¹ბს-839-804(კ-06) 10 მაისი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი
სხდომის მდივანი – გულნარა ილინა
კასატორი(მესამე პირი) – მ. მ-ი (მესამე პირი)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. თ-ე (მოსარჩელე)
მოპასუხეები სარჩელზე – 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო ბიურო; 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტი;
მესამე პირი - “ა-ი”
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.06.06წ. განჩინება
დავის საგანი _ აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
19.07.02წ. გ. თ-ემ მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს. მოსარჩელის განმარტებით, 1998 წელს დარღვეული იქნა მისი უფლებები, რაც გამოიხატა მისი საცხოვრებელი სახლის დატაცებაში. ვაკის რაიონის სასამართლო აღმასრულებელმა 11.05.98წ. შეადგინა ორი ერთნაირი აქტი, ერთ მათგანში მითითებულია ფასი 78 500 აშშ დოლარი, მეორეში _ ამდენივე ლარი. ამავე აღმასრულებლის მიერ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს გაეგზავნა მიმართვა იმის შესახებ, რომ ,,ბანკმა ........-მა” მათგან 78 500 აშშ დოლარის ოდენობის ვალის ანგარიშში მიიღო ქონება. მიმართვა დათარიღებულია 1998 წლით, გატარებულია შემოსავალში, ტექინვენტარიზაციის ბიუროში ¹....... . სამივე დოკუმენტს გააჩნია ვაკის რაიონის სასამართლოს მრგვალი ბეჭედი. ორ მათგანს, რომლებშიც თანხა დოლარებშია მითითებული, გააჩნია საქმის ფურცლების ნომერი ზედა მარჯვენა კუთხეში და წარწერა ,,დარეკა ჩ-მა”, ხოლო მესამე ფურცელს, რომელშიც თანხა მითითებულია ლარებში, რაიმე აღნიშვნა არ გააჩნია, რაც მოსარჩელის აზრით, მიუთითებს იმაზე, რომ იგი მოგვიანებით შედგენილი უნდა იყოს. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქონების გადაცემის დეკლარაციაშიც მითითებულია თანხა 78 500 ლარი და გადახდილია საპროცენტო განაკვეთი თანხის 2% _ 1570 ლარი. დეკლარაციის თანახმად, ქონების გადაცემის საფუძველია საჯარო ვაჭრობის აქტი. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან მისი ბინის რეალიზაციასთან დაკავშირებით წარმოებული სააღსრულებო საქმის, ვაკის რაიონის სასამართლოს აღმასრულებელთა სტატისტიკური ანგარიშების და სადეპოზიტო ანგარიშზე თანხების მოძრაობის დოკუმენტაციის გამოთხოვა, ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროდან და საჯარო რეესტრიდან ქ. თბილისში, ......... ქ. ¹7 ბინის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა, მოწმის სახით სადავო სამართალურთიერთობის დროს სასამართლო აღმასრულებლის თანამდებობაზე მომუშავე დ. რ-ის, სასამართლოს უფროსი აღმასრულებლის და ,,ბანკი ......-ის" იმ იურისტის მოწვევა, რომელიც ხელს აწერდა ორივე აქტზე, ასევე იუსტიციის სამინისტროდან იმ პირების მოწვევა, რომლებიც კურირებდნენ აღმასრულებლის მუშაობას.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 20.06.02წ. განჩინებით დაკმაყოფილდა გ. თ-ის განცხადება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და მ. მ-ის სახელზე რიცხული ქ. თბილისში, ......... ქ. ¹7 ბინის 1/2 ნაწილს დაედო ყადაღა. სასამართლოს 14.11.02წ. განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა, მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაევალა ვაკის რაიონის სასამართლოს აღმასრულებლების 1995წ II კვარტლის სტატისტიკური ანგარიშების, სადეპოზიტო ანგარიშზე თანხების მოძრაობის დოკუმენტაციის, სააღსრულებო წარმოების და მასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტის, მათ შორის გ. თ-ის საჩივრებისა და განცხადებების წარმოდგენა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 20.01.03წ. მომართვით საქმის განმხილველ სასამართლოს ეცნობა, რომ გამოთხოვილი დოკუმენტაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში არ ინახებოდა, ვინაიდან 1999 წლის 5 მაისამდე რაიონულ სასამართლოებს და მასთან არსებულ სააღსრულებო სამსახურებს ჰქონდათ ერთიანი კანცელარია და სააღსრულებო ორგანოების ჩამოყალიბების შემდეგ აღსრულებასთან დაკავშირებული საარქივე მასალა რაიონული სასამართლოებისაგან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არ გადასცემია (ს.ფ. 84).
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 19.05.03წ. წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ 11.05.98წ. სააღსრულებო წარმოების საქმის მასალები სასამართლო არქივს არ ჩაბარებია, ვინაიდან სააღსრულებო სამსახური არქივს დამოუკიდებლად აწარმოებდა. სასამართლო რეფორმის შემდეგ სააღსრულებო სამსახურის არქივი სასამართლოს არ გადასცემია (ს.ფ. 112).
21.07.03წ. გ. თ-ემ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს. მოსარჩელემ მის ბინაზე საჯარო ვაჭრობის გამოცხადების შესახებ გაზეთ ,, .......-ის” 21.04.98წ. და 01.05.98წ. გამოქვეყნებული განცხადებების, სასამართლო აღმასრულებლის 11.05.98წ. აქტის, აქტზე ნიშანდებული ქ. თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს მრგვალი, ღერბიანი ბეჭდის ნიშანდების ფაქტის, ქ. თბილისის ტექნიკური აღრიცხვის ბიუროსადმი გაგზავნილი სასამართლო აღმასრულებლის 1998წ. მიმართვის, მასზე ნიშანდებული ქ. თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს მრგვალი, გერბიანი ბეჭდის ნიშანდების ფაქტის, სასამართლო აღმასრულებლის მიერ შედგენილი 17.04.98წ. გაფრთხილების ბათილად ცნობა მოითხოვა (ს.ფ. 133-135).
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 15.08.03წ. განჩინებით საქმისწარმოება შეჩერდა მთაწმინდა-კრწანისის პროკურატურაში სადავო საკითხებზე წინასწარი გამოძიების დასრულებამდე. კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 10.11.04წ. განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმული იქნა მ. მ-ი.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 26.01.05წ. გადაწყვეტილებით გ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი: გაზეთ ,, ........-ის" 21.04.98წ. და 01.05.98წ. ნომრებში გამოქვეყნებული განცხადება ქ. თბილისში, ......... ქ. ¹7 ბინის საჯარო ვაჭრობით გაყიდვის შესახებ; სასამართლოს აღმასრულებლის 11.05.98წ. აქტები და მასზე დასმული ქ. თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს მრგვალი, გერბიანი ბეჭდის ნიშანდების ფაქტი; ქ. თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროსათვის სასამართლო აღმასრულებლის მიერ გაგზავნილი 1998წ. მიმართვა გ. თ-ის სახელზე რიცხული ბინის გაფორმების შესახებ, აგრეთვე მასზე ქ. თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს მრგვალი გერბიანი ბეჭდის ნიშანდების ფაქტი; სასამართლო აღმასრულებლის მიერ გ. თ-ის სახელზე შედგენილი 17.04.98წ. გაფრთხილება.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 26.01.05წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და მესამე პირმა მ. მ-მა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო განუხილველად იქნა დატოვებული, ხოლო მ. მ-ის საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.04.06წ. განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ცნობილი იქნა არასათანადო მოპასუხედ და საქმეში მის ნაცვლად მოპასუხედ ჩაბმული იქნა თბილისის სააღსრულებო ბიურო და სააღსრულებო დეპარტამენტი. ამავე განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმული იქნა ბანკი ,, .....-ი" (ს.ფ. 340).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.06.06წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 26.01.05წ. გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო ვაჭრობის შესახებ განცხადება გამოქვეყნებული იქნა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" 15.11.85წ. დამტკიცებული ინსტრუქციის 91-93-ე მუხლების და ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით. კერძოდ, განცხადების გამოქვეყნებისა და აუქციონის ჩატარების თარიღებს შორის არ არის დაცული 10 დღიანი შუალედი, რასაც ითვალისწინებდა სადავო საჯარო ვაჭრობის დროს მოქმედი საქართველოს სსრ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 415-ე მუხლი. განცხადებაში არ იქნა მითითებული აუქციონზე გასატანი ქონების ფასი და სრული მონაცემები.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში დაცული 11.05.98წ. ორ აქტში სხვადასხვა თანხაა მითითებული _ 785000 დოლარი და 785000 ლარი. ორივე შედგენილია აღმასრულებელ დ. ღ-ის მიერ და მასზე დასმულია ვაკის რაიონის სასამართლოს მრგვალი ბეჭედი, რომლის ნიშანდება ხდებოდა მხოლოდ სასამართლოს მიერ ხელმოწერილ დოკუმენტზე, რასაც, სააპელაციო პალატის აზრით, მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სარეალიზაციო სახლის შეფასება არ მომხდარა ექსპერტების მიერ, რითაც უხეშად იქნა დარღვეული სსსკ-ის 301-ე მუხლის მოთხოვნები. სასამართლო აღმასრულებლის 11.05.98წ. აქტები შედგენილია ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" 15.11.85წ. ინსტრუქციის მე-100 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სააღსრულებო საქმის წარმოება ან სხვა რაიმე ახალი მტკიცებულება რის საფუძველზეც მოწინააღმდეგე მხარის მიერ მოპოვებული დოკუმენტების კანონშეუსაბამობა გაქარწყლდებოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.06.06წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-მა. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო პალატა გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს 26.01.05წ. გადაწყვეტილება და განჩინებაში დავის საგანი აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა მიუთითა, თუმცა ასეთი რამ მოსარჩელეს არ მოუთხოვია და არც ერთ სასამართლოს ამ საკითხზე არ უმსჯელია. კასატორის აზრით, სასამართლომ უხეშად დაარღვია სსსკ 248-ე მუხლის მოთხოვნები, რადგან სასარჩელო განცხადებით გ. თ-ე ფაქტის დადასტურებას მოითხოვდა დოკუმენტების გამოთხოვით, ასევე ნორმების დარღვევის ფაქტის დადგენას და საქმის დროულად განხილვას _ უფლებებში აღსადგენად. კასატორის განმარტებით, რაიონულ სასამართლოს აუქციონის შედეგების ბათილად ცნობაზე არ უმსჯელია. ,,აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის" დავაზე სააპელაციო პალატამ ძალაში დატოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დოკუმენტების ბათილად ცნობაზე.
კასატორი თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია საქმის მასალების შესწავლის გარეშე. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და არსებითი განხილვისთვის საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 07.11.06წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული. მხარეებს უფლება მიეცათ წარმოედგინათ მოსაზრებები მ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ. გ. თ-ემ წარმოადგინა მოსაზრება, რომელშიც აღნიშნა, რომ საკასაციო წესით გასაჩივრებულ განჩინებას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. განჩინებით პირდაპირ და უშუალოდ არ ილახება კასატორის ინტერესები. დავის საგანს გ. თ-ის ყოფილი ბინის საჯარო ვაჭრობის წესით აუქციონზე გაყიდვის უკანონობა და აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა შეადგენს, რომელშიც მ. მ-ს მონაწილეობა არ მიუღია. დავის საგანია იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახურის მიერ მიღებული უკანონო ადმინისტრაციული აქტები და არა გ. თ-თან დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება (ასეთი საერთოდ არ არსებობს).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 05.03წ.07წ. განჩინებით მ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 10.05.07წ. განჩინებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად სს “შ-ი” შეიცვალა უფლებამონაცვლე სს “ა-ით”.
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მ. მ-მა უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე. კასატორმა აღნიშნა, რომ განათლებით იურისტია და ესმის საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შედეგი. კასატორმა იმავდროულად შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და სადავო ბინაზე დადებული ყადაღის მოხსნა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ განიხილა კასატორ მ. მ-ის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს და საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რის შესაბამისადაც მხარე უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამდენად, მოსარჩელემ, ფიზიკურმა პირმა _ მ. მ-მა განაცხადა რა უარი სარჩელზე, გამოხატა ნება თავისი საპროცესო უფლების განსაკარგავად, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის. სასკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა ვრცელდება ადმინისტრაციული ორგანოს და არა ფიზიკური პირის მიერ სარჩელზე უარის თქმის განცხადებაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, საქმის წარმოება წყდება, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. საკასაციო სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს განუმარტავს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შედეგად სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სსკ-ის 1991 მუხლის შესაბამისად უნდა დაკმაყოფილდეს მ. მ-ის შუამდგომლობა ყადაღის მოხსნის შესახებ. კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტით განსახილველ საქმეზე დასრულებულია საქმის წარმოება, ამასთანავე, თავად მოსარჩელე დაეთანხმა კასატორის შუამდგომლობას საცხოვრებელ ბინაზე ყადაღის მოხსნის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47.1 მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო კასატორს ათავისუფლებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 1991 და 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტით, 378-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. მ-ის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქმის წარმოება მ. მ-ის საკასაციო საჩივარზე შეწყდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.06.06 წლის განჩინება;
3. განემარტოს მ. მ-ს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის შედეგად მხარეს ერთმევა შესაძლებლობა, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით;
4. მ. მ-ის შუამდგომლობა ყადაღის მოხსნის შესახებ დაკმაყოფილდეს, მოეხსნას თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 20 ივნისის განჩინებით დადებული ყადაღა ქ. თბილისში, ......... ¹7-ში მდებარე სახლთმფლობელობის 1/2½ ნაწილზე;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.