ბს-835-797(კ-07) 5 თებერვალი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, მაია ვაჩაძე
სხდომის მდივანი _ გ. ილინა
კასატორი (მოპასუხე) _ ქ. ქუთაისის მერია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ გ. შ-ე
მესამე პირი _ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, მ. გ-ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2007 წლის 22 თებერვალს გ. შ-ემ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ქუთაისის მერიის მიმართ და მოითხოვა ქუთაისის მერის 2007 წლის 1 თებერვლის ¹კ-537 ბრძანების ბათილად ცნობა, ...... სახელობის ქუთაისის სამეცნიერო-უნივერსალური ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობაზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება საშტატო განრიგით განსაზღვრული განაკვეთის გათვალისწინებით, შემდეგი საფუძვლით:
მოსარჩელის მითითებით, 2002 წლის 1 ნოემბერს დაინიშნა ...... სახელობის ქუთაისის სამეცნიერო-უნივერსალური ბიბლიოთეკის დირექტორად და ქუთაისის მერის 2002 წლის 1 ნოემბრის ¹კ-208 განკარგულებით განისაზღვრა შრომითი ურთიერთობის უვადოდ არსებობა.
2007 წლის 2 თებერვალს გ. შ-ეს ჩაჰბარდა 1 თებერვლის ¹კ-537 ბრძანება დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, რაც მოსარჩელემ მიიჩნია არამართლზომიერად, რადგან ბრძანებაში არ არის მითითებული გათავისუფლების საფუძველი. სადავო ბრძანებაში მითითებულია შრომის კოდექსის 37-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტი, რომელიც ითვალისწინებს შრომითი ხელშეკრულების მოშლას ერთ-ერთი მხარის ინიციატივით (იხ.ს.ფ.1-2).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 5 მარტის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაერთო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო და მ. გ-ა (იხ.ს.ფ.26).
გ. შ-ის სარჩელი არ ცნო მოპასუხე ქუთაისის მერიამ და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.
მოპასუხის მითითებით, ქუთაისის მერის 2007 წლის 1 თებერვლის ¹კ-537 ბრძანების საფუძველზე გ. შ-ეს შეუწყდა შრომითი ურთიერთობა, დამსაქმებლის ინიციატივით შრომის ხელშეკრულების მოშლის საფუძველზე. მითითებული ბრძანების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა შრომის კოდექსის 37.1 მუხლის ,,დ” ქვეპუნქტი და 38.3 მუხლი. მოპასუხის მოსაზრებით, ვინაიდან ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობა არ წარმოადგენს საჯარო მოხელის თანამდებობას და მასზე არ ვრცელდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მოთხოვნები, ქუთაისის მერს არ გამოუყენებია კონკრეტული დისციპლინური ან ადმინისტრაციული გადაცდომა, ხოლო შრომის კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმები არ ადგენს რაიმე ვალდებულებას დამსაქმებლისათვის აქტის ფაქტობრივი გარემოებებით დასაბუთებასთან დაკავშირებით.
მოპასუხის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში დაცულია ,,საბიბლიოთეკო საქმის შესახებ” კანონის 22-ე მუხლის მოთხოვნები და გ. შ-თან შრომითი ურთიერთობის მოშლა მოხდა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით (იხ.ს.ფ. 34).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით გ. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ ქუთაისის მერის 2002 წლის 1 ნოემბრის ¹208 განკარგულებით გ. შ-ე დაინიშნა .... სახელობის ქუთაისის სამეცნიერო-უნივერსალური ბიბლიოთეკის დირექტორად. ქუთაისის მერის 2007 წლის 1 თებერვლის ¹537 ბრძანებით ..... სახელობის ქუთაისის სამეცნიერო უნივერსალური ბიბლიოთეკის დირექტორ გ. შ-თან შეწყდა განუსაზღვრელი ვადით დადებული შრომითი ურთიერთობა ხელშეკრულების მოშლის საფუძვლით.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, მხარეებს შორის სადავო არ გამხდარა ის გარემოება, რომ გ. შ-ე არ წარმოადგენს საჯარო მოხელეს, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” და ,,დ” ქვეპუნქტების მიხედვით, ქუთაისის მერის 2007 წლის 1 თებერვლის ბრძანება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნის, კერძოდ, ,,საბიბლიოთეკო საქმის შესახებ” კანონის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნის დაცვით, რომლის თანახმად, ქალაქის რაიონის მთავარი ბიბლიოთეკების ხელმძღვანელს ნიშნავენ (ათავისუფლებენ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საქართველოს კულტურის მინისტრთან შეთანხმებით. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის 2007 წლის 30 იანვრის წერილის თანახმად, მინისტრის პირველი მოადგილე დაეთანხმა ქალაქ ქუთაისის მერის კანდიდატურას, ქ. ქუთაისის ...... სახელობის სამეცნიერო-უნივერსალური ბიბლიოთეკის დირექტორად მ. გ-ას დანიშვნისა და ამავე თანამდებობიდან გ. შ-ის გათავისუფლებას, შრომის ხელშეკრულების მოშლის საფუძველზე.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქუთაისის მერის 2007 წლის 1 თებერვლის ბრძანების მომზადებისა და გამოცემისას კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა, რაც მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია. ბრძანების ბათილობის საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა მისი წინააღმდეგობა კანონთან, კერძოდ, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის ,დ” ქვეპუნქტთან, რომელიც, მოსარჩელის აზრით, არ გულისხმობს შრომის ხელშეკრულების მოშლას რაიმე მოტივის ან საფუძვლის მითითების გარეშე.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითებული მსჯელობა და აღნიშნა, რომ შრომის კოდექსის 38-ე მუხლი, ცალკე, სპეციალურად განამტკიცებს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ისეთ საფუძველს, როგორიცაა შრომითი ხელშეკრულების მოშლა და აღნიშნულისათვის რაიმე საფუძვლის მითითებას იგი არ ითვალისწინებს. ის გარემოება, რომ შრომის კოდექსის 37-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძვლად განამტკიცებს შრომითი ხელშეკრულების მოშლას, თავისთავად, ალოგიკურს ხდის მოსარჩელის მტკიცებას იმის შესახებ, რომ შრომითი ხელშეკრულების მოშლა მასთან მოხდა რაიმე საფუძვლის გარეშე. აღნიშნული, ასევე ადასტურებს მოსარჩელის მსჯელობის მცდარობას განსახილველ ურთიერთობაზე სამოქალაქო კოდექსის იმ ნორმების გამოყენების თაობაზე, რომლებიც განამტკიცებს ხელშეკრულებითი ურთიერთობების შეწყვეტის საფუძვლებს. შრომის კოდექსის 37-ე მუხლი შეიცავს შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს და ასეთ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნორმების გამოყენება საჭიროებას მოკლებულია.
საქალაქო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ შრომითი ხელშეკრულების მოშლის საფუძვლად გამოყენებული უნდა იქნეს სამოქალაქო კოდექსით განმტკიცებული, ხელშეკრულების შეწყვეტის რომელიმე საფუძველი, რამეთუ ხელშეკრულების მოშლა თავად წარმოადგენს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს და როგორც ზემოთ აღინიშნა, შრომის კოდექსის 37-ე მუხლი სამოქალაქო კოდექსის ნორმების გამოყენების გარეშეც ამომწურავად ითვალისწინებს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს.
საქალაქო სასამართლო არ დაეთანხმა მოსაზრებას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე შრომითი ხელშეკრულების მოშლის შესახებ, ასევე მოსარჩელის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ თითქოსდა მოქმედი კანონმდებლობა და მათ შორის, სამოქალაქო კოდექსი არ ითვალისწინებს რაიმე მოტივისა თუ საფუძვლის გარეშე ხელშეკრულების მოშლას. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ხელშეკრულების მოშლას, როგორც გარკვეული პირობებისა და საფუძვლის გათვალისწინებით, ისე მათ გარეშეც, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 542-ე მუხლი ითვალისწინებს საცხოვრებელი ან ადამიანთა სადგომად გათვალისწინებულ სხვა სადგომზე გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულების მოშლას, თუ საცხოვრებელი ან სადგომი ისეთ მდგომარეობაშია, რომ იგი საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას; ქირავნობის ხელშეკრულების შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსის 557-ე მუხლი ითვალისწინებს ქირავნობის ხელშეკრულების ვადამდე მოშლის ისეთ საფუძველს, როგორიცაა, გამქირავებლის გაფრთხილების მიუხედავად, დამქირავებლის მიერ გაქირავებული ნივთის დაზიანება; სამოქალაქო კოდექსის 558-ე მუხლით განმტკიცებულია ქირავნობის ხელშეკრულების ვადამდე მოშლის ისეთი საფუძველი, როგორიცაა დამქირავებლის მიერ სამი თვის ქირის გადაუხდელობა; სამოქალაქო კოდექსის 571-ე და 590-ე მუხლების დისპოზიციებით განსაზღვრულია ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების მოშლის ისეთი საფუძველი, როგორიცაა დამქირავებლისა და მოიჯარის გარდაცვალება, მაგრამ სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ხელშეკრულების ვადამდე მოშლას რაიმე მოტივის ან საფუძვლის გარეშეც, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 555-ე მუხლი საცხოვრებელი სადგომის დამქირავებელს უფლებას ანიჭებს, ვადამდე მოშალოს ხელშეკრულება ყოველგვარი მოტივისა თუ საფუძვლის გარეშე, თუმცა ამგვარი ხელშეკრულების უმოტივაციო მოშლისათვის კანონმდებელი ადგენს გარკვეულ წესს, პირობას, რაც გამოიხატება დამქირავებლის მიერ, გამქირავებლისათვის სხვა გადახდისუნარიანი და მისაღები დამქირავებლის შეთავაზებაში; ყოველგვარი საფუძვლისა და მოტივის გარეშე, მაგრამ გარკვეული პირობის დაცვით, ხელშეკრულების მოშლის შესაძლებლობას განამტკიცებს სკ-ის 570-ე და 582-ე მუხლები, როცა ქირავნობის ან იჯარის ხელშეკრულებები ათ წელზე მეტი ვადითაა დადებული. ასეთ შემთხვევაში, კანონმდებელი ხელშეკრულების მოშლისათვის აწესებს მხოლოდ ხსენებული ათი წლის გასვლის აუცილებლობას, რომლის შემდეგაც ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ ყოველგვარი მოტივაციისა თუ საფუძვლის მითითების გარეშე, განუცხადონ ერთმანეთს ხელშეკრულების მოშლის თაობაზე. ანალოგიური შინაარსისაა სამოქალაქო კოდექსის 589-ე მუხლიც, რომელიც იჯარის ხელშეკრულების უმოტივაციო მოშლის აუცილებელ პირობად აწესებს ბოლო საიჯარო წლის დადგომას.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, შრომითი ხელშეკრულების უმოტივაციო მოშლის შესაძლებლობის შესახებ მოყვანილ სამოქალაქო ნორმებთან დაკავშირებით, სასამართლო აცნობიერებს იმ სპეციფიკურ განსხვავებას, რაც არსებობს ქირავნობისა თუ იჯარის და ადამიანის ისეთ ძირითად და კონსტიტუციით განმტკიცებულ უფლებას შორის, როგორიცაა შრომის უფლება, მაგრამ, სასამართლოს აზრით, აღნიშნული განსხვავება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს შრომის უფლების დასაცავად, ხელშეკრულების თითოეული მხარისათვის კანონის სხვადასხვაგვარად განმარტებას, რამეთუ შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით და რადგან, ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ამგვარი შეთანხმება შეიძლება დაიდოს წერილობითი ხელშეკრულების ფორმით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული შრომის უფლების დაცვის გარანტი, დასაქმებულისათვის უნდა იყოს სწორედ ხელშეკრულება, რომლითაც, სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ დაადგინონ შრომის ხელშეკრულების მოშლისათვის გარკვეული მოტივისა თუ საფუძვლის აუცილებლობა.
ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქუთაისის მერს, ყოველგვარი საფუძვლის გარეშეც შეეძლო მოეშალა მოსარჩელესთან დადებული შრომის ხელშეკრულება, ისევე, როგორც თავად გ. შ-აც შეეძლო წარედგინა მხოლოდ განცხადება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, ყოველგვარი მოტივისა თუ საფუძვლის მითითების გარეშე (იხ. ს.ფ. 39-41).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. შ-ემ და მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შემდეგი მოტივით:
აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, არ წარმოადგენს საქმის მასალების ობიექტური ანალიზის შედეგს. სადავო ბრძანება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია და იგი აუცილებლად უნდა იქნეს დასაბუთებული.
აპელანტმა არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ რადგან მოსარჩელე არ წარმოადგენდა საჯარო მოხელეს, საჭირო არ იყო ადმინისტრაციული აქტის დასაბუთება. აპელანტმა ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია საქალაქო სასამართლოს მსჯელობა ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულების მოშლის პრინციპებთან შრომითი ხელშეკრულების მოშლის გაიგივების შესახებ, რადგან იჯარის თუ ქირავნობის ხელშეკრულების მოშლას არ სჭირდება ადმინისტრაციული აქტის მიღება, შრომითი ხელშეკრულების მოშლისას აუცილებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, რომელიც დასაბუთებული უნდა იყოს (იხ. ს.ფ. 46-47).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით გ. შ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის მერის 2007 წლის 1 თებერვლის ¹531 “კ” ბრძანება და ქუთაისის მერიას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით; გ. შ-ეს აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური შტატით გათვალისწინებული სახელფასო განაკვეთის შესაბამისად, გათავისუფლებიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული დავა წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას, რომლის დროსაც გ. შ-ის, როგორც ქუთაისის ...... სახელობის სამეცნიერო უნივერსალური ბიბლიოთეკის დირექტორის, სამუშაოდან გათავისუფლების საკითხი უნდა მოწესრიგდეს “საბიბლიოთეკო საქმიანობის შესახებ”, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონებითა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმათა შესაბამისად.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ..... სახელობის სამეცნიერო უნივერსალური ბიბლიოთეკა წარმოადგენს სახელმწიფო დაწესებულებას, მთლიანად ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან, მაგრამ არ არის ჩამოყალიბებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,სახაზინო დაწესებულება არის სახელმწიფო ბიუჯეტის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის სახსრებზე შექმნილი და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, რომლის ძირითადი ამოცანაა საჯარო უფლებამოსილების განხორციელება. სამეცნიერო უნივერსალური ბიბლიოთეკა ახორციელებს საჯარო უფლებამოსილებას განათლების სფეროში, რაზეც მიუთითებს ,,საბიბლიოთეკო საქმინობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლი, რომლითაც განსაზღვრულია საბიბლიოთეკო მომსახურების ძირითადი ამოცანა. ამავე კანონის მე-4 მუხლით დადგენილია სახელმწიფოს როლი საბიბლიოთეკო მომსახურების უზრუნველყოფის საქმეში. 4.1 მუხლით სახელმწიფო არის ბიბლიოთეკების ფუნქციონირების ძირითადი პრინციპებისა და ამ კანონით გათვალისწინებული უფლებების დაცვის გარანტი. იგი არ ერევა ბიბლიოთეკების პროფესიულ საქმიანობაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საბიბლიოთეკო საქმიანობის სახელმწიფოებრივი უზრუნველყოფა განპირობებულია სწორედ იმ ფაქტორით, რომ ეს დაწესებულება არის სახელმწიფოებრივი საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი სუბიექტი ისეთ მნიშვნელოვან სფეროში, როგორიცაა განათლება, კულტურა, რათა გარანტირებულ იქნეს მოსახლეობის სწრაფი და სრული ინფორმაციული უზრუნველყოფა მათი შემოქმედებითი განვითარებისათვის, სხვადასხვა პროფილის დოკუმენტების შეგროვების დაცვა და ამ დოკუმენტებით არა მხოლოდ ქვეყნის მოსახლეობის, არამედ ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოსახლეობის მომსახურება საერთაშორისო წიგნთგაცვლების მეშვეობით, ბავშვთა და მოზარდთა განვითარების მიზნით, სპეციალური საბავშვო ფონდების შექმნით, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესების შემდგომი განვითარება და სრულყოფა.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული მიზნით არის განპირობებული კანონის 4.3 ,,დ” მუხლით განსაზღვრული საბიბლიოთეკო საქმიანობის განვითარებისა და მისი ფინანსური მხარდაჭერის შესაბამისი საგადასახადო და საკრედიტო პოლიტიკის გატარების სახელმწიფოებრივი უზრუნველყოფა. კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრულია საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემა, რომელიც მოიცავს სახელმწიფო და არასახელმწიფო, ადგილობრივი და საუწყებო ბიბლიოთეკების ქსელებს. სისტემაში შედის ეროვნული სამეცნიერო-ტექნიკური, სამეცნიერო-სასწავლო, მასობრივი-საბავშვო-სასკოლო და სპეციალიზებული ბიბლიოთეკები. ...... სახელობის ქუთაისის სამეცნიერო-უნივერსალური ბიბოლიოთეკა არის ხსენებული ნორმით გათვალისწინებული საბიბლიოთეკო სისტემის ნაწილი, იგი არ არის ჩამოყალიბებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირად, მაგრამ წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებაზე მყოფ სამეცნიერო უნივერსალურ ბიბლიოთეკას. მე-13 მუხლით სახელმწიფო საბიბლიოთეკო ქსელი იქმნება ტერიტორიული და უწყებრივი პრინციპით. ქუთაისის სახელმწიფო სამეცნიერო უნივერსალური ბიბლიოთეკა არის ტერიტორიული პრინციპით შექმნილი სახელმწიფო საბიბლიოთეკო ქსელის ნაწილი. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, იგი აკმაყოფილებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 2.1 მუხლით სახაზინო დაწესებულებისათვის აუცილებელ პირობებს და შესაბამისად, ასეთად უნდა იქნეს მიჩნეული. იმავე კანონის 6.1 მუხლით მოხელე არის პირი, რომელიც ინიშნება ან აირჩევა სახაზინო დაწესებულების საშტატო თანამდებობაზე. გ. შ-ე ქუთაისის მერის 2002 წლის 1 ნოემბრის განკარგულებით დაინიშნა სახელმწიფო სამეცნიერო-უნივერსალური ბიბლიოთეკის დირექტორად.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, “საბიბლიოთეკო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი ნაწილით ქალაქის რაიონის მთავარი ბიბლიოთეკების ხელმძღვანელებს ნიშნავენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები საქართველოს კულტურის მინისტრთან შეთანხმებით. ,,საბიბლიოთეკო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის 11.1 მუხლით ბიბლიოთეკის თანამშრომელთა შრომითი ურთიერთობა რეგულირდება შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აღნიშნული ნორმების შინაარსი ერთობლივად ქმნის საფუძველს იმგვარი დასკვნისათვის, რომ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის (დირექტორის) სამუშაოდან გათავისუფლების კანონშესაბამისობის საკითხი უნდა მოწესრიგდეს არა შრომითი, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობის ,,საბიბლიოთეკო საქმიანობის შესახებ”, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონებითა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქუთაისის მერის 2007 წლის 1 თებერვლის ბრძანება გ. შ-ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ შრომის კოდექსის 37-ე მუხლის საფუძველზე, ყოველგვარი მოტივის გარეშე, კანონშეუსაბამოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის სპეციალური ნორმები განსაზღვრავს მოხელის სამუშაოდან გათავისუფლების წესსა და საფუძვლებს. ამ კანონის მე-14 მუხლით დასაშვებია შრომის კანონმდებლობის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საჯარო სამსახურთან დაკავშირებული სადავო სამართალურთიერთობა არ არის რეგულირებული ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონით. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი ამ შემთხვევაში წარმოადგენს სპეციალურ კანონს, რომლის მე-10 თავი განსაზღვრავს მოხელის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლებსა და წესს. სწორედ აღნიშნული საფუძვლიდან ერთ-ერთის არსებობის შემთხვევაში დაიშვება მოხელის გათავისუფლება. ქუთაისის მერის მიერ გამოცემულ აქტში არ არის მითითებული ასეთ საფუძველზე.
შრომის კოდექსის 37-ე მუხლი განსაზღვრავს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას შრომითი ხელშეკრულების მოშლის საფუძველზე. დამსაქმებელი ამ საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას, ვალდებულია, განსაზღვროს ფაქტობრივი გარემოებები, რაც გახდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი. მით უმეტეს, რომ ამ საკითხების გარკვევა სავალდებულოა, როდესაც ხდება საჯარო მოხელის სამუშაოდან გათავისუფლება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ქუთაისის მერიის წარმომადგენლის განმარტებით, მისთვის უცნობია ბიბლიოთეკის დირექტორის სამუშაოდან გათავისუფლების ფაქტობრივი საფუძველი. საქმის მასალებში წარმოდგენილია მადლობის წერილები და დიპლომები, რომლებიც გ. შ-ის წარმატებულ საქმიანობაზე მიუთითებს და აღნიშნული ცნობილია ქუთაისის მერიისათვის. ამ გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქუთაისის მერმა ისე გამოსცა 2007 წლის 1 თებერვლის ¹537 ,,კ” ბრძანება, რომ მას არ შეუსწავლია სრულყოფილად საქმისათვის მნიშვნელობის მონე გარემოებები, არ გამოურკვევია რა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არსებობდა დირექტორის გათავისუფლებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს, განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მიეცა საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. ამავე კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილით ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით. 96.1 მუხლით ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების, ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. ქუთაისის მერიამ საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევით უნდა გადაწყვიტოს არსებობდა თუ არა ქუთაისის სამეცნიერო უნივერსალური ბიბლიოთეკის დირექტორის _ გ. შ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების კანონით გათვალისწინებული საფუძველი და გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ. შ-ის დასაქმების საკითხის გადასაწყვეტად. ამასთან, აუნაზღაუროს უკანონოდ გათავისუფლებულს იძულებითი განაცდური, თანახმად ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37.1 მუხლისა (იხ. ს.ფ. 122-129).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ქუთაისის მერიამ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და გ. შ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივით:
ქ. ქუთაისის მერის 2007 წლის 1 თებერვლის სადავო ¹527 ბრძანების ,,კ” საფუძველზე ..... სახელობის ქუთაისის სამეცნიერო უნივერსალური ბიბლიოთეკის დირექტორთან გ. შ-თან შეწყდა განუსაზღვრელი ვადით დადებული შრომითი ურთიერთობა, დამსაქმებლის ინიციატივით, შრომის ხელშეკრულების მოშლის საფუძველზე. შესაბამისი ბრძანების გამოცემის სამართლებრივი საფუძველი გახლდათ შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტი და 38-ე მუხლის მე-2 პუნქტი. ვინაიდან ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობა არ წარმოადგენს საჯარო მოხელის თანამდებობას და მასზე არ ვრცელდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ”, საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები.
,,საჯარო სამსახურის შესახებ”, საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი იმპერატიულად განსაზღვრავს იმ ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებს, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად: ა) საკრებულო; ბ) გამგეობა-მერია; გ) მუნიციპალიტეტები, ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლით საჯარო მოსამსახურე არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ეწევა ანაზღაურებად საქმიანობას სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში, ,,საბიბლიოთეკო საქმიანობის შესახებ”, საქართველოს კანონის 11.1 მუხლით ბიბლიოთეკის თანამშრომელთა შრომითი ურთიერთობა რეგულირდება შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამდენად, მერს სრული სამართლებრივი უფლებამოსილება ჰქონდა, სადავო აქტის გამოცემისას გამოეყენებინა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტი და 38-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომელთა გათვალისწინებითაც არანაირი ვალდებულება აქტის გამოცემისას ფაქტობრივი გარემოებების დასაბუთებისათვის დამსაქმებელს არ წარმოეშობა, რაც სააპელაციო სასამართლომ კანონშეუსაბამოდ ჩათვალა. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით, პირი, რომელიც სამსახურებრივ ურთიერთობაშია ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულთან, არის ადგილობრივი თვითმართველობის მოსამსახურე და არა საჯარო მოხელე, როგორც სააპელაციო სასამართლო უთითებს თავის გადაწყვეტილებაში, შესაბამისად არამართებულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 6.1 პუნქტის გამოყენება, რამეთუ თავად ამავე კანონის 6.2 პუნქტი განსაზღვრავს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებს. გასათვალისწინებელია ის გარემეობა, რომ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 ივლისის ¹131 დადგენილებითა და ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 67-ე მუხლის 1.2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე ქ. ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 31 ივლისის ¹58 განკარგულებით ლიკვიდირებულია ..... სახელობის ქ. ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკა და შეიქმნა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ...... სახელობის ქ. ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკა. ამდენად, არ არსებობს ის სტრუქტურული ერთეული, რომელშიც მუშაობდა მოსარჩელე, ხოლო შრომის კოდექსი და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი, არ ითვალისწინებს ტოლფასს და მსგავს თანამდებობაზე მუშაკის აღდგენის შესაძლებლობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაბუთებულობა-საფუძვლიანობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. ქუთაისის მერიის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეული არ არის სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, საპროცესო ნორმები არ დარღვეულა, სწორი შეფასება მიეცა საქმის მასალებს და დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ქ. ქუთაისის მერიის მიერ სსსკ-ის 407.2. მუხლის საფუძველზე წარმოდგენილი არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ ქალაქ ქუთაისის მერის 2002 წლის 1 ნოემბრის ¹208 განკარგულებით გ. შ-ე დაინიშნა ..... სახელობის ქუთაისის სამეცნიერო-უნივერსალური ბიბლიოთეკის დირექტორად, ხოლო ქუთაისის მერის 2007 წლის 1 თებერვლის ¹537 ბრძანებით ..... სახელობის ქუთაისის სამეცნიერო უნივერსალური ბიბლიოთეკის დირექტორ გ. შ-თან შეწყდა განუსაზღვრელი ვადით დადებული შრომითი ურთიერთობა ხელშეკრულების მოშლის საფუძვლით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი დასკვნა ჩამოაყალიბა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უკანონობის თაობაზე, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დავის საგანს მიიჩნია რა, რომ სადავო განკარგულება არ შეესაბამებოდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და “საბიბლიოთეკო საქმის შესახებ” კანონის მოთხოვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ გ. შ-ე, როგორც ბიბლიოთეკის დირექტორი, წარმოადგენდა საჯარო მოხელეს და შესაბამისად, მისი გათავისუფლების დროს ადმინისტრაციის მიერ გამოყენებული უნდა ყოფილიყო “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონით დადგენილი ნორმები და პროცედურა, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 1.1 მუხლის საფუძველზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო სამსახურის ცნებას, განმარტავს, რომ საჯარო სამსახური (შემდგომ სამსახური) არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში, ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლი ადგენს საჯარო მოსამსახურის ცნებას, რომლის თანახმად, საჯარო მოსამსახურეს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით და დაკავებული თანამდებობის შესაბამისად ეწევა ანაზღაურებად საქმიანობას სახელმწიფო ან ადგილობრივ თვითმმართველობის დაწესებულებაში.
საკასაციო სასამართლო “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 2.1 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება (შემდგომ დაწესებულება) არის სახელმწიფო ბიუჯეტის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის სახსრებზე შექმნილი და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, რომლის ძირითად ამოცანას საჯარო ხელისუფლების განხორციელება წარმოადგენს, ხოლო ამავე კანონის მე-2 მუხლი ადგენს და განსაზღვრავს იმ დაწესებულებათა ჩამონათვალს, რომელშიც საქმიანობაც ითვლება საჯარო საქმიანობად, ხოლო ..... სახელობის ქუთაისის სამეცნიერო უნივერსალური ბიბლიოთეკის დირექტორი /იმ პირობებში, როცა ეს უკანასკნელი, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს არ წარმოადგენს/ ვერ მიიჩნევა საჯარო მოსამსახურედ.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გ. შ-ის, როგორც ..... სახელობის ქუთაისის სამეცნიერო უნივერსალური ბიბლიოთეკის დირექტორის, თანამდებობიდან გათავისუფლების დროს დაუშვებელი იყო “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის დებულებების გამოყენება, რამდენადაც ეს უკანასკნელი არ წარმოადგენს მითითებული კანონის მოქმედების სუბიექტს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელმა განსაზღვრა რა საჯარო მოხელის სტატუსი, ზუსტად და მკაფიოდ ჩამოაყალიბა ის საფუძვლები, რომელთა არსებობის პირობებში ეს უკანასკნელი იძენს ამგვარ სტატუსს. შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით კერძოსამართლებრივ ურთიერთობას წარმოადგენს, მაგრამ იმავდროულად, კანონმდებლმა საჯარო შრომითსამართლებრივი ურთიერთობა მოაწესრიგა საჯარო შრომით-სამართლებრივი ნორმატიული აქტით _ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონით. სწორედ მითითებული საკანონმდებლო აქტით ხდება საჯარო მოხელისათვის საჯაროსამართლებრივი კომპეტენციის გადაცემა და შესაბამისად, იმ შეღავათების მინიჭება და გარანტიებით აღჭურვა, რაც კანონით გათვალისწინებულია საჯარო მოხელისათვის. ამასთან, პირის დაკავებული თანამდებობის, საქმიანობის სპეციფიკისა და თვისობრივი დატვირთვის გამო საჯარო მოხელესთან გაიგივება, იმ პირობებში, როცა ის “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-2 მუხლში რეგლამენტირებულ საჯარო სამსახურის განმარტების ლეგალურ დეფინიციაში არ თავსდება, დაუშვებელია.
საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის ბრძანებულებით დამტკიცებული “საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრით” განსაზღვრულია საჯარო თანამდებობათა ნუსხა, საჯარო მოხელეების რანგირება, რაც საჯარო მოხელეთათვის კიდევ ერთი ნორმატიული დადასტურებაა სტატუსთან მიმართებაში. ბიბლიოთეკის დირექტორი, როგორც საჯარო მოსამსახურე, აღნიშნულ რეესტრში არ ფიქსირდება, შესაბამისად, მითითებული თანამდებობა ვერ იქნება განხილული საჯარო სამსახურად.
საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ გ. შ-ე არ წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს, რამდენადაც ის არ აკმაყოფილებდა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონით ამგვარ სუბიექტად მიჩნევისათვის დადგენილ პირობას, თუმცა ..... სახელობის ქუთაისის სამეცნიერო უნივერსალური ბიბლიოთეკა წარმოადგენს საჯარო დაწესებულებას, რაც სწორად იქნა შეფასებული სააპელაციო სასამართლოს მიერ “საბიბლიოთეკო საქმის შესახებ” კანონის სწორი განმარტების საფუძველზე, რასაც სრულად იზიარებს საკასაციო სასამართლო.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის ..... სახელობის სამეცნიერო-უნივერსალური ბიბოლიოთეკა არის საბიბლიოთეკო სისტემის ნაწილი, იგი არ არის ჩამოყალიბებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირად, მაგრამ წარმოადგენს საჯარო დაწესებულებას, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებასზე მყოფი იურიდიული პირი. შესაბამისად, ბიბილიოთეკის, როგორც საჯარო დაწესებულების დირექტორის თანამდებობა თავის თავში მოიცავს საჯარო ფუნქციის განხორციელებასაც, რამდენადაც სწორედ დირექტორის მიერ ხორციელდება საჯარო დაწესებულების _ ბიბლიოთეკის ორგანიზაციული ფუნქციის განხორციელება-მართვა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქ. ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 31 ივლისის ¹58 განკარგულებით, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 ივლისის ¹131 დადგენილებითა და ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 67-ე მუხლის 1.2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე ლიკვიდირებულია ..... სახელობის ქ. ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკა და შეიქმნა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ..... სახელობის ქ. ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკა, თუმცა ...... სახელობის ქ. ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკა, როგორც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი დღევანდელი მდგომარეობითაც რჩება საჯარო ფუნქციის განმხორციელებელ დაწესებულებად, რომლის საქმიანობაც საჯარო სამართლის ნორმატიული აქტით “საბიბლიოთეკო საქმის შესახებ” კანონით წესრიგდება. შესაბამისად, ბიბლიოთეკის დირექტორი, როგორც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძრვანელის თანამდებობა კვლავ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების უფლება-მოვალეობას ინარჩუნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასაციის მოტივს, რომ ..... სახელობის ქ. ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკა ლიკვიდირებულია, რამდენადაც კონკრეტულ შემთხვევაში ქ. ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 31 ივლისის ¹58 განკარგულების მე-3 პუნქტის თანახმად, ლიკვიდირდა ქ. ქუთაისის მუზეუმები და ბიბიოთეკები, თუმცა ამავე განკარგულების მე-5 პუნქტით განისაზღვრა, რომ ახლად დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები ჩაითვალა იმ დაწესებულებების უფლებამონაცვლედ, რომელთა ბაზაზეც დაფუძნდა აღნიშნული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაწესებულების ლიკვიდაცია წარმოადგენს სტრუქტურულ ცვლილებას, რომლითაც დაწესებულება როგორც სუბიექტი, წყვეტს საქმიანობას, აღარ განაგრძობს ფუნქციონირებას და მისი უფლებები და მოვალეობები სხვა სუბიექტს არ გადაეცემა. ამასთან, ლიკვიდაცია თავისი არსით დაუშვებლად მიიჩნევს უფლებამონაცვლეობას. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ..... სახელობის ქ. ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკამ განიცადა რეორგანიზაცია რა დროსაც ის გარდაიქმნა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად და მასზე, როგორც უფლებამონაცვლეზე, გადავიდა ..... სახელობის ქ. ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკის უფლება-მოვალეობები.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა გ. შ-ის სტატუსს მიიჩნია რა საჯარო მოხელედ და შესაბამისად მისი სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერება შეაფასა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის ნორმებთან შესაბამისობაში, სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა და შესაბამისად არ არსებობს აღნიშნული გარემოების გამო სააპელაციო სასამართლოს გასაჩირებული გადაწყვეტილების გაუქმების არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გ. შ-ე ..... სახელობის ქუთაისის სამეცნიერო უნივერსალური ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა და გათავისუფლდა ქ. ქუთაისის მერიის განკარგულების (ბრძანების) _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ხოლო მისი სამსახურში დანიშვნის საფუძველს წარმოადგენდა “საბიბლიოთეკო საქმის შესახებ” კანონის 22.1. მუხლი, რამდენადაც მითითებული ნორმის თანახმად ქალაქის, რაიონის მთავარი ბიბლიოთეკის ხელმძღვანელებს ნიშნავენ (ათავისუფლებენ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები საქართველოს კულტურის მინისტრთან შეთანხმებით.
ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსის საფუძველზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გ. შ-ე, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის _ ქ. ქუთაისის მერიის ბრძანების საფუძველზე. მართალია ეს უკანასკნელი, არ წარმოადგენს საჯარო მოსამსახურეს, თუმცა მისი გათავისუფლების დროს დაუშვებელი იყო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხოლოდ კერძო სამართლის ნორმატიული აქტის _ შრომის კანონთა კოდექსის გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულების (კონტრაქტის) ცალმხრივი შეწყვეტის მომწესრიგებელი ნორმის გამოყენება, რამდენადაც მისი გათავისუფლების საკითხი, როგორც საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელისა, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხილულ უნდა ყოფილიყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის განსაზღვრული პროცედურით, ადმინისტრაციული წარმოების გზით, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, ობიექტური და სრულყოფილი გამოკვლევის პრინციპის გათვალისწინებით. ამასთან, გათავისუფლების მატერიალური კანონიერების შეფასება, ადმინისტრაციულ ორგანოს ასევე უნდა განეხორციელებინა საჯარო სამართლის ნორმატიული აქტებით: ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და “საბიბლიოთეკო საქმის შესახებ” საქართველოს კანონის ნორმათა გამოყენებით.
საკასაციო სასამართლო მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე განმარტავს, რომ შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში უნდა გამოიყოს შემთხვევები, როცა პირი წარმოადგენს საჯარო მოსამსახურეს, მისი სამსახურში მიღება (დანიშვნა, არჩევა) ხდება ადმინისტრაციის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე და მისი გათავისუფლების კანონიერების შეფასება სასამართლოში სწორედ ამ საჯარო სამართლის ნორმატიულ აქტთან და ყოველ კონკრეტულ შემთხვევებში სპეციალური საჯარო სამართლის ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობაში უნდა განხორციელდეს; ასევე, პირი, რომელიც არ წარმოადგენს საჯარო მოსამსახურეს, მისი სამსახურში მიღება (დანიშვნა) ხდება შრომის კანონთა კოდექსის საფუძველზე და შესაბამისად სწორედ მითითებული კერძოსამართლებრივი ნორმატიული აქტი არეგულირებს მისი სამსახურში მიღებისა და გათავისუფლების პირობებს; ასევე, მესამე შემთხვევა, რაც კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა, კერძოდ პირი, არ წარმოადგენს საჯარო მოსამსახურეს, თუმცა მისი სამსახურში მიღება (დანიშვნა) ხდება ადმინისტრაციული ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე და ამდენად, მისი გათავისუფლების კანონიერების შეფასება სწორედ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პრინციპებთან შესაბამისობის შემოწმების შედეგად უნდა განხორციელდეს. ამდენად, ამგვარი სტატუსის მატარებელი პირის მხოლოდ შრომის კოდექსის ნორმების საფუძველზე გათავისუფლება, დაუშვებელია.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის მასალების თანახმად ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე შეწყვიტა გ. შ-თან შრომითი ხელშეკრულება, რომ არ გამოუკვლევია და არ უმსჯელია, თუ რა წარმოადგენდა ამ უკანასკნელის სამსახურიდან გათავისუფლების მოტივს, საფუძველს, ადმინისტრაციამ ცალმხრივი ნების გამოვლენით ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შეწყვიტა კონტრაქტი დასაქმებულ მუშაკთან (მაშინ, როცა მხარეთა შორის შრომითი კონტრაქტი არ გაფორმებულა, არამედ გ. შ-ე თანამდებობაზე დაინიშნა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე), ამასთან, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე, რაც სრულიად კანონსაწინააღმდეგოა, რამდენადაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია, შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
მეტიც, მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მითითებით გ. შ-ის გათავისუფლების მოტივი უცნობია, თუმცა მიაჩნია, რომ ამგვარის მითითების ვალდებულება მას არ გააჩნდა, რაც სრულიად კანონსაწინააღმდეგოა, რამდენადაც წაყენებული ბრალდების (გათავისუფლების წინაპირობა, მოტივი) თაობაზე მოხელის წინასწარი ინფორმირების ინსტიტუტი რეგლამენტირებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლში, რომლის თანახმად, ყოველ ადამიანს მისი უფლება-მოვალეობის განსაზღვრისათვის და მისთვის წაყენებული ბრალდების საფუძვლიანობის დასადგენად, სრული თანასწორობის საფუძველზე, აქვს იმის უფლება, რომ მისი საქმე საქვეყნოდ და სამართლიანობის ყველა მოთხოვნის დაცვით გაარჩიოს დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა სასამართლომ (ეს ვალდებულება ვრცელდება ადმინისტრაციულ ორგანოზეც, რომელიც იხილავს კონკრეტული მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების საქმეს).
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ქ. ქუთაისის მერია გ. შ-თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პირობებში, აქტის გამოცემის შემთხვევაშიც, შეზღუდული იყო კანონის მოთხოვნის ფარგლებით, რამდენადაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია, ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ამასთან, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობიდან გამომდინარე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 7.2. მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ბრძანება გამოცემულია საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე და რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების დროს საქმის ფაქტობრივი გარემოებები არ იქნა მოკვლეული ჯეროვნად, შესაბამისად სამსახურებრივი მოკვლევა ჩატარებულია არასრულყოფილად. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება გ. შ-ის საქმიანობასთან დაკავშირებით. გაურკვეველია, იქნა თუ არა მოკვლეული საქმის მასალები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ასრულებდა თუ არა გ. შ-ე სამსახურებრივ მოვალეობას კეთილსინდისიერად, ჩატარდა თუ არა სამსახურებრივი მოკვლევა, მისცა თუ არა შეფასება ადმინისტრაციულმა ორგანომ გ. შ-ის გათვაისუფლებისას იმ მადლობის წერილებსა და სიგელებს, რომლებიც საქმეშია წარმოადგენილი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამ თუ იმ გადაწყვეტამდე, კერძოდ, სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით.
საკასაციო სასამართლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60I.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, ხოლო ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ბრძანებაში არ არის მითითებული მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების კონკრეტული გარემოებები, ფაქტები, რომელთა შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზეც მოხდა ბრძანების გამოცემა, რაც წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60I მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ არსებით დარღვევას, რაც გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველია, კერძოდ, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. აქტში არ არის ასახული, თუ კონკრეტულად, რა გახდა გ. შ-თან ყოველგვარი მოტივის გარეშე, ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძველი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1. მუხლის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული. კონკრეტულ შემთხვევაში, კანონმდებლობის აღნიშნული მოთხოვნები უგულებელყოფილ იქნა სადავო განკარგულების გამოცემისას, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, შეეფასებინა და ემსჯელა, არსებობდა თუ არა რეალურად მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი და კონკრეტულად, რის საფუძველზე შეუწყდა გ. შ-ეს შრომითი ურთიერთობა ადმინისტრაციულ ორგანოსთან.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სახეზეა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, კერძოდ, მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რამდენადაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, მათ შორის, გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი ისე, რომ არ შეაჯეროს და არ შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებანი, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება, გამოკვლეულ იქნა თუ არა ქ. ქუთაისის მერიის მიერ საქმის მასალები სრულყოფილად, ამასთან საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლის გამოყენების წინაპირობა, რამდენადაც სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, რაც სწორად იქნა შეფასებული სააპელაციო სასამართლოს მიერ.
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის გამო მოსარჩელისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობის თაობაზე, შესაბამისად, სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, არ არსებობს ქ. ქუთაისის მერიის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც არსებითად სწორი, ექვემდებარება უცვლელად დატოვებას.
საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე მიაჩნია, რომ ქ. ქუთაისის მერიას სასამართლო ხარჯების სახით უნდა დაეკისროს 70 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე, 53-ე, 257-ე, 372-ე, 390-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. ქუთაისის მერიის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება;
3. ქ. ქუთაისის მერიას დაეკისროს სასამართლო ხარჯების სახით 70 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.