ბს-834-796(კ-07) 28 ნოემბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მიხეილ ჩინჩალაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. ე-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 14 დეკემბერს ნ. ე-ამ აღიარებითი სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ქუთაისის რეგიონალური სამმართველოს უფროსის სახალხო დამცველის რწმუნებულის – თ. კ-ას მიმართ და მოითხოვა რასიზმის (ქართული გამოვლინების) და ხელისუფლების დანაშაულებათა და ბოროტად გამოყენების მსხვერპლად აღიარება.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მის მიმართ 2002 წლის 12 ნოემბერს უკანონოდ იქნა აღძრული სისხლის სამართლის საქმე, თითქოსდა მას შეურაცხყოფა მიეყენებინოს სასამართლო პროცესზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დ. ჟ-თვის. წინასწარი გამოძიების დროს, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის მიზნით, შეიქმნა ყალბი, ე.წ. ფსიქიატრიული დასკვნა მისი უშუალო მონაწილეობის გარეშე მის მიერ შექმნილ ეთნიკურ და მსოფლმხედველობით მასალებზე დაყრდნობით. აღნიშნული დასკვნა გაიცა ქ. სამტრედიის შპს ,,ს-ოს” მიერ, მაშინ როდესაც იგი ფსიქიკურად აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო. მეგრული ენის გამოყენებისათვის უკანონოდ იქნა მოთავსებული ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. მოსარჩელის აღნიშვნით, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე ხონის რაიონის ქუტირის შპს ,,ფ-ის” დასკვნა შედგენილი იყო კანონის დარღვევით, შ. და ბ. მ-ის ხელმძღვანელობით და მას იურიდიული ძალა არ აქვს. ამდენად, მოსარჩელის მითითებით, მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის ¹....... საქმეზე განხორციელდა უკანონოდ, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციით – ხელისუფლების ბოროტად გამოყენებით.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის შესაბამისად, კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც ამ მუხლში არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად, გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან, მათ შორის გაეროს გენერალური ასამბლეის 1985 წლის 29 ოქტომბრის 40/14 რეზოლუციიდან, მართლმსაჯულების ძირითადი პრინციპების დეკლარაციიდან ხელისუფლების დანაშაულებათა და ბოროტად გამოყენების მსხვერპლთათვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა რასიზმის (ქართული ვარიანტის) და ხელისუფლების დანაშაულებათა და ბოროტად გამოყენების მსხვერპლად აღიარებას.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ე-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო აღნიშნავდა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. სარჩელში აღნიშნული გარემოებები და მასზე თანდართული მასალები, სასამართლოს მითითებით, ვერ ასაბუთებს მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობას და იგი, ფაქტობრივად, აგებულია მხოლოდ მის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმისა და ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის შედგენის კანონიერებაზე, რაც, სასამართლოს აღნიშვნით, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ის გარემოება, რომ მის მიერ მოპოვებული 2006 წლის 15 თებერვლით დათარიღებული მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ შპს ,,ს-ოს” ექიმ-ფსიქიატრები შ. და ბ. მ-ები წლების განმავლობაში ახორციელებდნენ სამედიცინო საქმიანობას შესაბამისი ლიცენზიის გარეშე და სამტრედიის შპს “ს-ოს” არ ჰქონდა უფლება, გაეცა მის შესახებ დასკვნა, ვინაიდან, სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის მიერ სარჩელზე მტკიცებულებათა სახით თანდართულ და მითითებულ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს იურიდიულ და საერთაშორისო საკითხთა დეპარტამენტის უფროსის _ ნ. ხ-ის 2006 წლის 15 თებერვლის ¹01-11/10/1067 წერილით აღნიშნული არ დასტურდება, კერძოდ, ნ. ე-ას 2006 წლის 23 იანვრის განცხადებაზე ეცნობა, რომ ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებათა უწყებრივი რეესტრის მონაცემთა ბაზის მიხედვით, შპს ,,ს-ო” ლიცენზირებულია სამედიცინო საქმიანობის ლიცენზირების მუდმივმოქმედი კომისიის 2001 წლის 20 ივლისის ¹11 სხდომის გადაწყვეტილებით, ლიცენზია ელ ¹........, მათ შორის, სამედიცინო საქმიანობაზე ფსიქიატრიული ექსპერტიზა, სალიცენზიო ბარათი ¹........, პასუხისმგებელი პირი შ. მ-ი. ექიმებს _ ბ. მ-ს, ლ. კ-ესა და პ. ი-ეს ჩაბარებული აქვთ სასერტიფიკაციო გამოცდა სასამართლო ფსიქიატრიაში და უფლება აქვთ აწარმოონ შესაბამისი სამედიცინო საქმიანობა.
სასამართლომ იმ მოტივით, რომ სასამართლოში არ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, არ გაიზიარა სარჩელში მითითებული ის გარემოება, რომ იგი მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის გზით, მეგრული ენის გამოყენებისათვის უკანონოდ იქნა დაკავებული და მოთავსებული ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.
სასამართლომ საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დადასტურებულად მიიჩნია, რომ სახალხო დამცველის აპარატის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ნ. ე-ას მოთხოვნების იგნორირებას და მისი განცხადებების განხილვა ხდებოდა ,,საქართველოს სახალხო დამცველის” შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, შედეგებს უკეთდებოდა სათანადო რეაგირება, რაც, სასამართლოს მითითებით, დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საქართველოს სახალხო დამცველის 2006 წლის 18 მაისის ¹618/01 წერილით საქართველოს გენერალური პროკურატურისადმი.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ე-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივლისის განჩინებით ნ. ე-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ წარმოებაში მიიღო შინაარსობრივად არასრულყოფილი სასარჩელო განცხადება. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საპროცესო კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება მოსარჩელის მიერ მოთხოვნის დაზუსტების შეთავაზების თაობაზე, ხარვეზის შესახებ განჩინების მიღების გზით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლი).
სასამართლოს სარჩელის შინაარსის გათვალისწინებით უნდა ემსჯელა, რამდენად წარმოადგენდა საქმეზე სათანადო მოპასუხეს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული დასავლეთში და იყო თუ არა აღძრული სარჩელი იმ პირის მიმართ, ვისაც პასუხი უნდა ეგო სასარჩელო მოთხოვნაზე.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლით და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშვნით, პირველი ინსტანციის სასამართლოს ასევე უნდა ემსჯელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით დადგენილ რომელი სახის დავას განიხილავდა იგი მოცემულ შემთხვევაში ან თუ მიიჩნევდა, რომ სარჩელი აღძრული იყო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით (აღიარებითი სარჩელი), რამდენად აკმაყოფილებდა განსახილველი სარჩელი ამ მუხლით დადგენილ აღიარებითი სარჩელისათვის აუცილებელ პირობებს.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, უნდა გაარკვიოს, ხომ არ არის სასარჩელო მოთხოვნა თავისი შინაარსით მიმართული სხვა სახის, მოსარჩელის აზრით, დარღვეული უფლების დასაცავად, რაზეც უნდა აღიძრას არა აღიარებითი, არამედ სხვა სახის სარჩელი, რაზეც დამატებით უნდა მიეთითოს მოსარჩელეს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ე-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორის განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან ირკვეოდა, რომ მის მიმართ უკანონოდ წარმოებულ სისხლის სამართლის ¹........ საქმეზე ხელისუფლების ორგანოთა ზღვარგადასული უკანონო დამოკიდებულებით უარყოფით ქმედებად ჩაითვალა ზოგიერთი სუბიექტისათვის გაუგებარ ენაზე (სავარაუდოდ, მეგრულზე) მოსაზრებათა გადმოცემა; საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დებულების თანახმად: “ყველას აქვს უფლება თავისუფლად, ყოველგვარი დისკრიმინაციისა და ჩარევის გარეშე განავითარონ თავიანთი კულტურა, ისარგებლონ დედაენით პირად ცხოვრებაში და საჯაროდ", “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის “ზ" ქვეპუნქტით დამატებით იქნა ლეგალიზებული საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის დებულებები _ რომ “ყველას, ადმინისტრაციული ორგანოს გარდა, აქვს გამოხატვის თავისუფლება (ე.ი. მისი უფლება), რაც გულისხმობს ნებისმიერ ენაზე მეტყველებას, ნებისმიერი დამწერლობის გამოყენების უფლებას". მაშასადამე, კასატორის მითითებით, კონსტიტუციით და კანონებით გარანტირებული და დაცული მისი უფლებები ეთნიკურ-ენობრივი ნიშნების გამოვლენაზე, მის მიმართ უკანონოდ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე, ხელისუფლების ორგანოთა მიერ უკანონოდ გამოყენებული იქნა მისი კანონიერი უფლების წინააღმდეგ, რომელთა დაკავშირებითაც გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი ინტერესები, კანონთა წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპიდან _ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 44-ე მუხლების დებულებებიდან გამომდინარე, ის აღიარებულ უნდა იქნეს ეთნიკურ-ენობრივი ნიშნით დისკრიმინაციის, ანუ რასიზმის, მოცემულ შემთხვევაში რასიზმის ქართული ვარიანტის (ანუ სახესხვაობის) მსხვერპლად, რისი დადგენაც, კასატორის აღნიშვნით, შესაძლებელი იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერაც. მოცემული ფაქტობრივი გარემოება მთლიანად აკმაყოფილებდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით აღიარებული სარჩელის აღძვრისათვის საჭირო პირობებს _ ჰქონდეს კანონიერი ინტერესი (მოთხოვნილება) უკანონოდ დარღვეული უფლების აღდგენაზე აღიარებითი სარჩელით.
კასატორის მითითებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან დასტურდება, რომ მისთვის ცნობილი არ იყო სისხლის სამართლის საქმეთა მასალები, ე.ი. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა მხრიდან უსამართლო მოპყრობის შედეგად იქცა ხელისუფლების დანაშაულებათა და ბოროტად გამოყენების მსხვერპლად, რომელთა დაკავშირებითაც გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი ინტერესები, კანონის წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპიდან _ საქართველოს კონსტიტუციის მე-7, მე-14, 44-ე და 45-ე მუხლების დებულებებიდან გამომდინარე.
კასატორი ასევე აღნიშავდა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოში, ანუ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას ზედამხედველობს საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის თანახმად, სახალხო დამცველი ვალდებულია, შეასრულოს კანონმდებლობა და კონსტიტუცია, არ დაარღვიოს ადამიანის უფლებები.
კასატორის მითითებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს არ განუხილავს და არ შეუფასებია სრულად, ყოველმხრივად და ობიექტურად სახელმწიფო ხელისუფლების დანაშაულებათა და ხელისუფლების ბოროტად გამოყენების, სისტემატიური დისკრიმინაციის დამადასტურებელი, ისევ ხელისუფლების ორგანოთა მიერ შექმნილი მტკიცებულებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. ე-ა ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივლისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, ნ. ე-ას საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ნ. ე-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ნ. ე-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. უარი ეთქვას ნ. ე-ას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.