Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

¹ ბს-828-796(კ-08) 24 ნოემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა გ. ჯ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.05.08წ. განჩინებაზე.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტის შესაბამისად საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს კასაციის მიზეზებს და კასაციის განაცხადს. ამასთან, “ვ” ქვეპუნქტის თანახმად საკასაციო საჩივარში უნდა მიეთოთოს საკასაციო საჩივარი ემყარება მატერიალური თუ საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 28.07.08წ. განჩინებით გ. ჯ-ს ხარვეზის შესავსებად (სრულყოფილი საკასაციო საჩივრის წარმოსადგენად) მიეცა ვადა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღე. აღნიშნული განჩინების კასატორისთვის ჩაბარების შესახებ უზენაეს სასამართლოში შემოსული დასტურიდან ირკვევა, რომ კასატორს ხსენებული განჩინება 13.09.08წ. ჩაჰბარდა, ხოლო ხარვეზის გამოსწორების ბოლო ვადა იყო 22 სექტემბერი. მიუხედავად ამისა გ. ჯ-ის მიერ ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული სასამართლოს მიერ დადგენილი წესით და ვადაში. რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 74-ე და 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.