Facebook Twitter

¹ბს-841-806(კ-06) 12 იანვარი, 2007 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლალი ლაზარაშვილი, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ივლისის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ლ. ც-ემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხე საქართველოს კონტროლის პალატის მიმართ, რომლითაც მოითხოვა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება /იხ. ს.ფ. 2-3/.

საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 10 ოქტომბროს ბრძანება ლილი ცერცვაძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და საქართველოს კონტროლის პალატას დაევალა შრომის კანონთა კოდექსისა და “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების ხელახლა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. მოპასუხე საქართველოს კონტროლის პალატას დაევალა მოსარჩელისათვის განაცდური ხელფასის ანაზღაურება ახალი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე /იხ. ს.ფ. 112-115/.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს კონტროლის პალატამ, რომლითაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ. ს.ფ. 120-124/.

სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 10 ივლისის განჩინებით საქართველოს კონტროლის პალატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შესაბამისად უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაშივრებული გადაწყვეტილება /იხ. ს.ფ. 149-152/.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს კონტროლის პალატამ, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ. ს.ფ. 157-161/.

საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი; მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად /იხ.ს.ფ. 164-165/.

საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში კასატორის საქართველოს კონტროლის პალატის მიერ წარმოდგენილი იქნა მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, რომელშიც კასატორმა აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივარი ექვემდებარებოდა დასაშვებად ცნობას /იხს.ფ. 168-172/.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ე. ბ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად /იხ.ს.ფ. 164-165/.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ საქართველოს კონტროლის პალატის მიერ საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში კომპეტენტურად ვერ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა მითითებული იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის _ საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარში აღნიშნული კასაციის მოტივები (კასაციის მიზეზი) არ შეიცავს მოტივაციას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების თაობაზე, რომელსაც შეეძლო ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. წინამდებარე განჩინების ასლი გადაეგზავნოს მხარეებს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

მოსამართლის ნათია წკეპლაძის

გ ა ნ ს ხ ვ ა ვ ე ბ უ ლ ი ა ზ რ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა საკასაციო პალატამ განიხილა საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარის დასაშვებობის საკითხი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 10 ივლისის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლოს ზემოთ მითითებული განჩინების გამოტანისას ვიხელმძღვანელე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 27-ე და 243-ე მუხლებით მინიჭებული უფლებით - არ ვეთანხმები კოლეგიური სასამართლოს უმრავლესობას და ვრჩები განსხვავებულ აზრზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 12 იანვრის განჩინებით საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის საფუძველზე.

მიმაჩნია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

კონკრეტულ შემთხვევაში კასატორის _ საქართველოს კონტროლის პალატის მიერ საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში კომპეტენტურად იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, მითითებული იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ამასთან, მიაჩნია, რომ კასატორის საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარში აღნიშნული კასაციის მოტივები (კასაციის მიზეზი) იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში შეიცავდა მოტივაციას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთი საფუძვლის, კერძოდ გ) პუნქტის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიმაჩნია, რომ საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი “გ” პუნქტის საფუძველზე ექვემდებარებოდა დასაშვებად ცნობას.