაადასტურა ასევე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მ. ქ.-მა, რომელმაც განმარტა, რომ მას საექიმო სპეციალობაში სერთიფიკატი არასოდეს ჰქონია.
აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მ. ო.-ს სწორად დაესვა დიაგნოზი. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონის 50-ე მუხლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების წინაპირობას მცდარი სამედიცინო ქმედება წარმოადგენდა, რომელიც ამავე კანონით განმარტებული იყო, როგორც ექიმის მიერ უნებლიეთ პაციენტის მდგომარეობისათვის შეუსაბამო სადიაგნოზო და/ან სამკურნალო ღონისძიებების ჩატარება, რაც მიყენებული ზიანის უშუალო მიზეზი გახდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების საფუძველს პირის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და ქმედებასა და ქმედებით გამოწვეულ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი წარმოადგენდა. მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდებოდა მოპასუხეთა ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, ექიმთა მიერ პაციენტისათვის მისი მდგომარეობის შეუსაბამო დიაგნოზის დასმისა და მკურნალობის ფაქტი. არ დასტურდებოდა აგრეთვე თვით ზიანის არსებობა. ბავშვი პრაქტიკულად ჯანმრთელი იყო, ფიზიკური და გონებრივი განვითარებით შეესაბამებოდა თავის ასაკს, რაც ადასტურებდა აგრეთვე, რომ მკურნალობის შედეგად მიღწეული იქნა ხანგრძლივი რემისია. ზიანის არ არსებობა გამორიცხავდა მისი ანაზღაურების ვალდებულებას.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს დასკვნას კ. კ.-სათვის და ლ. კ.-სათვის სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ჩამორთმევის შესახებ სამინისტროს დავალდებულებაზე უარის თქმის ნაწილში. სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,საექიმო საქმიანობის შესახებ" კანონის მე-7 მუხლის თანახმად, დამოუკიდებელი საქმიანობის უფლების მინიჭება ხორციელდებოდა სერთიფიკატით და არა - ლიცენზიით. კანონის 79-ე მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს სერთიფიკატის გაუქმების საფუძვლებს, რომელთაგან არც ერთის არსებობა არ იქნა დადასტურებული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.12.06წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ო.-ის კანონიერმა წარმომადგენელმა ნ. ფ.-მა.
კასატორის აზრით, არასწორია სასამართლოს მითითება დექსამეტაზონით და პრედნიზოლონით მკურნალობის შესახებ. კასატორის განცხადებით, ერთი წელი მკურნალობა მიმდინარეობდა პრედნიზოლონით, დექსამეტაზონზე გადასვლის რეკომენდაცია ერთი წლის შემდეგ ჩივილის პერიოდში გამოიკვეთა, რათა დაესაბუთებინათ ჰიპერპლაზიის გარდაუვალობა. კასატორი არ იზიარებს სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ პრედნიზოლონით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ პაციენტს თმიანობა შეუმცირდა და სიმაღლეში 7 სმ-ით მოიმატა. თმიანობის შემცირების ფაქტი არ დასტურდებოდა, ხოლო სიმაღლეში სამ წელიწადში მოიმატა 22 სმ პრედნიზოლონით მოხსნიდან.
კასატორის განცხადებით, ექიმ მ. გ.-ის მიერ გამოტანილი დიაგნოზი იყო არა ჰიპერპლაზია, არამედ ჰიპერტრიტოზი. სასამართლომ შეფასება არ მისცა იმ ფაქტს, რომ ბავშვის ტრავმულობის შესახებ არსებული აზრის აბსურდულობაც კონტროლის სამსახურმა დაასაბუთა. მოსამართლე არ დაინტერესდა ექსპერტების პროცესზე მოწვევით და დაკითხვით საქმეში არსებული ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნების მიუხედავად. უგულებელ იქნა სარჩელში მეორე პუნქტად დაყენებული მოთხოვნა, რომ მოპასუხე მხარეს წარმოედგინა ის მტკიცებულება ლიტერატურის სახით, რომლითაც დასტურდებოდა მეორე კონსილიუმისა და ექსპერტიზის დასკვნები. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ჰიპერპლაზია და ჰიპერტრიქოზი შეგნებულად გააიგივა ერთმანეთთან. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად უარყო საქმეში წარმოდგენილი ლიტერატურა-მტკიცებულებანი და დაეყრდნო ექიმთა ტენდენციურ დასკვნებს მაშინ, როდესაც არსებობდა პირველი კონსილიუმის არგუმენტირებული დასკვნა და კ.-ის ლიტერატურა.
კასატორის აზრით, სასამართლომ სათანადოდ არ შეისწავლა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრში პროკურატურის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში ნახავდა, როგორ იყო ყოველივე გაყალბებული, რომ არ იყო მოცემული სათანადო განმარტებანი დასმულ კითხვებზე და უთითებდნენ აბსოლუტურად შეუსაბამო ლიტერატურას. სააპელაციო პალატამ შეფასება არ მისცა იმ ფაქტს, რომ საქალაქო სასამართლომ საქმიდან ამოიღო კ.-ის მიერ წარმოდგენილი ლიტერატურა. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ჯანდაცვის იურიდიული სამსახურის წერილი, რომელშიც აღინიშნა: ,,როგორც თანდართული მასალებიდან ირკვევა მოხდა არასწორი მკურნალობა პაციენტზე". კასატორი თვლის, რომ სასამართლომ არასწორად მიიჩნია მის მიერ დასახელებული ექიმი მ. ქ.-ი არაკომპეტენტურ პირად. კასატორის განცხადებით, მ. ქ.-ის დასკვნას ექსპერტიზაში მონაწილე სხვა ექსპერტებმა მოაცილეს ხუთი სახის თანდართული სამედიცინო ლიტერატურა და დასკვნა ისე გადასცეს სასამართლოს. კასატორმა აღნიშნა, რომ დასტურდებოდა მოპასუხეთა ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, მათ მიერ პაციენტისათვის მისი მდგომარეობის შეუსაბამო დიაგნოზის დასმისა და მკურნალობის ფაქტი. უფრო მეტიც, რეკომენდაცია აბსოლუტურად ჯანმრთელი ბავშვისათვის დექსამეტაზონით მკურნალობის თაობაზე, პაციენტის უეჭველ ლიკვიდაციას გამოიწვევდა, რასაც კასატორის აზრით სააპელაციო პალატაც ხელს უწყობდა.
კასატორმა მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითა: ,,პაციენტის უფლებებისა და მედიცინის შესახებ" საერთაშორისო კონვენციის მე-4 და 24-ე მუხლები, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონის მე-3 მუხლის ,,ო" ქვეპუნქტი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილები, 413-ე, 414-ე, 992-ე და 1007-ე მუხლები, ,,პაციენტთა უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტები და მოითხოვა: მოპასუხისათვის იმ სამედიცინო ლიტერატურის წარმოდგენის დავალდებულება, რომლიდანაც ციტირებული იყო მეორე კონსილიუმისა და ექსპერტიზის დასკვნები, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ... საავადმყოფოს ... განყოფილებისათვის და საავადმყოფოს ექიმ კ. კ.-სათვის 1000 ლარის ოდენობით მატერიალური და 50 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის, ხოლო მკურნალი ექიმისათვის - ლ. კ.-სათვის 1000 ლარის ანაზღაურების დაკისრება. კასატორმა ასევე მოითხოვა ექიმ კ. კ.-ის და ლ. კ.-სთვის საექიმო სერთიფიკატების ჩამორთმევა და ანკეტურ მონაცემებში დასმული არარსებული დიაგნოზის უგულებელყოფა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 05.02.07წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული, მხარეებს უფლება მიეცათ წარმოედგინათ მოსაზრებები მ. ო.-ის კანონიერი წარმომადგენლის ნ. ფ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით.
მოწინააღმდეგე მხარის კ. კ.-ისა და ლ. კ.-ს წარმომადგენელმა წარმოადგინა მოსაზრება, რომელშიც აღნიშნა, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პირობებს, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა ყოფილიყო მიჩნეული.
30.01.07წ. კასატორმა შუამდგომლობა წარმოადგინა საკასაციო სასამართლოში და მოითხოვა, მოპასუხეებს ეპასუხათ მის მიერ დასმული კითხვებისათვის შესაბამისი ლიტერატურის წარმოდგენით, კერძოდ: შეიძლებოდა თუ არა თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის თანდაყოლილი ჰიპერპლაზიის არსებობა კლინიკური ნიშნების არ არსებობისას. ასევე მოითხოვა დაესაბუთებინათ, რომ ზურგზე, არასასქესო მიდამოში თმის ბუსუსი განიხილება არა როგორც ჰიპერტრიქოზი, რომელსაც არანაირი მკურნალობა არ სჭირდება, არამედ როგორც თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის თანდაყოლილი ჰიპერპლაზია. კასატორმა მოითხოვა შესაბამისი ლიტერატურით დაესაბუთებინათ მათივე დასკვნა იმის თაობზე, რომ დაავადება შეიძლება ყოფილიყო კომპენსირებული მთელი ცხოვრების მანძილზე და გამოვლენილიყო მხოლოდ სხვადასხვა სტრესული ფაქტორების ზემოქმედებით და ასევე ორგანიზმში ფიზიოლოგიურად მიმდინარე ჰორმონული ცვლილებების ფონზე. კასატორმა მოითხოვა დასაბუთება იმისა, თუ რას გამოიწვევდა ჯანმრთელ ბავშვში მათ მიერ დანიშნული დექსამეტაზონი, აგრეთვე, მის მიერ წარმოდგენილი ლიტერატურის მიხედვით, რომელი ნიშნის მიხედვით დაისვა დიაგნოზი. კასატორმა მოითხოვა სამედიცინო ლიტერატურის წარმოდგენა, რომლითაც მტკიცდებოდა, რომ თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის თანდაყოლილი ჰიპერპლაზიის დროს არ იყო აუცილებელი ვირილიზმი, რომ ბავშვი, რომელიც იბადება საკეისრო კვეთით, არის ტრავმული. შუამდგომლობის ავტორმა მოითხოვა იმ ლიტერატურის წარმოდგენა, რომელიც ასაბუთებდა, რომ თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის თანდაყოლილი ჰიპერპლაზიანი ბავშვი პრაქტიკულადაც ჯანმრთელი შეიძლება იყოს, გონებრივადაც და პირველ ყოვლისა იყოს გარეგნულად აბსოლუტურად უდეფექტო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 12.02.07წ. განჩინებით მ. ო.-ის წარმომადგენლის ნ. ფ.-ის შუამდგომლობა მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. საკასაციო პალატამ სსკ-ის 407-ე, 396-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ საკასაციო სასამართლოში არ დაიშვება ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე, რომელიც ასახულია საქმის მასალებში ან ჩამოყალიბებულია გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში. საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებების წარმოდგენა არის მოწინააღმდეგე მხარის უფლება და არა ვალდებულება, შესაგებლის შინაარსი ყალიბდება მოწინააღმდეგე მხარის მიერ საკუთარი მიხედულებით და არა კასატორის მოთხოვნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ მ. ო.-ის კანონიერი წარმომადგენლის ნ. ფ.-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევის გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისთვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც მ. ო.-ის კანონიერი წარმომადგენლის ნ. ფ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ო.-ის კანონიერი წარმომადგენლის ნ. ფ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეული იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.