¹ბს-836-798(კ-07) 28 თებერვალი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე
ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი _ ქეთევან მაღრაძე
კასატორები (მოსარჩელეები): მ. ც-ე, თ. ლ-ე, ნ. ს-ე, ნ. ჭ-ე, წარმომადგენელი _ ი. დ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები): 1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა (ზესტაფონის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლე), წარმომადგენელი _ ე. ბ-ე; 2. ზესტაფონის რაიონის ადმინისტრაციული ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური
მესამე პირები: ე. ო-ე, ე. გ-ე, ტ. წ-ე, წარმომადგენელი _ ე. ტ-ე
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივნისის განჩინება
სარჩელის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება, მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 6 ოქტომბერს მ. ც-ემ, თ. ლ-ემ, ნ. ს-ემ, ე. ც-ემ, ნ. ჭ-ემ და ჯ. ც-ემ სარჩელი აღძრეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების _ ზესტაფონის რაიონის ადმინისტრაციული ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურისა და ზესტაფონის რაიონის გამგეობის მიმართ, ხოლო მესამე პირებად მიუთითეს ე. გ-ზე, ე. ო-ესა და ტ. წ-ზე.
მოსარჩელეთა განმარტებით, 2006 წლის 8 სექტემბერს ქ. ზესტაფონში ჩატარდა ღია ტიპის აუქციონი, რომელზეც გაიყიდა ...... ქ. ¹87-ში მდებარე კორპუსის მიმდებარედ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სამი ნაკვეთი, კერძოდ, ე. გ-ზე _ 22 კვ.მ, ე. ო-ზე _ 22 კვ.მ და ტ. წ-ზე _ 29 კვ.მ მიწის ნაკვეთები. აღნიშნული ფართი წარმოადგენდა მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლის ეზოს და იმავე სახლის მობინადრეთა საერთო თანასაკუთრებას. ხსენებული მიწის ნაკვეთების გაყიდვით შეილახა მათი კანონიერი უფლებები და ნორმალური საცხოვრებელი პირობები. მოსარჩელეთა სახლს სამი მხრიდან ესაზღვრებოდა ქუჩა და აღნიშნულ ადგილზე შეიძლებოდა, რომ მათ, როგორც სახლის მობინადრეებს, ეზო ჰქონოდათ. ხსენებული აუქციონის შესახებ მოსარჩელეთათვის მხოლოდ იმავე წლის 21 სექტემბერს გახდა ცნობილი. მანამდე კი, ერთ-ერთი მოპასუხის ხელმძღვანელი პირის, დ. ა-ას განმარტებიდან იცოდნენ, რომ თუ იქ მცხოვრებთაგან ერთი მაინც იქნებოდა წინააღმდეგი, აუქციონზე ამ მიწის ნაკვეთების გატანა არ მოხდებოდა.
მოსარჩელეთა მტკიცებით, მოპასუხეებმა დაარღვიეს არა მარტო მათი, არამედ მათ მოპირდაპირედ მდგარი სახლის მობინადრეთა ნორმალური საცხოვრებელი პირობები, ვინაიდან ამ ორ საცხოვრებელ სახლს შორის მანძილი მცირე იყო და ავტოფარეხები, რომლებისთვისაც ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთები გაიყიდა, მინიმუმ 10 მეტრით მაინც უნდა ყოფილიყო დაშორებული საცხოვრებელი სახლის ფასადებიდან და გვერდებიდან, ხსენებული მიწის ნაკვეთის გაყიდვა კი სწორედ ავტოფარეხების მშენებლობისათვის მოხდა, ვინაიდან ერთ-ერთ მყიდველთაგანს იმ ადგილას დროებით ედგა ავტოფარეხი და მოსარჩელეთა მოთხოვნისამებრ, უნდა აეღო იგი. აღნიშნულმა მყიდველმა ისე მიიღო მონაწილეობა აუქციონში, რომ ამის თაობაზე არც კი განუცხადებია, რადგან იცოდა, რომ მოსარჩელეები მისი წინააღმდეგი იქნებოდნენ. ამდენად, აღნიშნული მიწის ფართი კანონის უხეში დარღვევით იქნა ჩასმული ღია ტიპის აუქციონის წესით გასასხვისებელ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების ნუსხაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განმკარგავი მუდმივმოქმედი კომისიის 2006 წლის 8 აგვისტოს ოქმის გაუქმება, რომლითაც განისაზღვრა ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე აუქციონის ჩატარება 2006 წლის 8 სექტემბერს, ზესტაფონის რაიონის გამგეობის შენობაში.
მოსარჩელეებმა მოითხოვეს, აგრეთვე, ქ. ზესტაფონში, ...... ქ. ¹87-ის მიმდებარე ტერიტორიის გასაყიდი ობიექტების ნუსხაში ჩასმის შესახებ დასკვნის, ასევე მისი თანამდევი ყველა შედეგის, კერძოდ, ზესტაფონის რაიონის გამგეობის 2006 წლის 4 აგვისტოს ¹68 დადგენილების, ქ. ზესტაფონში, ..... ქ. ¹87-ის მიმდებარე მიწის ნაკვეთების ღია ტიპის აუქციონის წესით გასხვისების ნაწილში გაუქმება, აგრეთვე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განმკარგავი მუდმივმოქმედი კომისიის 2006 წლის 8 სექტემბრის ოქმის გაუქმება აუქციონში გამარჯვებულად ე. გ-ის, ე. ო-ისა და ტ. წ-ის ცნობის ნაწილში, ასევე საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმება და სადავო მიწის ფართის გამოთავისუფლება.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 3 ნოემბრის განჩინებით მ. ც-ისა და სხვათა წარმომადგენელ ი. დ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; ე. გ-ეს, ე. ო-ესა და ტ. წ-ეს აეკრძალათ ქ. ზესტაფონში, ..... ქ. ¹87-ში მდებარე ტერიტორიაზე, შესაბამისად, 2006 წლის 8 სექტემბრის ღია ტიპის აუქციონზე შეძენილ 22 კვ.მ, 22 კვ.მ და 29 კვ.მ მიწის ნაკვეთებზე, მშენებლობის წარმოება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ც-ისა და სხვათა სასარჩელო განცხადებას უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2002 წლის 3 ოქტომბრის ¹49 ბრძანების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით მრავალბინიანი სახლებისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთი იყო კანონმდებლობით განსაზღვრული, რომელსაც გააჩნდა საზღვარი, დადგენილი კოორდინატები, ადგილმდებარეობა და იყო რეგისტრირებული.
რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ დაირღვა საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2002 წლის 3 ოქტომბრის ¹49 ბრძანების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მიწის ნაკვეთის საზღვრები შეიძლებოდა დადგენილიყო მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეების ან ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის მოთხოვნის საფუძველზე. რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს აღნიშნული უფლება არ განუხორციელებიათ.
რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ¹87 მრავალბინიან საცხოვრებელ სახლსა და მესამე პირებზე გასხვისებულ მიწის ფართს შორის იყო სატრანსპორტო შესასვლელი, ასევე სოციალური და სხვა ფუნქციონალური პირობებისათვის საჭირო მიწის ფართი, ხოლო ხსენებული სახლის ყველა მცხოვრებისათვის არ იყო ავტოფარეხის მოწყობისათვის ან დროებით რაიმე სამშენებლო ან გამათბობელი საშუალების (შეშა) დასაწყობი ადგილი. შესაბამისმა თვითმმართველობის ორგანომ საჯარო გამოცხადების წესით და დაშვებული პრივატიზების ფორმით უზრუნველყო ¹87 საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ მიწის ფართის გასხვისება.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ც-ემ, თ. ლ-ემ, ნ. ს-ემ, ე. ც-ემ, ნ. ჭ-ემ და ჯ. ც-ემ, რომელთაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივნისის განჩინებით მ. ც-ის, თ. ლ-ის, ნ. ს-ის, ე. ც-ის, ნ. ჭ-ისა და ჯ. ც-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ღია აუქციონის წესით უნდა გაყიდულიყო ქ. ზესტაფონში, .... ქ. ¹87-ის მიმდებარე 22 კვ.მ, 22 კვ.მ და 29 კვ.მ მიწის ნაკვეთები. ღია აუქციონის შესახებ გამოცხადდა გაზეთ “ზ-ში”. აღნიშნულით დაცულ იქნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 10 მაისის ¹65 ბრძანებით დამტკიცებული “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის წესის” მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნა. ხსენებულ აუქციონში მონაწილეობისათვის განცხადება შეიტანეს ე. გ-ემ, ე. ო-ემ და ტ. წ-ემ, რომელთაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განმკარგავი მუდმივმოქმედი კომისიის 2006 წლის 8 სექტემბრის ოქმის თანახმად, გაიმარჯვეს ამ აუქციონში. დასახელებული კომისიის 2006 წლის 8 აგვისტოს ოქმით დადგენილი იყო, რომ აუქციონში მონაწილეობისათვის განისაზღვრა ბეს ოდენობა და გაზეთ “ზ-ში” გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია. შესაბამისად, არ არსებობდა ხსენებული 2006 წლის 8 აგვისტოს ოქმის გაუქმების საფუძველი. ქ. ზესტაფონში, ..... ქ. ¹87-ის მიმდებარე ტერიტორიაზე 22 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განცხადება შეიტანა ერთმა პირმა _ ე. გ-ემ (ბილეთი ¹.... ), ...... ქ. ¹87-ის მიმდებარე 22 კვ.მ მეორე მიწის ნაკვეთზეც განცხადება შეიტანა ერთმა პირმა _ ე. ო-ემ (ბილეთი ¹.... ), ...... ქ. ¹87-ის მიმდებარე 29 კვ.მ მიწის ნაკვეთზეც განცხადება შეიტანა ერთმა პირმა _ ტ. წ-ემ (ბილეთი ¹..... ). აღნიშნული პირები გამარჯვებულად გამოცხადდნენ ხსენებული კომისიის 2006 წლის 8 სექტემბრის ოქმით. შესაბამისად, არ არსებობდა ამ ოქმის გაუქმების საფუძველი. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განმკარგავი მუდმივმოქმედი კომისიის 2006 წლის 27 ივლისის ოქმით დგინდებოდა, რომ ზესტაფონის რაიონის გამგეობის ადმინისტრაციული ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის მიერ შესწავლილ და მომზადებულ იქნა ზესტაფონის რაიონში აუქციონის წესით გასასხვისებელი არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და იმავე კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა გასასხვისებელი მიწის ნაკვეთები _ ...... ქ. ¹87-ის მიმდებარედ 22 კვ.მ, 22 კვ.მ და 29 კვ.მ მიწის ნაკვეთები. აღნიშნული კომისიის მიერ ერთხმად იქნა გადაწყვეტილი ამ მიწის ნაკვეთების აუქციონზე გაყიდვა. ამით დაცულ იქნა “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის წესის” მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სწორედ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განმკარგავი მუდმივმოქმედი კომისიის ზემოაღნიშნული 2006 წლის 27 ივლისის ოქმიდან გამომდინარე, ზესტაფონის რაიონის გამგეობის 2006 წლის 4 აგვისტოს ¹68 დადგენილებით დამტკიცდა დასახელებული მიწის ნაკვეთების ღია ტიპის აუქციონის წესით გაყიდვა. აღნიშნულით დაცულ იქნა “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის წესის” პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნა, რის გამოც არ არსებობდა ამ დადგენილების გაუქმების საფუძველი, რადგან ხსენებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდნენ მესამე პირები. ზესტაფონის რაიონის გამგეობის 2006 წლის 15 სექტემბრის ¹84 დადგენილებით დამტკიცდა აუქციონზე გამარჯვების შედეგები, აუქციონზე გამარჯვებულებთან გაფორმდა ხელშეკრულება და ისინი გატარდნენ საჯარო რეესტრში. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაცულ იქნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 10 მაისის ¹65 ბრძანებით დამტკიცებული “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის წესის” მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, რის გამოც არ არსებობდა დასახელებული აუქციონის თანმდევი შედეგების გაუქმების საფუძველი. მოსარჩელეთა მოთხოვნის საფუძველი იყო ის გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთები იყო მათი საერთო საკუთრება, რაც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა.'საჯარო რეესტრის შესაბამისი მონაცემებით დასტურდებოდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთები წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას და ისინი ზესტაფონის რაიონის გამგეობის საკუთრებაში იყო. მოსარჩელეები სარჩელში მიუთითებდნენ, რომ აღნიშნული აუქციონით დაირღვა მათი მოპირდაპირე სახლის მცხოვრებთა უფლებები, რადგან ამ ორ სახლს შორის დაშორება მხოლოდ 4 მეტრი იყო, ხოლო ავტოფარეხი, რომლისთვისაც მიწა გაიყიდა, მინიმუმ 10 მეტრით უნდა ყოფილიყო დაშორებული სახლის ფასადებიდან და გვერდებიდან. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, მოსარჩელეები იყვნენ არაუფლებამოსილი პირები, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების მიხედვით, საქმის განხილვას სასამართლო შეუდგებოდა იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავდა მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. ც-ემ, თ. ლ-ემ, ნ. ს-ემ, ე. ც-ემ, ნ. ჭ-ემ და ჯ. ც-ემ, რომელთაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორთა განმარტებით, გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია. მიწის ის ნაკვეთები, რომლებიც გაიყიდა, მესამე პირებს ესაჭიროებათ ავტოფარეხების მშენებლობისთვის, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მათივე განცხადებიდან და აღნიშნული მათ დაადასტურეს სასამართლო პროცესზეც. ვინაიდან მანძილი კასატორთა საცხოვრებელ სახლსა და ხსენებულ მიწის ნაკვეთებს შორის არის მხოლოდ 3 მეტრი, დარღვეულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 6 ოქტომბრის ¹234ნ ბრძანება, რომლის 75-ე მუხლის თანახმად, ავტოფარეხი და საცხოვრებელი სახლების ფასადები და გვერდები, ფანჯრებით თუ ფანჯრების გარეშე, მინიმუმ 10 მეტრით უნდა იყოს დაცილებული ერთმანეთისაგან. მათ შორის დაშორება კი იყო სამი მეტრი, რაც სასამართლო პროცესზე დაადასტურეს მესამე პირებმა. სასამართლომ არანაირი შეფასება არ მისცა ამ ფაქტს, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა" ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივრის საფუძველია. სასამართლომ საერთოდ არ მიაქცია ყურადღება და შეფასების გარეშე დატოვა ის ფაქტი, რომ დარღვეული იყო სახანძრო უსაფრთხოების წესებიც, რომელთა თანახმად, საცხოვრებელი სახლიდან ასე ახლოს არ შეიძლებოდა რაიმე სახის კაპიტალური მშენებლობის წარმოება, ვინაიდან ხანძრის შემთხვევაში სახანძრო მანქანას სამოქმედო ტერიტორია აღარ რჩებოდა.
კასატორები აღნიშნავენ, რომ მოპასუხე სამსახურმა საერთოდ აღარ დაუტოვა მათ ეზო, მით უმეტეს, რომ აღნიშნული სამსახურის წარმომადგენლისთვის ცნობილი იყო, რაც მან დაადასტურა კიდეც სასამართლო პროცესზე, რომ კასატორები აპირებდნენ ამხანაგობის ჩამოყალიბებას და საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2002 წლის 3 ოქტომბრის ¹49 ბრძანების თანახმად, მათი საცხოვრებელი სახლისათვის მისაკუთვნებელი მიწის ზუსტი საზღვრების დადგენას, მოპასუხე სამსახურს კი ჯერ უნდა მიეკუთვნებინა მათივე საცხოვრებელი სახლისათვის მიწის ნაკვეთი და თუ ამის შემდეგ რაიმე დარჩებოდა, შეეძლო გაეყიდა იგი.
კასატორთა მტკიცებით, მოპასუხეებმა ისე მიიღეს გადაწყვეტილება და გამოსცეს კონკრეტული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ საერთოდ არ გაითვალისწინეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები, კერძოდ, ამ კოდექსის IX თავით დადგენილი წესები (155-ე მუხლი). იმავე კოდექსის 116-ე მუხლის თანახმად, მოპასუხეებს უნდა გამოექვეყნებინათ დოკუმენტების წარდგენის შესახებ ცნობა საჯარო გაცნობისათვის, რათა ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონოდა შესაძლებლობა, გამოეთქვა საკუთარი მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით, რის შემდეგაც უნდა მომზადებულიყო და გამოქვეყნებულიყო შესაბამისი აქტის პროექტი და მხოლოდ ამის შემდეგ საბოლოოდ მიღებულიყო შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნულთან დაკავშირებით, ერთ-ერთი მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გამოქვეყნდა გასაყიდი ობიექტების სია და გამოყენებულ იქნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 10 მაისის ¹65 ბრძანება. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სწორედ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და იგი სხვაგვარ გადაწყვეტილებას მიიღებდა, ვინაიდან აღნიშნული კოდექსის 121-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოქვეყნდეს. ამდენად, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით. აღნიშნული მუხლები კი მოითხოვს სხდომათა საჯაროდ წარმართვას, რაც მოპასუხეთა მიერ არ განხორციელებულა. ერთადერთი, რაც გამოქვეყნდა, იყო ინფორმაცია აუქციონის შესახებ, რაც აღნიშნა კიდეც სასამართლომ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ც-ის, თ. ლ-ის, ნ. ს-ის, ე. ც-ის, ნ. ჭ-ისა და ჯ. ც-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 14 სექტემბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 21 ნოემბრამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 21 ნოემბრის განჩინებით მ. ც-ის, თ. ლ-ის, ნ. ს-ის, ე. ც-ის, ნ. ჭ-ისა და ჯ. ც-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით, 2008 წლის 17 იანვარს, 11.00 საათზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ზესტაფონის რაიონის გამგეობის (უფლებამონაცვლე _ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა) 2006 წლის 26 სექტემბრის ¹848 წერილით ნ. ჭ-ესა და თ. ლ-ეს ეცნობათ, რომ ქ. ზესტაფონში, ...... ქ. ¹87-ის მიმდებარედ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე აუქციონი ჩატარდა 2006 წლის 8 სექტემბერს (ს.ფ. 6). ზესტაფონის რაიონის გამგეობის (უფლებამონაცვლე _ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა) 2006 წლის 4 აგვისტოს ¹68 დადგენილებით დამტკიცდა ზესტაფონის რაიონის გამგეობის (უფლებამონაცვლე _ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განმკარგავი მუდმივმოქმედი კომისიის 2006 წლის 27 ივლისის ოქმით დადგენილი ღია ტიპის აუქციონის წესით გასასხვისებელი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების ნუსხა, რომელშიც შეტანილ იქნა ქ. ზესტაფონში, ...... ქ. ¹87-ის მიმდებარედ 22 კვ.მ, 22 კვ.მ და 29 კვ.მ მიწის სამი ნაკვეთი (ს.ფ. 7-9). ზესტაფონის რაიონის გამგეობის (უფლებამონაცვლე _ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განმკარგავი მუდმივმოქმედი კომისიის 2006 წლის 8 აგვისტოს ოქმის თანახმად, ღია ტიპის აუქციონში მონაწილეობისათვის განისაზღვრა ბეს ოდენობა და გაზეთ “ზ-ში” გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია (განცხადება), რომელიც მოიცავდა მონაცემებს აუქციონზე გასატანი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, მათ შორის, ქ. ზესტაფონში, ....... ქ. ¹87-ის მიმდებარედ 22 კვ.მ, 22 კვ.მ და 29 კვ.მ მიწის სამ ნაკვეთზე და დადგინდა აუქციონის ჩატარება 2006 წლის 8 სექტემბერს, ზესტაფონის რაიონის გამგეობის (უფლებამონაცვლე _ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა) შენობაში (ს.ფ. 15-21). ზესტაფონის რაიონის გამგეობის (უფლებამონაცვლე _ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა) 2006 წლის 2 თებერვლის დადგენილების თანახმად, ზესტაფონის რაიონის გამგეობის (უფლებამონაცვლე _ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოქვეყნებულად უნდა ჩათვლილიყო მათი გაზეთ “ზ-ში” გამოქვეყნების დღიდან (ს.ფ. 78). ზესტაფონის რაიონის გამგეობის (უფლებამონაცვლე _ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განმკარგავი მუდმივმოქმედი კომისიის 2006 წლის 8 სექტემბრის ოქმის თანახმად, 2006 წლის 8 სექტემბერს ქ. ზესტაფონში ჩატარდა ღია ტიპის აუქციონი, რომელზეც გამარჯვებულებად გამოცხადდნენ ე. გ-ე, ე. ო-ე და ტ. წ-ე და ........ ქ. ¹87-ში მდებარე კორპუსის მიმდებარედ გაიყიდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სამი ნაკვეთი, კერძოდ, ე. გ-ზე _ 22 კვ.მ (ბილეთი ¹.... ), ე. ო-ზე _ 22 კვ.მ (ბილეთი ¹.... ) და ტ. წ-ზე _ 29 კვ.მ (ბილეთი ¹.... ) მიწის ნაკვეთები (ს.ფ. 10-14). ზესტაფონის რაიონის გამგეობის (უფლებამონაცვლე _ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა) 2006 წლის 15 სექტემბრის ¹84 დადგენილებით დამტკიცდა ზესტაფონის რაიონის გამგეობის (უფლებამონაცვლე _ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განმკარგავი მუდმივმოქმედი კომისიის 2006 წლის 8 სექტემბრის ოქმი (ოქმები) და დადგინდა შესაბამისი ხელშეკრულებების კანონით დადგენილი წესით გაფორმება აუქციონში გამარჯვებულ პირებთან, მათ შორის, ე. გ-თან, ე. ო-თან და ტ. წ-თან (ს.ფ. 94-98). მიწის (უძრავი ქონების) შესახებ საჯარო რეესტრიდან ამონაწერებში (ს.ფ. 102-104), ქ. ზესტაფონში, ...... ქ. ¹87-ის მიმდებარედ 22 კვ.მ, 22 კვ.მ და 29 კვ.მ მიწის ნაკვეთების მესაკუთრედ მითითებულია ზესტაფონის რაიონის გამგეობა (უფლებამონაცვლე _ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა). გაზეთ “ზ-ის” 2006 წლის 9 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების, მათ შორის, ქ. ზესტაფონში, ...... ქ. ¹87-ის მიმდებარედ 22 კვ.მ, 22 კვ.მ და 29 კვ.მ მიწის ნაკვეთების ჩამონათვალი, მათი საწყისი ფასის, სადეპოზიტო თანხის (ბე) და მიწის ნაკვეთის გაცემის ფორმის მითითებით (ს.ფ. 165). ზესტაფონის რაიონის გამგეობის (უფლებამონაცვლე _ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განმკარგავი მუდმივმოქმედი კომისიის 2006 წლის 27 ივლისის ოქმით დადგინდა, რომ ზესტაფონის რაიონის გამგეობას (უფლებამონაცვლე _ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა) დასამტკიცებლად წარდგენოდა ღია ტიპის აუქციონის წესით გასასხვისებელი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების ნუსხა, რომელშიც შედიოდა ქ. ზესტაფონში, ...... ქ. ¹87-ის მიმდებარედ 22 კვ.მ, 22 კვ.მ და 29 კვ.მ მიწის ნაკვეთები (ს.ფ. 183-188).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2002 წლის 3 ოქტომბრის ¹49 ბრძანებით დამტკიცებული “მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის წესის” მე-2 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, მრავალბინიანი სახლისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთი იყო კანონმდებლობით განსაზღვრული მიწის ნაკვეთი, რომელსაც გააჩნდა საზღვარი, დადგენილი კოორდინატები, ადგილმდებარეობა და იყო რეგისტრირებული. იმავე წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მიწის ნაკვეთის საზღვრები მოინიშნებოდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეების ან ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის მოთხოვნის საფუძველზე, ადგილობრივი მმართველობის შესაბამისი სამსახურის მიერ, დადგენილი წესით. “საწარმოების, ნაგებობებისა და სხვა ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონებისა და სანიტარიული კლასიფიკაციის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 6 ოქტომბრის ¹234ნ ბრძანების 75-ე მუხლის მიხედვით კი, ავტოფარეხი და საცხოვრებელი სახლების ფასადები და გვერდები, ფანჯრებით თუ უფანჯრებოდ, არანაკლებ 10 მეტრით უნდა ყოფილიყო დაცილებული ერთმანეთისაგან (ამჟამად, ძალადაკარგულია, მაგრამ სადავო პერიოდში მოქმედებდა).
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ შეაფასა საქმის ძირითადი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც უშუალოდ განსაზღვრავს ამ დავის შინაარსს, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ აუქციონის პროცედურების დაცვასა და ჩატარებული აუქციონის კანონიერებაზე, ასევე _ მესამე პირებისათვის მიწის ნაკვეთების კანონიერად გადაცემაზე. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც დაკავშირებულია აუქციონის ჩატარების პროცესთან და საერთოდ არ უმსჯელია იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებზეც მიუთითებენ კასატორები და რომლებიც მათი უფლებებისა და ინტერესების დარღვევას ეხებოდა.
აპელანტებმა სააპელაციო საჩივარში მიუთითეს, რომ სასამართლომ საერთოდ შეფასების გარეშე დატოვა ის გარემოება, რომ დარღვეული იყო სახანძრო უსაფრთხოების წესები _ მათ საცხოვრებელ სახლთან ხანძრის შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა სახანძრო მანქანის იქ შესვლა და კიბის გაშლა, ასევე აღნიშნეს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2002 წლის 3 ოქტომბრის ¹49 ბრძანება, რომელიც განსაზღვრავდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის წესებს. აქედან გამომდინარე, აპელანტებმა მოითხოვეს საქმის არსებითად განხილვა და ადგილზე დათვალიერების ჩატარება, რათა საქმე სრულად და ყოველმხრივ ყოფილიყო გამოკვლეული და შესწავლილი (ს.ფ. 133-135). მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ ავტოფარეხები, რომლებისთვისაც ზემოხსენებული მიწის ნაკვეთები გაიყიდა, მინიმუმ 10 მეტრით მაინც უნდა ყოფილიყო დაშორებული საცხოვრებელი სახლის ფასადებიდან და გვერდებიდან, რაც ამ შემთხვევაში სახეზე არ იყო (ს.ფ. 2-5).
გარდა ამისა, მოსარჩელეთა წარმომადგენელმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ საპაექრო სიტყვაში მიუთითა, რომ მათ მიმართ დაცული არ იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-4 თავით გათვალისწინებული მრავალბინიან სახლებში მცხოვრებ ბინის მესაკუთრეთა უფლებები, რომელთაც უფლება ჰქონდათ, ჰქონოდათ ნორმალური საცხოვრებელი პირობები, რაც ამ შემთხევაში სახეზე არ იყო (ს.ფ. 193-196).
გარდა ამისა, აპელანტებმა საქმის გარემოებების სრულად და ყოველმხრივ გამოკვლევა-შესწავლისათვის დააყენეს ადგილზე დათვალიერების ჩატარების შესახებ შუამდგომლობა, რომელიც საერთოდ არ განუხილავს და არ გადაუწყვეტია სააპელაციო სასამართლოს. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე მსჯელობასა და მათ სამართლებრივ შეფასებას არსებითი მნიშვნელობა აქვს მოცემული დავის მართებულად გადაწყვეტისათვის, რაც აუცილებლად უნდა გაეკეთებინა სააპელაციო სასამართლოს. ამასთან ერთად, სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, თუმცა მას საერთოდ არ გამოუყენებია აღნიშნული კოდექსის შესაბამისი ნორმები _ არ უმსჯელია, თუ რამდენად იყო დაცული ამ კოდექსის მოთხოვნები კონკრეტულ შემთხვევაში.
აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასრულყოფილად განიხილა მოცემული საქმე, საერთოდ არ იმსჯელა სააპელაციო საჩივარში მოყვანილ აპელაციის მიზეზებზე და მიიღო დაუსაბუთებელი განჩინება.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 28 თებერვლის სხდომაზე კასატორების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კასატორები აპირებენ შექმნან ამხანაგობა და საჯარო რეესტრში საერთო საკუთრებად დაირეგისტრირონ მათ სახლთან მდებარე მიწის ნაკვეთი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის “გ” და “ე” ქვეპუნქტებისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტის თანახმად კი, გადაწყვეტილება (განჩინება) ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების (განჩინების) დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი და სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ, ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, იმსჯელოს სააპელაციო საჩივარში მითითებულ საფუძვლებზე და სრულყოფილად დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ე. და ჯ. ც-ების ნაწილში საკასაციო საჩივარზე წარმოება უნდა შეწყდა ცალკე განჩინებით, რადგან საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას კასატორებმა _ ე. და ჯ. ც-ებმა წარმოადგინეს ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლითაც უარი განაცხადეს საკასაციო საჩივარზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ც-ის, თ. ლ-ის, ნ. ს-ისა და ნ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.