¹ბს-827-793(კ-06) 11 აპრილი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ს. და თ. კ-ების, მ. ჯ-სა და ლ. თ-ის წარმომადგენელი თ. კ-ი (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 მაისის განჩინება
სარჩელის საგანი _ ანაბრის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 12 იანვარს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ს. და თ. კ-ების, მ. ჯ-სა და ლ. თ-ის წარმომადგენელმა თ. კ-მა მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და აღნიშნა, რომ მისი და მისი ოჯახის წევრების მიერ წლების მანძილზე დაზოგილი თანხები 1988-1991 წლებში შეტანილ იქნა შემნახველ ბანკში.
თ. კ-მა მოითხოვა შემდეგის აღიარება: თ. კ-ის სახელზე ყოფილი საბჭოთა კავშირის შემნახველი ბანკის ¹.... სამტრედიის ფილიალში, ¹H-... ანგარიშზე, 1988 წლის 10 მაისის მდგომარეობით შეტანილი იყო 5240 მანეთი; ს. კ-ის სახელზე ყოფილი საბჭოთა კავშირის შემნახველი ბანკის ¹... სამტრედიის ფილიალში, ¹H-... ანგარიშზე, 1988 წლის 18 მაისისთვის _ 5240 მანეთი; მ. ჯ-ის მიერ ყოფილი საბჭოთა კავშირის შემნახველი ბანკის ¹... სამტრედიის ფილიალის ¹.... ანგარიშზე, 1991 წლის 24 თებერვლისთვის _ 5000 მანეთი; ლ. თ-ის მიერ ყოფილი საბჭოთა კავშირის შემნახველი ბანკის ¹... სამტრედიის ფილიალში, ¹... ანგარიშზე 1991 წლის 13 თებერვლისთვის _ 11000 მანეთი.
თ. კ-ის განმარტებით, ზემოაღნიშნულის თაობაზე მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, თუმცა უშედეგოდ. მოსარჩელემ სულ 26480 მანეთის ეროვნულ ვალუტაში ანაზღაურების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის დაკისრება მოითხოვა.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 5 აპრილის სხდომაზე თ. კ-მა დააზუსტა სარჩელი და თ. კ-ის სასარგებლოდ მის მიერ შემნახველ ბანკში შეტანილი 5441,54 მანეთის, ს. კ-ის სასარგებლოდ _ 5440,52 მანეთის, მ. ჯ-ის სასარგებლოდ _ 5000 მანეთისა და ლ. თ-ის სასარგებლოდ _ 11000 მანეთის ეროვნულ ვალუტაში ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრება მოითხოვა.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და აღიარებულ იქნა, რომ თ. კ-ის სახელზე ყოფილი საბჭოთა კავშირის შემნახველი ბანკის ¹... სამტრედიის ფილიალში, ¹H... ანგარიშზე, 1988 წლის 18 მაისის მდგომარეობით შეტანილი იყო 5441,54 მანეთი, ს. კ-ის სახელზე ყოფილი საბჭოთა კავშირის შემნახველი ბანკის ¹ .... სამტრედიის ფილიალის ¹H.... ანგარიშზე 1988 წლის 18 მაისისათვის _ 5440,52 მანეთი, მ. ჯ-ის მიერ ყოფილი საბჭოთა კავშირის შემნახველი ბანკის ¹... სამტრედიის ფილიალის ¹... ანგარიშზე 1991 წლის 24 თებერვლისათვის _ 5000 მანეთი, ხოლო ლ. თ-ის მიერ ყოფილი საბჭოთა კავშირის შემნახველი ბანკის სამტრედიის განყოფილების ¹.... ფილიალში ¹... ანგარიშზე 1991 წლის 3 აპრილისათვის _ 11000 მანეთი; აღნიშნული თანხების დასახელებული პირებისათვის ანაზღაურება კანონმდებლობით დადგენილი წესით დაევალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 მაისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დადგენილად ჩათვალა, რომ საქმეში წარმოდგენილი შესაბამისი შემნახველი სალაროს წიგნაკით დასტურდებოდა, რომ თ. კ-ის სახელზე ყოფილი საბჭოთა კავშირის შემნახველი ბანკის ¹..... სამტრედიის ფილიალში, ¹H.... ანგარიშზე, 1998 წლის 18 მაისის მდგომარეობით შეტანილი იყო 5441,54 მანეთი, ს. კ-ის სახელზე ყოფილი საბჭოთა კავშირის შემნახველი ბანკის ¹.... სამტრედიის ფილიალში, ¹H.... ანგარიშზე, 1988 წლის 18 მაისისთვის _ 5440,52 მანეთი, მ. ჯ-ის მიერ ყოფილი საბჭოთა კავშირის შემნახველი ბანკის ¹... სამტრედიის ფილიალის ¹... ანგარიშზე 1991 წლის 24 თებერვლისათვის _ 5000 მანეთი, ხოლო ლ. თ-ის მიერ ყოფილი საბჭოთა კავშირის შემნახველი ბანკის სამტრედიის განყოფილების ¹.... ფილიალში, ¹... ანგარიშზე, 1991 წლის 3 აპრილისათვის _ 11000 მანეთი.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, სასამართლო წესით აღიარებული ყოფილიყო მათ მიერ ანაბარზე თანხის შეტანასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობა, იყო საფუძვლიანი, ისევე, როგორც საფუძვლიანი იყო მათი მოთხოვნა, რომ მომხდარიყო ანაბარზე შეტანილი თანხის ანაზღაურება კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვინაიდან ,,სახელმწიფო ვალის შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მიხედვით, მოსახლეობის მიერ ყოფილ სახელმწიფო კომერციულ ბანკებში შეტანილი ანაბრების ინდექსაციით წარმოქმნილი დავალიანება აღიარებული იყო სახელმწიფოს საშინაო ვალად, რის გამოც ხსენებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა დასახელებული დავალიანების გადახდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა “საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის ¹108 დადგენილება, რომლითაც შეიქმნა აღნიშნული კომისია და მას დაევალა “სახელმწიფო ვალის შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემების განხილვა, გადაჭრა და რეკომენდაციების შემუშავება, ხოლო იმავე დადგენილების მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, დასახელებული კომისია მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტებს დადგენილი წესით გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს საქართველოს მთავრობას და საქართველოს პარლამენტს.
კასატორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. კასატორის განმარტებით, ადმინისტრაციული წესით საქმის განხილვაში იგულისხმება, როგორც ადმინისტრაციული სამართალწარმოება, ისე ადმინისტრაციული წარმოებაც, რაც დასტურდება ხსენებული კოდექსის 281-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტით, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული წარმოება შეჩერდება ამავე კოდექსის 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სასამართლოს გადაწყვეტილების, განაჩენის, განჩინების, დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან ადმინისტრაციული წესით განხილულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე.
კასატორი აღნიშნავს, რომ “საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის ¹108 დადგენილებით შექმნილი კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრა 2006 წლის 31 დეკემბრამდე.
კასატორის მოსაზრებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეჩერებინა მოცემული საქმის წარმოება “სახელმწიფო ვალის შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულ სახელმწიფო საშინაო ვალთან დაკავშირებით _ სადავო საკითხზე _ საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე. მართალია, “სახელმწიფო ვალის შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულია, რომ იმავე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტში მოცემული სახელმწიფო სავალო ვალდებულებების დაფარვა მოხდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბრის ¹716 ბრძანებულების შესაბამისად, მაგრამ ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საქართველოს პრეზიდენტის აღნიშნული ბრძანებულება ძალადაკარგულადაა ცნობილი.
კასატორის განმარტებით, ყოვლად დაუსაბუთებელია სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა დავალიანების თანხის ანაზღაურება კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვინაიდან სასამართლოს არ მიუთითებია, თუ რომელი სამართლებრივი აქტების საფუძველზე, რა ოდენობითა და წესით უნდა მოხდეს აღნიშნული დავალიანების ანაზღაურება, მით უმეტეს, რომ “ლარის შემოღებამდე საბანკო ანგარიშებზე რიცხული ნაშთების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ლარის მიმოქცევაში გაშვებამდე _ 1995 წლის 2 ოქტომბრამდე საბანკო ანგარიშებზე რიცხული ნაშთების ინდექსაცია არ ხდება, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ასევე, მოცემულ საქმეში მხარედ არ ჩართო ის ბანკი, ან მისი უფლებამონაცვლე, რომელშიც თავის დროზე შეტანილ იქნა შესაბამისი ანაბრები, რაც მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევა და გადაწყვეტილების გაუქმების დამოუკიდებელი საფუძველია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება 2006 წლის 18 ოქტომბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 24 იანვრამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 იანვრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა 2007 წლის 7 მარტს, 12.00 საათზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთA სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ს. და თ. კ-ების, მ. ჯ-ისა და ლ. თ-ის წარმომადგენელმა თ. კ-მა მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა იმის აღიარება, რომ თ. კ-ის სახელზე ყოფილი საბჭოთა კავშირის შემნახველი ბანკის ¹.... სამტრედიის ფილიალში, ¹H.... ანგარიშზე, 1988 წლის 10 მაისის მდგომარეობით შეტანილი იყო 5240 მანეთი; ს. კ-ის სახელზე ყოფილი საბჭოთა კავშირის შემნახველი ბანკის ¹.... სამტრედიის ფილიალში, ¹H.... ანგარიშზე, 1988 წლის 18 მაისისთვის _ 5240 მანეთი; მ. ჯ-ის მიერ ყოფილი საბჭოთა კავშირის შემნახველი ბანკის ¹.... სამტრედიის ფილიალის ¹.... ანგარიშზე, 1991 წლის 24 თებერვლისთვის _ 5000 მანეთი; ლ. თ-ის მიერ ყოფილი საბჭოთა კავშირის შემნახველი ბანკის ¹.... სამტრედიის ფილიალში, ¹.... ანგარიშზე 1991 წლის 13 თებერვლისთვის _ 11000 მანეთი. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 5 აპრილის სხდომაზე თ. კ-მა დააზუსტა სარჩელი და თ. კ-ის სასარგებლოდ მის მიერ შემნახველ ბანკში შეტანილი 5441,54 მანეთის, ს. კ-ის სასარგებლოდ _ 5440,52 მანეთის, მ. ჯ-ის სასარგებლოდ _ 5000 მანეთისა და ლ. თ-ის სასარგებლოდ _ 11000 მანეთის ეროვნულ ვალუტაში ანაზღაურების მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის დაკისრება მოითხოვა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს საქმეზე არ მიუღია დასაბუთებული გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს “სახელმწიფო ვალის შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო საშინაო ვალად აღიარებულ იქნა მოსახლეობის მიერ ყოფილ სახელმწიფო კომერციულ ბანკებში შეტანილი ანაბრების ინდექსაციით წარმოქმნილი დავალიანება.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ “სახელმწიფო ვალის შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტიდან გამომდინარე, სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსახლეობის ანაბრებზე ინდექსაციით წარმოქმნილი დავალიანების შესაბამისი ფულადი თანხების დაბრუნება წარმოადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყურადღება არ გაუმახვილებია იმ გარემოებაზე, რომ ს. და თ. კ-ების, მ. ჯ-ისა და ლ. თ-ის წარმომადგენელმა თ. კ-მა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში წარადგინა სარჩელი და ერთდროულად მოითხოვა, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის შემნახველი ბანკის ¹.... სამტრედიის ფილიალში ანაბრების შეტანის აღიარება, ასევე შესაბამისი თანხის ანაზღაურების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის დაკისრება, ანუ მან ერთი და იმავე სარჩელით დააყენა აღიარებითი და მავალდებულებელი (მიკუთვნებითი) სარჩელებისათვის დამახასიათებელი მოთხოვნები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი, ასევე იმავე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება აღიძრას, თუ მოსარჩელეს შეუძლია აღძრას სარჩელი ამ კოდექსის 22-24-ე მუხლების საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია, თუ შესაძლებელია აღიძრას შეცილების ან მავალდებულებელი (მიკუთვნებითი) სარჩელი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-24-ე მუხლებით დადგენილი საფუძვლით, ანუ შეცილებისა და მავალდებულებელი სარჩელის აღძვრის შესაძლებლობა გამორიცხავს განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის მოთხოვნით აღიარებითი სარჩელის აღძვრის შესაძლებლობას. გარდა ამისა, აღიარებითი სარჩელი ყოველთვის გულისხმობს მოდავე მხარეების, ანუ მოსარჩელისა და შესაბამისი მოპასუხის არსებობას, რომელიც უნდა ედავებოდეს მოსარჩელეს გარკვეულ უფლებაში და სახეზე უნდა იყოს მათ შორის დავა. აღიარებითი სარჩელისაგან განუყოფელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესიც, რომლის არსებობაც აუცილებელია აღიარებითი სარჩელის სასამართლოს მიერ მიღებისა და განხილვისათვის. ამასთან, აღიარებითი სამოქალაქო სარჩელისაგან განსხვავებით, აღიარებითი ადმინისტრაციული სარჩელის თავისებურება გამოიხატება იმაში, რომ იგი დაუშვებელია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კერძოდ, აღნიშნული ნაწილის შინაარსიდან ნათლად ჩანს, რომ კონკრეტული სარჩელი შეუძლებელია იყოს ერთდროულად, როგორც აღიარებითი, ისე მავალდებულებელი (მიკუთვნებითი).
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია, თუ რამდენად წარმოადგენდა ს. და თ. კ-ების, მ. ჯ-ისა და ლ. თ-ის წარმომადგენელ თ. კ-ის მიერ აღძრული სარჩელი აღიარებით სარჩელს, მაშინ, როდესაც ამ საქმის მასალების მიხედვით, მოსარჩელეებს არავინ არ ედავებოდა ამ უფლებას, მოცემულ საქმეში არ მონაწილეობდა ის სუბიექტი, რომელიც შესაძლებელი იქნებოდა მიჩნეულიყო მოსარჩელესთან მოდავე მხარედ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, როგორც კასატორი მართებულად მიუთითებს, სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეში არ ჩართო ის ბანკი, ან მისი უფლებამონაცვლე, რომელშიც თავის დროზე შეტანილ იქნა შესაბამისი ანაბრები.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მისთვის საქმის დაბრუნების შემდეგ, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, უნდა იმსჯელოს, ს. და თ. კ-ების, მ. ჯ-ისა და ლ. თ-ის წარმომადგენელ თ. კ-ის მიერ აღძრული სარჩელის აღიარებითი სარჩელის სახით დასაშვებობაზე. ამასთან, თუ მოსარჩელე დააზუსტებს სასარჩელო მოთხოვნას და დააყენებს მავალდებულებელ (მიკუთვნებით) სარჩელს, სასამართლომ იგი უნდა განიხილოს “სახელმწიფო ვალის შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე1" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს. საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არსებობს განჩინების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, რის გამოც მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთA სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სახელმწიფო ბაჟის საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.