Facebook Twitter

¹ბს-843-805(კ-07) 9 იანვარი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე(მომხსენებელი)

მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე

ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. ჯ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

11.10.06წ ა. ჯ-ემ ხულოს რაიონის გამგეობის მიმართ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხულოს რაიონულ სასამართლოს. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1960 წლიდან მამასთან ერთად ცხოვრობდა დაბა ხულოში, .... ქ. ¹10-ში არსებულ კომუნალურ ბინაში. დაკავებული ჰქონდათ სამი ოთახი. 1975 წელს განხორციელდა კომუნალური ბინის დემონტაჟი და მის ადგილას ააშენეს საყოფაცხოვრებო მომსახურების სახლი. ხულოს კომუნალური საწარომოო კომბინატის მიერ ეცნობა, რომ ბინის მისაღებად რიგში აყვანისათვის წარდგენილი იქნა ხულოს რაისაბჭოს აღმასკომის საბინაო კომისიაში. მიუხედავად აღნიშნულისა, ბინა არ მიუციათ იმის გამო, რომ მისი მეუღლე სოფელში ცხოვრობდა და ბინა მას დაბაში არ ეკუთვნოდა. წერილობითი პასუხი არ მიუღია. 28.09.06წ. განცხადებით მიმართა ხულოს რაიონის გამგეობას, რომელსაც პასუხი არ ცნობებია, რაც, მოსარჩელის განცხადებით, მიჩნეული უნდა იქნეს უარის თქმად. მოსარჩელემ ხულოს რაიონის გამგეობისათვის დაბა ხულოს ტერიტორიაზე მისთვის 2 ოთახიანი, მინიმუმ 24 კვ.მ ფართის ბინის შეძენის დაკისრება ან აღნიშნულის სანაცვლოდ 5000 აშშ დოლარის გადახდის დაკსრება მოითხოვა.

ხულოს რაიონული სასამრთლოს 26.10.06წ. გადაწყვეტილებით ა. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, დაევალა მოპასუხე ხულოს რაიონის გამგეობას ა. ჯ-ის დაბა ხულოს ტერიტორიაზე ოროთახიანი, მინიმუმ 24 კვ.მ ფართის ბინის შეძენა ან მისთვის 5000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ა. ჯ-ე 1960 წლიდან თავის მამასთან ერთად ცხოვრობდა დაბა ხულოში, .... ქ. ¹10-ში არსებულ კომუნაურ ბინაში. ბინის დემონტაჟი განხორციელდა 1975 წელს. მოსარჩელეს კომუნალური საწარმოო კომბინატის მიერ ეცნობა, რომ წარდგენილი იქნა ხულოს რაიონული საბჭოს აღმასკომის საბინაო კომისიაში. მისი ფართით დაკმაყოფილების საკითხი არ გადაწყვეტილა. რაიონული სასამართლოს განცხადებით, მოსარჩელე ზეპირი ფორმით ითხოვდა ბინით დაკმაყოფილებას. ასევე ზეპირი ფორმით უარი უთხრეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ მისი მეუღლე სოფელში ცხოვრობდა. მას შემდეგ მოსარჩელე მოითხოვდა საბინაო ფართს ზეპირი ფორმით, ადგილობრივი მმართველობის ორგანოები ასევე ზეპირი ფორმით ჰპირდებოდნენ ბინით უზრუნველყოფას. რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით სხვა რაიმე წერილობითი მტკიცებულებები არ მოიპოვებოდა, მოპასუხემ სასარჩელო განცხადებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ უარყო. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

რაიონული სასამართლოს განცხადებით, ხულოს კომუნალურ საწარმოთა კომბინატმა 14.03.83წ. გასცა წერილობითი დაპირება იმის შესახებ, რომ მოსარჩელე რაისაბჭოს აღმასკომის საბინაო კომისიაში წარდგენილი იქნა ბინების მიღების რიგში, თუმცა იმის შესახებ, რომ იგი აიყვანეს შესაბამის აღრიცხვაზე, რაიმე მტკიცებულება არ მოიპოვებოდა. კომუნალურ საწარმოთა კომბინატი წარმოადგენდა რაისაბჭოს აღმასკომის დაქვემდებარებაში მყოფ ადგილობრივ სამსახურს და მისი დაპირება ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებად უნდა ჩათვლილიყო. ხულოს რაიონის გამგეობა წარმოადგენდა მის სამართალმემკვიდრეს. მოსარჩელეს, ზაკ-ის 9.1 მუხლის თანახმად, გააჩნდა ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებისადმი კანონიერი ნდობის უფლება.

ხულოს რაიონული სასამართლოს 26.10.06წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.06.07წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ხულოს რაიონული სასამართლოს 26.10.06წ. გადაწყვეტილება, ა. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ხულოს კომუნალურ საწარმოთა კომბინატის 14.03.83წ ¹.... ცნობის თანახმად, ა. ჯ-ეს შეტანილი ჰქონდა განცხადება ხულოს აღმასკომში ბინით დაკმაყოფილების თაობაზე, რიგში აყვანისათვის ბინის მისაღებად ა. ჯ-ე წარდგენილი იყო აღმასკომის საბინაო კომისიაში. ხულოს კომუნალური მეურნეობის 18.01.82წ. ¹... ცნობის თანახმად, ა. ჯ-ეს ჰქონდა ბინის ორდერი, ჩაწერილი იყო ცენტრში მუდმივ მაცხოვრებლად სადაბო საბჭოდან წარმოდგენილი ცნობის საფუძველზე. 28.09.06წ. მოსარჩელემ ხულოს რაიონის გამგეობას მიმართა და 24 კვ.მ ფართის ბინით მისი უზრუნველყოფის ვალდებულების აღიარება მოითხოვა. ასევე მოითხოვა მითითებული ფართის ბინის მისთვის შეძენა და საკუთრებაში გადაცემა ან 5000 აშშ დოლარის ანაზღაურება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. ჯ-ემ სარჩელით სასამართლოს 180-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, 28.09.06წ. განცხადებაზე პასუხის მიუღებლობის შემდეგ 1 თვის ვადაში, 11.10.06წ. მიმართა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება არის ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მოცემული ქმედება განხორციელდება, რაც შეიძლება გახდეს დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის საფუძველი. სააპელაციო სასამართლოს განცხადებით, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ მოსარჩელეს გამგეობა წერილობით დაჰპირდა ბინის მიცემას. ასევე არ დასტურდებოდა, რომ ა. ჯ-ე ცხოვრობდა იმ ბინაში, რომელიც დაინგრა და აღმასკომმა მასზე გასცა ბინის ორდერი.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ჯ-ემ. კასატორმა აღნიშნა, რომ ბინა, რომლის 24 კვ.მ საცხოვრებელი ფართი 1960 წლიდან ეკუთვნოდა მას და მ. ჯ-ეს, 1975 წ. დაანგრიეს და მის ადგილას აიგო საყოფაცხოვრებო მომსახურების კომბინატი. სადაბო საბჭოს აღმასკომმა აიყვანა ბინის მიღების აღრიცხვაზე და საკითხი გადასაწყვეტად გადაეცა საბინაო კომბინატს. სასამართლოს წარედგინა რაისაბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილებები, რომლის მიხედვით, კომბინატს დაევალა ასაღები ბინების მაცხოვრებლების ბინებით დაკმაყოფილება ახლად აშენებულ ბინებში. მოქალაქეთა უმრავლესობა მართლაც დაკმაყოფილდა ბინებით 1982-1985წწ. აშენებული ბინებით. იგი ყოველთვის ითხოვდა ბინით დაკმაყოფილებას, თუმცა პასუხს ვერ ღებულობდა.

კასატორის განცხადებით, მოპასუხე ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა სააპელაციო საჩივრით სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის მოტივით ითხოვდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას. სააპელაციო პალატა გასცდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და იმ მოტივით გააუქმა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომ მოპასუხეს მისთვის წერილობითი დაპირება არ მიუცია ბინის მიცემაზე. კასატორი არ იზიარებს აღნიშნულ მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ ვალდებულება იკისრა მაშინდელმა ხულოს რაისაბჭოს აღმასკომმა, რომელმაც კომუნალური მეურნეობის ტრესტს ბინის ა. ჯ-ის გადაცემა დაავალა, რაც არ შესრულებულა. ხულოს გამგეობა არის რაისაბჭოს აღმასკომის სამართალმემკვიდრე და უფლებამონცვლე. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ა. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ა. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

კასატორს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 90 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, 401 მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ჯ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. კასატორს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი 90 ლარის ოდენობით;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.