¹ბს-839-801(2კ-07) 5 მარტი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე, ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი – ქ. მაღრაძე
კასატორი - საქართველოს კონტროლის პალატა; წარმომადგენელი – გ. დ.-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ერთობლივი საწარმო ,,...”; დირექტორი ნ. ც.-ი; წარმომადგენელი – ნ. ა.-ე
თავდაპირველი მოპასუხე - ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია; წარმომადგენელი – ზ. ჩ.-ი
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ივლისის განჩინება
დავის საგანი – საგადასახადო შეტყობინების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 6 თებერვალს ნ. ჩ.-მა სასარჩელო გაცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ საგადასახადო შეტყობინების ბათილად ცნობის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო გაცხადებაში მიუთითებდა, რომ ერთობლივი საწარმო “..." რეგისტრირებულია სასამართლოს მიერ 1999 წლის 8 სექტემბრიდან და მინიჭებული აქვს სარეგისტრაციო კოდი ¹....
2007 წლის 10 ივნისს ქუთაისის საგადასახადო ინსპექციიდან მიიღეს შეტყობინება ¹კა-55-0-6053, მოგების გადასახადის _ 11155 ლარისა და მასზე დარიცხული საურავის - 26068.7 ლარის დავალიანებების არსებობის გამო, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.
მოსარჩელის განმარტებით, საწარმოს არ გააჩნია მოგების გადასახადში დავალიანება და ამასთან, მათთვის უცნობია დავალიანების წარმოშობის საფუძველი, რის თაობაზეც მათ 2007 წლის 18 იანვარს მიმართეს ქუთაისის საგადასახადო ინსპექციას, მაგრამ მოპასუხე ორგანიზაციიდან არანაირი პასუხი არ მიუღიათ.
ერთობლივი საწარმო “..." არაერთხელ იყო შემოწმებული 2000-2003 წლებში, მაგრამ შემოწმების აქტებით მოგების გადასახადის გადახდაში დარღვევები 11155 ლარის დარიცხვის თაობაზე დაფიქსირებული არ არის.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის 10.12.06წ. ¹კა-55-0-6053 შეტყობინების ბათილად ცნობას.
საქალაქო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე _ ნ. ჩ.-მ წარადგინა დაზუსტებული სასარჩელო განცხადება მოპასუხეების: ქუთაისის საგადასახადო ინსპექციისა და საქართველოს კონტროლის პალატის მიმართ და მიუთითა, რომ ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის შეტყობინების შედეგად დარიცხული თანხის საფუძველი გახდა საქართველოს კონტროლის პალატის 2003 წლის 9 ივნისის აქტი, რომლითაც თითქოსდა ერთობლივ საწარმო “...-ს" გააჩნია საექსპორტო ოპერაციების განხორციელებისას რიგი დარღვევები.
მოსარჩელე დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით ითხოვდა ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის 10.12.06წ. ¹კს-55-0-6053 შეტყობინებისა და საქართველოს კონტროლის პალატის 2003 წლის 9 ივნისის აქტის ბათილად ცნობას.
მოპასუხეებმა ქუთაისის საგადასახადო ინსპექციამ და საქართველოს კონტროლის პალატამ სასარჩელო განცხადება არ ცნეს და მოითხოვეს მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ჩ.-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს კონტროლის პალატის 2003 წლის 9 ივნისის შუალედური აქტი ერთობლივი საწარმო ,,...-ის" შემოწმების თაობაზე და ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 10 დეკემბრის შეტყობინება ¹კა-55-0-6053 ერთობლივი საწარმო “...-ის" ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს კონტროლის პალატამ.
აპელანტის მითითებით, არამართებულია საქალაქო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ კონტროლის პალატამ 2003 წლის 9 ივნისის შუალედური აქტი არ გააცნო შემოწმებული ობიექტის ხელმძღვანელს, რითაც დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, ვინაიდან საქართველოს პარლამენტის კორუფციასთან ბრძოლის დროებითი საგამოძიებო კომისიის 2002 წლის 21 ოქტომბრისა და 28 ნოემბრის ¹10699/7-12/2474, ¹13498/7-12 მომართვებისა და საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2003 წლის 7 თებერვლის ¹94, 2003 წლის 15 აპრილის ¹246 და 2003 წლის 12 ივნისის ¹424 ბრძანებების საფუძველზე საქართველოში ხე-ტყის ექსპორტ-იმპორტის და სამამულო საავეჯო მრეწველობის განვითარების პრობლემების შესახებ 1998 წლის 1 იანვრიდან 2003 წლის 1 იანვრამდე პერიოდის თემატური შემოწმება ჩატარებულ იქნა საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულში, მათ შორის, ლენტეხის რაიონშიც.
ბრძანებისა და თანდართული პროგრამის თანახმად, აღნიშნული შემოწმება ტარდებოდა საგადასახადო ინსპექციიდან მიღებული ინფორმაციების საფუძველზე. შესაბამისად, ხე-ტყის ექსპორტიორთა საგადასახადო ინსპექციაში გამოცხადებას და მათი დოკუმენტების დამატებით წარმოდგენას (საჭიროების შემთხვევაში) უზრუნველყოფდა და ახორციელებდა საგადასახადო ინსპექცია.
მიუხედავად ლენტეხის რაიონის საგადასახადო ინსპექციის შეტყობინებისა, გამოცხადების და დამატებითი ინფორმაციის შემმოწმებლებისათვის მიწოდების თაობაზე (ინახება ლენტეხის საგადასახადო ინსპექციაში), ერთობლივი საწარმო “...-ის" ხელმძღვანელობამ არ წარმოადგინა არანაირი საფინანსო დოკუმენტაცია და ახსნა-განმარტება, რაზედაც შედგენილ იქნა შესაბამისი ცნობა. ამის გამო შემმოწმებელი ჯგუფი იძულებული იყო, შემოწმება განეხორციელებინა მხოლოდ ლენტეხის რაიონის საგადასახადო ინსპექციაში და საბაჟო დეპარტამენტიდან გამოთხოვილ მასალებზე დაყრდნობით. ამდენად, კამერალური წესით ჩატარებულ შემოწმების შედეგებზე შედგენილი შუალედური აქტის ობიექტის ხელმძღვანელობისათვის გაცნობის პასუხისმგებლობა ეკისრებოდა ლენტეხის საგადასახადო ინსპექციას.
ამასთან, აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 235-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის შესაბამისად, გადასახადის თანხების დარიცხვა გულისხმობს კონკრეტულ საგადასახადო პერიოდში გადამხდელისაგან კუთვნილი გადასახადის თანხის საგადასახადო ორგანოში აღრიცხვას, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს აქვს უფლება, დაარიცხოს გადასახადის გადამხდელს კუთვნილი გადასახადი და მიმდინარე გადასახდელები საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ერთი ან მეტი შემდეგი ინფორმაციის წყაროს საფუძველზე, მათ შორის, შემოწმების მასალებისა და სხვა სანდო ინფორმაციის, რომელიც ცნობილია საგადასახადო ორგანოსათვის.
კონტროლის პალატამ შემოწმების შედეგად ბიუჯეტის სასარგებლოდ გამოვლენილი თანხების შესახებ ინფორმაცია გადაუგზავნა 2004 წლის თებერვალში ლენტეხის საგადასახადო ინსპექციას, რომლითაც სთხოვა უზრუნველეყო აღნიშნული თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში ამოღება.
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა ,,საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” საქართველოს კანონის 82-ე მუხლი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. აღნიშნული მუხლის თანახმად, კონტროლის პალატის მიერ რევიზია-შემოწმების შედეგად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკისა და საქართველოს სხვა ტერიტორული ერთეულების ბიუჯეტის სასარგებლოდ გამოვლენილ თანხებს ამოიღებს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ორგანოები. აქედან გამომდინარე, საქართველოს კონტროლის პალატა არ არიცხავს გადასახადის თანხებს, იგი მხოლოდ გამოავლენს და ინფორმაციას გაუგზავნის საგადასახადო ორგანოებს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 25 ივლისის განჩინებით საქართველოს კონტროლის პალატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ საწარმოზე სადავო გადასახადის დარიცხვა ნაწარმოებია 2005 წელს. აქედან გამომდინარე, გარდა იმისა, რომ შუალედურ აქტში მითითებული კამერალური შემოწმებით, რომლითაც საწარმო “...-ის" მიერ 1999 წელს განხორციელებული ხე-ტყის ექსპორტის შედეგად საწარმოს მიერ შემოსავლის დამალვა დოკუმენტალურად არ დასტურდება, აღნიშნული საფუძვლით საწარმოზე გადასახადის დარიცხვა ეწინააღმდეგება აგრეთვე 2004 წლის 24 დეკემბრის ,,ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მოთხოვნებს, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, შესრულებულად ჩაითვლება საქართველოს რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ 2004 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და შეუსრულებელი საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებები და არ განხორციელდება მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა, ადმინისტრაციული ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის სამართალწარმოება.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება საქართველოს საგადასახადო და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ გადასახადის გადამხდელებზე, რომლებმაც 2004 წლის 1 იანვრამდე არ განახორციელეს საგადასახადო ვალდებულებათა დეკლარირება ან გადახდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების, ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ამ შემთხვევაში აქტს ხელს არ აწერს საქართველოს კონტროლის პალატის შიდა კონტროლისა და საგანგებო დავალებათა სამმართველოს მთავარი კონტროლიორი ვ. ნ.-ე, რომელმაც სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მას შუალედური აქტის შედგენაში მონაწილეობა არ მიუღია. რამდენადაც ბათილია კონტროლის პალატის შუალედური აქტი, შესაბამისად ბათილია მის საფუძველზე გამოცემული საგადასახადო შეტყობინება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქუთაისის საგადასახადო ინსპექციამ და საქართველოს კონტროლის პალატამ.
კასატორი _ საქართველოს კონტროლის პალატა საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ივლისის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებდა ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 28 ნოემბრის განჩინებით ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
აღნიშნული მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ კასაციის ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ არ არსებობს განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლით განსაზღვრული წინამძღვრები.
საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი ძირითადად შეეხება დავის განხილვის პროცესში სასამართლოს მხრიდან ტერიტორიული განსჯადობის წესების დარღვევის საკითხს.
კასატორი მიიჩნევს, რომ საქართველოს კონტროლის პალატის (მოპასუხის) ადგილსამყოფელის გათვალისწინებით, სარჩელი წარდგენილი უნდა ყოფილიყო თბილისის საქალაქო სასამართლოში და დავის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტით სასამართლომ დაარღვია საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი განსჯადობის წესი.
საკასაციო სასამართლო მითითებული მოსაზრების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ კასატორის პრეტენზია ემყარება საპროცესო ნორმების მცდარ განმარტებას და გაზიარებული ვერ იქნება.
როგორც საქმის მასალებით დასტურდება, ერთობლივი საწარმო "...-ის" მიერ თავდაპირველი სარჩელი წარდგენილია ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ, სარჩელის საფუძველზე მოსარჩელემ მოითხოვა ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის საგადასახადო შეტყობინების ბათილად ცნობა. მოგვიანებით მოსარჩელემ გაზარდა მოთხოვნა და საგადასახადო შეტყობინებასთან ერთად ითხოვა საქართველოს კონტროლის პალატის 2003 წლის 09 ივნისის აქტის ბათილობა. აღნიშნულ ნაწილში მოპასუხედ დასახელდა საქართველოს კონტროლის პალატა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის I ნაწილის თანახმად, სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფელის მიხედვით. იმავე კოდექსის მე-16 მუხლის I ნაწილის შესაბამისად, სარჩელი რამოდენიმე მოპასუხის მიმართ სასამართლოს წარედგინება ერთ-ერთი მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით.
ამდენად, რამოდენიმე მოპასუხის არსებობის შემთხვევაში, საპროცესო კანონმდებლობა მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას, აირჩიოს სასამართლო ერთ-ერთი მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით. იმის გათვალისწინებით, რომ წინამდებარე შემთხვევაში სარჩელზე მოპასუხედ დასახელებულია ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია, ერთობლივი საწარმო "....", სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის საფუძველზე, უფლებამოსილი იყო სარჩელი აღეძრა ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის ადგილსამყოფელის მიხედვით _ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დავის განხილვით არ დარღვეულა ტერიტორიული განსჯადობის პრინციპი და ამ ნაწილში არ არსებობს საკასაციო პრეტენზიის გაზიარების პროცესუალური საფუძველი.
საკასაციო სასამართლო ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის პრეტენზიას ბათილად ცნობილი აქტის კანონიერების ნაწილში და თვლის, რომ აქტის შეფასებისას სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ადგილი არა აქვს კანონის დარღვევას.
საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ სადავო შემოწმების აქტს ხელს არ აწერს კონტროლისა და საგანგებო დავალებათა სამმართველოს მთავარი კონტროლიორი ვ. ნ.-ე. მეტიც, ის საერთოდ უარყოფს შემოწმების ჩატარების ფაქტს. აღნიშნულს უარყოფს ასევე ერთობლივი საწარმო "....-ის" წარმომადგენელი.
საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის 28-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, რევიზია_შემოწმება ტარდება დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბრძანებაში აღინიშნება სარევიზიო ჯგუფი და ჯგუფის ხელმძღვანელი, სარევიზიო ობიექტის დასახელება, რევიზიის ფორმა (თემატური შემოწმების შემთხვევაში _ საკითხის ან საკითხების დასახელება), სარევიზიო პერიოდი, რევიზიის ვადა და საფუძველი.
საქმეში დაცულია საქართველოს კონტროლის პალატის ბრძანებები, რომელიც შეიცავს ზოგად მითითებას საქართველოში ხე-ტყის ექსპორტ-იმპორტის და სამამულო საავეჯო მრეწველობის განვითარების შესწავლის მიზნით თემატური შემოწმებების ჩატარების თაობაზე, ამასთან იმ ვითარებაში, როდესაც შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე ეჭვქვეშაა დაყენებული შემოწმების ჩატარების ფაქტი, წარმოდგენილი არ არის ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი არცერთი აქტი, რაც საკასაციო სასამართლოს მისცემდა იმის მტკიცების საფუძველს, რომ კონტროლის პალატის მხრიდან ნამდვილად ჰქონდა ადგილი შემოწმებას.
იმავე კონტროლის პალატის რეგლამენტის 30-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად (საუბარია 2002 წლის რედაქციაზე), შემოწმების დამთავრებისთანავე უნდა შედგეს აქტი (ცნობა) შემოწმების შედეგების შესახებ, რომელსაც ხელს აწერს ჯგუფის ხელმძღვანელი, წევრები. აგრეთვე, გაცნობის შემდეგ შემოწმებული ობიექტის ხელმძღვანელი, მთავარი ბუღალტერი და სხვა პასუხისმგებელი პირები.
იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემოწმებული ობიექტის ხელმძღვანელი არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში ეცნობა და ხელს აწერს შემოწმების აქტს. თუ მთლიანად ან ნაწილობრივ არ ეთანხმება აქტში დაფიქსირებულ ფაქტებს, აქტზე აკეთებს სათანადო მინაწერს და აღნიშნულთან დაკავშირებით შემმოწმებელს წარუდგენს ახსნა-განმარტებას, რომელიც უნდა დაერთოს შემოწმების მასალებს.
მიუხედავად იმისა, რომ აქტს ხელს არ აწერს "...-ის" წარმომადგენელი, საქმეში არ მოიძიება ახსნა-განმარტება, რომელიც დაადასტურებდა სადავო აქტის მხარისათვის გაცნობის ფაქტს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საკასაციო სასამართლო გაიზიარებს მოსაზრებას და ჩათვლის, რომ საწარმოს ხელმძღვანელმა უარი გნაცხადა ახსნა-განმარტების მიცემაზე, დარღვეულია რეგლამენტის 30.4 მუხლის მოთხოვნა, რომლის შესაბამისადაც, თუ შემოწმებული ობიექტის ხელმძღვანელობა ხელს არ აწერს აქტს, აღნიშნულზე სარევიზიო ჯგუფის მიერ დგება ცნობა.
იმის გათვალისწინებით, რომ კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს დასკვნას აქტთან მიმართებაში და უდავოდ მიიჩნევს შემოწმების ჩატარების ფაქტს, საკასაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მასალების გადამოწმების შედეგად შეეცადა მოეძია რაიმე სახის მტკიცებულება, რაც ეჭვქვეშ არ დააყენებდა აქტის კანონიერებას. გარდა იმისა, რომ არცერთი ზემოაღნიშნული სახის მტკიცებულება არ ერთვის საქმეს, ასევე წარმოდგენილი არ არის რეგლამენტის 31-ე მუხლის I-II ნაწილების შესაბამისად კონტროლის პალატის თავმჯდომარის სახელზე შედგენილი მოხსენებითი ბარათი, რომელშიც ასახული და გაანალიზებული იქნებოდა რევიზია-შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებები და მათი აღმოფხვრისა და მათზე რეაგირების სათანადო წინადადებები. რაც, თავის მხრივ, საკასაციო სასამართლოს ართმევს აქტის კანონშესაბამისობის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს დასკვნის უარყოფის პროცესუალურ საფუძველს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია, არ ემყარება შესაბამის მტკიცებულებებს, რის გამოც არ არსებობს მისი გაზიარებისა და დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ივლისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.