საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
¹ ბს-837-805(კ-08) 11 სექტემბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, მარიამ ცისკაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ნოტარიუს ნ. ხ.-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებაზე, მოწინააღმდეგე მხარე ვ. გ.-ის მიმართ, მესამე პირი _ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობა.
2007 წლის 8 მაისს ვ. გ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ნოტარიუს ნ. ხ.-ს მიმართ.
სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ქ. თბილისის ორჯონიკიძის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1990 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილების შესაბამისად, ვ. გ.-ს ქ. თბილისში, ...-ს, მე-2 კვარტლის, 32-ე კორპუსში, ბინა ¹28-ის შესყიდვის ნება დაერთო და შესასყიდ თანხად 4875 მანეთი განესაზღვრა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1990 წლის 13 მარტს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად საბინაო ტრესტის წარმომადგენელთან დადო სახელმწიფო საცხოვრებელ ფონდში რიცხული საცხოვრებელი ბინის პირად საკუთრებაში შესყიდვის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც შეიძინა ქ. თბილისში, ...-ს, მე-2 კვ., 32-ე კორპ. ¹28-ში მდებარე ბინა, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობდა.
მოსარჩელის განმარტებით, შესაბამისი ხელშეკრულების დადებამდე, 1990 წლის 5 თებერვალს, საბინაო-საექსპლუატაციო ტრესტის მმართველმა ქ. თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს უფროსს წერილით მიმართა, რომლითაც იგი ითხოვდა ცნობა-დახასიათების გაცემას ბინაზე, რომელიც მდებარეობდა ქ. თბილისში, ...-ს, მე-2 კვ., 32-ე კორპ. ბინა ¹28-ში. აღნიშნულის მიუხედავად, სახელმწიფო საცხოვრებელ ფონდში რიცხული საცხოვრებელი ბინის პირად საკუთრებაში შესყიდვის 1990 წლის 13 მარტის ხელშეკრულებაში ბინის ნომრად 28-ის ნაცვლად მიეთითა ¹26.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2007 წლის 26 აპრილს გაცხადებით მიმართა საქართველოს ნოტარიუსთა პალატას ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებაში შესწორების შეტანის მოთხოვნით, რაზეც აცნობეს, რომ სანოტარო აქტში შესწორების შეტანა ხორციელდებოდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 22 დეკემბრის ¹2359 ბრძანებით დამტკიცებული “სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ” დებულების 27-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ხოლო 2007 წლის 1 მაისის წერილით ეცნობა, რომ უნდა მიემართა ნოტარიუს ნ. ხ.-თვის. 2007 წლის 30 აპრილს მოსარჩელემ მიმართა ნოტარიუს ნ. ხ.-ს ხსენებულ ხელშეკრულებაში ბინის ნომრის შესწორების თაობაზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 22 დეკემბრის ¹2359 ბრძანების შესაბამისად, რაზეც უარი ეთქვა. აღნიშნული უარი მოსარჩელემ უკანონოდ მიიჩნია, რის გამოც სასამართლოს მიმართა და მოითხოვა სახელმწიფო საცხოვრებელ ფონდში რიცხული საცხოვრებელი ბინის პირად საკუთრებაში შესყიდვის 1990 წლის 13 მარტის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა იმგვარად, რომ ვ. გ.-ის სახელზე პრივატიზებული ბინის მისამართად მიეთითოს ქ. თბილისი, ...-ს, მე-2 კვარტალი, 32-ე კორპუსი, ბინა ¹28, ნაცვლად ¹26-ისა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 5 ივნისის განჩინებით მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობა ჩაება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით ვ. გ.-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; ქ. თბილისის სანოტარო ბიუროს ნოტარიუსს ნ. ხ.-ს სახელმწიფო საცხოვრებელ ფონდში რიცხული საცხოვრებელი ბინის პირად საკუთრებაში შესყიდვის 1990 წლის 13 მარტის ხელშეკრულებაში (რეგისტრირებული რეესტრში 16-212) ცვლილებების შეტანა დაევალა იმგვარად, რომ ვ. გ.-ის მიერ პრივატიზებული ბინის მისამართად მიეთითოს ქ. თბილისი, ...-ს, მე-2 კვარტალი, 32-ე კორპუსი, ბინა ¹28, ნაცვლად ¹26-ისა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ნოტარიუს ნ. ხ.-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მაისის განჩინებით ნ. ხ.-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ნოტარიუსმა ნ. ხ.-მ საკასაციო საჩივარი წარადგინა, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 2008 წლის 28 ივლისის განჩინებით მიიჩნია, რომ ნოტარიუს ნ. ხ.-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ, ხსენებულ საჩივარს არ ერთოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. საკასაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოება მიიჩნია ხარვეზად და კასატორ ნოტარიუს ნ. ხ.-ს დაევალა მისთვის ხარვეზის შესახებ 2008 წლის 28 ივლისის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის ქვითარი. კასატორს განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ივლისის ხარვეზის შესახებ განჩინების შემცველი გზავნილი ნოტარიუს ნ. ხ.-ს ჩაჰბარდა 2008 წლის 1 აგვისტოს. შესაბამისად, კასატორს ხარვეზის შევსებისათვის მიცემული ვადა ამოეწურა 2008 წლის 11 აგვისტოს. ნოტარიუს ნ. ხ.-მ მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო 2008 წლის 28 ივლისის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, მას არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მიუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება ნოტარიუს ნ. ხ.-ს საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს ნოტარიუს ნ. ხ.-ს საკასაციო საჩივარი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.