¹ბს-838-800(კ-07) 13 თებერვალი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე
ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა _ მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი(მოსარჩელე) _ ვ. ს-ა
მოწინააღმდეგე მხარე(მოპასუხე) _ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.06.07წ. გადაწყვეტილება
დავის საგანი _ ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
27.05.05წ. ვ. ს-ამ ტყიბულის სოფლის მეურნეობის სამმართველოს მიმართ სასარჩელო განცხადებით მიმართა ტყიბულის რაიონულ სასამართლოს და სამუშაოზე აღდგენა და სამუშაოდან გათავისუფლების დღიდან იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ვ. ს-ა 1983 წლიდან მუშაობდა ტყიბულის სოფლის მეურნეობის სამმართველოში ......, ხოლო 1993 წლიდან მთავარ ......, საიდანაც გათავისუფლდა ტყიბულის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსის 28.04.05წ. ¹1 ბრძანებით “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მისი სამუშაოდან გათავისუფლებისას დაირღვა შრომის კანონთა კოდექსის 422-ე მუხლის მოთხოვნა, რადგან მოსარჩელე პერსონალურად არ იყო გაფრთხილებული მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. მოსარჩელის მოსაზრებით, ასეთად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 11.02.05წ. ¹1-1-9/56 გაფრთხილების ფურცელზე აღნიშნული ვ. ს-ას ხელმოწერა, რადგან მითითებულ დოკუმენტზე ხელს აწერს სამმართველოს ყველა თანამშრომელი და იგი არ არის კანონმდებლობით გათვალისწინებული პერსონალური გაფრთხილება. ამასთან, ვ. ს-ა თანამდებობაზე დანიშნული იყო ტყიბულის სოფლის მეურნეობის სამმართველოს მიერ და მასვე უნდა გაეფრთხილებინა მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. მისი გათავისუფლებისას ასევე დაირღვა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე და 37-ე მუხლების მოთხოვნები, რადგან გათავისუფლება მოხდა პროფკავშირის თანხმობის გარეშე. აგრეთვე, არ იქნა გათვალისწინებული სამუშაოზე უპირატესი დარჩენის უფლება. გარდა აღნიშნულისა, ვ. ს-ა მუშაობდა მთავარი ..... თანამდებობაზე, 28.04.05წ. ¹1 ბრძანებით გათავისუფლდა მთავარი ..... თანამდებობიდან. ამასთან, ვ. ს-ა სამუშაოდან გათავისუფლდა 2005 წლის 15 აპრილიდან, ხოლო 22.04.05წ. ტყიბულის სოფლის მეურნეობის სამმართველოს ინტერესების დასაცავად წარგზავნილ იქნა სააპელაციო სასამართლოში.
სარჩელი არ ცნო მოპასუხემ _ ტყიბულის სოფლის მეურნეობის სამმართველომ და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მოპასუხის განმარტებით, “საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების დაფინანსების შესახებ” საქართველოს მთავრობის 28.01.05წ. ¹19 დადგენილების თანახმად, განხორციელდა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რეორგანიზაცია, რის გამოც ისინი ორმაგი დაქვემდებარებიდან გადავიდნენ სამინისტროს დაქვემდებარებაში. აღნიშნულის შესაბამისად, ტყიბულის სოფლის მეურნეობის სამმართველოს ყველა თანამშრომელი “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 108-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გაფრთხილებულ იქნა 11.02.05წ. მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, რაც თანამშრომლების მიერ დადასტურებულია ხელმოწერებით. მოპასუხემ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება შრომის კანონთა კოდექსის 422-ე მუხლის დარღვევის შესახებ, რადგან თანამშრომელთა გაფრთხილება მოხდა არა შრომის კანონთა კოდექსის, არამედ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მოთხოვნათა დაცვით, რომელიც არ ითვალისწინებს მოხელის პერსონალურ გაფრთხილებას. მოპასუხის მითითებით, აღნიშნულის მიუხედავად, ვ. ს-ა გაფრთხილებულ იქნა პერსონალურად, რადგან გაფრთხილების ფურცელში კონკრეტულად არის მითითებული მისი სახელი, გვარი და ვ. ს-ა პირადად აწერს ხელს. მოპასუხის მითითებით, ვ. ს-ა მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ გაფრთხილებულ იქნა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, რადგან “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის მე-20 მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, ტერიტორიული ორგანოების მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სოფლის მეურნეობის მინისტრი. მოპასუხე ასევე არ დაეთანხმა მოსარჩელეს შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დარღვევის შესახებ და აღნიშნა, რომ მითითებული ნორმის თანახმად, პროფკავშირის თანხმობა საჭიროა ასეთის არსებობის შემთხვევაში, ხოლო ტყიბულის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოში პროფკავშირები არ იყო. მოპასუხის განმარტებით, ვ. ს-ას განთავისუფლებისას დაცული იქნა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 108-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, რადგან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ ტყიბულის სოფლის მეურნეობის სამმართველოს თანამშრომლები გაფრთხილებულ იქნენ 2005 წლის 11 თებერვალს, თანამდებობიდან გათავისუფლდნენ ორი თვის შემდეგ, 2005 წლის 15 აპრილს და ხელფასიც მოსარჩელეს მიღებული აქვს 2005 წლის 15 აპრილამდე. მოპასუხემ არ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის _ 297 ლარის ანაზღაურების შესახებ, რადგან გათავისუფლებამდე სრულად აქვს მიღებული კუთვნილი თანხა. ვ. ს-ა თანამდებობიდან გათავისუფლდა სოფლის მეურნეობის მინისტრის 15.04.05წ. ¹50-კ ბრძანებით, “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად. მოპასუხის მოსაზრებით, ვ. ს-ას უნდა გაესაჩივრებინა მითითებული ბრძანება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადგილმდებარეობის მიხედვით.
ტყიბულის რაიონული სასამართლოს 28.06.05წ. გადაწყვეტილებით ვ. ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელე აღდგენილ იქნა ტყიბულის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს მთავარი ..... თანამდებობაზე და აუნაზღაურდა 2005 წლის 15 აპრილიდან იძულებითი განაცდური.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ტყიბულის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველომ.
სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე, საქმეში მოპასუხედ იქნა ჩართული საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო (ს.ფ. 86-87).
სააპელაციო სასამართლოს 08.11.05წ. გადაწყვეტილებით ტყიბულის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გაუქმდა ტყიბულის რაიონული სასამართლოს 28.06.05წ. გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ვ. ს-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო
სასამართლომ მიიჩნია, რომ რაიონული სასამართლოს მიერ არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, რადგან ვ. ს-ას არ გაუსაჩივრებია მისი სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველი, სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 15 აპრილის ¹50 ბრძანება და სასამართლომ ისე დააკმაყოფილა სარჩელი, რომ ბრძანება არ გაუუქმებია და იგი ძალაშია. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 იანვრის ¹19 დადგენილების საფუძველზე განხორციელდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს რაიონული სამმართველოების რეორგანიზაცია, რის შესახებაც ყველა მოხელე “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 108-ე მუხლის შესაბამისად, გაფრთხილებულია 2005 წლის 11 თებერვალს. სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 15 აპრილის ¹50-კ ბრძანებით “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, ყველა მოხელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ახალი საშტატო განრიგის თანახმად, ტყიბულის სამმართველოს დაუმტკიცდა 6 საშტატო ერთეული, ნაცვლად 12 ერთეულისა. ამდენად, მოხდა 6 საშტატო ერთეულით შემცირდა. შესაბამისად, ვ. ს-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად და მას მიეცა საბოლოო ანგარიში. “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს _ რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს ტიპური დებულების მე-4 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სამმართველოს მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სოფლის მეურნეობის მინისტრი.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მისი სამუშაოდან გათავისუფლების უფლება ჰქონდა მხოლოდ ტყიბულის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსს და არა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რის გამოც იგი არ იყო გაფრთხილებული უფლებამოსილი ორგანოს მიერ. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 28 აპრილის ¹2-115 ბრძანებისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს _ რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს ტიპური დებულების თანახმად, სამმართველოს ტერიტორიული ორგანოების მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. ვ. ს-ამ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნის ნაწილი და იგი აღარ ითხოვს სამუშაოზე აღდგენას, მაგრამ ითხოვს 2005 წლის 15 იანვრიდან 2005 წლის 12 ოქტომბრამდე იძულებითი განაცდურის _ 2261 ლარის ანაზღაურებას. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ. ს-ას სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოცემული იყო კანონის მოთხოვნათა დაცვით, რომელიც არ გასაჩივრებულა, ბრძანება არ გაუქმებულა და იგი ძალაშია, რის გამოც არ არსებობს განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველიც (ს.ფ. 103-108).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ს-ამ და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება სამუშაოზე აღდგენის ნაწილში, მასში ცვლილების შეტანა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 15 აპრილის ¹50-კ ბრძანების ბათილად ცნობა ვ. ს-ას სამუშაოდან გათავისუფლების ნაწილში, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ვ. ს-ას სასარგებლოდ 2005 წლის 15 აპრილიდან 2005 წლის 11 ოქტომბრამდე იძულებითი განაცდურის _ 1584 ლარისა და კომპენსაციის სახით ორი თვის თანამდებობრივი სარგოს _ 594 ლარის ანაზღაურების დაკისრება.
საკასაციო სასამართლოს 22.02.06წ. განჩინებით ვ. ს-ას საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის შესაბამისად მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად. საკასაციო სასამართლოს 10.04.06წ. განჩინებით ვ. ს-ას საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად. საკასაციო სასამართლოს 08.05.06წ. განჩინებით ვ. ს-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.11.05წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.07.06წ. განჩინებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ტყიბულის რაიონული სასამართლოს 28.06.05წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელე პერსონალურად არ ყოფილა გაფრთხილებული მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ, რითაც დაირღვა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 108-ე მუხლის მოთხოვნა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ტყიბულის სოფლის მეურნეობის სამმართველოში რეორგანიზაციის შედეგად არსებული 12 შტატიდან დარჩა 6, მათ შორის 4 მთავარი ...... შტატი. ამ შტატებზე დაინიშნენ ისეთი პირები, რომლებსაც ადრე სხვა თანამდებობები ეჭირათ. სააპელაციო სასამართლოს განცხადებით, აღნიშნულით დარღვეული იქნა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნები. სააპელაციო სასამართლოს განცხადებით, ვინაიდან არასწორედ გათავისუფლდა ვ. ს-ა სამსახურიდან, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 112-ე მუხლის საფუძველზე უნდა ანაზღაურებოდა იძულებით განაცდური ხელფასი 2005 წლის აპრილიდან სოფლის მეურნეობის სამმართველოს გაუქმებამდე. სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ.
საკასაციო სასამართლოს 13.11.06წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული. ამავე სასამართლოს 12.01.07წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული. საკასაციო სასამართლოს 13.02.07წ. განჩინებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.07.06წ. განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინების მიღებისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა იგი, განჩინება იურიდიულად არ იყო საკმარისად დასაბუთებული, ამასთან, დასაბუთება იმდენად არასრული იყო, რომ შეუძლებელი იყო მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება. საკასაციო სასამართლოს განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ მოქმედი საპროცესო და მატერიალური კანონმდებლობის სრული იგნორირებით საქმეზე მიიღო სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, არ გამოიკვლია დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, არ გაითვალისწინა საკასაციო სასამართლოს 08.05.06წ. განჩინებაში ასახული მითითებანი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 05.06.07წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ტყიბულის სოფლის მეურნეობის სამმართველოს სააპელაციო საჩივრები, გაუქმდა ტყიბულის რაიონული სასამართლოს 28.06.05წ. გადაწყვეტილება, ვ. ს-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვ. ს-ა სარჩელით ითხოვდა სამუშაოზე აღდგენას 2005 წლის 15 აპრილიდან. 08.11.05წ. ქუტაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმის მიხედვით, ს-ა იძულებით განაცდურს ითხოვდა 2005 წლის 11 აპრილიდან. ამავე სასამართლოს 27.07.06წ. სასამართლო სხდომის ოქმის მიხედვით, ვ. ს-ა ითხოვდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბრძანების ნაწილში ტყიბულის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანას. მოსარჩელეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბრძანება მიაჩნდა უკანონოდ, რომლითაც განხორციელდა რეორგანიზაცია. რ. ს-ა გაფრთხილებული იქნა მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. ვ. ს-ას ხელი ჰქონდა მოწერილი გაფრთხილების ფურცელზე, რომლითაც პერსონალურად იქნა გაფრთხილებული ყველა თანამშრომელი მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვ. ს-ა სამსახურიდან დაითხოვეს კანონის დაცვით, რის გამოც უსაფუძვლო იყო სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ს-ამ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სოფლის მეურნეობის მინისტრის 15.04.05წ. ¹150-კ და ტყიბულის სოფლის მეურნეობის სამმართველოს 28.04.05წ. ¹1 ბრძანებების ბათილად ცნობა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის 2378 ლარის ოდენობით იძულებითი განაცდურის ანაღაურების დაკისრება მოითხოვა.
კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მის დაუსწრებლად. სასამართლოს სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა გამოიწვია სასამართლო უწების ჩაუბარებლობამ. მას არ ჰქონდა არანაირი ინფორმაცია 05.06.07წ. დანიშნულ სასამართლო სხდომაზე, რის გამოც მისი გამოუცხადებლობა არასაპატიოდ არ უნდა მიჩნეულიყო.
კასატორის განცხადებით, მოპასუხეებმა სამსახურიდან გაათავისუფლეს კანონის უხეში დარღვევით. დარღვეული იქნა შრომის კანონთა კოდექსის 42.2 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა. ტყიდულის სოფლის მეურნეობის სამმართველოს მიერ შტატების შემცირების გამო მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე გაფრთხილებული არ ყოფილა. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 11.02.05წ. ¹1-9/55 გაფრთხილების ფურცელზე მითითებული არ არის, რომ შტატების შემცირების გამო მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ აფრთხილებდნენ თანამშრომლებს.
კასატორის განმარტებით, 2005 წლის 15 აპრილიდან ტყიბულის სოფლის მეურნეობის სამმართველოს მთავარ ...... მის ლიკვიდაციამდე, 2005 წლის 11 ოქტომბრამდე ხელფასი ჰქონდათ 297 ლარი. ამ ოდენობის ხელფასი ექნებოდა მასაც, რომ არა მოპასუხეების უკანონო ქმედება. აღნისნული გარემოების გათვალისწინებით, კასატორის აზრით, იძულებითი განაცდური უნდა აუნაზღაურდეს თვეში 297 ლარი, რაც 6 თვისათვის შეადგენს 1782 ლარს. ამასთანავე, უნდა აუნაზღაურდეს ორი თვის კომპენსაცია, 596 ლარი. კასატორი თვლის, რომ მოპასუხეს მისთვის სულ 2378 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს.
საკასაციო სასამართლოს 02.11.07წ. განჩინებით ვ. ს-ას საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მირებული. მხარეებს განესაზღვრათ ვადა დასაშვებობის შესახებ მოსაზრებების წარმოდგენისათვის. ვ. ს-ამ წარმოადგინა მოსაზრება, რომელშიც აღნიშნა, რომ მისი საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის პირობებს. საკასაციო სასამართლოს 09.01.08წ. განჩინებით ვ. ს-ას საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე დასაშვებად იქნა მიჩნეული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეულია საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლისა და 394-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის მოთხოვნა, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70.1. მუხლის შესაბამისად, მხარეებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტის ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად. ამავე ნორმით დადგენილია, რომ უწყების ჩაბარება უნდა დადასტურდეს უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო პალატის 05.06.07წ. სასამართლო სხდომის შესახებ უწყება ვ. ს-ას გაეგზავნა 28.05.07წ.(ს.ფ. 298). ადრესატისათვის სასამართლო უწყების ჩაბარების დასტური საქმეში არ მოიპოვება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ვ. ს-ას სასამართლო უწყება არ ჩაჰბარებია კანონით დადგენილი წესით და სასამართლო 05.06.07წ. არ იყო უფლებამოსილი, საქმე განეხილა 05.06.07წ. სასამართლო სხდომაზე. აღნიშნული გარემოება საქმის განხილვას ვერ დააბრკოლებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარეს უწყება ჩაჰბარდებოდა კანონით დადგენილი წესით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის I ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. ს-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.06.07წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.