Facebook Twitter

¹ბს-845-807(კ-07) 29 იანვარი, 2008 წელი

ქ. თბილისი

მიღების ადგილი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა გ. ს-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ივლისის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2004 წლის 20 აგვისტოს გ. ს-ამ სარჩელი აღძრა ხობის რაიონულ სასამართლოში ხობის რაიონის მიწის მართვის სამმართველოსა და ხობის რაიონის სოფელ გურიფულის საკრებულოს მიმართ და მოითხოვა ო. ჩ-ას სახელზე გაცემული მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის გაუქმება და საჯარო რეესტრის ჩანაწერში ცვლილების შეტანა (იხ. ს.ფ. 2-3).

ხობის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით გ. ს-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო (იხ. ს.ფ. 40-41).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ს-ამ და მოითხოვა ხობის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება (იხ. ს.ფ. 46-48).

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით გ. ს-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ხობის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება, გ. ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ო. ჩ-ას სახელზე გაცემული მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობაში შეტანილ იქნა ცვლილება და მისი საკუთრებიდან ამოირიცხა 2578,91 კვ.მ მიწის ნაკვეთი (იხ. ს.ფ. 99-103).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. ჩ-ამ (იხ. ს.ფ. 110-112).

საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 25 იანვრის განჩინებით ო. ჩ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას (იხ. ს.ფ. 160-170).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ივლისის განჩინებით გ. ს-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ხობის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 246-251).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ს-ამ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ივლისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 293-299).

საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით გ. ს-ას საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 300-301).

საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრება წარმოადგინა ო. ჩ-ას წარმომადგენელმა და მოითხოვა გ. ს-ას საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა შემდეგი მოტივით:

მოსაზრების ავტორის მითითებით, საქმის მასალებითა და გ. ს-ას ჩვენებების თანახმად, ხობის რაიონის სოფელ გურიფულის საკრებულოში ცალკე კომლად იქნა აყვანილი 1997 წელს და გამოეყო საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, ასევე დამატებითი მიწის ნაკვეთი. საკრებულოს ცნობის თანახმად, გ. ს-ის გამოყოფილი საკარმიდამო მიწის ნაკვეთი შეადგენდა 0,15 კვ.მ-ს, ხოლო დამატებითი მიწის ნაკვეთი _ 0.60 კვ.მ-ს. გ. ს-ია ო. ჩ-ას უკანონოდ უშლის ხელს მის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო მიწის ნაკვეთის _ 4978,91 კვ.მ-ის სარგებლობაში, რაც აღეკვეთა გ. ს-ას ხობის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით.

მოსაზრების ავტორის მითითებით, საქმეში არსებული გურიფულის საკრებულოს ცნობით დასტურდება, რომ ო. ჩ-ის გამოყოფილი საპრივატიზაციო მიწის ნაკვეთი ექვემდებარებოდა გაცემას და გათვალისწინებული იყო სარეზერვო ფონდში. გ. ს-ია რეფორმის დროს, როდესაც შედგა 1993 წლის 24 თებერვლის ხობის რაიონის სოფელ გურიფულის ყრილობა, ცხოვრობდა ქ. ხობში, რის გამოც მისთვის სადავო მიწის ნაკვეთის მიზომვა შეუძლებელი იყო.

მოსაზრების ავტორის მითითებით, გ. ს-ამ 2000 წელს შეიტყო, ო. ჩ-ზე გაცემული იყო საკუტრების დამადასტურებელი სარეგისტრაციო მოწმობა, მაგრამ გ. ს-ამ აღნიშნული სადავოდ გახადა 2004 წელს, “მიწის რეგისტრაციის შესახებ” კანონის 6.4 მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის დარღვევით.

მოსაზრების ავტორის მითითებით, გ. ს-ია არ ცხოვრობს სადავო მიწის ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადავო მიწის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს გ. ს-ას ძმის ნ. ს-ას მიწის ნაკვეთი. ამდენად, მოსაზრების ავტორის მოსაზრებით, გ. ს-ას არავითარი კანონიერი უფლებები და ინტერესები არ შელახულა. შესაბამისად, ო. ჩ-ის გამოყოფილი მიწის ნაკვეთში მეტობის არსებობის პირობებშიც გ. ს-ია ვერ გახდებოდა სადავო მისი მესაკუთრე და მისი სარჩელი დაუშვებელია.

მოსაზრების ავტორის მითითებით, ო. ჩ-ას გააჩნია საკარმიდამო მისი ნაკვეთი 0,36 კვ.მ, რაც დასტურდება საქმეში არსებული გურიფულის საკრებულოს ცნობით. სოფელ გურიფულის ყრილობის 1993 წლის 24 თებერვლის ოქმის თანახმად, ო. ჩ-ას საკარმიდამო მიწის ნაკვეთი ფაქტობრივად გააჩნდა 0,36 კვ.მ და საჭიროებდა საპრივატიზებო მიწის ნაკვეთის მიზომვას და სიაში იყო 50-ე, რაც აისახა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ივლისის განჩინებაში. ო. ჩ-ზე დამატებითი საპრივატიზაციო მიწის ნაკვეთის გამოყოფა მოხდა მიწის განაწილების სიის საფუძველზე (იხ. ს.ფ. 314-316).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ. ს-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ს-ას საკასაციო საჩივარი; მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 300-301).

კასატორის _ გ. ს-ას მიერ საკასაციო სასამართლოში არ იქნა წარმოდგენილი მოსაზრება იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერც საკასაციო საჩივარში დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ გ. ს-ას მიერ არ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გ. ს-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც გ. ს-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ს-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.