¹ბს-837-799(კ-07) 17 იანვარი, 2008წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 26 თებერვალს ლანჩხუთის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქ. ლანჩხუთის საკრებულოს გამგეობის ყოფილმა თანამშრომლებმა: მ. ქ-ამ, ნ. ნ-ემ, ნ. გ-ემ, ნ. ე-ემ, ა. ხ-მა და მ. ხ-მა მოპასუხე ლანჩხუთის რაიონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს, სამსახურიდან გათავისუფლების გამო, საკომპენსაციო თანხის გადახდა, რომელიც მოსარჩელეთა მიმართ შეადგენს 1100 ლარს.
სარჩელის მოთხოვნის საფუძვლები მდგომარეობს შემდეგში:
2006 წლის 3 ნოემბერს, 2006 წლის 1 ნოემბრის ¹151 ბრძანების საფუძველზე, მოსარჩელები გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან ქ. ლანჩხუთის საკრებულოს გამგეობის თვითმმართველი ორგანოს ლიკვიდაციის გამო. მოსარჩელეებმა 2007 წლის 27 იანვარს განცხადებით მიმართეს ლანჩხუთის რაიონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს და მოითხოვეს ერთი თვის საკომპენსაციო თანხა. 2007 წლის 29 იანვარს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან მიღებული პასუხით მოსარჩელეებს ეცნობათ, რომ სალიკვიდაციო თანხების გამოანგარიშება, შრომის კანონთა კოდექსის შესაბამისად, მოხდა 2006 წლის 7 ნოემბრიდან.
მოსარჩელეთა განმარტებით, ლანჩხუთის რაიონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დარღვეულ იქნა შრომის კანონთა კოდექსი და კანონი საჯარო სამსახურის შესახებ, რომელთა საფუძველზეც მათ უნდა მიეღოთ ორი თვის საკომპენსაციო თანხა და ერთი თვის უსარგებლო საშვებულებო თანხა. თუმცა, გათავისუფლების შემდეგ მათ მიიღეს საკომპენსაციო თანხა, რომელსაც აკლდა ერთი თვის გასამრჯელო (ს.ფ. 1-2).
ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა, უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს განმარტებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე მოქმედება. ქ. ლანჩხუთის საკრებულოს გამგეობის ყოფილი თანამშრომლების განცხადება რაიონის მუნიციპალური საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე დათარიღებულია 22 იანვრით, რაც ადასტურებს მათ მიერ უფლების დარღვევის ცოდნის ფაქტს. მოსარჩელეებმა სასამართლოს მიმართეს 2007 წლის 26 თებერვალს, ანუ მათ მიერ დარღვეულ იქნა სასამართლოსათვის მიმართვის ერთთვიანი ვადა. გარდა ამისა, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანო ლიკვიდირებულად უნდა ჩაითვალოს “ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის ამოქმედების დღიდან, ანუ 2006 წლის 7 ოქტომბრიდან, როდესაც არჩევნების შედეგები ოფიციალურად გამოქვეყნდა (ს.ფ. 49-52).
ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ქ. ლანჩხუთის საკრებულოს გამგეობის ყოფილმა თანამშრომლებმა: მ. ქ-ამ, ნ. ნ-ემ, ნ. გ-ემ, ნ. ე-ემ, ა. ხ-მა და მ. ხ-მა და მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმყოფილება.
აპელანტების მოსაზრებით, ახლად არჩეული საკრებულო შეიკრიბა 2006 წლის 5 ნოემბერს, ანუ მანამდე, ვიდრე ქ. ლანჩხუთის ძველი საკრებულოს უფლებამოსილება გრძელდებოდა კანონიერად. შესაბამისად, მოპასუხეთა მტკიცება ყოფილი საკრებულოს პირდაპირ ლიკვიდაციის თაობაზე ახალი ორგანული კანონის გამოქვეყნებისთანავე, არასწორია. გამომდინარე აქედან, მოპასუხის მიერ დარღვეულია “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, რომლის მიხედვით მათ უნდა აეღოთ გასასვლელი საკომპენსაციო თანხა ორი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. გარდა ამისა, აპელანტების მითითებით, არასწორია “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის დარღვევაზე მითითება (ს.ფ. 55-57).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის ივნისის გადაწყვეტილებით მ. ქ-ას, ნ. ნ-ის, ნ. გ-ის, ნ. ე-ის, ა. ხ-ისა და მ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება, ნ. გოგუაძის, მ. ქ-ას, ა. ხ-ის, მ. ხ-ის, ნ. ნ-სა და ნ. ე-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაეკისრა ნ. გ-ის სასარგებლოდ 130 ლარის, ნ. ე-ის სასარგებლოდ 220 ლარის, მ. ქ-ას სასარგებლოდ 280 ლარის, ნ. ნ-ის სასარგებლოდ 145 ლარის, ა. ხ-ის სასარგებლოდ 145 ლარის და მ. ხ-ის სასარგებლოდ 180 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლიოს განმარტებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-9 და 37.1-ე მუხლებით მოსამსახურეს უფლება აქვს გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო _ ხელფასი, ანუ 2006 წლის 3 ნოემბრამდე მოსარჩელეებს უფლება ჰქონდათ მიეღოთ შრომითი გასამრჯელო. შესაბამისად, 2006 წლის 7 ოქტომბრიდან 2006 წლის 3 ნოემბრამდე გაცემული თანხა უნდა ჩაითვალოს არა კომპენსაციად, არამედ ხელფასად. სასამართლოს განმარტებით, 2006 წლის 3 ნოემბრამდე მოსარჩელეები გათავისუფლებულები არ იყვნენ, შესაბამისად, ისინი ვერ მიიღებდნენ კომპენსაციას. რაც შეეხება ხანდაზმულობის ვადის გასვლას, სარჩელი სასამართლოში შეტანილია 2007 წლის 26 თებერვალს, ხოლო კომპენსაციის გაცემაზე უარი მოსარჩელეებისთვის ცნობილი გახდა 2007 წლის 28 იანვარს. შესაბამისად, ვადის დარღვევაზე მითითება უსაფუძვლოა. გარდა ამისა, სასამართლოს აზრით, კომპენსაციის გაცემა არ წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედებას და ასეთი მოთხოვნით აღძრულ სარჩელზე ერთთვიანი ვადა არ ვრცელდება (ს.ფ. 105-109).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება შემდეგი მოტივებით:
სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა “საჯარო სამსახურის შესახებ კანონის” 127-ე მუხლის პირველი ნაწილი. აგრეთვე, სასამართლომ არასწორად გამოიყენა “ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ” საქართველოს კანონის 651-ე მუხლის მე-2 ნაწილი. გარდა ამისა, საკრებულოსა და გამგეობის ლიკვიდაცია განხორციელდა 2006 წლის 7 ოქტომბერს და აქედან გამომდინარე, მოსარჩელეები ვერ იქნებოდნენ შრომით ურთიერთობაში კასატორთან (ს.ფ. 126-127).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე სწორი განჩინებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.