ბს-832-800(კ-08) 25 დეკემბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
მარიამ ცისკაძე
სხდომის მდივანი _ ქეთევან მაღრაძე
კასატორი (მოპასუხე) _ მარნეულის მინიციპალიტეტის გამგეობა, წარმომადგენელი _ გ. ი.-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ნ. შ.-ე
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 აპრილის განჩინება
სარჩელის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 22 ივნისს ნ. შ.-მ სარჩელი აღძრა მარნეულის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მარნეულის რაიონის გამგეობის 2006 წლის 10 ოქტომბრის ¹9 ბრძანებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გაათავისუფლეს ამავე გამგეობის აპარატის მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან, სადაც მუშაობდა 1995 წლიდან, ხოლო ხსენებული ბრძანების ასლი ჩაჰბარდა 2007 წლის 7 ივნისს. მარნეულის რაიონის გამგეობის 2006 წლის 10 ოქტომბრის ¹9 ბრძანება იყო უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი. საქართველოში არ მომხდარა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ლიკვიდაცია და მათ შორის, არც მარნეულის რაიონში, გასაჩივრებული ბრძანებით კი მოსარჩელე გაათავისუფლეს დაწესებულების ლიკვიდაციის გამო. მოსარჩელეს არც გაფრთხილება მიუღია დაწესებულების ლიკვიდაციის შესახებ, მას გათავისუფლების შესახებ არავინ აცნობა, ჩვეულებრივ აგრძელებდა მუშაობას დაკავებულ თანამდებობაზე 2006 წლის 17 ნოემბრამდე და იღებდა ხელფასს. თანამდებობა, საიდანაც მოსარჩელე გაათავისუფლეს, ვითომდა დაწესებულების ლიკვიდაციის გამო, იმჟამადაც იყო მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში და მისი გათავისუფლების შემდეგ ამ თანამდებობაზე მუშაობდნენ სხვა პირები. მოსარჩელეს თანამდებობაზე მუშაობის მთელ პერიოდში დარღვევა არ ჰქონია, მადლობა გამოცხადებული ჰქონდა რამდენიმეჯერ, ხოლო 2006 წლის ივნისში ჩატარებული ატესტაციისას მხოლოდ მან მიიღო მარნეულის რაიონის საჯარო მოხელეთა ატესტაციაზე უმაღლესი შეფასება _ 10 ქულა. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების გამო, მოსარჩელეს მიადგა გარკვეული მორალური და მატერიალური ზარალი და არ მიუღია ხელფასი, რომელიც თვეში შეადგენდა 270 ლარს. 2006 წლის ნოემბერში მოსარჩელე მუშაობდა და შესაბამისად, მიიღო თანამდებობრივი სარგო, ხოლო 2006 წლის დეკემბრისა და 2007 წლის იანვრის თვეებში გადაუხადეს კომპენსაცია, ხელფასი კი უკანონო გათავისუფლების გამო, არ მიუღია 2007 წლის თებერვლის შემდეგ, ანუ 5 თვის განმავლობაში, რაც შეადგენდა 1350 ლარს, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობას უნდა აენაზღაურებინა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ მარნეულის რაიონის გამგეობის 2006 წლის 10 ოქტომბრის ¹9 ბრძანების უკანონოდ ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა და სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება, რაც შეადგენდა 1350 ლარს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მარნეულის რაიონულ სასამართლოში წარადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ სარჩელი არა მარტო უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, არამედ დაუშვებელიც იყო. შესაგებლის ავტორმა მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველ პუნქტზე და განმარტა, რომ ნ. შ.-ს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი _ მარნეულის რაიონის გამგეობის 2006 წლის 10 ოქტომბრის ¹9 ბრძანება ჩაჰბარდა არა 2007 წლის 7 ივნისს (როგორც თავად მიუთითებდა სარჩელში), არამედ იგი დაზღვეული ფოსტით გაეგზავნა 2007 წლის 1 თებერვალს, რომელიც მარნეულის ფოსტის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, იმავე წლის 4 თებერვალს გადაეცა ადრესატის ოჯახის წევრს, ანუ ხსენებული ბრძანების გასაჩივრების ერთთვიანი ვადის ათვლა დაიწყო 2007 წლის 4 თებერვალს (და არა 7 ივნისს) და დასრულდა იმავე წლის 4 მარტს. შესაბამისად, ამ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა მოსარჩელის მიერ გაშვებულ იქნა. მოსარჩელე ნ. შ.-მ 2007 წლის 19 ივნისს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმართა განცხადებით, რომელშიც აღნიშნა, რომ მისთვის ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი ბრძანება არ მიუღია და ითხოვა ხსენებული ბრძანების ხელზე გაცემა, მაშინ, როდესაც მოსარჩელემ მიუთითა, რომ იმავე ბრძანების ასლი მას 2007 წლის 7 ივნისს ჩაჰბარდა. აღნიშნული განცხადების პასუხად, ნ. შ.-ს წერილობით ეცნობა, რომ მას დაზღვეული ფოსტით გაეგზავნა აღნიშნული ბრძანების ასლი და დამატებით, კიდევ ერთხელ გადაეცა მითითებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელსაც თან ერთვოდა ფოსტის მიერ გაცემული ცნობის ასლი. მოსარჩელეს, ლიკვიდაციის საფუძველზე გათავისუფლებასთან დაკავშირებით, 2006 წლის 18 დეკემბერს, კომპენსაციის სახით, მიღებული ჰქონდა 2 თვის თანამდებობრივი სარგო, რაც მეტყველებდა იმ ფაქტზე, რომ მოსარჩელისათვის გადაწყვეტილება მისი გათავისუფლების შესახებ ცნობილი იყო 2007 წლის 7 ივნისამდე გაცილებით ადრე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაგებლის ავტორმა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის საფუძველზე, მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.
მარნეულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 15 ოქტომბრის სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა განაცდურთან დაკავშირებული მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა სამსახურში იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება, რაც შეადგენდა 2530 ლარს.
მარნეულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი მარნეულის რაიონის გამგეობის 2006 წლის 10 ოქტომბრის ¹9 ბრძანება მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და მოპასუხე მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა, იმავე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, საქმეზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; მოპასუხეს დაევალა მოსარჩელისთვის განაცდური ხელფასის ანაზღაურება სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან მოსარჩელესთან მიმართებაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დღემდე.
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 და 96-ე მუხლები. რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 და მე-601 მუხლების პირველ ნაწილებზე და მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას დარღვეული იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. იმავე კოდექსის მე-2 მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოცემულიყო ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, როგორც თვით ამ აქტით და მხარეთა განმარტებებით დგინდებოდა, გამოცემული იყო “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 651-ე მუხლის საფუძველზე, ხოლო ხსენებული კანონი საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ იქნა 2006 წლის 10 ნოემბერს და ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე. მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება კი გამოიცა აღნიშნულიდან ერთი თვით ადრე _ 2006 წლის 10 ოქტომბერს, ანუ იმ დროს, როდესაც მასში მითითებულ სამართლებრივ საფუძველს არ ჰქონდა კანონის ძალა. ყოველივე ხსენებული მეტყველებდა იმაზე, რომ მითითებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ იყო გამოცემული ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე.
რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას დარღვეული იყო, აგრეთვე, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 108-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, მოხელეს ერთი თვით ადრე უნდა ცნობებოდა დაწესებულების ლიკვიდაციის, თანამდებობის შემცირების, ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების ან ასაკის გამო გათავისუფლების შესახებ. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, რომელსაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, ეკისრებოდა მტკიცების ტვირთი, სასამართლო სხდომაზე ვერ წარმოადგინა დაწესებულების ლიკვიდაციის შესახებ მოსარჩელის გაფრთხილების დამადასტურებელი მტკიცებულება, მოსარჩელის განმარტებით კი, მას ასეთი გაფრთხილება არ მიუღია.
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლისა და 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჰქონდა უფლება, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განეხორციელებინა რაიმე ქმედება, მათ შორის, გამოეცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა-შეფასების გარეშე. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ბრძანება მიღებული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონითა და საქართველოს შრომის კანონთა კოდექსით მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლებისათვის დადგენილი პროცედურული საკითხების უგულებელყოფით, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობა სცილდებოდა სასამართლოს კომპეტენციას და იგი ადმინისტრაციის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა, მოცემულ შემთხვევაში, გამოყენებული უნდა ყოფილიყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი და სადავო საკითხის _ მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის გადაუწყვეტლად, ბათილად ყოფილიყო ცნობილი მარნეულის რაიონის გამგეობის 2006 წლის 10 ოქტომბრის ¹9 ბრძანება და მოპასუხეს დავალებოდა, იმავე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ყველა გარემოების შესწავლის შემდეგ, მოსარჩელესთან მიმართებაში გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. იმავე დროს, მოსარჩელეს უნდა ანაზღაურებოდა გათავისუფლებიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე პერიოდის იძულებითი განაცდური ხელფასის სახით, რადგან ხელფასის გაცემის შეწყვეტის საფუძველი შეიძლებოდა ყოფილიყო მუშაკის გათავისუფლება სამსახურიდან, ხოლო მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ ბრძანება იმჟამად ბათილად იყო ცნობილი და ხელფასის გაუცემლობის საფუძველი არ არსებობდა.
მარნეულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 აპრილის განჩინებით მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მარნეულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იყო კანონიერი და შესაბამისად, არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის განმარტებით, სახეზეა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა _ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტი, 65-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 90-ე და 52-ე მუხლები. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა _ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტი, მე-5, მე-601, 96-ე მუხლები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-4 ნაწილი. გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით _ არ იქნა შესრულებული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების მოთხოვნები, რამაც არასწორი განჩინების მიღება გამოიწვია.
კასატორის მტკიცებით, ასევე სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” და “ე1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები _ გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. გასაჩივრებულ განჩინებაში არაფერია მითითებული სააპელაციო საჩივრის საფუძვლებსა და გარემოებებზე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მარნეულის რაიონის გამგეობასა და მოსარჩელე ნ. შ.-ს შორის არსებობდა ადმინისტრაციული ხელშეკრულება. ამ რაიონის გამგებელმა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა დაუკავშირა ამავე რაიონის გამგეობის ლიკვიდაციას, რომელიც უნდა მომხდარიყო “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 651-ე მუხლით გათვალისწინებულ ვადებში. ამდენად, ფაქტობრივად, დაიდო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 90-ე მუხლით გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ პირობითი გარიგება, რომლის თანახმადაც, შრომითი ურთიერთობები უნდა შეწყვეტილიყო დაწესებულების ლიკვიდაციისას. ამ შემთხვევაში, მარნეულის რაიონის გამგებელი უფლებამოსილი იყო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, შეეწყვიტა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა ხელშეკრულების შეწყვეტის გზით, რა დროსაც გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული და სამოქალაქო კოდექსების ნორმები.
კასატორის განმარტებით, “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 651-ე მუხლი გასაჩივრებული ბრძანების გამოცემის დროისათვის მიღებული იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ მარნეულის რაიონის გამგეობამ ნ. შ.-ისა და სხვათა სამსახურიდან დათხოვნა (შრომითი ხელშეკრულების მოშლა) დაუკავშირა ჯერ კიდევ უცნობ მოვლენას _ შესაძლო ლიკვიდაციას, ხოლო თუ არ მოხდებოდა ლიკვიდაცია, არ შეწყდებოდა შრომითი ურთიერთობებიც. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ. შ.-სთან შრომითი ურთიერთობა, ფაქტობრივად, შეწყდა ლიკვიდაციის დამთავრების შემდეგ. არც პირველ და არც სააპელაციო ინსტანციების სასამართლოებს ამ გარემოებებზე არ უმსჯელიათ. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამორკვევა-შეფასებისა და დასაბუთების გარეშე. დაუსაბუთებელია ასევე სასამართლოს დასკვნა განაცდურის ანაზღაურების შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის თანახმად, ნ. შ.-ს არ უნდა აუნაზღაურდეს განაცდური, რადგან მან თავისი უმოქმედობით, ხელი შეუწყო განაცდურის ვადის მისთვის გახანგრძლივებას _ თუ მას საკომპენსაციო თანხის გადაცემისას არ გადასცეს სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ბრძანება, შეეძლო მაშინვე მოეთხოვა იგი და გაერკვია, რის საფუძველზე გაიცა საკომპენსაციო თანხა. სასამართლოს არ გაურკვევია, ახალი აქტის გამოცემის რა იურიდიული ინტერესი შეიძლებოდა ჰქონოდა ნ. შ.-ს, რა ადგილი შეიძლებოდა მისთვის შეეთავაზებინათ ლიკვიდირებულ ორგანოში, რა განაცდურზე იყო საუბარი ლიკვიდაციის შემდეგ, ან რამდენად იყო უფლებამოსილი მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობა, გამოეცა ახალი აქტი ლიკვიდირებული გამგეობის ნაცვლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 28 ივლისის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 9 ოქტომბრამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2008 წლის 20 ნოემბერს, 11.00 საათზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მარნეულის რაიონის გამგეობის 2006 წლის 10 ოქტომბრის ¹9 ბრძანებით, “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 651-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების საფუძველზე “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნ. შ.-ე გათავისუფლდა მარნეულის რაიონული გამგეობის მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან (ს.ფ. 5). მარნეულის რაიონის გამგეობის 2006 წლის 10 ოქტომბრის ¹119 ბრძანების თანახმად, “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 651-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების საფუძველზე განისაზღვრა, რომ რაიონული გამგეობის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით უნდა განხორციელებულიყო რაიონული გამგეობის თანამშრომელთა გათავისუფლება და მათთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება სალიკვიდაციო ღონისძიებების დასრულებამდე; ხელშეკრულების საფუძველზე აყვანილ თანამშრომელთა შრომითი ანაზღაურება უნდა განსაზღვრულიყო იმავე ოდენობით, რა ოდენობაც იყო დადგენილი ლიკვიდაციის საფუძველზე გათავისუფლებამდე; მარნეულის რაიონული გამგეობის სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, უნდა შექმნილიყო მარნეულის რაიონული გამგეობის სალიკვიდაციო კომისია და აღნიშნული ბრძანებით განისაზღვრა ხსენებული სალიკვიდაციო კომისიის შემადგენლობა (ს.ფ. 50). მარნეულის რაიონული გამგეობის (ყოფილი გამგეობის) 2008 წლის 28 ნოემბრის სალიკვიდაციო აქტის თანახმად, მარნეულის რაიონული გამგეობის (ყოფილი გამგეობის) სალიკვიდაციო კომისიამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, 2006 წლის 10 ოქტომბრიდან 2006 წლის 28 ნოემბრამდე პერიოდში შეასრულა მარნეულის რაიონული გამგეობის სალიკვიდაციო სამუშაოები. (ს.ფ. 49).
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილია 2006 წლის 11 ოქტომბრის შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი), რომლის მხარეებს წარმოადგენდნენ, ერთი მხრივ _ მარნეულის რაიონული გამგეობის სალიკვიდაციო კომისია, მისი თავმჯდომარე _ ა. შ.-ის სახით, ხოლო, მეორე მხრივ _ ნ. შ.-ე, თუმცა აღნიშნული ხელშეკრულება არ ამოქმედებულა, ვინაიდან იგი არ ყოფილა ხელმოწერილი ნ. შ.-ის მიერ (ს.ფ. 98-100).
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოწინააღმდეგე მხარის, ნ. შ.-ის მოსაზრებას, რომ განხორციელდა მარნეულის რაიონის გამგეობის არა ლიკვიდაცია, არამედ რეორგანიზაცია, რის გამოც არ არსებობდა მის მიმართ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 651-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის ამოქმედების დღიდან ლიკვიდირებულია “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ადგილობრივი მმართველობის ორგანო და რაიონის შემადგენლობაში შემავალი თვითმმართველი ერთეული. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული რაიონის, იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, გამგებელი (მერი) ან მისი მოვალეობის შემსრულებელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს სალიკვიდაციო აქტებს და ახორციელებს “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისა და რაიონის შემადგენლობაში შემავალი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის სხვა სალიკვიდაციო ღონისძიებებს 2006 წლის 15 დეკემბრამდე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 651-ე მუხლის პირველი პუნქტით “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის ამოქმედების დღიდან ლიკვიდირებულ იქნა “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ადგილობრივი მმართველობის ორგანო და რაიონის შემადგენლობაში შემავალი თვითმმართველი ერთეული. ამდენად, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოსარჩელის მითითებას იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში განხორციელდა მარნეულის რაიონის გამგეობის რეორგანიზაცია და არა ლიკვიდაცია და მიუთითებს, რომ რაიონის გამგეობის ლიკვიდაციის საკითხი პირდაპირ არის განსაზღვრული კანონით. ამასთან, სასამართლო ვერ შეიჭრება ადმინისტრაციული ორგანოს კანონით მინიჭებულ დისკრეციულ უფლებამოსილებაში, სასამართლოს შეუძლია მხოლოდ შეამოწმოს, თუ რამდენად კანონიერად განახორციელა ადმინისტრაციულმა ორგანომ თავისი დისკრეციული უფლებამოსილება, ანუ მოცემულ შემთხვევაში _ ადგილობრივი მმართველობის ორგანოსა და რაიონის შემადგენლობაში შემავალი თვითმმართველი ერთეულის ლიკვიდაცია.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ, მართალია, სწორად დაადგინა, რომ ნ. შ.-ე მარნეულის რაიონის გამგეობის 2006 წლის 10 ოქტომბრის ¹9 ბრძანებით მარნეულის რაიონის ლიკვიდაციამდე გათავისუფლდა თანამდებობიდან, მაგრამ არ დაადგინა, თუ როდის დასრულდა მარნეულის რაიონში გამგეობის ლიკვიდაცია. საგულისხმოა, რომ “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 651-ე მუხლის მეორე პუნქტი ითვალისწინებდა ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისა და რაიონის შემადგენლობაში შემავალი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის სხვა სალიკვიდაციო ღონისძიებების 2006 წლის 15 დეკემბრამდე დასრულებას, თუმცა სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლისა და მე-19 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, არ დაადგინა, თუ კონკრეტულად როდის გამოსცა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამგებელმა მარნეულის რაიონის გამგეობის სალიკვიდაციო აქტი.
საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე დაავალა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობას ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომ არ იმსჯელა, თუ რამდენად უფლებამოსილი იყო მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობა გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ლიკვიდირებული მარნეულის რაიონის გამგეობის ნაცვლად და გადაეწყვიტა ნ. შ.-ის დასაქმების საკითხი, მაშინ, როდესაც მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს საჯარო მოხელის სამუშაოზე მოწყობის სპეციალურ წესს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილშიც, რადგან სააპელაციო სასამართლომ ისე დაადგინა მოპასუხისათვის ნ. შ.-ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურება, სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, რომ არ იმსჯელა, თუ როდემდე ეკუთვნოდა ნ. შ.-ს იძულებითი განაცდური ხელფასი _ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, თუ მარნეულის რაიონის გამგეობის ლიკვიდაციამდე.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს და აღნიშნულ გარემოებას არც მხარეები ხდიან სადავოდ, რომ ნ. შ.-ს მიღებული აქვს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 109-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, სამსახურიდან გათავისუფლებისას მისაღები 2 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით საკომპენსაციო თანხა. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალებით არ დგინდება, თუ როდემდე აქვს მიღებული ნ. შ.-ს ხელფასი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ზუსტად უნდა დაადგინოს, თუ რომელ რიცხვამდე აქვს მიღებული ნ. შ.-ს ხელფასი და გამოიკვლიოს, როდის დასრულდა მარნეულის რაიონის გამგეობის ლიკვიდაცია, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმისათვის, ვინაიდან სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში, სწორედ ხსენებულ ფარგლებში უნდა იმსჯელოს სასამართლომ ნ. შ.-სათვის იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს არ განუმარტავს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 108-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა (განთავისუფლება გაფრთხილების გარეშე) წარმოშობს მხოლოდ კომპენსაციის მიღების უფლებას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის “გ” და “ე” ქვეპუნქტებისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტის თანახმად კი, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი _ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესაბამისად, არ მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება, რის გამოც სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ, ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და სრულყოფილად დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რისთვისაც სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.